განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გამოაქვეყნა სასწავლო პროცესისა და შეფასებების დასრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მოუწოდებს სასწავლო დაწესებულებს, აღნიშნული მითითებებით იხელმძღვანელონ.
სასწავლო პროცესის დასრულების თარიღები:
⇒ XII კლასი – 2025 წლის 20 მაისი.
⇒ I კლასი – 2025 წლის 27 მაისი.
⇒ II-XI კლასები – 2025 წლის 13 ივნისი.
ჟურნალის რედაქტირების ვადები:
XII კლასის მოსწავლეთა მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 27 მაისის ჩათვლით ( სწავლის დასრულებიდან – 7 კალენდარული დღე).
I კლასის მოსწავლეთა მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 3 ივნისის ჩათვლით (სწავლის დასრულებიდან – 7 კალენდარული დღე).
II-XI კლასებისთვის – მოსწავლეთა მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 27 ივნისის ჩათვლით ( სწავლის დასრულებიდან – 14 კალენდარული დღე).
განმავითარებელი შეფასება:
სასწავლო წლის ბოლოს, დაწყებით საფეხურზე (I–IV კლასები), განმავითარებელი შეფასების დაწერის ვალდებულებას განსაზღვრავს თავად სკოლა.
როდის არის შესაძლებელი გაცდენების ექსტერნის გამოცდის ჩატარება?
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ექსტერნად რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან 21-დან 24 მაისის ჩათვლით (მხოლოდ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის).
რეგისტრაციის შემდეგ, ექსტერნის გამოცდა ელექტრონულ ჟურნალში, გამოცდების მოდულის გამოყენებით, უნდა ჩანიშნოს სკოლამ..
რა უნდა ვიცოდეთ გაცდენების 30%-იანი ექსტერნის შესახებ:
მოგეხსენებათ, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში (პირველი და მეორე სემესტრის გათვალისწინებით) გააცდენს კონკრეტული საგნისთვის, კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-სა და მეტს, მას ენიშნება და იგი ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ელექტრონული ჟურნალი სრული სიზუსტით ითვლის მასწავლებლის მიერ ასახულ გაცდენებს, შესაბამისად 30%-იანი გაცდენის მაჩვენებელიც სწორად აღირიცხება ჟურნალში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სემესტრის დასწრების მაჩვენებლის კორექტირება შესაძლებელია ჟურნალის დახურვამდე, ხოლო პირველ სემესტრში ასახული დასწრების რედაქტირება შეუძლებელია. იმ შემთხვევაში, თუმასწავლებელი აღმოაჩენს, რომ პირველ სემესტრში მის მიერ ასახული დასწრების მაჩვენებელი არასწორია, რაც გავლენას ახდენს მოსწავლისათვის 30%-იანი ექსტერნის დანიშვნა – არ დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლის ადმინისტრაცია.
საფეხურებში შემავალი კლასების ცვლილება
როგორც თქვენთვის ცნობილია, განხორციელდა ცვლილება საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობაში. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წლიდან, X კლასი მიეკუთვნება საბაზო საფეხურს, შესაბამისად ის აქტიური სტატუსის მქონე მოსწავლეები, ვინც მიმდინარე წელს ირიცხებოდნენ IX კლასში, მომდევნო სასწავლო წელს სწავლას კვლავ საბაზო საფეხურზე გააგრძელებენ.
ის მოსწავლეები, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში შეუჩერდათ და რომლებიც ამ სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
ის მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
ამრიგად, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე შემავალი კლასებია:
⇒ დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები;
⇒ საბაზო საფეხური – VII-X კლასები;
⇒ საშუალო საფეხური – XI-XII კლასები.
იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც უკვე დაასრულეს საბაზო საფეხური, ცვლილებები არ გავრცელდება.
საფეხურის ქულის დათვლის ლოგიკა
შეგახსენებთ საფეხურის საშუალო ქულის დათვლის ლოგიკას, რაც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტით:
საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე, რომელიც მრგვალდება მეათედის სიზუსტით. საგნის საფეხურის ქულა კი 2024-2025 სასწავლო წლის საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულებისათვის გამოითვლება საფეხურის განმავლობაში (X, XI და XII კლასები) თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკულით, რომელიც მრგვალდება მთელის სიზუსტით.