ირმა გრიგალაშვილი – ფილოლოგი, სსიპ თბილისის №214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
სწავლა-სწავლების პროცესის მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. აღნიშნული მიმართულება გულისხმობს სასწავლო პროცესის დაფუძნებას ეროვნული სასწავლო გეგმის გრძელვადიან მიზნებსა და მეთოდოლოგიურ ორიენტირებზე. გრძელვადიან მიზანთა მისაღწევად სასწავლო პროცესი იყოფა შუალედურ სასწავლო მიზნებად. თუკი გრძელვადიანი მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმითაა მითითებული, შუალედურ სასწავლო მიზნებს განსაზღვრავს სკოლა/მასწავლებელი მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე. შუალედური სასწავლო მიზნის სტრუქტურა შემდეგნაირია: 1. მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტი კომპლექსური დავალებისა; 2. საკითხი, რომელსაც ეხება დავალება; 3. სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებზე დამყარებული შეფასების კრიტერიუმები (გზამკვლევი მესამე თაობის ესგ-ის მიხედვით, 2022).
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირებისა და დანერგვის პროცესში დაგროვდა გარკვეული გამოცდილება ცნებებზე ორიენტირებული სწავლებისა, არაერთი საგნისათვის შეიქმნა კომპლექსური დავალებების ბანკი. შუალედური სასწავლო მიზნები გაწერილი და ჩამოყალიბებულია თემატურ მატრიცებში, რომლებიც მზა სახით ახლავს მასწავლებელთა სახელმძღვანელოებს. მათ ერთგვარი სარეკომენდაციო დანიშნულება აქვთ. მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა გარდაქმნას კომპლექსურ დავალებათა მატრიცები თავისი მოსწავლეების მზაობის, ინტერესისა თუ მუშაობის პროცესში გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად. სწორედ ესაა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის დამახასიათებელი ერთი ძირითადი მომენტი. მასწავლებელი მუდმივად აკვირდება სწავლა/სწავლების პროცესს და მიმართავს გარკვეულ ინტერვენციებს, რომლითაც მათ ეხმარება გამოკვეთილი სირთულეების დაძლევაში. წერილში აღვწერ ჩემ მიერ ამგვარი მიდგომით მუშაობის ერთ-ერთ მაგალითს, ვუჩვენებ მკითხველს, როგორ შეიძლება მასწავლებელმა მზა სახით შემოთავაზებულ თემატურ მატრიცაში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და მოარგოს ის თავისი კლასის, მოსწავლეების საჭიროებებს.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების საბაზო საფეხურზე ერთ-ერთი თემატური ერთეულის („ისტორიის გზაგასაყარზე“) შესწავლისას განვახორციელე კომპლექსური დავალება – ანალიტიკური ესე. ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისა“ შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს არგუმენტირებული მსჯელობით უნდა წარმოედგინათ შემდეგი საკითხი: რას ფიქრობს პოემის ავტორი საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხზე. კომპლექსური დავალების დაგეგმვისა და განხორციელებისას დავეყრდენი გამომცემლობა „სწავლანის“ მიერ შემოთავაზებულ მასწავლებლის სახელმძღვანელოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
კომპლექსური დავალების დაგეგმვისა და განხორციელების მომენტში ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო მოსწავლეთა მზაობა და შესაძლებლობები. ამჯერადაც სახელმძღვანელოში შემოთავაზებული მატრიცა მოვარგე მოსწავლეთა საჭიროებებსა და საუკეთესო ინტერესებს და ამდენად, შევიტანე მასში გარკვეული ცვლილებები.
➡️ დავამატე სასწავლო რესურსები
აღნიშნული თემატური ერთეულის დამუშავებისას სასწავლო პროცესში გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ ერეკლე II-ის მოღვაწეობზე. მათ ძალიან ცოტა რამ ახსოვდათ XVIII საუკუნეზე, როგორც საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდზე, ამიტომაც გადავწყვიტე, სასწავლო რესურსად დამემატებინა თომა ჩაგელიშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი – ერეკლე II. აღნიშნული რესურსის დამატება განპირობებულია იმითაც, რომ მოსწავლეებს ერთმანეთისაგან განსხვავებული სწავლის სტილი აქვთ. ჩემს კლასში არიან მოსწავლეები, რომელთაც მეტად აქვთ განვითარებული სმენითი და ვიზუალური სწავლის სტილი, ამიტომ მათ ხშირად სჭირდებათ სადემონსტრაციო თვალსაჩინოებები. ფილმი დაგვეხმარა არა მხოლოდ ისტორიული ფაქტების გაცნობიერებაში, არამედ აღძრა დიდი ინტერესი და ენთუზიასტური დამოკიდებულება მოსწავლეებში დასამუშავებელი საკითხის მიმართ.
მოსწავლის სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ ისტორიული ეპოქის ანალიზს, მეტი სიცხადისთვის, დავუმატე ერთ-ერთი თავი („საით?“) წიგნიდან „ერეკლე მეორე“ — ქართველი მეფეები, ტომი IX. ნაწარმოების დამუშავების პროცესში გამოიკვეთა ინტერესი ერთ-ერთი პერსონაჟის, სოლომონ ლიონიძის, მიმართ. ასევე, მოსწავლეებს გაუჩნდათ შეკითხვა, გარდა სოლომონისა, ქართველ დიდებულებს შორის, თუ მოიძებნებოდა ვინმე, ვინც ბოლომდე არ იზიარებდა მეფის პოზიციას. გამომდინარე აქედან, მოსწავლეებს მოვუთხრე სოლომონ ლიონიძისა და მზეჭაბუკ ორბელიანის შესახებ და დამატებითი ინფორმაციის სანახავად გავუზიარე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის ბმული.
➡️დავამატე კონკრეტული აქტივობები
კომპლექსური დავალების მეორე ეტაპზე, სახელმძღვანელოში შემოთავაზებული მატრიცის მიხედვით, მოსწავლეებს ევალებოდათ ტექსტზე დაკვირვება კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად, კერძოდ, უნდა გაეხსენებინათ, რა მოვლენები უძღოდა წინ პოემის შექმნას და რეალურად მომხდარი რომელი ფაქტი წარმოჩნდა ნაწარმოებში შეცვლილი სახით. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ამ ნაწილში დავამატე აქტივობა კოგნიტური სქემის შევსება – კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით ერთ-ერთი მითითებაა, რომ მოსწავლეებმა გაითვალისწინონ ისტორიული კონტექსტი და ისტორიული ფაქტის სახეცვლილება. მოცემული ინფორმაციის დანაწევრებისა და ორგანიზების მიზნით, ერთობლივად შევიმუშავეთ ორგრაფიანი სქემა და თვალსაჩინოდ ჩამოვწერეთ ჩვენთვის საინტერესო ისტორიული ფაქტების ქრონოლოგია:
აღნიშნული აქტივობა განსაკუთრებით ეხმარება ისეთ მოსწავლეებს, რომელთაც განვითარებული აქვთ სწავლის ტაქტილური სტილი, მათთვის მნიშვნელოვანია დიაგრამების შევსება, ჩანაწერების გაკეთება.
როდესაც დავიწყეთ მუშაობა თხზულების სამნაწილიან სტრუქტურაზე, ამ მომენტისათვის გავითვალისწინე ის საჭიროებები, რომლებიც გამოკვეთა უკანასკნელმა შემაჯამებელმა დავალებამ.
ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა დაეცვა ესეს ტიპის თხზულების სტრუქტურა, თანმიმდევრულად და ლოგიკურად გამოეყო აბზაცები. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიარეთ არგუმენტირებული ესეს სტრუქტურა სათანადო თვალსაჩინოებით. ასევე, მივმართე წინმსწრებ მეტაკოგნიტურ პაუზას, ვიფიქრეთ დავალების შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე და, მოსწავლეების სურვილიდან გამომდინარე, შევადგინეთ თხზულების სავარაუდო გეგმა.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას, მნიშვნელოვანია თვითრეგულირების უნარების განვითარება. სწორედ ამიტომ, თხზულების პირველადი მონახაზის შექმნისა და წარდგენის შემდგომ, შევეცადე მოსწავლეები დამეკვირვებინა თავიანთი მუშაობის პროცესზე, მათ უპასუხეს შემდეგ პუნქტებზე დაყრდნობით შედგენილ კითხვარს: რა გამიჭირდა ყველაზე მეტად წერის პროცესში და რატომ? რა აღმოჩნდა ყველაზე რთული და რატომ? რა გამომივიდა ყველაზე კარგად და რატომ? რა მჭირდება იმისათვის, რომ დავძლიო სირთულე? კითხვარი დამეხმარა, ერთი მხრივ, პროცესის მეთვალყურეობაში, ხოლო მეორე მხრივ, მიჩვენა გზა, რა ტიპის დახმარება უნდა გამეწია მოსწავლეებისათვის კონკრეტულ მომენტში.
კომპლექსური დავალების საბოლოო ვერსიის წარდგენამდე, დავამატე კიდევ ერთი აქტივობა – მუშაობა თხზულების დახვეწაზე. როგორც უკანასკნელმა შემაჯამებელმა სამუშაომაც გამოკვეთა, მოსწავლეებს, თავიანთი აზრებისა და იდეების გაზიარებისას, აფერხებდათ ესეს ტიპის თხზულებისათვის შესაბამისი ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური მარაგის სიმწირე. ამდენად, გადავწყვიტე, ერთი მხრივ, გამეხსენებინა მათთვის არგუმენტების ჩამოყალიბების მეთოდები (ციტირება და პერიფრაზი), ხოლო, მეორე მხრივ, შემეთავაზებინა ენობრივი კლიშეების ჩამონათვალი, რომელსაც მიმართავდნენ წერის პროცესში.
თხზულების საბოლოო ვარიანტის წარსადგენად მოსწავლეებს მიეცათ არჩევანის შესაძლებლობა, მათ შეეძლოთ, შეექმნათ ესე როგორც ბეჭდური, ასევე ხელნაწერის სახით. კომპლექსური დავალების გეგმით გათვალისწინებული უკანასკნელი აქტივობა მოიაზრებს კიდევ ერთ მეტაკოგნიტურ პაუზას. დავალების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს მუშაობის პროცესში გადადგმული ნაბიჯები, გაიხსენეს და აღწერეს განვლილი გზა: რა გააკეთეს, რის შემდეგ? რა ხერხები გამოიყენეს მუშაობისას? რა გაუჭირდათ ან რა გაუადვილდათ? უპასუხეს მთავარ კითხვას, თუ რას შეცვლიდნენ, თუკი მიეცემოდათ სამუშაოს თავიდან შესრულების საშუალება.
➡️ პროცესის შეფასება
ზემოთ უკვე აღვწერე მექანიზმები, რომელიც დამეხმარა, თვალყური მედევნებინა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესისთვის (წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა და თვითრეგულირებული სწავლის გასავითარებელი კითხვარი). დავალების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს მივეცი სიტყვიერი უკუკავშირი – განმავითარებელი შეფასება. მათ მიერ შესრულებული ნიმუშები შევაფასე „მიღწევათა ტაქსონომიაზე“ დაყრდნობით.
ამას გარდა, გავაანალიზე მოსწავლეთა შედეგები კომპლექსური დავალებით გათვალისწინებულ სამიზნე ცნებებთან მიმართებით. აღნიშნულმა ანალიზმა საშუალება მომცა, გამომეკვეთა, ერთი მხრივ, მოსწავლეთა პროგრესი, ხოლო მეორე მხრივ – ახალი საჭიროებები სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
➡️ შეფასების შედეგები
გამოიკვეთა, რომ შერჩეული ოთხი სამიზნე ცნებიდან წარმატებულად დამუშავდა სამი: კომპოზიცია, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები, კონტექსტი, ხოლო შედარებით ნაკლებად – მეოთხე: სტრატეგიები (კერძოდ, მეტაკოგნიტური სტრატეგიები). მოსწავლეებს შეუძლიათ: კომპოზიციის ელემენტების ამოცნობა, მათ შორის არსებული მიმართებების განსაზღვრა; კომპოზიციის ელემენტებისა თუ სპეციფიკური ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება ტექსტების შედგენისას; კონტექსტური მახასიათებლების ამოცნობა და ისტორიული კონტექსტის მნიშვნელობის გააზრება ლიტერატურული ნაწარმოების შესწავლისათვის. მოსწავლეების პროგრესი განსაკუთრებით შესამჩნევია კომპოზიციური ელემენტების სწორად გამოყენებისას. კომპლექსურამდე ჩატარებულ შემაჯამებელ სამუშაოში ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა მსჯელობაში სამნაწილიანი სტრუქტურის დაცვა, მათ ნაშრომებში აბზაცები მოკლებული იყო ლოგიკურ თანმიმდევრულობას. მოსწავლეებმა ეს ხარვეზი აღმოფხვრეს კომპლექსური დავალების საბოლოო პროდუქტში. აღსანიშნავია, რომ მათ ასევე დახვეწეს კულტურა არგუმენტების დამოწმებისა, ჩართეს მსჯელობაში შესაბამისი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები. შემაჯამებელ სამუშაოში მათი გამოუყენებლობა ზოგი მოსწავლისთვის ერთგვარ ბარიერს წარმოადგენდა ცოდნისა და იდეების გაზიარებისათვის. ამჯერად, მათ ეს ბარიერიც დაძლიეს მეტ-ნაკლები წარმატებით. ვფიქრობ, პროგრესი განაპირობა თემატურ მატრიცაში მოსწავლეთა საჭიროებებზე დაყრდნობით შემუშავებული აქტივობების დამატებამ. მუშაობის პროცესში მატრიცის ჩემეული ცვლილებები გავაცანი საგნობრივ კათედრას და ავუხსენი, რა გავლენა იქონია ამ ცვლილებებმა კომპლექსური დავალების განხორციელების ხარისხზე. ჩატარებული სამუშაოს რეფლექსიისა და შეფასებათა საფუძველზე დავინახე, რომ ამგვარი ცვლილება რეკომენდებული იქნებოდა მომდევნო სასწავლო წლისთვის.
ლიტერატურა
გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საგანი — ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, 2022 — https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2022/09/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D.pdf
ქართული ენა და ლიტერატურა, IX კლასი, მასწავლებლის წიგნი, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი, სწავლანი, თბილისი, 2021 —
https://www.stavlani.ge/cms/upload/pdf/9046f242f1eaffb24924fce48aee5cdd.pdf?v=22