26 აპრილი, შაბათი, 2025

საუბრები დიდ ლიტერატურაზე

spot_imgspot_img

სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოსა და სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს, ზაზა შულაიასა და ხათუნა ბერაძეს, როგორც არაერთი წარმატებული პროექტის ავტორებს, გაზეთ „ახალი განათლების“ მკითხველი ძალიან კარგად იცნობს. ამჯერად ვისაუბრებთ მათ მიერ განხორციელებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან, ეროვნული მასშტაბის პროექტზე „გვესაუბრეთ ლიტერატურაზე“, რომელშიც თანამშრომლობდა საქართველოს 6 რეგიონის (სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, კახეთი) 19 სკოლის 22 პედაგოგი და ამავე სკოლების დაწყებითი, საბაზო თუ საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა შედგა ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელთან, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ ექსპერტთან, როლანდ ხოჯანაშვილთან, რომელმაც ისაუბრა კარგი მკითხველის მახასიათებლებზე, საკითხავი ლიტერატურის შერჩევის ხერხებზე, პოეზიისა და პროზის დანიშნულებასა და უპირატესობაზე. ბატონმა როლანდმა მოსწავლეთა ყურადღება გაამახვილა ლიტერატურის ღირებულებებსა და ასპექტებზე; ურჩია მათ წიგნთან მეგობრობა; შეახსენა, რომ წაკითხულის ერთმანეთთან გაზიარებით ჩამოუყალიბდებათ საკუთარი დამოკიდებულებები და სწორი ღირებულებები, გამოუმუშავდებათ თანატოლებსა და უფროსებთან კონსტრუქციული ურთიერთობისა და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები. საინტერესო საუბარმა მოსწავლეები გაათამამა, მათ გაგვიმჟღავნეს, თუ როგორი მკითხველები არიან, რომელი ჟანრის ნაწარმოებები მოსწონთ და, ზოგადად, როგორი ლიტერატურული გემოვნება აქვთ. პირველივე აქტივობამ ცხადყო, რამდენად ძლიერი და მამოტივირებელი გავლენა იქონია ცნობად სახესთან პირისპირ შეხვედრამ და ლიტერატურაზე მსჯელობამ მსმენლებზე; მოსწავლეები დააფიქრა იმაზე, რომ კლასიკური ლიტერატურა წარმოადგენს ცხოვრების ერთგვარ სარკეს, წუთისოფლის სრულყოფილ და ღრმა ანარეკლს; იგი ხშირად აღმოგვაჩენინებს საკუთარ თავს, თუ ვის ვგავართ, რა გვიხარია, რა გვწყინს; გვეხმარება როგორც წარსულისა და აწმყოს აღქმა-გააზრებაში, ასევე მომავლის განჭვრეტაშიც. ლიტერატურის მრავალფეროვან წიაღში სამოგზაუროდ და შეუცნობელი სამყაროს ადვილად გასააზრებლად კი წამძღვარებული ლამპრის ტოლფასია საგანმანათლებლო რესურსები და ლიტერატურული შედევრების საზოგადოდ გავრცელებული შეხედულებებისაგან რადიკალურად განსხვავებული შეფასებების მოსმენა.

რიგით მეორე შეხვედრა სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა. ფილოლოგიის დოქტორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა, გია მურღულია გაგვაცნო თავისი საგანმანათლებლო პროგრამები: 1. იგავების სამყარო (სიბრძნე მინიატურაში); 2. მცირე პროზა; 3. ფილმმი (ფ-ილოსოფია, ი-სტორია, ლ-იტერატურა, მ-ხატვრობა, მ-უსიკა, ი-ერარქია (ღირებულებათა))  და გაგვიზიარა საკუთარი ხედვები ლიტერატურული პარადოქსებისა და ქართველთა სათაყვანო წიგნის – „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ სახეებთან მიმართებით; ახლებურად დაგვანახა კავშირები „ეკლესიასტესა“ და ნ. ბარათაშვილის ლექსs „ფიქრნი მტკვრის პირას“ შორის. შეხვედრის დასასრულს დასმულ შეკითხვებზე ბატონი გიას პასუხი ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროსკენ მიუძღვებოდა მსმენელთ. თითოეული ფრაზა თუ შეხედულება წარმოადგენდა სიბრძნის ისეთ სიმფონიას, რომელიც ილექება და ხანგრძლივად რჩება გონებაში, გიბიძგებს აზროვნებისაკენ, გიჩენს დაუოკებელ სურვილს, გასცდე ეროვნულ ჩარჩოებს, აღმოაჩინო ახალი სამყარო, გაეცნო აღმოსავლურ თუ დასავლურ კულტურას და განსაზღვრო საკუთარი ადგილი ამ სივრცეში. მოსწავლეებს მიეცა შესაძლებლობა გაეაზრებინათ, რომ ლიტერატურის გამდიდრებისა და კულტურათა გაცნობა-განვითარების მთავარი ძალა მთარგმნელობითი ხელოვნებაა.

შემოქმედებითი პროცესის ამ ფორმაზე საუბარს დაეთმო რიგით მესამე შეხვედრა აღმოსავლეთმცოდნე, პოეტ, მთარგმნელ, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა კავკასიიის სახლის აღმოსავლური განყოფილების გამგესთან, ისლამური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ, პრემიასაბასლაურეატ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ გიორგი ლობჟანიძესთან. თეორიული საკითხების განხილვასთან ერთად, ბატონმა გიორგიმ ისაუბრა ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების ისტორიასა და ქართულ-აღმოსავლური ლიტერატურული ურთიერთობების ტრადიციაზე. ყურადღება გაამახვილა თარგმანის მნიშვნელობაზე, ტრანსლიტერაციის მეთოდებზე, თარგმანის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებსა და ეტაპებზე; აღნიშნა, საიდან დაიწყო და რა გზა გაიარა როგორც მთარგმნელმა და როგორც პოეტმა, ზოგადად, რა სირთულეებს აწყდებიან მთარგმნელები, რა ტენდენციებია დამახასიათებელი აღმოსავლური სამყაროს პოეზია-პროზისთვის და რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი მთარგმნელობითი კულტურის განვითარებისათვის. შეხვედრის დასასრულს ბატონმა გიორგიმ წაგვიკითხა ომარ ხაიამის რობაი როგორც სპარსულ ენაზე, ასევე მისი ქართული თარგმანი და მსმენელთა გულებში აანთო ლამპარი პოეზიისა, რომლის მაგიური ძალა მომდევნო შეხვედრაზე კიდევ უფრო ღრმად გვაგრძნობინა ჟურნალისტმა, კრიტიკოსმა, ლიტერატურის მკვლევარმა, ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგემ, მთავარმა მეცნიერთანამშრომელმა, ლიტერატურულ პრემიასაბასორგზის ლაურეატმა, ლევან ბრეგაძემ. საუბრისას დაგვანახა რიტმით, რითმითა და მხატვრული სახეებით გადმოცემული გრძნობების კონტრასტი მატერიალურ სამყაროსთან; საინტერესოდ ახსნა, რა კვებავს ან რა ფიტავს პოეზიას, როგორც ხელოვნების დარგსა და როგორც ცოცხალ ორგანიზმს. ბატონმა ლევანმა გვიჩვენა და გვირჩია, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენ, 21-ე საუკუნის პრაგმატულად მოაზროვნე ინდივიდებს, სიტყვასთან, ლექსსა და მხატვრული სახეებით შექმნილ სამყაროსთან.

შეხვედრების ციკლმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ლიტერატურა, როგორც ცოცხალი, დინამიური ძალა, რომელსაც ძალუძს, ზეგავლენა მოახდინოს მკითხველის/მსმენელის ინტელექტუალურ, ემოციურ და სულიერ სამყაროზე; გამოიყვანოს აღქმის სუბიექტური ხედვის კუთხიდან, მთელი სისავსით დაანახოს ობიექტური რეალობა. ხშირად, ლიტერატურულ ნაწარმოებებთან მიმართებით, არასწორ აქცენტებს აკეთებენ და ცდილობენ, მოარგონ მოდურ იდეოლოგიას, შეზღუდონ, გარკვეულ კალაპოტში მოაქციონ და მასების მართვის ინსტრუმენტად გამოიყენონ. მსგავსი შეხვედრები კი ამ ჩარჩოებს არღვევს და მსმენელთ არწმუნებს, რომ კლასიკური ლიტერატურა და, ზოგადად, ჭეშმარიტი ხელოვნება, მარადიული, აქტუალური მოვლენაა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.

შემაჯამებელ შეკრებაზე მონაწილე სკოლების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის დადებით მხარეებზე. მათ აღნიშნეს, რომ ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან შეხვედრამ, მათმა სიბრძნემ, სამყაროს აღქმის თავისებურმა ხედვამ და სიტყვაში გაცხადებული ჭეშმარიტების მრავალმხრივ გააზრებამ წარუშლელი კვალი დატოვა თითოეულ მონაწილეში. წარმატებული ლიტერატორების საინტერესო საუბრებმა, მიზანმიმართულმა რჩევებმა მათ ახლებური ხედვა ჩამოუყალიბა ლიტერატურის ფენომენსა და მის როლზე ადამიანის ცხოვრებაში და, რაც უმთავრესია, ამ უაღრესად მნიშვნელოვანმა წამოწყებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში, კითხვის კულტურის ჩამოყალიბებასთან ერთად, კრიტიკული აზროვნების სტიმულირებასა და ანალიტიკური უნარების განვითარებას, აუმაღლა მოტივაცია. მათივე თქმით, აღნიშნული დასტურდებოდა სასკოლო პროექტების ინიცირებითა და აქტიური ჩართულობით. აღნიშნულ შეხვედრას პოზიტიური მუხტი შესძინა ბატონმა როლანდმა, რომელმაც მოისმინა ჩვენი მოსაზრებები ხუთთვიანი მუშაობის შედეგებთან მიმართებით, ასევე გამოხატა მხარდაჭერა იმ სამომავლო გეგმებზე, რომლებიც პროექტის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს.

ვინაიდან განუზომლად დიდია პროექტის დადებითი გავლენა თითოეულ მონაწილეზე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელებს – ხათუნა ბერაძესა და ზაზა შულაიას, ამ შესანიშნავი ინიციატივისათვის. მათი თავდადება და პროფესიონალიზმი იყო პროექტის წარმატების საწინდარი, რომლებმაც შექმნეს ჯანსაღი ატმოსფერო აზრის თავისულად გამოხატვისა და თანამშრომლობისათვის, ერთმანეთისთვის საკუთარი ხედვების, ინიციატივებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც თითოეულ ჩვენგანს დაეხმარება საგანმანათლებლო პროცესის უფრო ეფექტურად და საინტერესოდ წარმართვაში.

ორგანიზატორებთან ერთად, მადლობას ვუხდით ჩვენს საპატიო სტუმრებს: როლანდ ხოჯანაშვილს, გია მურღულიას, ლევან ბრეგაძეს, გიორგი ლობჟანიძეს, ჩვენი პროექტების მუდმივ მხარდამჭერს – მარიამ ჩაჩანიძეს, ასევე მადლობას მოვახსენებთ „ახალი განათლების“ რედაქციას მხარდამჭერისთვის, მონაწილე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

პროექტში მონაწილეობდნენ:

  1. ხათუნა ბერაძე სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (პროექტის ორგანიზატორი);
  2. ზაზა შულაია სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (პროექტის ორგანიზატორი);
  3. ნანა ლომაია – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  4. მანანა ქოქოსაძე, ფიქრია ცხვედიანი – სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები;
  5. ნანა კუჭუხიძე სსიპ ქალაქ რუსთავის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  6. მაია გოგბერაშვილი სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  7. ანჟელა ღვიტიძე სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  8. მერი გიბიშვილი სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  9. ჯილდა შაქარიშვილი სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  10. ნათია შაინიძე სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  11. ხათუნა თხლაშიძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  12. ნონა ოდიშარია სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  13. ბელა პაპავა, ელიზა კალანდია, მანანა ჭაჭუა სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები;
  14. ნინო კონცელიძე სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი;
  15. ხათუნა ყველიაშვილი სსიპ თბილისის №216 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  16. ინგა ხვიჩია სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  17. ირინე კუჭავა სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის მალხაზ აბაშიძის სახელობის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  18. მარიამ ფარეხელაშვილი სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  19. თინათინ ცხადაძე სსიპ ქალაქ თბილისის №89 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ანჟელა ღვიტიძე

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ნათია შაინიძე

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება