ნინო დოლენჯაშვილი
გოგიტა კიკნაძის სახ. თბილისის №182 საჯარო სკოლის პედაგოგი
ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ ეს არის ნაწარმოები, რომელშიც მთელი სიღრმით არის წარმოჩენილი რევოლუციური შეგნება, ბოლშევიკური ძალების უსულგულობა, ძიძიშვილობის ტრადიცია და მის წინაშე პასუხისმგებლობა, ბრძოლა მონურ ფსიქოლოგიასა და ღირსებას შორის, ადამიანის დამუშავების მცდელობა და რაც მთავარია, შიში, როგორც დამოუკიდებელი პერსონაჟი. ისტორიული რეალობის პირისპირ მდგარი მწერალი აღნიშნავს ბოლშევიკური ძალების სწრაფვას შავი ზღვის სანაპიროებისკენ, „სისხლის თქეში რომ იდგა კიდით კიდემდე“. იმ ვითარების ფონზე, როდესაც კრეისერი „შმიდტი“ სოხუმში შემოდის, უკვე თვალშისაცემია საზოგადოების სხვადასხვა ფენის დაბნეულობა, თვითგადარჩენის ინსტინქტი განსაკუთრებით რომ აქტიურდება „ზეპურ“ საზოგადოებაში. მწერალს მწვავედ აქვს განცდილი რეალობის სუსხი ისე, როგორც გალაკტიონ ტაბიძეს ლექსში „გემი დალანდი“. ბოლშევიკური ძალის ჰეგემონობის ფონზე, აშკარა იყო მოლოდინი იმისა, რომ სამშობლო ლანდად გადაიქცეოდა წარსულის ფონზე, რადგან ქვეყნის გაწითლების პროცესი უკვე დაწყებულიყო.
შემთხვევითი არ არის ამ ფერის სიმბოლიკა, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა იმ სისტემას, რომელმაც ღირსების, თავისუფლების სანაცვლოდ, „ნამგალი და ურო“ აირჩია, როგორც მორჩილების სიმბოლო.
ბოცმანი კუზმა კილგა, ზედმეტსახელად „მრისხანე“, შმიდტის აჯანყებაში მონაწილეობისათვის უვადო კატორღამისჯილია. იანუსური პესრონაჟი კლასობრივი სიბრმავის მსხვერპლია. ღირსება, თავგანწირვა, სიყვარული, ერთგულება მისთვის უცნობი ღირებულებებია. კუზმასა და მის თანამებრძოლებს თავიანთი მსოფლმხედველობრივი სამყარო, პრინციპები და ღირებულებები აქვთ. რევოლუციური იდეით შეპყრობილნი ბარბაროსული იდეებით ცდილობდნენ ტრადიციულის მსხვრევას. მკითხველის წინაშე ორი პერსონაჟი წარმოჩინდება: ერთი – კლასობრივი ეგოიზმით შეპყრობილი და მეორე – მისი მოწინააღმდეგე შტაბ-როტმისტრი, თეთრგვარდიელი უჯუშ ემხა, ღირსებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი. ავსტრიის ფრონტზე ნაბრძოლს გამოჰყოლია შიშის დამღა, თუმცა ნებისმიერ გარემოებაში მზად არის, ღირსებისთვის იბრძოლოს. საბედისწერო აღმოჩნდა ვასილ ხრიტანიუკისთვის ის ამორალური ქმედება, რითაც გახრწნილ პოდპორუჩიკ N-ს მოგვაგონებს, „იზლერის ბაღად“ გადაქცევას რომ ჰპირდება სამოთხის დარ ქვეყანას. გამოხატული აგრესია და შური თეთრგვარდიელის ეპოლეტების მიმართ კიდევ უფრო აშიშვლებს ვასკა-პირატის სახეს, გამოხატული შურით რომ ცდილობს, თეთრგვარდიელს ეპოლეტები ჩამოხსნას. უჯუშმა საკუთარი ღირსება ვაჟკაცურად დაიცვა, როგორც ვაჟა-ფშაველა იტყვის: „მაგრამ მტერს მტრულად მოექცე, თავად უფალმა ბრძანაო“. ღირსებისთვის ბრძოლას კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა შეაქვს ქალაქში. იქ, სადაც შიშს დამონებული საზოგადოება გაფაციცებული გამოფენს წითელ დროშებს მტრისთვის თვალის ასახვევად, ღირსების სადარაჯოზე მდგომი ჰაკი და უჯუში უდიდესი ტვირთის საზიდავად ემზადებიან. თითქოს, ვასკა-პირატის სიკვდილის შემდეგ უჯუში პასიური ხდება, მაგრამ მთავარი ის ფარული კონფლიქტია, რომელიც უჯუშსა და კილგას შორის მიმდინარეობს. რევოლუციური იდეებით გაფეტიშებული კილგა მონურ ფსიქოლოგიას ირჩევს მიზნის მისაღწევად – გამოსცადოს ერთგული ძიძიშვილი, რომელსაც უანდერძეს, რომ უჯუში მისი მზეა და მისთვის სიცოცხლის გაწირვაც რომ დასჭირდეს, უნდა გაწიროს. ამ ანდერძის წინაშე პასუხისმგებლობა ათავისუფლებს ჰაკის კლასობრივი მონობისგან, თუმცა კუზმას ჰგონია, რომ დაბალი სოციალური ფენის მკვიდრობა ჰაკისთვის მძიმე ხვედრია, უჯუშისთვის, როგორც თავადისთვის, თავს რომ გააწირვინებს. ჰაკი ყველაფერს აკთებს უჯუშის ხსნისთვის. განსაკუთრებით თვალშისაცემია მისი გულწრფელი დამოკიდებულება ცხოვრების დაწერილი თუ დაუწერელი წესების მიმართ, როდესაც იტყვის: „ჯერ არ ყოფილა კანონი, ნამდვილი დამნაშავის სანაცვლოდ, უდანაშაულო დაესაჯათ“. იგი არწმუნებს კილგას, რომ დამნაშავე თვითონ არის, მეტიც, მატროსსაც კი დაიტირებს, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა „მიზანი ამართლებს საშუალებას“. კუზმას მისი თვალთმაქცობა არ გამოჰპარვია. კუზმასთვის ახლა გასაგებია, რომ ჰაკის ყველა მცდელობა უჯუშის გადასარჩენად კლასობრივი მორჩილებაა და არა გულწრფელი თავგანწირვა. მისი ეს წარმოდგენაც ცხადყოფს, რამდენად არის დაშორებული მისი სამყარო მაღალზნეობრივ იდეალებს. ფარული კონფლიქტის სულისჩამდგმელი კილგაა, რადგან მისთვის, როგორც სისტემის სახისთვის, შეუმჩნეველი არ აღმოჩნდა ჰაკის პიროვნული სამკაული – ერთგულება, რითაც აღემატება სოხუმის მთელ მოსახლეობასა და მთავრობას. ხიდი ჩატეხილი აღმოჩნდა საზოგადოებასა და ემხა-აძბას წყვილთან. სისტემას სჭირდება ერთგული ადამიანები. აშკარაა კილგას ბრძოლა ჰაკისთვის, მაგრამ თავაწეული ემხა და უჯუშს შეწირული ჰაკი ზნესრული და სრულქმნილი ადამიანები არიან. იქ, სადაც ყველამ გაწირა უჯუში, მათ შორის საკუთარმა დეიდაშვილმა თოხან მარშანმაც კი, უჯუშს არ სწირავს ჰაკი. უჯუშის და კილგას ფარული კონფლიქტი სწორედ ჰაკის დასაკუთრებას უკავშირდება. ამ ბრძოლაში ღირსება, ერთგულება და თავგანწირვა იმარჯვებს. კილგა ამ სიტყვებით: „ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა“, ცალსახად ავლენს ბოლშევიკური ძალის მისწრაფებებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოეყენებინათ რევოლუციური დამუშავებისთვის. უჯუში კილგასთვის კლასობრივი მტერი იყო, ჰაკის კი ბოლომდე ვერ ჩასწვდა. ამ ორთაბრძოლაში, მართალია, კილგა და მისი მეზღვაურები აგრძელებენ სიცოცხლეს, მაგრამ უჯუში და ემხა მაღალ ღირებულებებს შეწირული ადამიანები არიან, რომელთათვისაც კლასობრივ ეგოიზმზე მაღლა ერთგულება, სიყვარული და ღირსება აღმოჩნდა. იქ, სადაც ზნეობრივი გახრწნილების სურათი ხელისგულივით ჩანს, „შიშს დამონებული“ საზოგადოება კლასობრივი მტრის წინაშე როგორი უძლურია,ზვარაკის გზას ირჩევენ ძიძიშვილები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების წინაშე. „მონობა სულის საჭურისობაა“ – ეს იცის ორივე პერსონაჟმა და თავაწეულნი ხვდებიან სიკვდილს. სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც ერთად არიან ჰაკი და უჯუში. კილგა მარცხდება უჯუშის, როგორც ჰაკის „ბატონის“ წინაშე, რადგან ჰაკიმ თავადის მონება, ანუ ერთგული სამსახური აირჩია და არა მონობა, რასაც ითხოვდა მისგან ბოცმანი კუზმა კილგა.









