AKS Education Awards, AKS Worldwide Pvt Ltd-ის პროექტია, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს.
AKS ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.
2025 AKS-ის ჯილდო სამმა ქართველმა მასწავლებელმა მოიპოვა:
⇒ ეკა სეფიაშვილი – დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
⇒ კახაბერ ჩაკვეტაძე – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
⇒ ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის №5 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოება“ და „სამოქალაქო განათლების“ მასწავლებელი.
საქართველოსთან ერთად ინდოეთში გამართულ AKS კონკურსში გაიმარჯვეს მასწავლებლებმა შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ირლანდია, ესპანეთი, თურქეთი, მოროკო, პორტუგალია, შრი-ლანკა, არაბეთი, ინდოეთი, ბრაზილია, აზერბაიჯანი, პოლონეთი, სინგაპური.
წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა, ჯამში, 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელმა მიიღო და გაიმარჯვა მხოლოდ 10 ქვეყნის 50-მა მასწავლებელმა.
ვულოცავთ ქართველ პედაგოგებს ამ გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას.
«««««««««««««««««««««««««««««««
სსიპ დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა სეფიაშვილი 26 წელია მშობლიურ სკოლაში მოღვაწეობს.
2022-2023 სასწავლო წელს სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა, როგორც განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი პედაგოგი, წარადგინა მენტორის სტატუსის მინიჭებაზე და დამსახურებულად მოიპოვა მენტორის სტატუსი, რაც გულისხმობდა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებულ მასწავლებლის კომპლექსურ შეფასებას.
ქალბატონი ეკა, არაფორმალური განათლების მიმართულებით, უამრავ პროექტსა თუ კონკურსშია ჩართული. მისი ინიცირებით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოეწყო შეხვედრა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან – სკოლათაშორისი კავშირები კულტურათა ინტეგრაციის მიმართულებით. გამორჩეულია მისი ინოვაციური პედაგოგიური მიდგომები. აღსანიშნავია მისი მოსწავლეების მაღალი აკადემიური მიღწევები ეროვნულ გამოცდებზე და ჩართულობა ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმებზე. მუდმივად ზრუნავს სკოლის განვითარებაზე, მოსწავლეთა სამოქალაქო პასუხისგებლობის გაზრდაზე. მის კოლეგიალობაზე მადლიერებით საუბრობენ პედაგოგები.
2023-2024 სასწავლო წელს სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა და გახდა ეროვნული პრემიის მფლობელი, ხოლო 2025 წლის 11 იანვარს, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, მასწავლებელთა მსოფლიო სამიტზე, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა.
ეს წარმატება მისი მოსწავლეების, სკოლის, თითოეული კოლეგის, საკუთარი რაიონისა და ქვეყნის წარმატებაა. მასწავლებლის შრომის ასეთი დაფასება და აღიარება ნამდვილად იქნება ახალგაზრდებისთვის მოტივაციის წყარო და გამოწვევა სწავლაში, გამოწვევა ამ პროფესიაში ახლად შემოსულთათვის.
„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს არამარტო სკოლისა და რაიონის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინაშე. ვიცი, რომ ჩემს მოსწავლეებს კიდევ ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას შევთავაზებ. ყოველთვის უნდა გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები და შთააგონო საზოგადაობას, რომ საქმის გულმხურვალედ კეთება, განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ერთგულება, სიკეთე, ადამიანების სიყვარული და მადლიერების განცდა არის საწყისი ყველა მიღწევის. უამრავჯერ გამოვხატავ მადლიერებას ჩემი სკოლის მიმართ ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის,“ – აღნიშნავს ეკა სეფიაშვილი.
«««««««««««««««««««««««««««««««
კახაბერ ჩაკვეტაძე არის სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის „ჩვენი საქართველოს“ და „ისტორიის“ მასწავლებელი. მისი პედაგოგიური საქმიანობა მოიცავს 30 წელს. ის არის პიროვნება, რომლისთვისაც დამახასიათებელია შთაგონება, მოტივაცია, პოზიტიური ცვლილებები, კოლეგიალობა. იგი მუდმივად ცდილობს იყოს მოსწავლეთა მიღწევების და მათი პიროვნული ზრდის მხარდამჭერი, მოსწავლეებს განუმტკიცოს საკუთარი თავის რწმენა, რწმენა იმისა, რომ მათი შესაძლებლობები ამოუწურავია. წაახალისოს მოსწავლეთა ინიციატივა და მისცეს მათ საშუალება, უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი უნარები. კახაბერი მუდმივად ცდილობს, იყოს არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების დიდი ქომაგი და მათი პროფესიული განვითარების მუდმივი მხარდამჭერი.
კახაბერ ჩაკვეტაძე ასევე არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი და აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერ-კონსულტანტი; 2023 წლის მასწავლებლის პირველი ეროვნული პრემიის გამარჯვებული, ხოლო 2024 წელს აირჩიეს წყალტუბოს საპატიო მოქალაქედ; არის განათლების ელჩი, ასევე მინიჭებული აქვს დოქტორის და პროფესორის საპატიო წოდება განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
2024 წელს კახაბერ ჩაკვეტაძე გახდა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი. იგი ამ უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ჯილდოზე წარადგინა სკოლის დირექტორმა, ალექსანდრე ნიქაბაძემ და ორგანიზაციამ „Teachers Community Georgia“.
„ყველა ჩემი აღიარება, პირველ რიგში, ეძღვნება, რა თქმა უნდა, ჩემს მოსწავლეებს, სკოლას, მუნიციპალიტეტს, ქვეყანას… დღეს ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის… კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ქვიტირის საჯარო სკოლას, დირექტორს, ბატონ ალექსანდრე ნიქაბაძეს, წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსს, ბატონ მამუკა ჩხეტიანს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ გენადი ბალანჩივაძეს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ თემურ ჭეიშვილს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „Teachers Community Georgia“-ს და მის დამფუძნებელს, ქალბატონ ინგა ხარჩილავას და თანადამფუძნებლებს – ნინო ცარციძეს და მარიამ მამაგულაშვილს, რადგან სწორედ სკოლაში და მუნიციპალურ, რეგიონალურ თუ მსოფლიო მასშტაბით ჩემ მიერ განხორციელებული პროექტები გახდა ჩემი გამარჯვების და აღიარების საწინდარი, ხოლო ეს ადამიანები და ორგანიზაციები მუდმივად ჩემი მხარდამჭერი არიან,“ – თქვა ბატონმა კახაბერმა გლობალური ჯილდოს გადაცემის დროს.
კახაბერი მუდამ ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მუდამ გვერდით დაუდგეს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს. „გახსოვდეთ, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ ახალი ცოდნა, შეიმეცნოთ სამყარო. ასევე, სწორედ აქ შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება. ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, სასკოლო ცხოვრება მინდა იყოს საინტერესო და უჩვეულო, იმედებით და გამოწვევებით აღსავსე, მოგიტანოთ ახალი ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები და საინტერესო აღმოჩენები, მინდა თქვენ თვალწინ გადაიშალოს უზღვავი შესაძლებლობები. ჩვენს მოსწავლეებს მინდა ვუსურვო განათლებისადმი შემოქმედებითი, პასუხისმგებლიანი მიდგომა და საინტერესო, შთამაგონებელი იდეები; მინდა თქვენი სასკოლო პერიოდი იყოს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, ბედნიერი წლები. მშობლებო! მასწავლებლებო! მიიღეთ უპირობოდ თქვენი შვილები, თქვენი მოსწავლეები, გიყვარდეთ ისეთები როგორებიც არიან, ნუ ეცდებით, რომ დაემსგავსონ სხვებს. ნუ იქნებით ორიენტირებული ნიშნებზე, ნურც პრესტიჟულ პროფესიებზე. ორიენტირებული იყავით, რომ თქვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები, პირველ რიგში, ადამიანებად, ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ… მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იყავით გულწრფელი… გულწრფელობა და სიყვარული ის ჯადოსნური ჯოხია, რომელიც ყველა მოსწავლის აღზრდის, განათლების საქმეში ფასდაუდებელ საქმეს გააკეთებს,“ – მიმართავს იგი სასკოლო საზოგადოებას და სჯერა, რომ მასწავლებელი, რომელიც გულწრფელია და მოსწავლეს აძლევს რჩევას მისი საქმიანობიდან გამომდინარე, არ ეხება მის პიროვნულ თვისებებს, ყოველთვის მოიპოვებს მოსწავლის ნდობას და პატივისცემას. სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება შედეგის მომტანი მასწავლებლის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები.
«««««««««««««««««««««««««««««««
ზეინაბ კაკალაშვილი: 1991 წლიდან ვმუშაობ თელავის №5 საჯარო სკოლაში, ვასწავლი „მე და საზოგადოებას“, მოქალაქეობასა და სამოქალაქო განათლებას. 2019 წლიდან ვარ მენტორი მასწავლებელი.
2021 წელს გავხდი მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის გამარჯვებული. 2022 წელს დავჯილდოვდი საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშნით (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი); 2025 წელს დავჯილდოვდი მასწავლებლის გლობალური ჯილდოთი ინდოეთში.
რას ნიშნავს ჩემთვის გლობალური მასწავლებლის ჯილდო?
ერთ დღეს, როდესაც საკლასო ოთახში შევედი, თვალებში ჩავხედე ჩემს მოსწავლეებს და დავფიქრდი – როგორი იქნება მათი მომავალი? ვინ გახდება მეცნიერი? ვინ დაწერს წიგნს? ვინ მოიფიქრებს ინოვაციას, რომელიც ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს? მასწავლებლობა ხომ მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის ხელოვნება, რომელსაც შეუძლია მომავლის დახატვა.
მაშინ არც კი მიფიქრია, რომ ერთ დღეს მე, როგორც მასწავლებელი, გავხდებოდი გლობალური აღიარების ნაწილი; რომ ჩემი შრომა, ჩემი იდეები, ჩემი სიყვარულით ჩატარებული გაკვეთილი, დღეები და ღამეები მსოფლიოს მასშტაბით გაჟღერდებოდა.
და აი, დღეს აქ ვარ – გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი.
გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მიღება ჩემთვის უბრალოდ ჯილდო არ არის – ეს არის ჩემი შრომის, იდეებისა და მისიის გლობალური აღიარება. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გაკვეთილები, ინოვაციები, ბრძოლა უკეთესი განათლებისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ ჩემი – ეს არის ყველა მასწავლებლის გამარჯვება, ეს ჯილდო ნიშნავს, რომ ერთი მასწავლებლის ძალისხმევას შეუძლია მთელ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა.
როდესაც ვიწყებდი მასწავლებლობას, ვოცნებობდი, რომ ჩემი გაკვეთილები მხოლოდ საგნების სწავლება არ ყოფილიყო. მინდოდა, მოსწავლეები არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებაზე ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი, არამედ საკუთარ შესაძლებლობებში, ოცნებებშსა და სურვილებში ემოგზაურათ. ჯილდო მარწმუნებს, რომ ეს მისია წარმატებულია და რომ განათლებას შეუძლია სამყაროს შეცვლა.
ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა, ეს არ არის მხოლოდ აღიარება – ეს არის მოწოდება, რომ კიდევ უფრო მეტად ვემსახურო განათლებას, გავაგრძელო ჩემი მოსწავლეების, კოლეგებისა და საზოგადოების შთაგონება. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემი ხმა უფრო შორს ისმის და ეს ხმა უნდა გამოვიყენო განათლებისთვის, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი, ინოვაციური და გარდამტეხი იქნება.
ეს ჯილდო არის იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც არასდროს ნებდებიან. მასწავლებლობა გამოწვევებით სავსე გზაა.
ყოველი პატარა მიღწევა, მოსწავლის თვალებში აციმციმებული ინტერესი, მათი წარმატება, ახალი იდეების გაჩენა – მაძლევდა და მაძლევს ძალას, გავაგრძელო საქმიანობა უფრო მეტი შემართებით. დღეს ეს ჯილდო მახსენებს, რომ ყველა მცდელობა ღირდა, ყველა გაკვეთილი მნიშვნელოვანი იყო და ყველა ინოვაცია ცვლილებას ქმნიდა.
ახლა, როცა ამ ჯილდოს მფლობელი ვარ, ვგრძნობ, რომ ეს არის ახლის დასაწყისი. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტ ადამიანთან გავიზიარო ცოდნა, გადავდგა ახალი ნაბიჯები, რომელიც უფრო მეტად მოერგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს.
ეს ჯილდო სიყვარულია იმ საქმისადმი, რომელსაც ვემსახურები, იმ მოსწავლეებისადმი, რომლებიც ჩემი შთაგონების წყაროა და იმ მომავლისადმი, რომელსაც ერთად ვქმნით.
მადლობა ამ უდიდესი პატივისთვის! ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის – ეს განათლების გამარჯვებაა.