სოფელი საკრაულა (ყოფილი კიკნაველეთი) დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე საკრაულის მარჯვენა მხარეს. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 8 კილომეტრზე, ზღვის დონიდან – 480 მეტრი, ბაღდათიდან 21 კილომეტრის დაშორებით. აღმოსავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს.
სოფელ საკრაულას, დაახლოებით, ოთხსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი თავდაპირველი სახელია „კიკნაველეთი“, რაც დაკავშირებულია ამ სოფლის ტერიტორიაზე პირველმოსახლე კიკნაველიძეების საგვარეულოსთან. 1937 წელს, ისევე როგორც ბაღდათისა და საქართველოში არსებულ სხვა ტერიტორიულ ერთეულებს, სოფელ „კიკნაველეთსაც“ შეეცვალა სახელწოდება და ამავე სოფლის ტერიტორიაზე არსებული მდინარის – საკრაულის სახელი ეწოდა. ასე ეწოდება დღესაც.
მდინარე საკრაულა სათავეს იღებს ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული „სამეცხვარეოს“ მთიდან, რომელიც შესულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის შემადგენლობაში.
სახელწოდება საკრაულა მიღებულია „კრავი“-საგან – „საკრავე ადგილები“. ხალხური რწმენით, მდინარეს საკრაულა იმიტომ შერქმევია, რომ ზაფხულობით მისი სათავე ისე პატარავდება, რომ კრავსაც კი შეუძლია ზედ გადახტომა.
ისტორიულად, როცა დამპყრობთა ხელში მოექცეოდა ქუთაისი-არგვეთის სამთავრო და შორაპანი, მაშინ დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში გადასასვლელი ერთადერთი გზა სწორედ საკრაულის ხეობის გავლით იყო – ფერსათიდან მარელისამდე და იქიდან კი, ლიხის მთის გადალახვით.
1848 წლიდან 1918 წლამდე, სოფელში მოქმედებდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. 1918 წლიდან, ბოლშევიკური რეჟიმიდან გამომდინარე, იძულებით შეწყვეტილ იქნა ღვთისმსახურება, უფრო მეტიც, 1946 წელს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დაანგრიეს და ეკლესიის გათლილი ქვებით სოფლის კოლმეურნეობის შენობა ააშენეს.
საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ, როდესაც საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, თავისუფლად გამოეხატა სურვილი ღვთისმსახურების წესის აღსრულების შესახებ, კვლავ დაიწყო და განახლდა ეკლესიების მშენებლობა, მათ შორის, აღნიშნული ეკლესიის აღდგენა. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის აღდგენას სათავეში ჩაუდგა და დიდი ფინანსური ხარჯი გაიღო ზურაბ ორჯონიკიძემ. ასევე, სხვათა დახმარებით აღდგა სოფელ საკრაულაში ნანგრევებად ქცეული ეკლესია, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. (ცნობისათვის – დღესდღეობით სოფელ საკრაულაში სამი მოქმედი ეკლესიაა).
ისტორიული არქივის ცნობით, 1940 წელს, საკრაულაში 48 გვარის 388 კომლი ცხოვრობდა, ხოლო 1950 წელს – 50 გვარის 370 კომლი; 2002 წლისათვის სოფლის მოსახლეობა 433 ადამიანს შეადგენდა; 2014 წლისათვის კი – 242 ადამიანს. დღეის მონაცემებით, სოფელში 200 მდე ადამიანი ცხოვრობს.
სოფელ საკრაულის მოსახლეობას, თავისი ისტორიის მანძილზე, დიდი წვლილი შეჰქონდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მათ შორის, აღსანიშნავია სოფლის მოსახლეობის წვლილი მეორე მსოფლიო ომში – დაახლოებით, 400 ადამიანი იყო გაწვეული, ხოლო უკან ნახევარიც არ დაბრუნებულა. მათი სახელების უკვდავსაყოფად, მოქანდაკე ავთანდილ კიკნაველიძემ, 1975 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 30-ე წლისთავზე, სოფელს შინმოუსვლელთა მემორიალი უსახსოვრა.
სოფლის ისტორიასთან შედარებით, ნაკლები ისტორია აქვს საკრაულის საჯარო სკოლას, რადგან სოფელში პირველი სასწავლო დაწესებულება 1895 წელს გაიხსნა, ე.წ. „სამრევლო სკოლა“. თუმცა, ამ სკოლამ დიდი ვერაფერი ცოდნა შესძინა სოფლის ახალგაზრდობას, რადგან ადგილობრივი კადრის არარსებობის გამო, წელიწადში, 4-5 მასწავლებელი მაინც უნდა შეცვლილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ხარჯსაც სწევდა და ფულსაც იხდიდა, განათლების საქმე წინ ვერ მიდიოდა, მოსახლეობას განათლების მიმართ ინტერესი ეკარგებოდა.
სოფელ საკრაულაში (მაშინდელ კიკნაველეთში) მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1903 წელს გაიხსნა პირველი სახელმწიფო სკოლა,“რომლის გახსნა დაკავშირებულია ამავე სოფლის მკვიდრის, დიდი ქართველი მამულიშვილის – ყარამან კიკნაველიძის სახელთან.
ყარამანმა თხოვნით მიმართა მაშინდელ მთავრობას და აღუთქვა: „ვწირავ ადგილს ღირებულს ათას მანეთად, ავაგებ სკოლის შენობას და მოწყობასაც მე ვკისრულობ, ამას გარდა განათება, მუშა და მოსამსახურე ჩემი იყოს, მხოლოდ მასწავლებლებს დაენიშნოს ჯამაგირი ხაზინიდან.“
ყარამან კიკნაველიძის მიერ გახსნილ სკოლაში, იმავე წელს, 40-მდე მოსწავლემ მოიყარა თავი. სოფელში სწავლის სურვილი მანამდეც ბევრს ჰქონდა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ახერხებდნენ, ამიტომაც სოფლის მცხოვრები განათლებული ადამიანები ბავშვებს წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდნენ.
ასეთები იყვნენ: მღვდელი ნიკალა კიკნაველიძე, კოტე აბაშიძე, კირილე ჯაფარიძე, სამსონ მასხარაშვილი, სავლე ორჯონიკიძე და სხვები.
♦ 1903 წელს გახსნილი ერთწლიანი სასოფლო დაწყებითი სკოლა, 1924 წელს, ოთხწლიან დაწყებით სკოლად გადაკეთდა; 1930 წლიდან არასრული საშუალო შვიდკლასიანი სკოლა გახდა, 1938 წლიდან კი უკვე საშუალო სკოლის სტატუსი მიიღო.
♦ 1930 წელს დაწყებითი სკოლის გამგე მასწავლებლად დაინიშნა გრიშა გიორგაძე, მასწავლებლად — რაისა გიორგაძე. 1932 წელს არასრული საშუალო სკოლის დირექტორად დანიშნულია დავით დოგრაშვილი, ხოლო 1933 წლიდან – ვალერიან დოგრაშვილი, 1933 წელს უკვე პირველი ადგილობრივი მკვიდრი მასწავლებელი – გიგიშა კიკნაველიძე.
♦ 1934-35 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ სოფლის მკვიდრნი: ანგელინა კიკნაველიძე და ბიძინა კუპრაძე. 1937-38 წლებში სკოლის დირექტორად მუშაობდა გივი ენდელაძე, 1938-1939 წლებში, უკვე საშუალო სკოლის პირველ დირექტორად – ვალერიან ბრეგაძე.
♦ 1945 წლიდან სკოლის დირექტორად დანიშნულია ალიოშა (ალექსანდრე) გუმბერიძე, ხოლო 1949 წლიდან – პირველი ადგილობრივი კადრი, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ზურაბ კიკნაველიძე, რომელიც ათწლეულების მანძილზე ედგა სათავეში მშობლიურ სკოლას.
♦ 1986 წლიდან სკოლის დირექტორად ამავე სკოლის პედაგოგი ირა არშილავა დაინიშნა, რომელსაც ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1969 წლიდან, განაწილებით მოუწია მუშაობის დაწყება სოფელ საკრაულაში.
2006 წლიდან საკრაულის საჯარო სკოლას სათავეში უდგება ამავე სოფლის მკვიდრი ტარიელ კიკნაველიძე, რომელიც ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და 1995 წლიდან მუშაობს ამავე სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.
2012 წლიდან დღემდე, საკრაულის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს ამავე სკოლის მათემატიკის პედაგოგი ლელა გურგენიძე, რომელსაც განათლება მიღებული აქვს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის სპეციალობით.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის შექმნის შემდეგ, ტყე-პარკს ეკუთვნის სოფელ საკრაულის მფლობელობაში არსებული ასეულობით ჰექტარი მიწის ფართობი. აქედან გამომდინარე, 2000 წელს, საკრაულის საჯარო სკოლას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩაუტარდა სრული კაპიტალური რემონტი.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ყარამან კიკნაველიძის ღვაწლი. პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების კრებაზე დარბაზში შევიდა ყარამან კიკნაველიძე, ივანე ჯავახიშვილს გადასცა კონვერტი და კრებიდან წავიდა. კონვერტში წერილი იდო, რომელზეც ეწერა: „ღრმად პატივცემულო ბატონო ივანე! ქართული უნივერსიტეტის დაარსების აზრმა უზომოდ გამახარა, ვინაიდან ვგრძნობ, რომ ამ აზრის განხორციელებით ჩვენს ქვეყანას აღორძინების ახალი ხანა უდგება. ნება მიბოძეთ ,მე, როგორც ჩვენი ერის წინმსვლელობის მონატრე ერთმა ქართველთაგანმა, ერთდროულ დახმარებად ჯერჯერობით მოგართვათ ასი თუმანი (ათასი მანეთი) ქართული უნივერსიტეტის დასაარსებელი თანხის გასაძლიერებლად. იმედია, თქვენის ჩვეულებრივი მუყაითობით, ჩვენს სამშობლოს მალე ეღირსება საკუთარი უმაღლესი სასწავლებელი ჩვენს დედაქალაქ ტფილისში.
დავრჩები მარადის თქვენი ღრმად პატივისმცემელი, ყარამან კიკნაველიძე – ღვინობისთვის 8. 1917 წელი.“
1917 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ყარამანმა და მისმა ძმებმა დიდი დახმარება აღმოუჩინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას – გაზეთ „ალიონის“ რედაქციას მიწა შეუძინეს და აუშენეს ორსართულიანი შენობა; დეკემბერში შეიძინეს მიწა, დაწყებული ვარაზის ხევიდან ვაკის პარკის ტერიტორიის ჩათვლით.
1918 წელს დაუკვეთეს ამ მიწაზე უნივერსიტეტის სტუდენტთა ქალაქის მშენებლობის პროექტის შედგენა, მაგრამ 1918 წლის 13 თებერვალს ყარამანი და მისი მეუღლე ოლიკო ქვარიანი, ორივე ძმა (ნიკოლოზი და შალვა), დედა მართა, და ანეტა, ანუ კიკნაველიძეების დიდი ოჯახის ექვსი წევრი, ერთდროულად, გამოასალმეს სიცოცხლეს.
აუცილებლად აღსანიშნავი და დასაფასებელია სოფელ საკრაულის მკვიდრის, ანდრო კიკნაველიძის პიროვნება, რომელმაც „თოხის მუშიდან აკადემიკოსობამდე“ გზა განვლო დიდი ღირსებით, პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობით. პატიოსანი შრომით და თავდადებით, ბატონი ანდრო გახდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე. დღესდღეობით, ჩვენ სკოლას ამშვენებს როგორც მისი განვლილი ცხოვრების გზა, ასევე მის პატივსაცემად სკოლის ეზოში აღმართული ძეგლი, რომელიც ასევე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მოქანდაკის – ალმასხან კიკნაველიძის მიერაა შექმნილი.
სკოლას მრავლად ჰყავს სახელოვანი და სახელმოხვეჭილი აღზრდილები: მხატვარი, ფერმწერი დავით კიკნაველიძე; მოქანდაკე ავთანდილ კიკნაველიძე; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლამარა კიკნაველიძე; ძმები – ბუხუტი და ვანო ორჯონიკიძეები; ვასილ კელენჯერიძე, მრავლად არიან ისინი.
ახალგაზრდა თაობაშიც ბევრი ღირსეული და ნიჭიერი კურსდამთავრებული გვყავს, რომლებიც თავის ღირსეულ სიტყვას იტყვიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და შემოქმედებით საქმიანობაში.
სოფელ საკრაულაში, დღესღეობით, ამაყად დგას და ღირსებას სძენს სოფელს კულტურულ-საგანმანათლებლო ტაძარი – საკრაულის საჯარო სკოლა, რომელიც 1968 წელს აშენდა ყარამან კიკნაველიძის ეზოში.
დღევანდელი მდგომარეობით, სკოლა, ძირითადად, დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. ყველა პედაგოგი სერტიფიცირებულია. 2024 წელს საკრაულის საჯარო სკოლას მიენიჭა ავტორიზაცია. მოსწავლეთა ჟრიამული დღესაც დიდი სიყვარულით ავსებს სოფელს. დასანანია, რომ მიგრაციის გამო მოსწავლეთა კონტინგენტი შემცირებულია, მაგრამ ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ ამ სკოლის კედლებში „კიდევაც აღიზრდებიან“…
ტარიელ კიკნაველიძე – სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი