ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, საქართველოს ბიზნესის აკადემია ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ აკადემია დღეისათვის, პრაქტიკულად, კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა სერვისს სთავაზობს პროფესიული კვალიფიკაციის მიღების თუ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული უნარების შეძენის მსურველებს.
„პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღებამ ქვეყანაში და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით გაწეულმა ძალისხმევამ მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების ისეთი შესაძლებლობები გააჩინა, რომლის მსგავსი ბოლო სამი ათწლეულია არ ყოფილა. შესაძლებლობები შესაძლებლობებად დარჩება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები საზოგადოებას ამ სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობას არ მისცემენ. აკადემია ამ ყველაფერს საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად განიხილავს და არსებულ გამოწვევებსაც შესაძლებლობებად აქცევს. ესაა ჩვენი მენეჯმენტის მთავარი საიდუმლო: მინიმუმ ერთი ნაბიჯით ვუსწრებდეთ მოვლენებს, ვიყოთ ნოვატორები, ამასთან საამაყოა, რომ ჩვენი წარმატებები ერთგვარი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს სხვა კოლეჯებისა და ბიზნეს პარტნიორებისთვისაც.“ – აცხადებს აკადემიის დირექტორი ია ერაძე.
განათლების კარგი სისტემის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სასურველი განათლების მიღების ალტერნატიული გზების სიმრავლეა. ამიტომაც აკადემიის მიერ შეთავაზებული მიდგომები ან მათი კომბინაცია, საშუალებას იძლევა ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეული პირის საჭიროებებს და შევთავაზოთ მასზე მორგებული სასწავლო სქემები, მათი დროითი, ფინანსური, გეოგრაფიული თუ სხვა განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.
სერვისების სპექტრი მრავალფეროვანია: სრული საკვალიფიკაციო პროგრამები, მოკლევადიანი მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები, პროგრამები, რომლებშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, დუალური სწავლების ფორმით განხორციელებული პროგრამები, პირველი ინგლისურენოვანი საკვალიფიკაციო პროგრამები, ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელებული ერთობლივი პროგრამები, დასაქმების მოკლევადიანი პროგრამები, ამას ემატება წინმსწრები ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობები.
სწავლის დაფინანსების წყაროებიც დივერსიფიცირებულია და საბიუჯეტო თუ კერძო ფინანსების გამოყენების ან თანადაფინანსების შესაძლებლობებს იძლევა. მეტად მოხერხებულია სწავლების უკვე კარგად აპრობირებული ჰიბრიდული მოდელი, რომელიც ნაწილობრივ დისტანციური, სინქრონული თუ ასინქრონული სწავლებისა და შეფასების მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, აკადემიის მიერ ხელმისაწვდომი, ლიცენზირებული პლატფორმების საშუალებით. ეს, თავის მხრივ, წარმოადგენს რა გამოწვევას ადმინისტრირების თვალსაზრისით, ზრდის აკადემიის სერვისებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ამიტომაც ამ მიმართულებით სერვისების გაფართოება მომავალი წლის პრიორიტეტი იქნება, უცხოელ პარტნიორებთან განხორციელებულ ერთობლივ და გაცვლით პროგრამებთან ერთად.
აკადემიის დირექტორის განცხადებით, „სერვისების ფართე სპექტრის მიწოდება არაა თვითმიზანი, თუ ამის უკან უკვე საქვეყნოდ ცნობილი და აკადემიის ნიშად ქცეული ხარისხის სისტემა არ დგას. მიუხედავად ეკონომიკური ზრდის გამოწვევებისა, ჩვენ ბოლო წელს მნიშვნელოვანი დამატებითი ინვესტიციები ჩავდეთ სასწავლო ტექნოლოგიებში, აღჭურვასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში. მნიშვნელოვნად შევცვალეთ ორგანიზაციული სტრუქტურა და ადმინისტრირების მიდგომები. შედეგებიც უმოკლეს ვადებში სახეზეა, რაზეც საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე მიღწეული უამრავი აღიარება და პარტნიორთა რიცხოვნობის მზარდი სტატისტიკა მეტყველებს.“
ამ ეტაპზე გრძელვადიან პროგრამებზე 2021 წლის მიღების ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აკადემიის პერსონალი დღეში ასობით დაინტერესებულ პირს უწევს მაღალი ხარისხის კონსულტაციას. აკადემია მოხარულია ფართოდ გაუღოს კარი ყველას, ვისაც სურს მიიღოს ხარისხიანი განათლება და აკადემიის დიდი ოჯახის წარმატებული წევრი გახდეს!