საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გამოაქვეყნა თემატური მოკვლევის ანგარიში – საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევები.
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტმა 2024 წელს 2.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფის, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერისკენ. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისთვის სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც კომიტეტმა, გასულ წლებში, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტის/კაბინეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია მოკველვის ანგარიშში.
თემატური მოკვლევა 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და ჩართული იყო 86 საჯარო სკოლა. ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა მიგნებები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.
თემატური მოკვლევის ძირითად მიგნებებში ვკითხულობთ, რომ:
- სკოლების 93%-ში სამედიცინო კაბინეტი მოწყობილია ბრძანების შესაბამისად: აღჭურვილია ავეჯით, სამედიცინო ინვენტარით, ტექნიკით, მედიკამენტებით და სახარჯი მასალით;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ სირთულეები შესყიდვის განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქვს სკოლის სამედიცინო პერსონალისთვის სპეციფიკური პროფესიული განათლების საჭიროება და სურს დამატებითი სასწავლო კურსები და ტრენინგები.
უფრო დეტალურ ინფორმაციას, რა მდგომარეობაა სკოლის ექიმის, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაზე სკოლებში, ანგარიშში შესული მოსაზრებების საფუძველზე გაგაცნოთ.
♦ ♦ ♦
როგორც ცნობილია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წელს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, იღებს ზომებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირებისთვის, მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სრულყოფილი განვითარებისათვის უზრუნველყოს შესაბამისი პირობები.
სკოლის სამედიცინო პერსონალის განაწილების პრინციპი განსაზღვრულია მოსწავლეთა რაოდენობისა და სასწავლო შენობების მიხედვით. დიდკონტინგენტიან სკოლებში სამედიცინო პერსონალის არსებობა სავალდებულოა, ხოლო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა განსაკუთრებით მცირეა, მაგალითად, მაღალმთიან სოფლებში, დასაშვებია სამედიცინო მომსახურების, სანიტარია-ჰიგიენისა და ჯანმრთელობითი განათლების სერვისების მიწოდების ალტერნატიული გზები, როგორიც არის სოფლის ექიმის მომსახურება, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, ტერიტორიული სიახლოვის პრინციპით შეირჩეს ორი სკოლა, სადაც, თითოეულში, მოსწავლეთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია და აღნიშნული სკოლების გაერთიანებას მოემსახუროს ერთი ექთანი/ექიმი, რომელიც დადგენილი პერიოდულობით (მორიგეობით) განახორციელებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, კვირის დღეების მიხედვით შედგენილი გრაფიკის ან სკოლებში არსებული საჭიროებების შესაბამისად.
2024 წლის მარტის მონაცემებით, 1807 საჯარო სკოლაში, დასაქმებულია სამედიცინო პერსონალი, ექიმი ან/და ექთანი და ყველა კერძო სკოლას აქვს სამედიცინო მომსახურება. საერთო ჯამში, სკოლების 87%-ში არის სკოლის ექიმი და სამედიცინო კაბინეტი. თუმცა, სკოლებში ახალი ვაკანსიების გაჩენამ (ექიმი/ექთანი) გამოიწვია კადრების დეფიციტი, რადგან ექიმების უმეტესობა არაერთ ადგილზეა დასაქმებული. როდესაც სკოლა საჭირო კადრს ვერ პოულობს, იძულებულია, მიიღოს აპლიკანტი, რომელიც უკვე დასაქმებულია და სურვილი აქვს, შეთავსებით იმუშაოს, იმის მიუხედავად, რომ სკოლაში ექიმის/ექთნის ყოფნა მოსწავლის გამოცხადებიდან მის სახლში წასვლამდე აუცილებელია.
2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, 326 საჯარო სკოლაში ვაკანსია იყო გამოცხადებული (უმეტეს შემთხვევაში, დეფიციტია მაღალმთიან დასახლებებში, სოფლებისა და დაბების საჯარო სკოლებში).
როგორ ხორციელდება სკოლებში სკოლის ექიმზე დაკისრებული ვალდებულებები და რა პრობლემები და გამოწვევები იკვეთება ამ მიმართულებით?
სკოლის ექიმის ვალდებულებები
♦ იცავს სკოლაში მოსწავლის ჯანმრთელობას;
♦ ახდენს დაკვირვებას მოსწავლის ზრდა-განვითარებაზე ასაკის შესაბამისი რისკების გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში – რეფერირებას სპეციალისტთან;
♦ ატარებს დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს;
♦ აწარმოებს მოსწავლეების ქრონიკული დაავადებების მართვას სკოლაში;
♦ ახორციელებს პირველადი დახმარების ღონისძიებებს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე;
♦ სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მონიტორინგს უწევს წყალს, სანიტარია/ჰიგიენას და კვების ბლოკის ფუნქციონირებას, კანონის და რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.
მოკვლევაში მონაწილე 86 საჯარო სკოლიდან, 78-ში (90.6%) არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 8 სკოლაში არ არის (9.3%). 78-ივე სკოლის სამედიცინო პერსონალს მნიშვნელოვნად მიაჩნია და ჩართულია მოსწავლეების და სკოლის ჰიგიენური ნორმების დაცვაში. ამბობენ, რომ პერიოდულად ტარდება გაკვეთილები და საუბრები მოსწავლეებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. ყველა სკოლაში, სადაც არის სამედიცინო პერსონალი, ამბობენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს მყისიერია რეაგირება, სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში კი იძახებენ სასწრაფო დახმარებას და უკავშირდებიან მშობლებს.
კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო სკოლების უმრავლესობაში კარგად გარემონტებული, სუფთა და ნათელი სამედიცინო ოთახებია, სრულად აღჭურვილი შესაბამისი მატერიალური რესურსებით, სამედიცინო ინვენტარითა და მედიკამენტებით. რამდენიმე სკოლაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს პერსონალის შერჩევის პროცესი და, ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს მოემსახურება სკოლის ექიმი, რაც ხელს შეუწყობს დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნას. სკოლის ექიმი, პერიოდულად, ახორციელებს სამედიცინო შემოწმებას, კერძოდ, სასწავლო წლის მანძილზე 2-ჯერ ან მეტჯერ.
სკოლების დიდ ნაწილში, ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული სკოლის ექიმი, კლასის დამრიგებელთან და სკოლის პერსონალთან ერთად, მიმდინარეობს მოსწავლეების ყოველდღიური მონიტორინგი და მათი ცნობიერების ამაღლება ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და საფრთხეების შესახებ. აგრეთვე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კომუნიკაციას მშობლებთან.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, საუბარია სავალდებულო ვაქცინაციასა და გოგონებში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებაზე. მოსწავლის სამედიცინო ბარათში ჩანაწერების არსებობის საფუძველზე და ამბულატორიის ექიმთან თანამშრომლობით, ხდება მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება გამოტოვებული ან უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინფექციურ დაავადებებთან და იმუნიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების პროფესიული დონე – პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული სკოლის ექიმი.
მოკვლევაში ჩართული სკოლის წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ სასურველია უშუალოდ, სასკოლო გარემოში, ექიმის საჭიროებების უწყვეტი განვითარებისთვის, რეგულარულად ტარდებოდეს სასწავლო კურსები, რაც კიდევ უფრო დაეხმარება მათ დაკისრებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელებაში.
სკოლების უმრავლესობა ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, რაც შესყიდვის განხორციელების პროცედურების სირთულეში გამოიხატება. გამოწვევაა მედიკამენტების შეძენის ფორმები, ვადები და არსებული ბიუროკრატიული ბარიერები. ასევე, გამოწვევად სახელდება, სამედიცინო კაბინეტების საჭირო რესურსებით აღჭურვის საკითხი.
რაც შეეხება სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, კვლევის ფარგლებში, სკოლების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამოვლინდა, რომ მათი უმეტესობა სირთულეებს აწყდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის მოძიებაში – „ადამიანური რესურსი საკმარისი არ არის“ და „ჭირს კვალიფიციური კადრის მოძიება“. პრობლემაა ასევე დასაქმებული პერსონალის დაბალი შრომითი ანაზღაურება, რაც არ შეესაბამება მათ მიერ ნაკისრ პასუხისმგებლობას და გაწეულ შრომას. მსგავსი შეფასება გაკეთდა სკოლების ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან შეხვედრის დროსაც. აღნიშნული პრობლემის შესახებ მშობელთა გამოკითხვის შედეგებშიც აღინიშნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის – „მშობლები განათლებისთვის“ პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში განხორციელდა 2023 წელს და რომელშიც 1030-მა მშობელმა, მათ შორის, თბილისში, სხვა დიდ ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა. რამდენიმე სკოლამ ეს პრობლემა სოციალური დასაქმების პროგრამით აყვანილი კადრებით გადაჭრა. დასაქმებული პირები მუშაობენ დამლაგებლებად და გარე სივრცის ზედამხედველებად – სკოლის ტერიტორიაზე გარეშე პირთა შესვლა/გადაადგილების გასაკონტროლებლად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწოდებულ შეფასებაში წერია, რომ სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა არ რეგულირდება რომელიმე კონკრეტული ნორმატიული აქტით. ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროცესის მომწესრიგებელი ასპექტები გაბნეულია სხვადასხვა გაიდლაინებსა და ნორმატიულ დოკუმენტებში.
სკოლების ნაწილში დღემდე პრობლემად რჩება მოსწავლეების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი უსაფრთხო სველი წერტილებით უზრუნველყოფა. 86 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ 9 სკოლას არ აქვს ადაპტირებული სველი წერტილი, ამავე დროს, უმეტესობა აღნიშნავს, რომ არ ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) მოსწავლეები. სკოლების უმრავლესობაში ამბობენ, რომ სველი წერტილები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შშმ მოსწავლეებზეა მორგებული; სათანადოდ აღჭურვილია, მოხერხებული, სრულიად განცალკევებული გენდერული სეგრეგაციის ნიშნით; ტუალეტის ჯიხურები პრივატულია და დაცული, უნიტაზები გათვლილია მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებზე; სველი წერტილები ჰიგიენურია მოხმარებისთვის და ადვილი დასასუფთავებლად; ტუალეტებთან ახლოს მოწყობილია მოხერხებული ხელსაბანები. ტუალეტების სისუფთავე და ტექნიკური გამართულობის შემოწმება რუტინულად ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სკოლაში ორი ადაპტირებული ტუალეტია გათვლილი შშმ მოსწავლეთა საჭიროებებზე.
თუმცა, რადიკალურად განსხვავებული სურათია გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევაში – „სკოლების უმრავლესობაში არ ფუნქციონირებდა ცალკე სველი წერტილი გოგონებისა და ბიჭებისათვის. რაც შეეხება ჰიგიენას, კვლევის მიხედვით, მხოლოდ ყოველ მეათე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებდა ხელსაბანი. ამ კუთხით მძიმე მდგომარეობა იყო სოფლის სკოლებში. ხოლო, სკოლების გარკვეულ ნაწილში არ იყო საპონი, პირსახოცი, ხელსახოცი და სკოლების დაახლოებით მესამედში ხელსაბანი ტუალეტის ჯიხურთან ან მის ახლოს არ იყო განთავსებული. ამით შესაძლოა აიხსნას გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვირვება, რომ „სკოლების მოსწავლეების ნახევარი ხელს არ იბანდა ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ“. თემატურ მოკვლევაში ვკითხულობთ, რომ სურათი შეიცვალა COVID 19 პანდემიის დროს, რადგან ქვეყანაში გაძლიერდა ხელის დაბანის სწორი მეთოდებისა და მნიშვნელობის სწავლება, ასევე, გამკაცრდა აღსრულების კონტროლი.
მოკვლევის ფარგლებში მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ სკოლების დალაგება-დასუფთავების პროცესში ჩართული არიან: დამლაგებლები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, სკოლის ადმინისტრაცია და ცალკეულ შემთხვევებში, სამედიცინო პერსონალი (სკოლის ექიმი/ექთანი). დამლაგებლები უშუალოდ ახორციელებენ წმენდა-დასუფთავების პროცესს, იყენებენ სხვადასხვა ხსნარებსა და სადეზინფექციო საშუალებებს. ამ საშუალებების გამოყენების შესახებ მათ ინფორმაციას აწვდის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი და ზოგჯერ – სამედიცინო პერსონალი, იშვიათად – ადმინისტრაციული პერსონალი. ზოგიერთ შემთხვევაში, მიწოდებული ხსნარების გამოყენების შესახებ ინფორმაციას დალაგებაზე პასუხისმგებელ პირებს აწვდის მიმწოდებელი. სკოლების უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სკოლის დალაგებაზე პასუხისმგებელი პირები ინფორმირებულები არიან დალაგების წესის, გამოსაყენებელი ხსნარებისა და ნარჩენების მართვის წესებზე, სკოლების ნაწილში აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი მათთან გამართულად მიმდინარეობს. გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვირვებით, აღნიშნული საკითხი გაუმჯობესდა COVID 19-ის პერიოდში, როდესაც სკოლის პერსონალს უტარდებოდა ტრენინგები, იმართებოდა საინფორმაციო შეხვედრები სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად დამაკმაყოფილებელი ზოგადი სურათისა, რაც მიღებული ინფორმაციით იკვეთება, რამდენიმე სკოლაში ეჭვობენ დალაგებაზე პასუხისმგებელი პირების ინფორმირებულობის ხარისხთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ კარგი იქნებოდა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, მაგალითად, რომელი ხსნარის გამოყენებაა უმჯობესი დალაგების პროცესში. ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტის კითხვარიდან, ასევე, გამოიკვეთა, რომ სკოლის დალაგება-დასუფთავების პროცესში ჩართული პირების უფლება-მოვალეობები გაწერილია დასაქმებულთა ხელშეკრულებებში. ზოგიერთ სკოლაში, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავებისთვის, წინასწარ აქვთ გაწერილი გეგმა-გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებდა N01-40/ო ბრძანებით დადგენილ გაიდლაინს ან რეკომენდაციებს ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრიდან. რამდენიმე დიდკონტინგენტიან სკოლას, რომელთა დალაგებაზე პასუხისმგებელი იყო 3-5 დამლაგებელი, სექციებად ჰქონდათ დაყოფილი ტერიტორია და თითოეული პირი პასუხისმგებელი იყო მისი სექციის სისუფთავესა და ნარჩენების გატანაზე.
თემატურ მოკვლევაში შესულია ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, წყალზე ხელმისაწვდომობა, რომელიც (წყალზე ადამიანის უფლება) აღიარებულია არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ხელშეკრულებით. ყველაზე დეტალური და ყოვლისმომცველი განმარტება წარმოდგენილია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 1966 წელს მიღებული „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-15 ზოგად კომენტარში, რომლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს საკმარისი ოდენობის უსაფრთხო, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის“.
რა ხდება ჩვენს სკოლებში ამ მიმართულებით
მოკვლევის შედეგად იკვეთება, რომ მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან სუფთა, უსაფრთხო, საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლით. მოკვლევაში მონაწილე პირები აღნიშნავენ, რომ განთავსებული აქვთ დისპენსერები. ზოგიერთი სკოლა, სადაც ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ არის, განიცდის წყლის დეფიციტს, რაც ჭის წყლით კომპენსირდება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულები არიან მოსწავლეები/მათი მშობლები. ამასთანავე, სკოლის მხრიდან გაცემულია რეკომენდაცია მარკირებული ბოთლებით სახლიდან მოტანილი სასმელი წყლით სარგებლობასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ მაღალმთიან ზონაში მდებარე ზოგიერთ სკოლაში გარე პერიმეტრზეა მოწყობილი მოძველებული წყლის სისტემები. ზამთარში, პერიოდულად, მილებში წყალი იყინება. ასეთ შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სამარაგო ავზების წყლით სარგებლობენ, რომელიც სასმელად რეკომენდებული არ არის. სკოლების გარკვეულ ნაწილში ამბობენ, რომ სარგებლობენ სოფლის წყალსადენით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ასევე აღნიშნავენ, რომ სოფელი მთებიდან გამოყვანილი სასმელი წყლით მარაგდება, რომელიც სუფთა და უსაფრთხოა, რასაც იმ ფაქტით ხსნიან, რომ წლების განმავლობაში არ ყოფილა წყლისგან დაინფიცირების შემთხვევა. მთელ რიგ საჯარო სკოლაში, სასმელი წყლის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სამარაგო რეზერვუარებია და აცხადებენ, რომ სისტემატურად რეცხავენ რეზერვუარებს, თუმცა, რეცხვა-დეზინფექციის დამადასტურებელი დოკუმენტები მითითებული არ აქვთ.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იმ სკოლების სასმელი წყლის უვნებლობის საკითხი, რომლებიც ჭის წყლით სარგებლობენ. ამბობენ, რომ ხარისხი მოწმდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ შეიძლება ეს მექანიზმი საკმარისი არ იყოს, რადგან, მათი აზრით, მარტივად შეიძლება მოხდეს დაბინძურება.
გამოიკვეთა ზოგადი განსხვავება ქალაქსა და სოფლებს შორის, უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის კუთხით. არაერთ სკოლაში გამოითქვა მოსაზრება, რომ დიდ ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში არსებული სკოლებისთვის სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა უფრო კარგად არის ორგანიზებული, რადგან ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით (წყალსადენებით) მარაგდებიან, შედარებით გამართულია საკომუნიკაციო ქსელები, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, სისტემატურად ხდება წყლის გაუსნებოვნება (დაქლორვა და სხვა მეთოდები) და წყლის ხარისხის კონტროლი სოფლებთან შედარებით, რომლებიც მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემებით სარგებლობენ.
სასმელი წყლის ინფრასტრუქტურისა და სანიტარიის საშუალებები, მათ მოვლა-პატრონობაზე გამოყოფილი რესურსები საშუალებას აძლევს სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებს, გამოიმუშაონ ის პრაქტიკული ჰიგიენური უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს გადამდები დაავადებების თავიდან აცილებას მარტივი და მოხერხებული გზით.
იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ჭის წყლით სარგებლობენ, არ დგინდება ჭების მოვლა-პატრონობის ხარისხი.
მოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ მოზარდთა განვითარებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვის საქმეში სასმელი წყლის მნიშვნელობაზე სასკოლო თემისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საჯარო სკოლებში სხვადასხვა მეთოდებით ხდება.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ნაწილში ფუნქციონირებს სხვადასხვა მიმართულების „კლუბები“, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება „ეკოკლუბებზე“, რომლებიც საგნობრივ კურიკულუმებთან (საბუნებისმეტყველო) ერთად, სუფთა სასმელი წყლის მიღების მნიშვნელობაზე აწვდის ინფორმაციას სასკოლო საზოგადოებას. ამ მიმართულებით კლუბები ახორციელებენ ეკოპროექტებს, აწყობენ შეხვედრებს, გამოკითხვებს, პრეზენტაციებს, ამზადებენ კედლის გაზეთებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს. მაგალითისთვის, ერთ-ერთ საჯარო სკოლას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირთან „სპექტრი“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მრავალი აქტივობა (საუბრები, პოსტერების დარიგება მოსწავლეებისა და მოსახლეობისთვის, ნახატების კონკურსი და სხვა) ხორციელდება.
მოკვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი საჯარო სკოლა, აღნიშნულ თემებზე, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, ხოლო სკოლათა ნაწილში მიმდინარეობს ზოგადი საუბრები, ფორმალურ ან/და არაფორმალურ გარემოში, პროცესებში აქტიურად არიან ჩართული სკოლის ექიმები/ექთნები და კლასის დამრიგებლებთან, სხვადასხვა საგნების, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების, მასწავლებლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახორციელებენ პროექტებს და სასკოლო თემს აწვდიან ინფორმაციას სასმელი წყლის როლსა და დანიშნულებაზე, უვნებლობაზე, ეკონომიურ ხარჯვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, სკოლების წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ რა გზებით, ვისი მონაწილეობით უზრუნველყოფენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და როგორია სასკოლო თემის როლი ინფორმაციის გავრცელებაში. ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აღნიშნავენ, რომ არ სარგებლობენ სასმელი წყლის გამოყენებისა და მის ნორმირებულ მიღებასთან დაკავშირებული რაიმე ჩამოყალიბებული წესით. ზოგიერთი სკოლის პერსონალი და მოსწავლეები, სამედიცინო თემატიკაზე არსებულ გადაცემებს უყურებენ და ამ გზით იღებენ ინფორმაციას. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმირებისთვის გამოიყენება სპორტის ან/და ბიოლოგიის გაკვეთილები.
♦ ♦ ♦
ბუნებრივია, მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ვერ იქნება მიღწეული თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არ იქნება დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. ხარისხიან სასმელ წყალთან დაკავშირებული საფრთხეები, რაც ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს, შესაძლოა პოტენციურ რისკს უქმნიდეს მოსწავლეთა ჯანმრთელობას როგორც ახლო, ასევე შორეულ პერსპექტივაში. საფრთხით განპირობებული რისკების შესაფასებლად აუცილებელია საფრთხის გამოვლენის ალბათობისა და ზემოქმედების სიმძიმის შეფასება.
სკოლებში ჯანსაღ სასკოლო გარემოსთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენციის, კონტროლის, აღმოფხვრის, შემცირების, არსებული ხარვეზების გამოსწორებისა და კომუნიკაციის სტრატეგიების დაგეგმვის მიზნით, გამოთქმული მოსაზრებებისა და კვლევების საფუძველზე, გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები, რის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის ადრესატი რამდენიმე სამინისტროა – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
რეკომენდაციები
- სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის, წყლისა და ჰაერის ხარისხის საყოველთაო შეფასება, რომელიც ასევე მოიცავს მართვის არასწორ პრაქტიკასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეებისა და რისკების გამოვლენას;
- სკოლებში, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის სათანადო მართვის უზრუნველსაყოფად, ერთიანი სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება, რომელიც მოიცავს სანიტარიულ-ჰიგიენური, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო, სასმელი წყლის, სკოლების მოწყობის, აღჭურვისა და ფუნქციონირების ნორმებს, წესებსა და პირობებს. მნიშვნელოვანია, დოკუმენტი მოიცავდეს სსსმ და შშმ პირთა საჭიროებებსაც;
- სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის და მათი სახელფასო პოლიტიკის გადახედვა;
- სკოლებში მღრღნელების, მავნებლებისა და დაავადებების გადამტანი მწერებისგან თავდაცვის, მონიტორინგისა და მართვის სისტემის შემუშავება;
- სკოლებში სასმელი წყლის ხარისხზე სისტემური კონტროლი და სასმელი წყლის უვნებლობის კონტროლზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების განსაზღვრა;
- სკოლის ექიმისთვის/ექთნისთვის საჭირო სპეციფიკური, პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით, სპეციალური უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამის შემუშავება და მათი ეტაპობრივი გადამზადება;
- სკოლის ექიმის განათლებისა და გამოცდილების სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალის გაფართოება და სკოლის ექიმის სახელფასო პოლიტიკის შეფასება;
- ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში, ჰიგიენასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სწავლების გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, გაძლიერება.
მოამზადა ლალი ჯელაძემ