თამარ კვარაცხელია
სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის №1 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი
ბიჰევიორისტულ და კონსტრუქტივისტული სწავლების სტილს შორის დიდი სხვაობაა. პირველი გულისხმობს „ქცევით სწავლას“, რომლის მიხედვითაც მოსწავლე პასიური პოზიციით ინფორმაციის მიმღებ, დამმახსოვრებელ მხარედ განიხილება, ხოლო კონსტრუქტივიზმის მიხედვით – მოსწავლე აქტიურადაა ჩართული საკუთარი ცოდნის შენების პროცესში. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მკაფიოდ გვეუბნება, რომ სასწავლო პროცესი უნდა ეყრდნობოდეს კონსტრუქტივისტულ პრინციპებს.
არსებობს ისტორიის სწავლების ისეთი გამოცდილებაც, რომელიც საქართველოში (ჩემი ინფორმაციით) არ ფიქსირდება. ავიღოთ გრძელვადიანი მიზანი „ისტორიული წყარო“, რომელიც მასწავლებლისთვის საფეხურზე მნიშვნელოვანი ორიენტირია და მისი შესწავლისთვის კონტექსტუალურად იყენებს სხვადასხვა ეპოქისა და ადგილმდებარეობის მოცემულობას. ჩვენთან ფეხმოკიდებულია სწავლების ისეთი ფორმა, როცა პედაგოგი თავის პრაქტიკას აყრდნობს თემას ან/და თემებს.
ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებს ვაწვდით არა მარტო ვიწროსაგნობრივ, შემოსაზღვრულ ცოდნას, არამედ საგნის სწავლების შემთხვევაშიც კი სეგმენტირებულია სასწავლო ერთეულები (თემა, ქვეთემა, ცნება, ქვეცნება, საკითხი…), რის გამოც გვეკარგება აქსიომა: სრულფასოვანი ცოდნა არის მთლიანი და არა ფრაგმენტირებული.
მე-11 კლასის „საქართველოს ისტორიის“ კურსი მოიცავს სამ სავალდებულო თემას:
◊ განვითარებული შუა საუკუნეები საქართველოში;
◊ საქართველო XV-XVIII საუკუნეებში;
◊ საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
როგორ დავაკავშიროთ ეს თემები, მოსწავლისთვის საინტერესო ფორმით, გრძელვადიან მიზანთან „ისტორიული წყარო“? ამისთვის გთავაზობთ ჩემს გამოცდილებას — როცა ყველა თემას დავფარავთ, ამის შემდეგ თემებსა და „წყაროს“ ერთმანეთთან საინტერესო დავალებით ვაკავშირებ.
პირველ რიგში, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ვაწვდი ინფორმაციას „ისტორიული წყაროს“ შესახებ. ის აღებულია „ახალი განათლების“ ვებგვერდიდან და მისი ავტორი მე-11 კლასის მოსწავლეა. თანატოლის მიერ შექმნილი მასალა განსაკუთრებული მოტივაციაა. მსურველებს შეუძლიათ, აღნიშნული ინფორმაცია ჩაანაცვლონ უცხოენოვანი ვერსიებით (იმ შემთხვევაში, თუ ენობრივი კომპეტენციების გაძლიერებაც გვსურს).
თუ ინტერნეტთან წვდომა შეფერხებულია, ამ შემთხვევაში, ნაბეჭდ ვერსიას ვაწვდით კლასს (მატერიალური ან ციფრული სახით, კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით):
„ისტორიული წყარო“ ასახავს ისტორიულ პროცესს და წარსულის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. წყარო არის ყველაფერი ის, რაც შექმნა ადამიანმა და რაც მისი გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგს წარმოადგენს. ისტორიული წყაროების რაოდენობა აურაცხელია. ისტორიის თითოეული პერიოდისთვის შეიძლება განასხვავონ საკუთარი ტიპის წყაროები.
თითქმის ყველა პერიოდისთვის დამახასიათებელია ხუთი ტიპის წყარო:
- ბუნებრივი და გეოგრაფიული
- ეთნოგრაფიული
- ნამდვილი
- მხატვრული
- დაწერილი
თანამედროვე ისტორიის პერიოდისთვის მე-6 ტიპიც შეიძლება გამოიყოს: კინო-ფოტოდოკუმენტები.
წარმოგიდგენთ ყველა ტიპის წყაროს ზოგად მიმოხილვას:
ბუნებრივ-გეოგრაფიული წყარო: ეს არის მონაცემები ლანდშაფტის, კლიმატის, ნიადაგის, მცენარეულობისა და გარემოს სხვა კომპონენტების შესახებ. გარემო გარკვეულ კვალს ტოვებს ისტორიული განვითარების პროცესში – აჩქარებს ან ანელებს მას. ადამიანის გავლენა ბუნებაზე, მჭიდრო კავშირშია ტერიტორიის ისტორიულ განვითარებასთან.
ეთნოგრაფიული წყარო: ამ ჯგუფში ერთიანდება უძველესი ტექნოლოგიები, ადათ-წესები, აზროვნების სტერეოტიპები, საცხოვრებელი სახლების ტიპები, კოსტიუმები, სამზარეულო, ფოლკლორი, თანამედროვე ენები, დასახლება, კულტურულ-ისტორიული ურთიერთობები, ყოფა-ცხოვრების თავისებურებები.
ნამდვილი წყარო: ამ ტერმინით ერთიანდება არქეოლოგიური ძეგლები, შენობები, იარაღები, სატრანსპორტო საშუალებები, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, იარაღი და ა.შ. მატერიალური ძეგლებით ისტორიკოსი ავლენს კონკრეტული ეპოქის ტექნოლოგიის განვითარების დონეს.
მხატვრული წყარო: გაგებულია, როგორც არქიტექტურის, ფერწერის, ქანდაკებისა და გამოყენებითი ხელოვნების ძეგლები, რომლებიც ასახავს მათ ეპოქას. სახვითი ხელოვნების ძეგლები მნიშვნელოვანი წყაროა ყოველდღიური ცხოვრების ისტორიისა და ჩვეულებების შესახებ.
დაწერილი (ნარატიული) წყარო: ასეთი ტიპისაა ასოებით, ციფრებით, ნოტებით და სხვა ნიშნებით დაწერილი ნებისმიერი ტექსტი. თავის მხრივ, წერილობითი წყაროები შეიძლება დაიყოს 3 კლასად: დოკუმენტური, საკანონმდებლო და თხრობა.
თითოეულ წყაროს სჭირდება ღრმა, ინდივიდუალური შესწავლა, რათა დავრწმუნდეთ, რომ სანდო, ზუსტი და გამოსაყენებლად ვარგისია.
ხშირია შემთხვევა, როცა დაწერილი წყარო თხრობაა და წარმოადგენს მხატვრულ ნაწარმოებს. ბევრია ისეთი თხრობითი ტექსტი, რომელიც წყაროთმცოდნეობისთვის მნიშვნელოვანია. მხატვრული ლიტერატურის უმეტესი ნაწილი განიცდის ეპოქის გავლენას და მეტ-ნაკლებად ასახავს კონტექსტს. ამის გამოა, რომ ლიტერატურის ისტორიას ყურადღებით ეპყრობიან მეცნიერები.
წყაროს სახეების ჩამოთვლისას ვახსენებ ბავშვებს, თუ რა ტიპის წყაროებს ვიყენებდით თემების შესწავლისას. პარალელურ რეჟიმში, იდეების გენერირებით ვავსებთ ცხრილს (გრაფიკულ მაორგანიზებელს), რომელსაც ასეთი სახე აქვს:
ამ ცხრილის შესავსებად უმჯობესია საერთო-საკლასო აქტივობა, რადგან კლასში იწყება საინტერესო პროცესები, რაც ემსახურება შემდეგს:
♦ ურთიერთსწავლების გააქტიურებას;
♦ კრიტიკული გააზრების გაუმჯობესებას;
♦ შემოქმედებითობის ხარისხის ზრდას;
♦ კომუნიკაციისა და კოლაბორაციის ხელშეწყობას;
♦ ემოციური ინტელექტის მართვას;
♦ აკადემიურ-შემეცნებითი უნარების პროგრესირებას.
ცხრილის პირვანდელი ვერსია, შესაძლოა, შემდგომი გაუმჯობესებისთვის, მაღალი მზაობის დროს, საბოლოო ვერსიის შესაქმნელადაც მივაწოდოთ მოსწავლეებს (როგორც კოლაბორაციული, ასევე პერსონალური ვერსიების შესაქმნელად).
ასეთი დავალებები ამთლიანებს ცოდნას. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ისინი სასწავლო წლის ფინალური ნაწილისთვისაა ეფექტიანი, რადგან ამ დროს ჯამდება/მთლიანდება ცოდნა, ასევე, მოსწავლეები ერთმანეთისგან ივსებენ „დანაკლის“ ცოდნას. აქვე დავძენ, რომ ამგვარი დავალებების შექმნას არ ესაჭიროება დიდი დრო და რესურსები.