დღეს, პირველ სესიაზე, აბიტურიენტებმა ისევ ისტორიის გამოცდა ჩააბარეს. გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი, დაიგვიანა ოთხმა აპლიკანტმა.
ისტორიის გამოცდიდან გამოსული ერთ-ერთი აბიტურიენტი წერდა ფეისბუქზე: „მესამე ვარიანტი აბსოლუტურად უაზრო და არათანაბარზომიერი იყო. კითხვების უმრავლესობა უმნიშვნელო დეტალებზე იყო დაფუძნებული – ისეთებზე, რომლებიც მხოლოდ გაკვრით ან გზადაგზა იყო ნახსენები სახელმძღვანელოში. ველოდებოდი კითხვებს, რომლებიც ითხოვდა ფაქტობრივ ცოდნასა და ანალიზურ მსჯელობას. საერთოდ, სად წავიდა XX საუკუნის საკითხები ან საქართველოს ისტორია? ასეთი სერიოზული თემების გამოტოვება გაუგებარია. კითხვებში არც მრავალფეროვნება იგრძნობოდა – და რა შუაში იყო რკინიგზაზე კითხვა, ან რომელი მწერალი მოღვაწეობდა ელისაბედ I-ის დროს? სერიოზულად რა იყო ეს?!
ასევე, მინდა აღვნიშნო ისიც, რაც ნამდვილად მომეწონა – სამივე გამოცდაზე დამკვირვებლები შესანიშნავები იყვნენ. მათ მიერ შექმნილი თბილი და პოზიტიური გარემო ძალიან დამეხმარა, სრულად იყო უზრუნველყოფილი კომფორტი.
უბრალოდ ძალიან საწყენია, როცა თითქმის ერთი წლის შრომა – მეცადინეობა, გამეორება, მზადება – ბოლოს უქმად რჩება, რადგან გამოცდაზე გხვდება ისეთი კითხვები, რომლებიც ფაქტობრივ ცოდნას არ ეფუძნება და არც საკითხს ეხება. როცა რეპეტიტორთან ვემზადებოდი და იმიტირებულ ტესტებს ვწერდი, იქ ნამდვილად უფრო საინტერესო და აზროვნებაზე ორიენტირებული კითხვები იყო — ამიტომაც 55+ ქულას ვიღებდი. ეროვნულ გამოცდაზე კი, სამწუხაროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა.“
მეორე სესიაზე აბიტურიენტები ქიმიას აბარებენ. ქიმიის გამოცდაზე სულ გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით არ არის დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
შაბათ-კვირის დასვენების შემდეგ, 14 ივლისს, საგამოცდო პროცესი მათემატიკის გამოცდით (პირველი და მეორე სესია) განახლდება.
გისურვებთ წარმატებას!