ალექსანდრე ბუთხაშვილი
გუტენბერგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრანტი
⇒ ალექსანდრე, როგორც ვიცი, სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურად იყავი ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და განსაზღვრა შენი პროფესიულ მომავალი. რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლებს?
⇒ სკოლას, ჩემს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. როდესაც ერთწლიანი განშორების შემდეგ, ორი კვირით, საქართველოში დავბრუნდი, მეორე დღესვე სწორედ სკოლაში მივედი და მასწავლებლებს შევხვდი, იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემს წარმატებასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანეს. ალბათ ამ ფაქტითაც ნათელია ჩემი დამოკიდებულება სკოლის მიმართ. მართლაც, სკოლა ქვაკუთხედია შემდგარი სახელმწიფოსი. ეს არის მთელი ცხოვრების თანამეგობრობა, რომელიც უნდა გაიყოლო და არ დაივიწყო. სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში სკოლა ხშირად უარყოფით კონტექსტში იხსენიება და ერთგვარი გაუცხოებაა სკოლასა და საზოგადოებას შორის. მართალია, განათლების სფერო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, უპირველესად, საკუთარ თავში უნდა შევცვალოთ წარმოდგენა სკოლის მიმართ – მივიღოთ ის, როგორც ოჯახი და ასევე მოვთხოვოთ სახელმწიფოს უფრო მეტი საფუძვლიანი და შედეგის მომტანი რეფორმები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სკოლის ბოლო წლები, როდესაც სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერი ვიყავი და, ახალგაზრდებთან ერთად, არაერთი საინტერესო ინიციატივა განვახორციელე. სამოქალაქო განათლების პროგრამის აქტივობებში მონაწილეობა ჩემთვის სხვა წარმატების საწინდარიც გახდა. გულწრფელობისათვის უნდა აღვნიშნო, რომ თითქმის ერთი სასწავლო წელი დამჭირდა, მიმეღო გადაწყვეტილება კლუბში გაწევრიანების თაობაზე, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მეცხრე კლასში, ოფიციალურად განვაცხადე, რომ მსურდა პროგრამაში აქტიური მონაწილეობა. 2014 წელს, ვიყავი ქართული დელეგაციის წევრი სტრასბურგში და ევროპის საბჭოში ვესწრებოდი ოფიციალურ შეხვედრებსა და ლექციებს ევროპული დემოკრატიის შესახებ. ასევე, დავესწარი არაერთ კონფერენციასა და ტრენინგს სხვადასხვა სამინისტროებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამამ შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი, მომცა საშუალება, უკეთესად აღმომეჩინა და დამენახა საკუთარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობით მიღებულმა დადებითმა ემოციებმა მომცა მეტი მოტივაცია, შემძინა საინტერესო კონტაქტები, რამაც ასევე უფრო მეტ, ჩემთვის სასარგებლო ინფორმაციას მოუყარა თავი. ცხოვრება კინეტიკური გახდა, არა ერთფეროვანი და სტატიკური, არამედ მოძრავი და საინტერესო ადამიანური ისტორიებით. წარმატების, განვითარების საწინდარიც ხომ მხოლოდ მოძრაობაა, რეალური ცხოვრება, ბრძოლა და წინსვლა უკეთესი მომავლისთვის.
⇒ როგორც სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა, თანატოლებთან ერთად, არაერთი სამოქალაქო ინიციატივა განახორციელე. რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების სწავლება სკოლაში?
⇒ შემდგარი სახელმწიფოს საფუძველი მოქალაქეა, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეული სხვა წევრის მიმართ და აცნობიერებს, თუ სად გადის მისი თავისუფლებისა და უფლებების ზღვარი, რათა არ ავნოს სხვას. ამასთან, მოქალაქე ერთგვარი მაკონტროლებელი ინდივიდია, რომელიც, საკუთარი სამოქალაქო თვითშეგნების ფარგლებში, ნდობით აღჭურავს ხელისუფლებას და ასევე საჭიროებისამებრ დაითხოვს მის მიერ დელეგირებულ სუბიექტს. ამ პასუხისმგებლობათა გააზრება კი, სწორედ სამოქალაქო შეგნებასა და შესაბამისად, სამოქალაქო განათლებაზე გადის. სამოქალაქო განათლება მხოლოდ ზოგადი უფლებებისა და მოვალეობების დასწავლა არაა, მისი იმგვარად გააზრებაა, რომ საზოგადოების წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემა გეხება პირადად შენ, და დამეთანხმებით, რომ ეს ასეც არის. თუ თითოეული რგოლი იქნება ძლიერი, სწორედ ეს შეკრავს იმ მტკიცე ჯაჭვს, რომელსაც ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ვუწოდებდი. ამასთან, შენი კონსტიტუციური უფლებების ცოდნა დაგეხმარება, არ მისცე შესაძლებლობა რომელიმე ძალას, ხელყოს იგი.
⇒ რატომ გადაწყვიტე სწავლის გაგრძელება უცხოეთში, რა პროგრამით გაემგზავრე გუტენბერგის უნივერსიტეტში და რა პროფესიას ეუფლები?
⇒ სამოქალაქო განათლების პროგრამაში აქტიური ჩართულობისას ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობა იურიდიულ სფეროში გაგრძელდებოდა. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული განათლების მიღებისას, გერმანული ენის შესწავლა გადავწყვიტე, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის გარდამავალ ეტაპზე, გერმანულმა სამართალმა დიდი გავლენა მოახდინა ქართულ სამართალზე. ამასობაში ძალზე შემიყვარდა გერმანული ენა და გოეთეს ინსტიტუტში რამდენიმე კურსის გავლის შემდეგ, მოვიპოვე DAAD-ის (გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახური) სტიპენდიაც მარტინ ლუთერის ჰალე ვიტენბერგის უნივერსიტეტში, სადაც კიდევ უფრო ავიმაღლე გერმანული ენის ცოდნა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კი, მაგისტრატურის საფეხურზე, სწავლის გაგრძელება გერმანიაში გადავწყვიტე.
გუტენბერგის უნივერსიტეტში, პირველ წელს, კვლავ გერმანულს ვსწავლობდი. საუნივერსიტეტო გერმანული ენის უმაღლესი საფეხურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ჩავირიცხე ამავე უნივერსიტეტის გერმანული სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
გუტენბერგის უნივერსიტეტის ისტორია ჯერ კიდევ 1477 წელს იწყება, ის დღეს ევროპის ას საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. ყოველდღიური შემხებლობა მაქვს თანამედროვე გერმანული სამართლის მეცნიერებათა კორიფეებთან, რაც კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით მავსებს, მერქვას იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრანტი.
⇒ რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები გერმანიაში, არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები და ნაწილობრივ მაინც თუ აკმაყოფილებს სტიპენდია სტუდენტის მოთხოვნებს?
ნამდვილად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ დღეს სტუდენტებს, განსაკუთრებით, ვისაც ინგლისურენოვან პროგრამებზე სურთ სწავლის გაგრძელება. შედარებით მცირეა გერმანულენოვანთათვის. თუმცა, არ შემიძლია არ ვახსენო გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამების სამსახური, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა და უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აქვს საკუთარი წარმომადგენლობა. ყოველწლიურად უამრავი ახალგაზრდა მონაწილეობს კონკურსში, რომლის ფარგლებში მოპოვებული სტიპენდიებით გერმანიაში იღებენ უმაღლეს განათლებას, ასევე ერთვებიან სადოქტორო კვლევებში, გერმანული ენის საზაფხულო პროგრამებში. სტიპენდიაზე განაცხადისას მთავარია მოტივაცია და თვითდაჯერებულობა. პირველ რიგში, თავად უნდა გწამდეთ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ. მახსოვს, ენის შემსწავლელი კურსის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი რომ შევიტანე, ერთ-ერთ ფორმალურ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებდი, მიუხედავად ამისა, ძალზე გულწრფელი სამოტივაციო წერილით, მოვახერხე, რომ კომისიას უგულებელყო ფორმალური წინაპირობის არარსებობა, ვინაიდან მათთვის მთავარი იყო ის გამოცდილება, მოტივაცია და მიზნები, რაც მე ბოლო წლების განმავლობაში მქონდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის ჰუმბოლტის ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელებისას პარტნიორობას ითვალისწინებს. დაგეგმილია ასევე თემატური სემინარები და საზაფხულო სკოლები.
⇒ როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებს, ქართულთან შედარებით. რა მსგავსება და განსხვავებაა უცხოურ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის?
⇒ თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ქართული საუნივერსიტეტო განათლების დონე (და აქ გამოვარჩევდი სახელმწიფო უნივერსიტეტებს) არ ჩამოუვარდება ევროპული უნივერსიტეტების დონეს. ცხადია, სხვადასხვა კრიტერიუმით, უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხი მაღალია, თუმცა მიხარია, რომ ქართული საუნივერსიტეტო განათლება მუდმივად განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გამოარჩევს უახლეს ტექნოლოგიებსა და უახლეს მიღწევებზე ხელმისაწვდომობა, მათი დანერგვა, ამასთან, მრავალფეროვანია საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულებები, რომლებიც საკმაოდ სპეციალიზებულია და შეესაბამება თანამედროვე რეალობის მოთხოვნებს. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ლექტორს არ აქვს მკაცრი, ერთგვარი აღმასრულებლის, ფუნქცია, სტუდენტებს მაქსიმალური თავისუფლება აქვთ. შედარებით განსხვავებულია შეფასებითი სისტემა, რომელიც, ქართულისაგან განსხვავებით, არ არის რამდენიმე გამოცდად ან შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმად ჩაშლილი, შესაძლოა საგანში მხოლოდ ერთი გამოცდა იყოს ან საბოლოო შეფასება მოხდეს მხოლოდ რეფერატის ან პრეზენტაციის, თუნდაც ზეპირი გამოცდის საფუძველზე.
⇒ რამდენად მნიშვნელოვანია გუტენბერგის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა სტუდენტებისთვის?
⇒ უნივერსიტეტს საკმაოდ მდიდარი და დიდი ბიბლიოთეკა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, ძირითადად, კვლევით მუშაობაზეა ორიენტირებული, რა დროსაც ასევე მნიშვნელოვანია მდიდარი სალიტერატურო მასალის არსებობა, ამ მხრივ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სტუდენტებს – გარემო მაქსიმალურად ადაპტირებული, მყუდრო და კომფორტულია.
⇒ განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა საერთაშორისო განათლების სამყაროში შესასვლელად სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე, ძნელია. რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ.
⇒ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ვურჩევდი, უცხო ენის ცოდნის საკმაოდ მაღალ საფეხურს მიაღწიონ და ისე შეუდგნენ სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, ამასთან, უნივერსიტეტებიც სთავაზობენ სტუდენტებს სხვადასხვა ენის უფასო კურსებს. ბუნებრივია, უცხო ქვეყანაში სახელმწიფო ისე არ გიდგას გვერდით, როგორც ადგილობრივს, ფინანსური უზრუნველყოფისათვის გერმანელი ახალგაზრდები დახმარებას იღებენ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, თუმცა ნებისმიერი სტუდენტისათვის, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისათვის, შესაძლებელია სტუდენტური დასაქმება. კანონის მიერ მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ სტუდენტს, სალექციო პერიოდში, არა უმეტეს, 20 საათი აქვს მუშაობის უფლება. რაც შეეხება კრედიტების აღიარებას, გააჩნია რომელ მიმართულებას ეხება საქმე, მაგალითად, ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს აქვთ ეს უპირატესობა, რომ მათ მიერ გავლილი კრედიტები შესაძლოა სრულად აღიარდეს, თუ ესა თუ ის საგანი, შინაარსობრივ-მიზნობრივი თვალსაზრისით, არსებითად შეესაბამება უცხოური უნივერსიტეტის საგნის შინაარსსა და სასწავლო მიზნებს. არაერთი უნივერსიტეტი უკვე სთავაზობს სტუდენტებს ჰიბრიდული მოდელის სასწავლო პროგრამებს, რაც გულისხმობს ნაწილობრივ ონლაინ და დასწრებით ლექციებს, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელია სტუდენტებისათვის.
⇒ ძირითადად, რა პროფესიების შესასწავლად მიდიან ქართველი ახალგაზრდები საზღვარგარეთ და განათლების მიღების შემდეგ, უმრავლესობას რატომ არ აქვს სურვილი საქართველოში დაბრუნების?
⇒ გერმანული უნივერსიტეტები საგანმანათლებლო პროგრამების საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრით გამოირჩევა, შესაძლებლობების ფართო არჩევანის თვალსაზრისით კი, ძირითადად, საბუნებისმეტყველო მიმართულებებს გამოვყოფდი, თუმცა სოციალური და ჰუმანიტარული პროფესიებიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართველი ახალგაზრდების ინტერესიც საკმაოდ ფართოა, თითქმის ყველა პროფესიული მიმართულებით იხილავთ ქართველს ამა თუ იმ გერმანულ უნივერსიტეტში. განათლების მიღების შემდეგ კი, სამწუხაროდ, რეალობა იმგვარია, რომ ევროპაში განათლებამიღებული და რეალიზებული ახალგაზრდების უმრავლესობას საქართველოში დაბრუნების სურვილი უქრება, რადგან კვალიფიციურ კადრებს მაღალი სტანდარტის სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვის პირობებს უქმნიან, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა კი, ბუნებრივია, ნებისმიერ ადამიანს გაუჩენს უცხოეთში ცხოვრების სურვილს.
⇒ მიამბე, როგორ ცხოვრობენ გერმანიაში ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული, როგორია შენთვის გერმანული სტუდენტური ცხოვრება, სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
⇒ ვცდილობ, ფასეული ქართული ღირებულებები გავაცნო და შევაყვარო გერმანელებს, ქართული ემოციური, გულიანი, ღრმა, სენტიმენტალური ხასიათი მივიტანო იმ ადამიანების გულებამდე, რომლებიც, ცხოვრების რუტინული და რობოტული წესიდან გამომდინარე, მოკლებულნი არიან საქართველოში ჩვეულ სპონტანურ, ძალზე ადამიანურ მომენტებს. გერმანული ცხოვრების წესი, გულწრფელად გითხრათ, შედარებით მოსაწყენია, მართალია საათის გამართული მექანიზმივით ზუსტი, თუმცა, კლიმატის შესაბამისად, ნაცრისფერი. ტენდენცია შეინიშნება მარტოობის, ერთგვარი ჩაკეტილობის, რაც განსაკუთრებით მკვეთრად კორონა ვირუსის შემდეგ აისახა ადამიანებზე. ვფიქრობ, არა მარტო გერმანიაში, არამედ საქართველოშიც. რაც შეეხება გართობას, ახალგაზრდები უპირატესობას მოგზაურობას ანიჭებენ, ხშირად ეწყობა ტექნო ივენთები, ასევე წვეულებები, სტუდენტური საცხოვრებლებისა და უნივერსიტეტების მასშტაბით.
⇒ გერმანიაში ყველაზე მეტად რა მოგწონს, რა აღგაფრთოვანებს, გაოცებს თუ გაკვირვებას იწვევს შენში, რა არის ის, რასაც შენი ქვეყნისთვის ისურვებდი?
⇒ თუ გერმანული ცხოვრების წესს ფეხს აუწყობ და სახელმწიფო მიგიღებს, გაქვს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა, ხარ ნაწილი იმ საზოგადოების, სადაც თითოეულმა წევრმა იცის საკუთარი მოვალეობები, შესაძლებლობები და მაქსიმალურად აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობები. ძლიერი სახელმწიფო დემოკრატიული მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის, სამართლიანობის საწინდარია. თავისუფლებისა და მრავალფეროვნების მიღების სურვილი და მათი აუცილებლობა კი, საზოგადოებას თავად აქვს გააზრებული. საქართველოშიც იმ ცხოვრების სტანდარტს ვისურვებდი, რაც გერმანიაშია, ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანებს შორის მეტ ნდობას, საკუთარ ცხოვრებაზე მაქსიმალურად კონცენტრირებას.
⇒ როგორ გესახება მომავალი, სად აპირებ დამკვიდრებას, როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება, სამომავლოდ, საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს? რა მოლოდინები გაქვს?
⇒ ცხოვრებაში ხშირად არის გარდამავალი მომენტები, როცა მიღებული გადაწყვეტილებები რადიკალურად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ამ ეტაპზე მიჭირს მკაფიოდ ვთქვა, რომ განათლების მიღების შემდეგ უპირობოდ დავბრუნდები საქართველოში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება დავრჩე და ევროპაში მივიღო სამუშაო, ცხოვრებისეული გამოცდილება. გარკვეულ ეტაპზე კი, როდესაც დავრწმუნდები, რომ დროა ქვეყნის განვითარებაში მეც შევიტანო ჩემი წვლილი, სამშობლოში აუცილებლად დავბრუნდები. მეტიც, დარწმუნებული ვარ, მთელ ცხოვრებას არ გავლევ საქართველოს გარეთ. ევროპაში მიღებული განათლება და გამოცდილება კი საქართველოსთვის ყოველთვის მისაღები და საჭიროა, მით უმეტეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით, იმ სფეროთა სამართლებრივად რეგულირების პროცესში, რომლებიც საქართველოსთვის ასე თუ ისე ახალია. მაქვს მოლოდინი, რომ უკიდურესი საფრთხე არ შეექმნება საქართველოს ევროპულ მომავალს, რადგან ეს არის არა რომელიმე ხელისუფლების არჩევანი, არამედ ქართველი ერის ურყევი ნება.
⇒ დაბოლოს, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზე. უცხოეთში გატარებულ მცირე პერიოდშიც კი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. როგორია შორიდან ჩვენი ქვეყანა?
⇒ სწორედ სამშობლოზე ნოსტალგიას სდევს თან ქვეყანაზე ფიქრი. როდესაც საზღვარგარეთ ცხოვრობ, ეს ფიქრები უფრო მტკივნეული და მძაფრია. ღირებულებების გადაფასებაც დროსთან ერთად იწყება, რაც უფრო მეტად ერთვები აქაური ცხოვრების რეჟიმში, უფრო მკაფიოდ ხედავ თუ რაოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას შენი ქვეყანა, გამოწვევას უფრო რბილად ნათქვამ სიტყვად თუ არ ჩავთვლით. ასეთ დროს ხარ გარე დამკვირვებელი, ვინც შორიდან უკეთესად ხედავს იმ ჯანღს, რომელიც ჩამოსწოლია ჩვენს ქვეყანას. ჩვენთვის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისათვის, საქართველო იმედის სხივია, რომ ოდესმე მოგვეცემა შესაძლებლობა, დავბრუნდეთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ყველა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გააზრებული პასუხისმგებლობით, გააკეთებს იმ საქმეს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, რაც კარგად იცის და გამოსდის.