რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში″ სტუმარია მაია ინგოროყვა, იენის უნივერსიტეტის სტუდენტი
? მაია, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, შენი მასწავლებლები… განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
დაწყებითი განათლება ოზურგეთის რაიონში, სოფელ მაკვანეთში, ჩემი სოფლის სკოლაში მივიღე. მე-6 კლასიდან სწავლა თბილისში განვაგრძე, რადგან ოჯახი სოფლიდან ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. თბილისში, ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. გულწრფელად რომ ვთქვა, სკოლაში სანიმუშო მოსწავლე არ ვყოფილვარ. ძირითადად, იმ საგნებს ვსწავლობდი, რომელიც მაინტერესებდა. მაშინაც ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ საგნებისადმი ინტერესის გაღვივებაში მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აკისრია. მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს საფიქრალი აღუძრას და დაეხმაროს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი სამყაროს უკეთ გაცნობაში. ასევე გულწრფელად რომ ვთქვა, სკოლის ან რომელიმე მასწავლებლის გავლენით არ ამირჩევია ჩემი მომავალი პროფესია. ჩემს არჩევანზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ფონდმა „თბილისის მოზარდთა სახლი“ და პედაგოგმა თათა სახელაშვილმა. ეს იყო ადგილი, სადაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი გავატარე და ვაკეთებდი იმას, რაც მაინტერესებდა. იქ დავინტერესდი ჟუნალისტიკითაც. დღემდე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიაა და თუ ოდესმე საშუალება მომეცემა, აუცილებლად ვიმუშავებ ამ სფეროში.
? სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებ, შემდეგ ილიას უნივერსიტეტში. რა შეგიძლია გვიამბო ქართული უმაღლესი განათლების შესახებ, რა პროფესიას დაეუფლე და რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?
სკოლის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ილიას უნივერსიტეტში, უფრო სწორად ეს იყო სასწავლო სატელევიზიო ცენტრი, რომელიც ილიას უნივერსიტეტს შეუერთდა და დღემდე არსებობს, ხელმძღვანელობს ძალიან კარგი ადამიანი — ზურაბ ოშხნელი. მიხარია, რომ იქ მოვხვდი. ჩვენ გვქონდა საშუალება ჟურნალისტიკა არა მარტო თეორიულად გვესწავლა, არამედ პრაქტიკაში გამოგვეყენებინა, რისი საშუალებაც, სამწუხაროდ, ხშირად სტუდენტებს არ აქვთ. გარდა ამისა, ეს იყო პროფესია, რომელიც მაინტერესებდა და მომწონდა და მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველაფერი მესწავლა და ვბეჯითობდი. რომ არა გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება, აუცილებლად ვიქნებოდი ამ პროფესიაში. შექმნის და ძიების პროცესი ძალიან მომწონს, ვიდრე ის, რაც ზედაპირზე დევს, დეტალების ძიება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროფესიასაც ძალიან სჭირდება.
გერმანიაში ექვსი წლის ცხოვრების შემდეგ, ორი სემესტრის ხანგრძლივობით, დავბრუნდი თბილისში, ამჟამად, გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ მდგომარეობა უნივერსიტეტში იმაზე მძიმე დამხვდა, ვიდრე ველოდი. მით უფრო, თუ გერმანიის უნივერსიტეტებს შევადარებთ. საქართველოს უნივერსიტეტებს კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, მათ შორის, პროფესორ-მასწავლებლებსაც, რომ სწავლების ინოვაციურ და XXI საუკუნის მოთხოვნებს მიჰყვნენ. ცხადია, საინტერესო პროფესორ-მასწავლებლებს აქაც შევხვდი, რაც ძალიან მახარებს. უნდა ვაღიარო, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მოვალეობის მიზნით უფრო მოდიოდა ლექციაზე, ვიდრე სიყვარულით. გერმანიაში, კერძოდ, იენის უნივერსიტეტში, ხშირად შემხვედრია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ლექციებს პრეზენტაციებით ატარებენ და ახსნის დროს გადაშლილი წიგნი არ უდევთ წინ.
? მაია, განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მიამბე, რა გზა გაიარე საქართველოდან გერმანიამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი?
კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ გერმანია და იქ სწავლა, სიმართლე გითხრათ, არ მქონია. თუმცა, ჩემი მიზანი ყოველთვის გერმანია იყო. ალბათ იმიტომ, რომ სკოლაში გერმანულ ენას ვწავლობდი და სხვადასხვა პროგრამების საშუალებით იქ მოხვედრა შედარებით იოლი იყო. ყველას თავისი გზა აქვს, რომელსაც ზოგი მარტივად გადის, ზოგი რთულად. თუმცა, გერმანიაში მყოფ სტუდენტებს, ძირითადად, ერთნაირი ისტორიები გვაქვს. უნივერსიტეტში მოხვედრა არც ისე მარტივია. პირველ რიგში, საჭიროა ენის კარგად ფლობა და სერტიფიკატის აღება. უნდა იარო ენის კურსებზე, რაც საკმაოდ ძვირია. როცა ოჯახიდან დახმარებას ვერ იღებ, სწავლის პარალელურად, მუშაობა გიწევს, რაც საკმაოდ დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს.
? უცხოეთში, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგად, უცხოელ სტუდენტებს, სწავლის პირველივე წლიდან უფლება აქვთ იმუშაონ ნახევარ განაკვეთზე, გაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობა სწავლის პარალელურად?
დიახ, გერმანიაში სტუდენტებს გვაქვს უფლება, წელიწადში 120 სრული დღე ან 240 ნახევარი დღე, ვიმუშაოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსურად თავად უზრუნველვყოფ საკუთარ თავს და არავისზე არ ვარ დამოკიდებული, მიწევს მუშაობაც. სწავლის პარალელურად მუშაობა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა სხვანაირად ცხოვრება შეუძლებელია. სამწუხაროდ, ბევრი ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას და სწავლას წყვეტს. მეც ბევრი დაბრკოლების გადალახვა მომიწია, სანამ უნივერსიტეტში მოვხვდებოდი, თუმცა ჩემ გარშემო ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარში მედგნენ და მეხმარებოდნენ სირთულეების გადალახვაში. უცხოეთში, სწავლის პარარელურად, ბევრი ქართველი სტუდენტი მუშაობს, ასე რომ ამაზე წუწუნი ჩემი მხრიდან უხერხულია. მეც ბევრჯერ მქონია რთული პერიოდი და მიფიქრია სწავლისთვის თავის დანებება, მაგრამ ასე ხომ მთელი ჩემი შრომა წყალში უნდა ჩამეყარა. ამიტომ არასდროს შემიწყვეტია ბრძოლა. ყოველთვის საკუთარ თავს ვამხნევებ, რაც ძალიან მეხმარება.
? გვიამბე იენის უნივერსიტეტის შესახებ, რა წესით გამოიყოფა სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები?
იენის უნივერსიტეტი 1558 წელს დაარსდა და სიძველით, რიგით მეორე უნივერსიტეტია გერმანიაში. აქვს სასწავლო კურსების ძალიან ფართო არჩევანი და ჰყავს 20000-მდე სტუდენტი. მე ვსწავლობ პოლიტიკური მეცნიერებების და კავკასიოლოგიის ფაკულტეტზე. იენის უნივერსიტეტი, დიდი ხანია, დამეგობრებულია საქართველოსთან, კავკასიოლოგიის ფაკულტეტს ძალიან უფრთხილდებიან. სტუდენტების სიმცირის გამო იყო დახურვის საფრთხე, მაგრამ ჯერჯერობით დატოვეს და ძალიან მიხარია. ბიბლიოთეკაშიც ძალიან ბევრი ქართულენოვანი წიგნია და იმ განყოფილებაში შესვლა განსაკუთრებით მახარებს ხოლმე. მეოთხე სემესტრი დავხურე, სანამ საქართველოში წამოვიდოდი, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ამჟამად აკადემიური სემესტრი მაქვს — გარკვეულ საგნებს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გავდივარ. ზოგადად, უნივერსიტეტი და პროფესორები თითოეულ სტუდენტს ეხმარებიან. განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება აქვთ უცხოელი სტუდენტების მიმართ. გერმანული რთული ენაა და ის საგნები, რასაც მე გავდივარ, მოითხოვს დიდი რაოდენობით ლიტერატურის კითხვას, გააზრებას და, სემესტრის ბოლოს, რეფერატების წერას, რაც ზოგჯერ თავად გერმანელებსაც კი უჭირთ. იქ ყველა სტუდენტს ეხმარებიან ფინანსურად და უდგანან მხარში, რომ ხარისხიანი განათლება მიიღოს.
? იენის უნივერსიტეტში, თავის დროზე, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა. ვინ არიან ისინი და რა იცი მათ შესახებ?
იენის უნივერსიტეტს ბევრი ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწის სახელი უკავშირდება, მათ შორის, გოეთე, 1789 წლიდან უნივერსიტეტის პროფესორი იყო; ცნობილი გერმანელი პოეტი ფრიდრიხ შილერი, რომლის სახელსაც ატარებს უნივერსიტეტი. მე-19 საუკუნეში იდეალისტური ფილოსოფიის ცენტრად აქციეს იენა ჰეგელმა და შელინგმა. ასევე, იენის უნივერსიტეტში, სხვადასხვა დროს, სწავლობდნენ: კარლ მარქსი, ოტტო შოტი, ერნსტ აბბე, არტურ შოპენჰაუერი, კარლ ცაისი, ნოვალისი, ჰაინრიხ ვებერი, პეტერ ბოლერი, ვილჰელმ ჰუმბოლდტი და სხვები.
? რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ, როგორი დამოკიდებულებაა ლექტორსა და სტუდენტებს შორის, მინდა ერთგვარი შედარება გავაკეთოთ ქართულ ურთიერთობებთან
რაც შეეხება პროფესორებს, თავიანთი რეგალიების მიუხედავად, არიან ძალიან მეგობრულები, უშუალოები და მაქსიმალურად ცდილობენ, დაგაინტერესონ თავიანთი საგნით. ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ. „ზემოდან ყურების“ მომენტს ვერ იგრძნობ მათგან, პირიქით, სულ გეუბნებიან, რომ კითხვის დასმა არ უნდა მოგერიდოს, არც იმის შიში გქონდეს, რომ რამეს არასწორად იტყვი და ვინმე ამის გამო დაგცინებს. მე მქონდა შემთხვევა, არდადეგების პერიოდში შვებულებაში მყოფი ჩემი ერთ-ერთი პროფესორი სკაიპის საშუალებით მიხსნიდა როგორ შემესრულებინა დავალება. ხშირად იწვევენ ლექტორებს, რომლებიც ერთი სემესტრი რჩებიან ან მთელი კვირის მანძილზე გადაბმულად კითხულობენ ლექციებს, ზოგი ერთი დღით ჩამოდის. საშობაოდ ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები ერთად იკრიბებიან მეგობრულ გარემოში, მიირთმევენ ტრადიციულ გერმანულ თბილ ღვინოს და საშობაო ნამცხვარს. ამ დროს პროფესორები კიდევ უფრო უშუალოები არიან, ზოგი საშობაო ზღაპრებს გვიკითხავს, ზოგი გვიმღერის და ა.შ. იენის უნივერსიტეტში კიდევ ერთი ტრადიციაა, ლექციის თუ სემინარის ბოლოს, სტუდენტიც და პროფესორიც მაგიდაზე აკაკუნებენ, ამით მადლობას უხდიან ერთმანეთს დასწრებისთვის.
ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მხოლოდ ორი სემესტრით ვარ და ამიტომ ბევრ ლექტორთან ურთიერთობა არ მიწევს. რამდენიმე ლექტორი მომეწონა განსაკუთრებით, მათი ლექციის მოსმენა და მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ლექციებზე პრეზენტაციებით ლექტორების ძალიან მცირე რაოდენობა მოდის. არადა, პრეზენტაციები ძალიან ეხმარება სტუდენტს მასალის დამუშავებაში, რადგან ახსნის დროს შეიძლება რაღაცის ჩაწერა ვერ მოასწრო ან გამოგრჩეს.
ასევე ძალიან უცნაურია უნივერსიტეტში ყოველი ლექციის თუ სემინარის დაწყების წინ სიის ამოკითხვა. მესმის, რომ ამაში შესაბამისი ქულა იწერება და ერთგვარი კონტროლის მეთოდია, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, განსაკუთრებით თუ აუდიტორია მრავალრიცხოვანია. დასწრების დაფიქსირება სხვა უფრო მარტივი მეთოდებითაც შეიძლება. ჩემი აზრით, ეს ლექტორსა და სტუდენტს შორის ნდობის ფაქტორის ნაკლებობაზე მიუთითებს.
? რა როლი უჭირავს გერმანიაში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?
საქართველოში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების თემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. გერმანიაში ბიბლიოთეკა სტუდენტისთვის, ფაქტობრივად, მეორე სახლია. სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდიხარ. დანარჩენ დროს ბიბლიოთეკაში ატარებ. შესაბამისად, იქ ბიბლიოთეკები აბსოლუტურად სტუდენტებზეა მორგებული. იქ უფრო მეტი საჭირო წიგნია, უფრო მოწესრიგებულია ონლაინ სისტემა, რადგან მათ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი გამოცემები ან თარგმნონ, რისი საშუალებაც, სამწუხაროდ, საქართველოს უნივერსიტეტებს არ აქვთ. შესაბამისად, აქ როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოურენოვანი წიგნების სიმცირეა. ყველაზე არასასიამოვნო მომენტი ჩემთვის მაინც „ჩაკეტილი წიგნებია“, არ შეგიძლია თაროებს შორის თავისუფლად იარო და აირჩიო ლიტერატურა. აქ უნდა მოითხოვო კონკრეტული წიგნი, თუ მომსახურე პერსონალს არ დაეზარა, მოგიტანს თუ არადა, მიგითითებს სად დევს და თვითონ აიღებ. არადა, როცა წიგნებთან გაქვს ურთიერთობა, როცა თაროებზე შენ თვითონ ეძებ, ამ დროს შეიძლება ისეთი რაღაცები აღმოაჩინო და ისეთ თემაზე დაფიქრდე, რაც მანამდე თავში აზრადაც არ მოგივიდოდა. აქ წიგნებს სახლშიც არ გატანენ, მხოლოდ ბიბლიოთეკაში შეგიძლია კითხვა.
? როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით?
ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების და ქართული უნივერსიტეტების შედარება არასწორი იქნება, რადგან ისინი, ჩვენგან განსხვავებით, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ფაქტორებით ბევრად წინ არიან. მათ, ჩვენგან განსხვავებით, უფრო მეტი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულები. ჩვენი ქვეყანა მუდმივად ფეხზე წამოდგომის პროცესშია. იმისთვის, რომ წელში გავიმართოთ, გვჭირდება სწორი განათლების პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტები ვერ აკმაყოფილებენ იმ დონეს, რომელიც აქვთ ევროპის არა მარტო წარმატებულ, არამედ რიგით უნივერსიტეტებს, საქართველოში სწავლის გადასახადი ბევრად ძვირია.
შენობები უნდა მოწესრიგდეს, ბიბლიოთეკებმა უფრო მეტი წიგნი უნდა შეიძინონ, სტატიები და წიგნები უნდა ითარგმნოს, პრაქტიკული მეცადინეობისთვის ლაბორატორიები უნდა ჰქონდეთ. არ შეიძლება ერთ საგანს მთელი სემესტრის განმავლობაში კონკრეტული ავტორის ერთი წიგნით გადიოდე. თუმცა, ამის მოთხოვნა თვითონ სტუდენტებს უნდა გაუჩნდეთ.
? როგორც ვიცი, 2016 წლიდან, გერმანიაში, იენის უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა დააარსეთ გაერთიანება, კერძოდ რა საქმიანობას ეწევით და რა არის ამ გაერთიანების მიზანი?
იქიდან გამომდინარე, რომ იენის უნივერსიტეტი საქართველოსთან დამეგობრებულია, უკვე მრავალი წელია, იენაში ბევრი ქართველი სტუდენტია, რომელიც სრულად იქ ირიცხება ან სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოდის. 2016 წელს დაარსდა სტუდენტური გაერთიანება „ლილეო“, რომლის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ საქართველო. ორი სემესტრის განმავლობაში, უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, ტარდებოდა ქართული ცეკვის გაკვეთილები, რომელსაც ძირითადად უცხოელი სტუდენტები ესწრებოდნენ. ჩვენ, იქ მყოფი სტუდენტები, ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ და ვის როგორ შეუძლია ისე ვაცნობთ საქართველოს უცხოელ მეგობრებს.
? სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს? როგორ გესახება მომავალი, სად აპირებ დამკვიდრებას? მიამბე, როგორ ცხოვრობენ გერმანელი ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული, რომელი დარგია ყველაზე მეტად პოპულარული?
სემესტრის განმავლობაში, როცა სალექციო პერიოდია, გამოცდები და თან ვმუშაობ, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მრჩება, ძირითადად, ვცდილობ, მეგობრებთან ერთად გავატარო. არდადეგებზე კი, ვმოგზაურობ. სტუდენტების ცხოვრება ასეთია, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით — უნივერსიტეტი-ბიბლიოთეკა, პარასკევს საღამოს ან შაბათს შეგიძლია თავს უფლება მისცე და გაერთო. გერმანიაში, უნივერსიტეტების გარდა, ძალიან განვითარებულია პროფესიული განათლების სკოლები. იქ თან სწავლობ, თან მუშაობ და შემოსავალი გაქვს. სახელისა და პოპულარობის მიხედვით პროფესიას არ ირჩევენ, იქ ფიქრობენ იმაზე, რამდენად გამოიყენებენ პრაქტიკაში. მედიცინა, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, ასევე, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო სფეროები, ძალიან პოპულარულია გერმანიაში.
რაც შეეხება კითხვას, სად ვაპირებ მომავალში დამკვიდრებას, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ზოგადად, ჩემი გეგმები ხშირად იცვლება, ძალიან სპონტანურად შევიტანე სტიპენდიაზე განაცხადი და სპონტანურად მივიღე საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება, რაც ბევრისთვის გაუგებარი იყო. ასევე არ ვიცი რას ვიზამ, როცა იენაში დავბრუნდები. ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარი საზრუნავი უნივერსიტეტის დამთავრებაა. მერე რა იქნება, არ ვიცი. ზოგადად რა მინდა, ვიცი, მაგრამ ხშირად ისე არ არის, როგორც გვინდა.
? როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?
ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში, დამსაქმებელს გააჩნია, თუ მას უნდა, რომ ჰყავდეს მაღალკვალიფიციური კადრი, ალბათ, ითამაშებს. ჩემთვის საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლება საქართველოში დასაქმების გარანტი, სამწუხაროდ, არ არის.
? რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ.
პირველ რიგში, საჭიროა სურვილი, მონდომება და საკუთარი თავის რწმენა, რომ შენ ეს შეგიძლია. თუ ერთხელ მაინც შეგეპარება საკუთარ თავში ეჭვი, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ. არ უნდა დაელოდო, რომ ვინმე ხელს გამოგიწვდის და ცხოვრებას გაგიმარტივებს. ვერც უცხო ენას ისწავლიან შენ მაგივრად, ვერც გამოცდებს ჩაგიბარებენ და ვერც იმუშავებენ. საკუთარ თავს ოცნებებიც შენ თვითონ უნდა აუხდინო და ცხოვრებაც შენ თვითონ უნდა გაუმარტივო.
? როცა საქართველოდან ასე შორს ხარ, რა გენატრება ყველაზე მეტად?
მენატრება ის, რაც ყველაზე ძვირფასია — ოჯახის წევრები და მეგობრები. ექვს წელზე მეტია გერმანიაში ვცხოვრობ. ის პერიოდი, როცა პიროვნებად ყალიბდები, გიყალიბდება შეხედულებები და მსოფლმხედველობა, გერმანიაში გავიარე. ვერც საქართველოში ჩამოვდიოდი ხშირად. კონტაქტის შემცირებამ რაღაც დოზით გაუცხოებაც გამოიწვია. როცა დრო გადის, ხვდები როგორი ძვირფასია ეს ადამიანები შენთვის და გენანება მათ გარეშე გატარებული ყოველი წუთი.
? დაბოლოს, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ალბათ მეტს ფიქრობს სამშობლოზე. საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი ადამიანი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც ევროპამ მოგცა?
როცა შორს ხარ, სხვა ფასი ედება სამშობლოს, როცა გერმანიაში ცხოვრობ, ქვეყანაში, რომელიც თავისი მოწესრიგებულობით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, უფრო მეტად გიჩნდება სურვილი, ასეთი იყოს შენი სამშობლოც. ევროპამ რომ კარი გაგვიღო, ამის მაგალითი ვიზალიბერალიზაციაა. მართალია, გერმანიაში მყოფ სტუდენტებს მაინც გვჭირდება იქ ცხოვრების უფლება და სხვა საბუთით გადავადგილდებით, მაგრამ აპრილში ქუთაისიდან რომ გავფრინდი ბერლინში, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ვხედავდი როგორ უპრობლემოდ ატარებდნენ მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს და ეუბნებოდენ — მობრძანდით. ახლა უკვე ჩვენზეა, როგორ ვუპასუხებთ ამ ნდობას. ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში, დიდი როლი ითამაშა გერმანიაში ცხოვრებამ. ღირებულებების გადაფასება დროთა განმავლობაში მოხდა. კარგია, როცა ქვეყნიდან გასვლის საშუალება გეძლევა, მერე შეგიძლია რაღაცები ერთმანეთს შეადარო და უფრო მიხვდე რა მოგწონს და რა არა, რა უფრო ღირებულია და რა არა. შეიძლება ადრე რაც ძვირფასად მიგაჩნდა, ფასი დაკარგოს, სხვა თვალით შეხედო. ევროპაში ცხოვრებამ მსოფლიო აღმომაჩენინა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ადამიანებისგან, რომლებთანაც ყოველდღიურად გიწევს ურთიერთობა, ძალიან ბევრს სწავლობ. სწორედ მათთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ ოცნებების ახდენა არც ისე რთული ყოფილა, ვნახე ქალაქები და ქვეყნები, მხოლოდ ფოტოებიდან რომ ვიცოდი და ვერც კი წარმომედგინა, თუ ერთ დღეს, იქ მეც მოვხვდებოდი. ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი თავისუფალი და დამოუკიდებელი, დღესაც ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის.
ესაუბრა მაკა ყიფიანი