ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტები, ნიკო სილაგაძე და გია ბეგიაშვილი, ისტორიის და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ინტეგრირებაზე გვესაუბრებიან, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ორ, ერთი შეხედვით, შორეულ საგანს და რომელ მნიშვნელოვან ასპექტებზე უნდა გაამახვილონ ამ საგნების პედაგოგებმა ყურადღება, თუ ერთობლივად გადაწყვეტენ კომპლექსური დავალების განხორციელებას.
ნიკო სილაგაძე: ვაგრძელებთ საუბარს საგანთა შორის ინტეგრაციაზე. ჩემს საგანზე საუბრით დავიწყებ. როდესაც ინტეგრაციას ვახსენებთ და ისტორიაზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, აზრად მოგვდის ინტეგრაცია მომიჯნავე საგნებთან, ვთქვათ, სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიასთან. თუმცა, ჩვენი საუბრის თემა ეს არ იქნება, დღეს შევეცდებით, გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ, ერთი შეხედვით, ისეთ შორეულ საგანთან, როგორიც ფიზიკური აღზრდა და სპორტია. გია, რას გვეტყვით, შეიძლება რაიმე საერთო ვიპოვოთ ისტორიასა და სპორტს შორის?
გია ბეგიაშვილი: საგანში ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფიზიკურ აქტივობებთან ერთად, მნიშვნელოვანია თეორიული ასპექტებიც, რომლის დაკავშირებაც შესაძლებელია საგანთან „ისტორია“.
ნ.ს.: თემატური მაგალითი რომ გვითხრა…
გ.ბ.: მაგალითად, ჩვენთან ერთ-ერთი თემატური ბლოკია სპორტის ტრადიციული სახეობები და ავიღოთ ერთ-ერთი საკითხი ქართული ჭიდაობა. ამ შემთხვევაში, დავალების პირობად, მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ ვიდეორგოლის, პროექტის ან ბუკლეტის მომზადება და სხვა. აქ მნიშვნელოვანი იქნება, რომ შინაარსში გამახვილებული იყოს ყურადღება ქართული ჭიდაობის წარმოშობის ისტორიაზე, ასევე, იმაზე, თუ მოჭიდავეები, ორთაბრძოლის დაწყების წინ, რაზე აკეთებდნენ ხოლმე აქცენტს. შესაძლებელია, აგრეთვე, ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ ასეთი მიმართულება, ვთქვათ — გამოჩენილი ქართველი მოჭიდავეები ქართული ჭიდაობის ისტორიიდან და ამ კომპლექსურ დავალებაში პატარა ისტორიებიც იყოს მოყვანილი, როგორც უკვე ვთქვი, ორთაბრძოლის დაწყების წინ, რაზე აკეთებდნენ ისინი აქცენტს. თავის დროზე, სანამ ქართული ჭიდაობის წესები შეიცვლებოდა, მნიშვნელოვანი იყო, ორთაბრძოლის დაწყების წინ, მისალმებამდე, ქართული ცეკვის შესრულება. ამ კონტექსტში, რამდენად შესაძლებელია ეს, რაზეც ვისაუბრეთ, ისტორიას რომ დავაკავშიროთ, თქვენ როგორ ფიქრობთ?
ნ.ს.: მე მგონი, ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ თუ გადავხედავთ ისტორიის ეროვნულ სასწავლო გეგმას, ეს საგანი მარტო პოლიტიკური ისტორიის საკითხებზე არ აკეთებს აქცენტს. ისტორიის შემთხვევაში, ექვსიდან ერთი სამიზნე ცნებაა საზოგადოება, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორი იყო ადამიანების ყოფა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, მათ შორის, დასვენებისა თუ გართობის საშუალებები ან სპორტის რა სახეობები არსებობდა ამ დროს. თუ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას, დავინახავთ, რომ არსებობს რაღაც პოსტერი ან ბუკლეტი ქართული ჭიდაობის შესახებ (იმ ნიუანსების გათვალისწინებით, ეს შუასაუკუნეები იქნება თუ შემდგომი პერიოდი), საქართველოს ისტორიის შესწავლისთვის, რომელიც მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში ისწავლება, მე მგონი, ძალიან საინტერესო იქნება. სტრუქტურული ერთეულების ენაზე რომ ვთქვათ, შევთანხმდით, რომ კომპლექსურ დავალებას, ამ შემთხვევაში რაღაც პროდუქტს, იქნება ეს პოსტერი, ბუკლეტი თუ ვიდეორგოლი ჭიდაობასთან დაკავშირებული, ქმნის მოსწავლე და ისტორიიდან სამიზნე ცნება აქ საზოგადოებაა.
გ.ბ.: ფიზიკური აღზრდიდან კი სამიზნე ცნებაა ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ნ.ს.: გამოდის, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შემთხვევაში, ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, აუცილებლობაზე გააკეთებს აქცენტს მაშინ, როცა ისტორიის შემთხვევაში — იმ ყოფით თავისებურებებზე, რომელიც იმ ეპოქას უკავშირდება, რომელსაც ქართული ტრადიციული სახეობა მოსდევს, ჭიდაობის სახით. მე მგონი, ეს საინტერესოა, მაგრამ მარტო ეროვნულ კონტექსტში რომ არ ჩავიკეტოთ, კიდევ ხომ არ შეგვიძლია სხვა მაგალითის მოტანა?
გ.ბ.: რატომაც არა, როდესაც ვსაუბრობთ სპორტზე, სპორტის ისტორიაზე, ერთ-ერთ თემად შეგვიძლია ოლიმპიზმი ავიღოთ და ერთი კონკრეტული საკითხი იყოს, ვთქვათ, ანტიკური ოლიმპიური თამაშები, რაც ძალიან საინტერესო იქნება. აქაც, ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, დავალების პირობა იყოს როგორც ვიდეორგოლის მომზადება, ასევე — პროექტის, კედლის გაზეთის და სხვა. მნიშვნელოვანია, აუცილებლად გაესვას ხაზი, თუ რატომ შეიქმნა ოლიმპიური თამაშები, რომელ ქალაქში ჩატარდა პირველი ოლიმპიური თამაშები, სპორტის რომელ სახეობებში, ვინ იყო პირველი გამარჯვებული. რამდენად მნიშვნელოვანია ეს კონტექსტი თქვენთვის, ისტორიისთვის და რამდენად ახლოს ვართ (ისტორია და ფიზიკური აღზრდა და სპორტი) ამ კონტექსტში?
ნ.ს.: ნამდვილად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ანტიკური ხანა (ანტიკური და გვიანანტიკური ხანა) ერთ-ერთი თემაა მე-7 კლასში, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ეტაპებზე თავისი ტიპის კომპლექსური დავალებებია. მე მინახავს ასეთი დავალებები, ისევ სამიზნე ცნება საზოგადოებაზე დამიზნებით. მაშასადამე, გამოდის, რომ ეს დავალება, რომელიც ტიპურია ისტორიის გაკვეთილებისთვის, შეიძლება ორი მასწავლებლის მხრიდან გახდეს ყურადღების საგანი — დავუშვათ, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ამას შეხედავს იმ კუთხით, თუ რამდენად აცნობიერებს ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას და რამდენად იყენებს ამისათვის ამ დავალებას; ისტორიის მასწავლებლისთვის კი მნიშვნელოვანი იქნება, როგორი იყო ეს ყოფითი თავისებურებები და ანტიკურ საზოგადოებაში როგორ ეწერებოდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა.
ახლა, თუ შეიძლება, შენი ნებართვით, ცოტა შევცვლი რაკურსს. მაინც მეჩვენება, რომ ისტორიაზე მეტი აქცენტით ვლაპარაკობთ, რადგან ეს თეორიული საუბრები, პრეზენტაცია, თითქოს, ისტორიისკენ მოდის. სამართლიანი რომ გამოვიდეს ჩვენი დღევანდელი მსჯელობა, მე მგონი, ცოტა ფიზიკური აქტივობებისკენაც გადავიტანოთ ყურადღება იმიტომ, რომ ფიზიკური აღზრდა და სპორტი უფრო ფიზიკურ აქტივობებს უკავშირდება და ვიცი, რომ გვაქვს კომპლექსური დავალების ასეთი ტიპი — მხიარული თამაშები.
გ.ბ.: რა თქმა უნდა, ჩვენს საგანში ძირითადი დატვირთვა მაინც ფიზიკურ აქტივობებზე მოდის და სულ თეორიულ ასპექტებზე რომ არ ვისაუბროთ, ეს მიმართულებაც მიმოვიხილოთ. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ისტორიისა და ჩვენი საგნის მარტივად დაკავშირება — დავალების პირობა იყოს, ვთქვათ, რომელიმე მოძრავი თამაშის შექმნა-შემუშავება. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომელიმე კონკრეტულ ოლიმპიურ თამაშებთან (ანტიკურ ან თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებთან, შესაძლებელია, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან) მოხდეს კონკრეტული ფიზიკური აქტივობების დაკავშირება. ამ შემთხვევაში, ისტორიის კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება დეკორაციების მიმართულება, მაგალითად, ანტიკური ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია, კონკრეტული ფიზიკური აქტივობები დავაკავშიროთ იმ სივრცესთან, რომელსაც ბავშვები შექმნიან და სადაც განხორციელდება, მოძრავი თამაშების სახით, ეს აქტივობები. რამდენად შესაძლებელია, ეს სივრცე იმ დროიდან, შესაბამისი ეპოქიდან გამომდინარე რომ მოეწყოს.
ნ.ს.: ისტორიისთვის ეს ძალიან ტიპური კომპლექსური დავალებაა — ცალკეული სივრცეების მოწყობა რომელიმე ისტორიული ეპოქის დეკორაციების გათვალისწინებით. რაზეა საუბარი? როგორც მივხვდი, სპორტში კომპლექსური დავალების ფორმაა, როცა მხიარული თამაშები იგეგმება, რისთვისაც მოსწავლეები, კარგა ხნის განმავლობაში, ემზადებიან და აქ ინტერპრეტაციებს აქვს ადგილი, შეიძლება სხვადასხვა ტიპის თამაშები იქნეს მოგონილი, რბენების, ხტომებისა თუ სხვა ფიზიკური თვისებების გასავითარებლად. ამ დავალებას და ამ პროცესს, შეიძლება, დაემატოს მოთხოვნები ისტორიის მასწავლებლის მხრიდან. თუ მე ვარ მოსწავლე (კლასი) და ვემზადები ამ ფიზიკური თამაშებისთვის, შეიძლება დამევალოს, რომ ეს თამაშები მოეწყოს, ვთქვათ, ანტიკური ხანის ან თუნდაც მე-19 საუკუნის ოლიმპიური თამაშების ესკიზების მიხედვით და ის სივრცე, სადაც ეს თამაშები გაიმართება, თემის შესაბამისი იყოს. ამგვარად, დავალებისთვის მზადება ორი საგნის რეჟიმში გვექნება.
გ.ბ.: ჩვენი საუბრის დროს, გამოიკვეთა, რომ შესაძლებელია, ამ კომპლექსურ დავალებაში, ინტეგრირების პროცესში, ხელოვნების მასწავლებელი და ხელოვნების მიმართულებაც თავისუფლად ჩავრთოთ. ხელოვნებასთან ერთად, ასევე, სავსებით შესაძლებელია მუსიკის მიმართულებაც შემოვიტანოთ…
ნ.ს.: თუ კარგი ტექსტი ვიპოვეთ, ამ ყველაფრის ამსახველი, ქართული ენისა და ლიტერატურის დაკავშირებასაც არაფერი უდგას წინ, უბრალოდ, ბავშვის ყურადღება თუ მისწვდება ამდენ საგანს.
მაშასადამე, რა გამოდის, რომ იმ მხიარულ თამაშებს, რომელიც რაღაც დათქმულ დღეს და დათქმულ მომენტში გაიმართება, მე, როგორც ისტორიის მასწავლებელმა, შეიძლება იმ კუთხით შევხედო, თუ როგორ არის მოწყობილი იქ სივრცეები, გათვალისწინებულია თუ არა იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ასპექტები და ბავშვები გამოვკითხო, რომ აღწერონ რა გააკეთეს, რატომ გააკეთეს და შევამოწმო ისტორიის სამიზნე ცნებების — დრო, სივრცე თუ საზოგადოება — აღქმა, ამ კუთხით. პარალელურად, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი დააკვირდებოდა ნორმატივებს.
გ.ბ.: რამდენად გამოიმუშავეს მოსწავლეებმა ის აუცილებელი უნარი, რაზეც საგაკვეთილო პროცესში მიმდინარეობდა მუშაობა. მნიშვნელოვანი იქნება, კონკრეტულ შემაჯამებელზე, ამ უნარების წარმოჩენა მოსწავლეების მხრიდან.
ნ.ს.: რომ შევაჯამოთ, რა გამოვიდა ჩვენი ასე ექსპრომტად საუბრიდან, რომელიც შეიძლება ნებისმიერ სკოლაში, ნებისმიერ სამასწავლებლოში შედგეს. დავიწყოთ ბავშვზე საუბარი, იმიტომ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გვაქვს. თუკი შენ, როგორც ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი და მე, როგორც ისტორიის მასწავლებელი, ვსხედვართ, დავუშვათ, სამასწავლებლოში და ვფიქრობთ, როგორ დავგეგმოთ კურიკულუმი, ანუ ამ ბავშვის სასწავლო გზა, შეიძლება გადაკვეთის წერტილები ჩვენს საგნებს შორისაც ვიპოვოთ და აქ ერთი მექანიზმი შეიძლება იყოს — ისტორიისთვის საინტერესო თეორიული საკითხების სპორტისათვის საინტერესო თეორიულ ასპექტებთან დაკავშირება. ეს, ალბათ, უფრო ისტორიისკენ აქცენტის მქონე დავალება იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, იმ მოძრავი თუ ფიზიკური თამაშების კონტექსტში, შეიძლება, თვითონ ისტორიის მასწავლებელმა მისცეს მოსწავლეებს დამატებითი ინსტრუქციები.
გ.ბ.: სავსებით გეთანხმებით…
ნ.ს.: მე მგონი, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ისტორიის მასწავლებლის თვალით რომ შევხედოთ, ნამდვილად ძალიან საინტერესო კომპლექსური დავალებები შეიძლება გამოიკვეთოს იმიტომ, რომ ის დავალებები, რაც ჩვენ განვიხილეთ, ნამდვილად ძალიან ორგანულია და კარგად ეწერება ისტორიის კურიკულუმში.
გ.ბ.: ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის გადმოსახედიდან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ორი საგნის ინტეგრირება. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი საუბარი ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს და ისტორიის მასწავლებლებს დაეხმარებათ, სამომავლოდ, ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ საინტერესო კომპლექსური დავალებები.