27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

სასკოლო პროექტი გენდერული მიმართულებით – „შეცვალე რეალობა“

spot_img

21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება, რომელიც თანამედროვე სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის მოსწავლეს კოგნიტური უნარების განვითარების ფართო შესაძლებლობას აძლევს, ეხმარება სწავლა-სწავლებისთვის საჭირო ძირითადი კომპეტენციების დაუფლებაში, კვლევითი ხასიათის დავალებების შესრულებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და ცოდნის ინტეგრაციაში, ხელს უწყობს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და მისი შინაარსის გაანალიზებაში, პრობლემის გადაჭრის უნარის ჩამოყალიბებაში.

სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში, 19 დეკემბერს, გენდერული მიმართულებით, სასკოლო სამთვიანი პროექტის „შეცვალე რეალობა“ ფარგლებში, საინტერესო დასკვნითი შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ეიმურაზ ჭეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი ამუკა ჩხეტიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ზია კიკალიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი რმა ხელაძე, გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი წყალტუბოს საკრებულოში ელა ბერძენიშვილი.

შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა, წყალტუბოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ, წყალტუბოს გენდერული საბჭოს წევრმა, აქიზო ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ სამთვიანი პროექტი მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოებასა და თემში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიკის განვითარების ხელშეწყობას.

შეხვედრაში ჩაერთო საქართველოს ქალთა საბჭოს ( თავმჯდომარე –  მზექალა შანიძე) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან გაბრუელაშვილი, რომელმაც საქართველოს ქალთა საბჭოს ჯილდო – ქალთა მიმართ ძალადობის აღმკვეთის – ქომაგის საპატიო სიგელები გადასცა ქალაქის მერს, გენადი ბალანჩივაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ეიმურაზ ჭეიშვილს, რესურსცენტრის უფროსს, ამუკა ჩხეტიანს, ასევე რმა ხელაძეს, ელა ბერძენიშვილს, ათია გახოკიძეს, იქრია გიორხელიძეს, ამილა თუთბერიძეს, ალომე ქობალიას, აქიზო ფანჩულიძეს.

შეხვედრაზე მასწავლებლებმა და მოსწავლეეებნა წარმოადგინეს 3-თვიანი პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული სხვადასხვა აქტივობა, კერძოდ:

  1. საჩვენებელი გაკვეთილები:

♦ XIა კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მენტორი მასწავლებელი – ფაქიზო ფანჩულიძე). მოსწავლეებმა, დისკუსიის ფორმატში, იმსჯელეს გენდერზე, გენდერულ სტერეოტიპებზე, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე. თავიანთ პრეზენტაციებში საინტერესოდ ისაუბრეს ქალებზე, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. გაკვეთილი პრაქტიკული სავარჯიშოებით წარიმართა, დასასრულს კი საინტერესო გზავნილები გაუგზავნეს მსოფლიოს.

♦ მდგრადი განვითარების 5 მიზნის გათვალისწინებით საინტერესო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩატარდა XIბ კლასში (მენტორი მასწავლებელი – ნინო ცხაკაია). კვლევის საფუძველზე მოსწავლეებმა განახორციელეს სასკოლო გამოკითხვა გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანი შედეგები გამოავლინეს. დოკუმენტურ ფილმზე დაყრდნობით, იმსჯელეს გენდერული უთანასწორობის გამომწვებ მიზეზებზე და შესაბამისი ინტერვენციები დაგეგმეს.

♦ Xბ კლასში გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წამყვანი მასწავლებელი – დარეჯან ლაჭყეპიანი) დაეთმო თემას: „ადამიანები, რომლებიც ერთგულებენ პრინციპებს, შეხედულებებს და სიცოცხლის ფასად იცავენ, გმირებად ირაცხებიან“.

მოსწავლეებმა p.p-ის ფორმატში წარმოადგინეს ცნობილ ქართველ ქალთა სახეები, შუშანიკ დედოფლისა და ვარსქენ პიტიახშის შედარება-შეპირისპირება, კორნელის დაფა, ირანელ ექიმ ფაროხო პარსას შეხედულებები, ნახატები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ანალიტიკური ესეები.

♦ VIIIა კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ (მენტორი მასწავლებელი – დოდო ხაჩიძე) – „გენდერული მიკუთვნებულობა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაში „დადიანის ასული და მათხოვარი“. მოსწავლეებმა ტექსტის შესავალშივე გამოკვეთეს გენდერული მიკუთვნებულობის პრობლემა, ისაუბრეს დღეისათვის საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე, თამამად გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, იმსჯელეს არგუმენტირებულად, დააკონკრეტეს ნაწარმოების იდეა, რომ „ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა, იგი ერთია, მუდამ ერთი… ადამიანი მუდამ ადამიანია – არც მეტი და არც ნაკლები!“ ბოლოს შეავსეს სქემა, ჩამოწერეს ადამიანის დადებითი და უარყოფითი თვისებები, დაასკვნეს, რომ ადამიანი თავისი ცხოვრებით ზნეობრივ სრულყოფას უნდა ესწრაფოდეს, ანუ „ვითა მამა ზეცისა“, იყოს სრული, რადგან ცით მონაბერ სულს გაფრთხილება სჭირდება, სოციალური და გენდერული ნიშნით დაყოფა კი გაუმართლებელია.

♦ VIIIგ კლასში – მათემატიკის კომპლექსური დავალების კავშირი გენდერულ საკითხებთან (მენტორი მასწავლებელი – მანანა წულაია). მოსწავლეებმა ისაუბრეს ქალისა და მამაკაცის გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებზე, პროფესიებზე, რომელთა დაუფლებაც ორივე სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ და, ამოცანის პირობის შესაბამისად, დაასკვნეს, რომ არ არსებობს გენდერული როლები.

პროექტის აქტივობების განხორციელებაში ჩართული იყო სასკოლო კლუბები.

შემაჯამებელი პრეზენტაცია: „სკოლის სამოქალაქო კლუბი და გენდერული თანასწორობა“ წარმოადგინა წამყვანმა მასწავლებელმა, ფიქრია გიორხელიძემ; ინგლისური ენის კლუბ „ალბიონის“ მიერ, ქალთა ძალადობის მიმართულებით, განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე გამართეს კლუბის წევრებმა, IXბ კლასის მოსწავლეებმა, ლევან ბენიძემ და მარიამ კოვზირიძემ. რადგან ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინგლისური და რუსული ენების შესწავლას, რუსულ ენაზე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა XIIა კლასის მოსწავლემ, ლევან გოგიძემ.

სასკოლო პროექტის „გენდერული პასუხისმგებლობის მქონე სწავლება თანაბარი შესაძლებლობებისთვის“ ფარგლებში, მე-11 და მე-12 კლასებში, ჩატარდა არგუმენტირებული ესეების კონკურსი, რომლის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა – ლლიზი ქაჯაიამ, ინა ხელაიამ, მარიამ ვაწაძემ – პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე, თავიანთი ესეები წარმოადგინეს.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო კლასის საათების ჩატარება, გენდერულ საკითხთა გაშუქება მათი უკეთ გაგება-გააზრების მიზნით, ყურადღება გამახვილდა, რომ გენდერული თანასწორობა გულისხმობს: ქალისა და მამაკაცის თანაბარ მონაწილეობას ოჯახურ ცხოვრებასა და სხვა აქტივობებში, მამაკაცთა და ქალთა თავსებადობასა და მათ საერთაშორისო თანამშრომლობას; თანასწორობის დაწესებას; ქალისა და მამაკაცის მხარდაჭერას სამსახურებრივი, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრების ჰარმონიზებაში; პირობების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ხანდაზმულთა მშვიდობიან ცხოვრებას; ქალების წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის აკრძალვას; ქალთა ჯანმრთელი სიცოცხლის ხელშეწყობას; ქალთა უფლებების პატივისცემას მედიაში; განათლებისა და სწავლების გაფართოებას იმ მიმართულებით, რაც პოპულარიზაციას უწევს გენდერულ თანასწორობასა და არჩევანის მრავალფეროვნებას და, ამ გზით, წვლილი შეაქვს „თანასწორობის, განვითარებისა და მშვიდობის“ საქმეში გლობალურ სამყაროში.

დაწყებით საფეხურზე, პროექტის ფარგლებში, განხორციელებული აქტივობები პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ამავე საფეხურის წამყვანმა მასწავლებელმა, თეა ჭუმბურიძემ.

საბაზო საფეხურზე ჩატარებული კლასის, საათები ასევე პრეზენტაციის სახით, წარმოადგინა მე-8გ კლასის მოსწავლემ, თამარ ჩაკვეტაძემ.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ფაქიზომ, მადლობა გადაუხადა ყველა კლასის დამრიგებელსა და პედაგოგს, ვინც აქტიურად იყო ჩართული პროექტის მიმდინარეობაში და, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შინაარსიანი კლასის საათები ჩაატარა. ასევე გამართა გენდერული მიმართულების პროექტის „შეცვალე რეალობა“ შემაჯამებელი პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას პროექტის შედეგები გააცნო:

♦ გენდერული თანასწორობის შესახებ მოსწავლეებს შეექმნათ სწორი წარმოდგენა;

♦ შემცირდა მოსწავლეებსა და მასწავლებლებში სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპები;

♦ უსაფრთხო გარემოს პირობებში, ამაღლდა მოტივაცია სწავლისადმი და, შესაბამისად, გაიზარდა აკადემიური მაჩვენებლები;

♦ გაღრმავდა კავშირი მშობლებთან;

♦ გაიზარდა დამრიგებლის ინსტიტუტის როლი.

სკოლის ხელმძღვანელმა აქვე დასძინა, რომ პროექტის ფარგლებში სკოლაში სასწავლო შემოწირულობების შეგროვება მიმდინარეობს, წყალტუბოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის, ხოლო საქართველოს ქალთა საბჭოს სახელით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ქალბატონებისათვის, წყალტუბოს ქალთა საბჭოს ჩაურიცხა 100 ლარი.

შეხვედრაზე პრეზენტატორთა საინტერესო მოხსენებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე, ხოლო მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის დირექტორს, ამ პროექტის იდეის ავტორს, საქართველოს ქალთა საბჭოს თავჯდომარეს, ფაქიზო ფანჩულიძეს, დიდი მადლობა გადაუხადეს გენდერული საკითხების მიმართულებით პროექტის განხორციელებისა და  პრაქტიკულ საქმიანობაში მათი დანერგვისათვის.

ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტით სწავლება და ამ გზით საზოგადოებისთვის, მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა, რომელიც ამდიდრებს და ავითარებს ცოდნას არჩეულ საკითხთან დაკავშირებით.

დოდო ხაჩიძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები