სოფიო ჯალაღონია
ზუგდიდის №3 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
ნანა ჯალაღონია
წამყვანი მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი
ადამიანი სამყაროს სხვადასხვა კუთხით შეიმეცნებს, თუმცა ის ერთიანია და არა საგნებად და სფეროებად დანაწილებული, შესაბამისად, სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები მოსწავლეს უნდა აძლევდეს სამყაროს მთლიანობაში აღქმის შესაძლებლობას. სასწავლო დისციპლინები ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული. საგანთაშორისი კავშირების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ გარე სამყაროს მოვლენებსა და პროცესებს შორის მრავალნაირი მიმართება და ჩავწვდეთ მათ შორის ურთიერთქმედების არსს. იმავდროულად, მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საკითხის მრავალმხრივი ცოდნა, დისციპლინათა მიღმა ცოდნის სინთეზირება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობითი უნარების აღმოჩენა-განვითარება და მათი საშუალებით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. შესაბამისად, აქტუალურია, ამ უნარების განვითარების გზებისა და საშუალებების პრაქტიკაში რეალიზების საკითხი.
საგნების ინტეგრირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გაღრმავებული სწავლებისას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, გაღრმავებული სწავლება ერთ-ერთი ძირითადი მეთოდური ორიენტირია, რომელიც, სასწავლო მასალის ეტაპობრივი და მრავალმხრივად მიწოდების გარდა, გულისხმობს საგანთაშორისი კავშირების გამოვლენასა და საერთო ასპექტების დამუშავებას. ინტეგრირებული გაკვეთილები კი ამგვარი მიდგომის ერთ-ერთი ფორმაა. სწავლება მოიცავს ისეთი საგნების ერთმანეთთან დაკავშირებას, რომლებიც, შესაძლოა, ერთი შეხედვით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ კავშირების აღმოჩენა მოსწავლეებს ეხმარება, უფრო სიღრმისეულად, ახლებურად და ორიგინალურად მიუდგნენ სწავლის პროცესს, მიიღონ რეალური, ღრმა ცოდნა და გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაში არაერთი ტექსტია შეტანილი, რომელიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის თემას ეხება. უფრო მეტიც, ყურადღება გამახვილებულია ისეთი საკითხების დამუშავებაზე, როგორიცაა ადამიანი და ბუნება. ცოცხალი ორგანიზმების მიმართულებით კი საკითხი უფრო სიღრმისეულად შეისწავლება.
დავსვათ კითხვა – რას ვაკეთებთ სკოლაში, რომ ბავშვებს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მიმართ თანაგრძნობა გავუჩინოთ? ვფიქრობთ, ლიტერატურას ყველაზე კარგად შეუძლია ნამდვილ ფასეულობებს აზიაროს ადამიანი, აგრძნობინოს სამყაროს უსაზღვროება, მრავალფეროვნება და ადამიანური ცოდნა კეთილმოქმედებად აქციოს.
ამ მხრივ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები მნიშვნელოვნად აახლოვებს მკითხველს ბუნებასთან. თითქმის ყველა პროზაულ თუ პოეტურ ნაწარმოებში იგი წარმოაჩენს ბუნების მნიშვნელობას. საგულისხმოა, რომ ბუნება ვაჟას ნაწარმოებებში არ აღიქმება მისტიკურად და ზებუნებრივად. ავტორი თვლის, რომ ამ სამყაროში ბუნების ფენომენი ადამიანისთვის ერთადერთი, უცვლელი და უმნიშვნელოვანესია. რეალურ მოვლენათა ესთეტიკური აღქმის საფუზველზე, ვაჟა გვიხატავს გარემოსა და ადამიანის სინთეზს. ამ გარემოში კი დიდი მნიშვნელობა აქვთ მცენარეებს, ცხოველებს, ბუნებრივ მოვლენებს, ჰაერსაც კი, რომელიც ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი რესურსია.
ვაჟას ნაწარმოებები მაგალითია იმისა, რომ ადამიანმა ბუნებას მხოლოდ მომხმარებლის თვალით კი არ უნდა უყუროს, ვინაიდან მისი განუყოფელი ნაწილია, არამედ უნდა გასცემდეს კიდეც. ადამიანი მუდმივად საზრდოობს ბუნების ნაყოფით და, მორალური თვალსაზრისით, მისი მოვალეა, რის დავიწყებასაც უმადურობად მიიჩნევს.
ვაჟა-ფშაველა ბუნების მოტრფიალეა. მას კარგად ესმის ბუნების ტკივილი და სიხარული, ხედავს როგორ ჰარმონიულად შერწყმია ყველა სულდგმული და მოვლენა ერთმანეთს და ამ დიდ დღესასწაულში მხოლოდ ადამიანს შეაქვს დისჰარმონია. იგი მწუხარებით აღწერს შეუბრალებელი კაცის საქციელს, რომელიც „რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს“, რადგან ვერ აფასებს სილამაზესა და სიცოცხლეს.
ვაჟა ერთგან აღწერს, თუ როგორ გამოჩნდა ტყეში მხარზე თოფგადებული კაცი, რომელიც „მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა… ფოთლები წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში“. ადამიანი ამითაც არ დაკმაყოფილდა: თოფი ჩამოიღო მხრიდან და თელის ტოტზე დასასვენებლად ჩამომჯდარ მოღუღუნე ქედანს ესროლა. „ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა…სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდან და თვალები დახუჭა“. მისი სისხლი ყვავილებსა და ბალახებს წვეთ-წვეთად დაეტყოთ მწვანე ფოთლებზე. ვაჟა ამ სისხლის წინააღმდეგია. მას სურს, რომ ადამიანი ამოვარდნილი კი არ იყოს ბუნების წიაღიდან, არამედ იგიც ისეთივე შემადგენელი ნაწილი იყოს მისი, როგორც ია, როგორც სასუტელა და სხვა არსებანი, მაგრამ ადამიანს თავად არ სურს ბუნებასთან ჰარმონიული თანაშერწყმა და, ნებსით თუ უნებლიედ, ანადგურებს იმას, რაც თავად არ შეუქმნია. ვინაიდან ადამიანები ბუნებას სიცოცხლის მთავარ წყაროდ ვერ აღიქვამენ, ავტორი „იძულებული“ ხდება აამეტყველოს იგი. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ ტყის გაჩეხვა იწვევს მეწყერსაშიში ზონების წარმოქმნას, ნიადაგის ტენიანობის შემცირებას, თოვლის სწრაფ დნობას, ნალექების არათანაბარ განაწილებას, კლიმატის ცვლილებების (გლობალური დათბობის) ხელშეწყობას, ცხოველებისა და ფრინველების თავშესაფრის განადგურებას. იმავდროულად, ფრინველების დახოცვით მრავლდებიან სასოფლო სამეურნეო მავნებელი მწერები.
ბუნებასთან კონფლიქტში შესული ადამიანი უძღებ შვილსა ჰგავს, რომელიც ბოლოს იძულებული იქნება, ისევ მშობლის კალთას დაუბრუნდეს. ვაჟას მთელი შემოქმედება, თითქოს, ბუნების ანარეკლია, რომელსაც ისე კი არ ხატავს, როგორც რაიმე საგანს, არამედ როგორც ცოცხალ არსებას, რომელსაც აკავშირებს თავის განცდებთან, როგორც ნამდვილი გულთამხილავი და მესაიდუმლე, ისე ელაპარაკება მთას, ნიავს, მდინარეს, ხეს, ქვას…
ყველაფერი რაც ჩვენ ირგვლივ არსებობს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა, ბუნებაა. ბუნება და სიცოცხლე ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. სიცოცხლე, ორგანიზმთა მახასიათებლები და მათი ქცევა ბუნებაში წარმოიშვა და მიმდინარეობს. იგი ბუნების უწყვეტი ჯაჭვია. ბუნება ერთ დიდ ოჯახს ჰგავს, რომელზეც მუდმივად უნდა ზრუნავდნენ და უფრთხილდებოდნენ ადამიანები. ბუნებაში არის ყველაფერი, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ: სუფთა წყალი, ნიადაგი, ტყე და ა.შ. თუმცა, თავად ბუნებასაც სჭირდება სუფთა წყალი, ნიადაგი, რათა იარსებოს და არ დაირღვეს მისი კანონზომიერებები.
სამწუხაროდ, ადამიანების დაუდევრობის გამო, ხშირად ვხვდებით დაბინძურებულ და დაზიანებულ ბუნებრივ გარემოს. ვაჟას „მთის წყარო“ წუხს, რომ „გახურებულს ზაფხულის დღეში რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა. რამდენი დაღალულ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: „დაილოცე, ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?!“ უმრავლესობა ზედ მაფურთხებს. რა ვქნა, მე ვერავის მივაფურთხებ. დეე, ისევ მე მაფურთხონ!“ არადა, წყლის გარეშე ხომ ვერავინ ვერ იარსებებს – ვერც ადამიანი, ვერც ცხოველი და ვერც მცენარე… წყლის დაბინძურებასაც ხომ ადამიანები იწვევენ სხვადასხვა გზით: ქარხნებისა და კომპანიების მიერ ნარჩენების მდინარეებსა და ოკეანეებში მოხვედრის რისკი (რის გამოც რამდენიმე კილომეტრის მანძილზე თევზისთვის საარსებო პირობები ისპობა), წყლის ქიმიური (ჭარბი სასუქების), სოფლის მეურნეობის ნარჩენებით დაბინძურება, ნაგავსაყრელის ქვეშ ჩაჟონილი წყლით მიწისქვეშა წყლების დაბინძურება და სხვა. გასულიერებული მთის წყარო ზნეობრივად სუფთაა, უცოდველი: „არაფერი ცოდვა არ მიქნია ჩემს სიცოცხლეში. ვერც ერთი სულიერი, თუნდ უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დავუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო, ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი“.
ვაჟა-ფშაველას მოთხრობები: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, „ია“, „მთის წყარო“ ადამიანთა ზნეობრივი სრულყოფილების, სიკეთისა და ბუნებაზე მზრუნველობის მიზნით შეიქმნა.
„ფესვებში“ გადმოცემულია მუხის გულისტკივილი, რომელიც მოჭრეს, რომელსაც სიცოცხლე და შრომა სწყუროდა: „ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ, დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია. გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყლეთ საბრალო ფესვების მუდარა“.
მოთხრობებში: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ია“, „ფესვები“ – ვაჟა გვაჩვენებს ადამიანის უსულგულო, დაუნდობელ დამოკიდებულებას ცხოველებთან და მცენარეებთან, ბუნებასთან. ვაჟა-ფშაველას მთავარი მიზანი კი სწორედ ამ ცუდი თვისებების დაგმობაა. მისი ყველა ნაწარმოები სწორედ ამ პრინციპით არის ღირებული: უარყავი უზნეო, ცუდი ქმედებები, დაიცავი ღირებული!
„ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი – ამ ჰარმონიის ნაწილი და როგორც არ უნდა იყოს მისი საამწუთიერო ინტერესები, იგი საბოლოოდ განწირული იქნება, თუ ბუნების გრძნეულ ენას არ მიუგდებს ყურს, მის უხილავ სულიერებას არ ირწმენს და მის ტკივილს არ გაიზიარებს. ბუნება ოდესმე სამაგიეროს გადაუხდის თავის ყოვლისშემძლეობით გაამპარტავნებულ ადამიანს და მარტოდმარტოს დატოვებს ცხოვრების დამშრალი მდინარის უსიცოცხლო, უხმო და უჩრდილო ნაპირზე“ – ამბობს ვაჟა ერთგან და ჩვენც უნდა გავიზიაროთ მისი მსოფლმხედველობა, რადგან განვითარების რა დონეზეც არ უნდა ავიდეს ადამიანი, ბუნება ყოველთვის დარჩება მის საიმედო სახლად, ხოლო უმთავრეს მოვალეობად – ბუნების დაცვა.