იამზე მსხვილიძე
დილისკის №1 საჯარ სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი
სასწავლო პროცესში ყოველი გამოწვევა შეიძლება იქცეს ახალ შესაძლებლობად – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გჯერა შენი მოსწავლეების, მათი შეუზღუდავი პოტენციალის და საკუთარი პროფესიული მისიის. სწორედ ეს ჭეშმარიტება დაამტკიცა იმ მოვლენამ, რაც ამ გაზაფხულზე დილისკის №1 საჯარო სკოლაში მოხდა. ეს არ არის უბრალოდ ამბავი გაუქმებული კონფერენციის შესახებ; ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სოფლის სკოლამ, დიდი მონდომებითა და კრეატიულობით, შექმნას საკუთარი, გამორჩეული საგანმანათლებლო სივრცე, რაც ჩვენმა ლიდერობამ eTwinning პროექტებში, როგორც არაქართულენოვანმა სკოლამ, არაერთხელ დაადასტურა.
ჩვენი სკოლის გუნდი, მასწავლებლები და მოსწავლეები, დიდი მოტივაციით ვემზადებოდით ბათუმის კონფერენციისთვის. ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი მოსწავლეებისთვის ის დიდი პლატფორმა, სადაც საშუალება მიეცემოდათ, ჩაკეტილი ერთფეროვანი სივრციდან ახალ საინტერესო გარემოში მოხვედრის, სადაც ფართო საზოგადოებას გააცნობდნენ საკუთარ ინიციატივებს, კვლევებს და პროექტების შთამბეჭდავ შედეგებს. კონფერენციისთვის შერჩეული იყო ისეთი აქტუალური თემები, რომლებიც სრულად ასახავდა თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს, ხაზს უსვამდა მრავალფეროვნებასა და ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობას. მოსწავლეები, დღეების განმავლობაში, დაუღალავად მუშაობდნენ, იკვლევდნენ, ქმნიდნენ ციფრულ პრეზენტაციებსა და ინტერაქტიულ მასალებს. მათი თვალები იმედითა და მოლოდინით სავსე იყო, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ცხოვრებაში, გეგმები მოულოდნელად შეიცვალა, სამწუხარო ფაქტის გამო, ბათუმის კონფერენცია გადაიდო…
ეს ფაქტი რომ მოსწავლეებისთვის დემოტივაციის, იმედგაცრუებისა და ხელის ჩაქნევის მიზეზი არ გამხდარიყო, ჩვენ, ჯავახეთის რამდენიმე სკოლამ, რომლებიც ვმონაწილეობდით ბათუმის კონფერენციაში, ერთი ალტერნატიული გზა ავირჩიეთ. გადავწყვიტეთ, იმავე თემებით, იმავე შემართებითა და ენთუზიაზმით, მეზობელ სკოლაში, სოფელ კარტიკამში ჩაგვეტარებინა კონფერენცია. ეს ღონისძიება, თავისი იდეით, ინოვაციური ფორმატითა და შთამბეჭდავი შედეგით, ადგილობრივი წარმატების ნამდვილ მაგალითად იქცა.
რა იყო კონფერენციის მთავარი მიზანი?
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ჩვენი მოსწავლეების ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სრულად წარმოჩენა და განვითარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ გაეღრმავებინათ საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარები, რაც დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში წარმატების მიღწევის აუცილებელი კომპონენტებია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები – ინოვაციიდან ტრადიციამდე
მართლაც შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი თემები იყო წარმოდგენილი, რაც ჩვენი მოსწავლეების ფართო ინტერესებსა და სიღრმისეულ კვლევებზე მეტყველებს, მე მხოლოდ ჩვენი სკოლის, დილისკის №1 საჯარო სკოლის მასწავლებლისა და მოსწავლეების წარმოდგენილ თემებზე ვისაუბრებ.
⇒ „ციფრული ინტეგრაცია სწავლების პროცესში – eTwinning-ის გამოცდილება და გამოწვევები“ (წარადგინა იამზე მსხვილიძემ – კონსულტანტ-მასწავლებელმა) – ამ პრეზენტაციაში განხილული იყო საერთაშორისო პროექტებში (განსაკუთრებით eTwinning-ში) მონაწილეობით მიღებული გამოცდილება, ციფრული ხელსაწყოების ეფექტური გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში, წარმატებები, სირთულეები და მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტეგრირებულ სწავლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და კრეატიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას გააუმჯობესოს სწავლის ხარისხი და მოსწავლეებს კულტურათა მრავალფეროვნების სიმდიდრე და მნიშვნელობა დაანახოს.
⇒ „eTwinning სამყაროში ჩვენი ციფრული შემოქმედება“ (არეგნაზ აღაბაბიანი – მე-10 კლასი) – არეგნაზმა წარმოადგინა ის ციფრული პროდუქტები და ინოვაციური მასალა, რაც eTwinning პროექტების ფარგლებში შეიქმნა. ეს იყო ვიდეოები, კომიქსები, პლაკატები და ინტერნეტპლატფორმებზე მომზადებული პრეზენტაციები, რომლებიც ნათლად აჩვენებდა მოსწავლეთა ტექნოლოგიურ ნიჭსა და შემოქმედებითობას. მან წარმატებით გამოხატა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგია გახდეს შემოქმედების და იდეების გასაღები.
⇒ „ტრადიციები დროის სარკეში: სტუმარ-მასპინძელი და თანამედროვე ღირებულებები“ (აზნივ კრჯაციანი – მე-10 კლასი) – ამ თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან შეეხო ქართულ-სომხური ტრადიციული ღირებულებების როლს დღევანდელ საზოგადოებაში. აზნივმა სიღრმისეულად გააანალიზა, როგორ შეიძლება თაობებმა შეინარჩუნონ ფესვები და ამავდროულად, თანამედროვე ღირებულებებთან შეძლონ ჰარმონიული თანაცხოვრება. ეს იყო დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც გვაფიქრებს მომავალზე.
⇒ „დროის კვალდაკვალ: ქართულ-სომხური ურთიერთობების გზაჯვარედინი“ (მილენა მოსოიანი და სონია გოგორიანი – მე-10 კლასი) – მილენამ და სონიამ, კვლევითი ხასიათის პრეზენტაციით, წარმოაჩინეს ისტორიული, კულტურული და საზოგადოებრივი კავშირები ორ მეზობელ ერს შორის. მათი ნაშრომი გამოირჩეოდა სიღრმისეულობით, პატივისცემით და სამომავლო თანამშრომლობის გზების განსაზღვრით. ეს იყო ხიდი, რომელიც ორი ერის მეგობრობას კიდევ უფრო აძლიერებს.
კონფერენციამ ჩვენს მოსწავლეებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა, განევითარებინათ ისეთი უმნიშვნელოვანესი უნარები, როგორებიცაა:
⇒ საჯარო გამოსვლის უნარი: თავდაჯერებული და არგუმენტირებული პრეზენტაციები.
⇒ გუნდური მუშაობა: ეფექტური თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად.
⇒ კვლევისა და ანალიზის უნარი: ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა.
⇒ ციფრული პროდუქტების შექმნა: ტექნოლოგიების გამოყენება შემოქმედებითი მიზნებისთვის.
⇒ კულტურული ინტელექტი და მრავალფეროვნების შეფასება: განსხვავებული კულტურების გაგება და პატივისცემა.
⇒ პასუხისმგებლობის გაზიარება და ინიციატივის გამოვლენა: აქტიური ჩართულობა და საკუთარი იდეების განხორციელება.
ეს კონფერენცია არ ყოფილა მხოლოდ სკოლის შიდა ღონისძიება – ის იყო გულწრფელი პასუხი იმ კითხვაზე, შეძლებს თუ არა სოფლის სკოლა, თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევების საპასუხოდ, დამოუკიდებლად, ხარისხიანი და ინოვაციური სივრცეების შექმნას. პასუხი ერთმნიშვნელოვანია – დიახ, შეძლებს, როცა ასეთი ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეები და მასწავლებლები ჰყავს, რომლებიც ერთად იზიარებენ თითოეულ წარმატებას და გამოწვევას.
ეს კონფერენცია არ იყო ბათუმის კონფერენციის შემცვლელი, იყო დამოუკიდებელი, წარმატებული ისტორია, რომელიც ადასტურებს, რომ შემოქმედება, განვითარება და წინსვლა არასდროს ჩერდება, მიუხედავად გარე გარემოებებისა. დილისკის №1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ნამდვილი განათლება მხოლოდ კედლებში არ არის მოქცეული – ის ადამიანების გულებში და მათ მიერ შექმნილ შთამბეჭდავ პროექტებში ცოცხლობს.
eTwinning-ის მეშვეობით, ჩემი მოსწავლეები ურთიერთობენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეისწავლონ მრავალფეროვანი პერსპექტივები და განივითარონ გლობალური კულტურების უფრო ღრმა გაგება. ეს გამოცდილება არა მხოლოდ აფართოებს მათ ჰორიზონტს, არამედ აძლიერებს მათ კომუნიკაციის უნარს. აღსანიშნავია, რომ ყველა აქტივობას ჯერ ქართულად ვამზადებთ, მერე ვთარგმნით ინგლისურად. რაც შეეხება ესეების წერას, ხშირად, მხატვრულად რომ გამოთქვან სათქმელი, სომხურ ენასაც იყენებენ, მერე ერთად ვცდილობთ, შესაფერისი სიტყვათშეთანხმება მოვუძებნოთ ქართულში და ერთობლივად საინტერესო ნამუშევრები შევქმენით. ჩემი სომეხი მოსწავლეებისთვის ეს განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ის აძლიერებს მათ ენობრივ შესაძლებლობებს და ენის შესწავლა უფრო მარტივი ხდება მათთვის.
გთავაზობთ eTwinning-ის ფარგლებში მოსწავლის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ტექსტს, დავალება – „გააცოცხლე უცხო ქვეყნის ლიტერატურული პერსონაჟი შენს მშობლიურ გარემოში“.
ჯანიკას მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში
იანიკას პერსონაჟის შეჯამება (ხორვატიელი მოსწავლეების გამოგზავნილი)
იანიკა მშვიდი, თავგანწირული ქალია, რომლის სიკეთეც ხშირად უგულებელყოფილია. ის გაჭირვებას მადლით იტანს, არასდროს წუწუნებს, მაშინაც კი, როდესაც მისი გულგრილი ქმარი უგულებელყოფს მის ტანჯვას. საბოლოოდ, ის ავად ხდება და კვდება, მაგრამ ქმარი ძალიან გვიან აცნობიერებს მისი ერთგულების სიღრმეს. არყის ხე (ბრეზა), ნაზი, მაგრამ გამძლე, სიმბოლურად გამოხატავს მის ყოფნას — ცხოვრებაში შეუმჩნეველი, სიკვდილში ღრმად გლოვობილი.
ანოტაცია:
პერსონაჟის ორიგინალური სახელი იანიცაა (Janica).
ჯანიკა (იანიცა-Janica) – ხორვატიული ლიტერატურის ცნობისმოყვარე პერსონაჟი – საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობს. ეს მრავალეროვანი, ისტორიული და კულტურით სავსე კუთხე ჯანიკაზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი მოგზაურობა არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ სულიერი გზაცაა – გზავნილი მეგობრობის, კულტურათაშორისი ურთიერთგაგებისა და ახალი გამოცდილებების შესახებ.
ჯანიკას მოგზაურობა საქართველოს ულამაზეს კუთხეში – სამცხე-ჯავახეთში
ჯანიკა ხორვატიიდან ჩამოვიდა ახალციხეში – სამცხე-ჯავახეთის გულში, ქალაქში, რომელიც უძველესი ისტორიითა და მრავალფეროვანი კულტურით სუნთქავს. ქალაქი, სადაც ქარებსაც კი ლეგენდების სურნელი დაჰყვება, სტუმრებს გულწრფელი სითბოთი ეგებებიან. როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვიდა და თვალი ციხე-სიმაგრის ძველ კედლებს მოავლო, იმ წამსვე იგრძნო, აქ ყოფნას რაღაც განსაკუთრებული ძალა ჰქონდა. ამ შეგრძნებას კიდევ უფრო გაძლიერებული ხიბლი შესძინა ადგილობრივმა სტუმართმოყვარეობამ. ახალციხეში სტუმარს ყოველთვის გულღია, თბილი ღიმილითა და პატივით ხვდებიან, ეს ხალხის ძარღვებში გამჯდარი ტრადიციაა.
ჯანიკა ბექაურების ოჯახში უნდა დაბინავებულიყო – ქართულ ოჯახში, რომლის ზღურბლთანაც მომღიმარი მასპინძელი მარინა შეეგება. მისმა მზრუნველმა თვალებმა, გულით ნათქვამმა მისალმებამ და ჩახუტებამ მყისვე გაალღვო ჯანიკას უცხოობის განცდა, თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობართან დაბრუნდა.
მარინა: კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სახლში, ჯანიკა!
ჩვენთვის სტუმარი ღმერთის საჩუქარია. როცა ვინმე ჩვენს ზღურბლს გადააბიჯებს, ის უკვე ჩვენი ოჯახის წევრია.
ჯანიკა: ეს ძალიან მშვენიერი ტრადიციაა.
მარინამ ჯანიკა სახლში შეიპატიჟა, რომლის აივნიდან სამცხის მთების სილამაზე მოჩანდა – აქ დილაც კი სხვანაირად თენდებოდა: მზის სხივები კედლებზე ფრთხილად ეშვებოდნენ და სივრცეს სიმშვიდით ავსებდნენ. ბექაურების ოჯახი უბრალოებითა და სითბოთი გამოირჩეოდა, ეს ჯანიკამ, სახლში შესვლისთანავე, იგრძნო.
სუფრაზე ქართული კერძების სურნელი იდგა – ხაჭაპური, ტრადიციული საცივი, შოთი, მწვადი და ადგილობრივი ღვინო სტუმარს ელოდებოდა. ბუხარი თბილად გიზგიზებდა, და ოთახი სითბოთი და მყუდროებით იყო სავსე. მარინა ჯანიკას ქართული კულინარიის საიდუმლოებებზე, სუფრის წესებსა და ტრადიციებზე ესაუბრა, რომლებიც თაობებს გადაეცემოდა.
საღამო მშვიდად მოეფინა ქალაქს. აივნიდან ძველი ციხე განათებული იყო და თითქოს ჯანიკას თვალს უკრავდა, როგორც მისასალმებელი შუქი, რომელიც ახალ მეგობრობასა და თავგადასავლებს ჰპირდებოდა.
იმ ღამით, როცა ჯანიკა საწოლში დაწვა, ფიქრები იმ დღეზე უაზროდ კი არ იფანტებოდა, არამედ რბილად ეწყობოდა გონებაში. მან იგრძნო: ახალციხე მისთვის უბრალო ქალაქი აღარ იყო – ეს იყო ადგილი, სადაც გულს უთბობდნენ, სიტყვებს მნიშვნელობა ჰქონდა და მზე ყოველდღე ახალი ემოციებით ამოდიოდა. ბექაურების ოჯახში ჯანიკამ მალევე იგრძნო, რომ აქ სითბო და ურთიერთგაგება სუფევდა. ერთხელ საუბარი ოჯახურ ღირებულებებზე წარიმართა.
მარინა: საქართველოში ოჯახი ყველაფერია. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვზრუნავთ, ვეხმარებით, ერთად ვცხოვრობთ და ვზეიმობთ.
ჯანიკა: ეს ძალიან ჰგავს იმ ღირებულებებს, რაც ჩემს სამშობლოშია, მაგრამ ზოგჯერ, როცა ადამიანი ყოველდღიურობაში იკარგება, ვერ ამჩნევს იმ სიყვარულს, რაც გარშემო აქვს.
ჯანიკა საკუთარ ოჯახზე დაფიქრდა. ყოველთვის აკლდა მეუღლისგან ყურადღება, თითქოც ცხოვრების რთულმა პერიოდმა ისინი გააუცხოვა, ერთმანეთის აღარ ესმოდათ, მაგრამ ახლა, აქ, საქართველოში, მან უფრო მკაფიოდ დაინახა, რა იყო ნამდვილი ურთიერთობები.
საუბარი უფრო ფართოდ გაგრძელდა, მათ შორის ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე და ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე. ახალციხე მრავალი ეთნიკური ჯგუფის სამშობლოა, და ეს ჯანიკასთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
ჯანიკა: მე ბევრი მსმენია სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე. როგორია მათი ურთიერთობა დღეს?
მარინა: ჩვენს რეგიონში ქართველები და სომხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთს ტრადიციებს უზიარებენ და ერთმანეთის კულტურას პატივს სცემენ. სომხური ეკლესიები, ქართული სამლოცველოები – ეს ყველაფერი გვერდიგვერდ დგას.
ჯანიკა: ეს შესანიშნავია. ჩემთვის ეს მოგზაურობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამ კუთხის მრავალფეროვნების გაგების საშუალებაა.
საღამოს ჯანიკა მარინას ეზოში ჩამოჯდა, სადაც ვარსკვლავები ანათებდნენ ახალციხის ცას. მან იგრძნო, რომ ეს ქალაქი, თავისი ისტორიით, კულტურითა და ადამიანებით, მას სულ უფრო მეტად იზიდავდა. „იქნებ ეს ის ადგილია, სადაც მე უნდა დავრჩე? ან იქნებ აქ ნასწავლ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ჩემს სამშობლოში წავიღებ?“ – გაიფიქრა ჯანიკამ ღიმილით და ბექაურების მყუდრო სახლს გახედა.
მეორე დღეს ჯანიკა ჯავახეთში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სომეხ ოჯახს შეხვდა. სოფელში მისვლისთანავე, მასპინძლებმა გულთბილად მიიღეს, სომხური ქადით და ტოლმით გაუმასპინძლდნენ.
ანა: კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სოფელში, ჯანიკა! ჩვენ ძალიან გვიხარია შენი სტუმრობა.
ჯანიკა: მადლობა, ანა! აქაურობა ძალიან ლამაზია. ძალიან საინტერესოა თქვენი ტრადიციების გაცნობა.
ანა: ქართველები და სომხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობთ, ერთმანეთის დღესასწაულებს ვზეიმობთ, ერთად ვშრომობთ და ერთმანეთს ვეხმარებით.
ჯანიკა: ეს მართლაც შთამბეჭდავია. ხორვატიაში მსგავსი ურთიერთობები გვქონდა, მაგრამ აქ უფრო ნათლად ვგრძნობ, რამდენად ძვირფასია მეგობრობა და ურთიერთგაგება.
ჯანიკა დაეხმარა ანას სოფლის საქმეებში – ბოსტნის მოვლაში, პურის ცხობასა და პატარა ბავშვებთან თამაშში. იგი ხედავდა, როგორ იყო ხალხი ერთმანეთზე დამოკიდებული, როგორ ინარჩუნებდნენ ტრადიციებს და აგრძელებდნენ ურთიერთობას თაობიდან თაობამდე.
საღამოს, ქარის ზუზუნში, როცა მთებს შეფენილი სოფლები დუმდნენ, ჯანიკამ იგრძნო, რომ ეს მოგზაურობა მას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საკუთარი თავის უფრო ღრმა გაგებაში ეხმარებოდა.
არეგნაზ აღაბაბიანი
მე-10 კლასის მოსწავლე
მასწავლებელი: იამზე მსხვილიძე