საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 15 მარტს, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი უსაფრთხო გარემოში განახლდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.
ტესტირების პროცესი, სხვა სკოლებთან ერთად, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა და იგი სრულ მზადყოფნაში ხვდება სწავლის განახლებას. სკოლა სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებითა და ყველა საჭირო ინვენტარით. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, 15 მარტიდან, უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდება.
სავალდებულო ტესტირების ფარგლებში, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლები თბილისის 150-ე საჯარო სკოლას მესამედ ესტუმრნენ და მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება ჩაატარეს.
150-ე საჯარო სკოლაში, ამ დრომდე, ჩატარებული სამი ტესტირებიდან, ვირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 მარტს საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული 900-ზე მეტი მოსწავლე სასწავლო პროცესს უსაფრთხო გარემოში დაიწყებს.
ტესტირების პროცესის ჩასატარებლად ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლები 150-ე საჯარო სკოლაში ორი კვირის შემდეგ – 26 მარტს მივლენ და კიდევ ერთხელ შეამოწმებენ მასწავლებლებსა და ტექნიკურ პერსონალს: სკოლის დირექტორსა და მოადგილეებს, საქმისმწარმოებელს, ბუღალტერს, დარაჯს, დამლაგებლებს და ა.შ.
საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემატური ტესტირება, ორ კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, ტარდება. პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.