წიგნი, რომელზეც ახლა მინდა გიამბოთ, საქართველოს ისტორიის იმ ერთ ყველაზე საბედისწერო ეპოქას ეძღვნება, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა.
ანთოლოგია „ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია“, რომლის ქვესათაურია „მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“, კრიტიკოსმა თამაზ ვასაძემ შეადგინა და ის 18 ქართველი მწერლის 18 მოთხრობას აერთიანებს. გამოცემა 5 ნაწილისგან შედგება, მოთხრობები კი იმგვარადაა დალაგებული, რომ მკითხველმა თავიდან ბოლომდე მიადევნოს თვალი საბჭოთა ეპოქას და იმას, რაც მისგან დაგვრჩა. შესაბამისად, გამოცემა იწყება მოთხრობებით, რომლებიც საბჭოეთის გამოჩენას ეძღვნება და სრულდება მისი გაქრობით, რომელიც, სინამდვილეში, არსად გამქრალა.
„საბჭოეთის გამოჩენა“, „სალტეების შემოჭერა“, „ჩვეულებრივი საბჭოთა ცხოვრება“, „უძრაობიდან“ ფინალისკენ“, „დანატოვარი“ – ესაა იმ 5 ნაწილის სათაური, რომელთა ქვეშ ერთიანდება ლეო ქიაჩელის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, გიორგი ლეონიძის, ოთარ ჩხეიძის, რეზო ჭეიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გურამ რჩეულიშვილის, შოთა ჩანტლაძის, რეზო ინანიშვილის, ჯემალ თოფურიძის, ნოდარ წულეისკირის, ჯემალ ქარჩხაძის, ვლადიმერ სიხარულიძის, ირაკლი ქასრაშვილისა და ნუგზარ შატაიძის რჩეული მოთხრობები.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წიგნზე საუბარს მეც დანატოვრის ეპოქიდან ვიწყებ, რადგან საბჭოეთის კვალი ჩვენს ცნობიერებაში ჯერ კიდევ ღრმადაა ჩაკირული. ეს ანთოლოგია კი მცდელობაა, ამ ცნობიერების შავ ბურუსს დიდი ქართველი მწერლების ნიჭიერმა ხელმა ეს საბურველი გადააცალოს.
🔃 საბჭოეთის გამოჩენა
„საბჭოეთის გამოჩენაში“ ლეო ქიაჩელის მოთხრობასთან („ჰაკი აძბა“) ერთად, შესულია ნიკოლო მიწიშვილის „თებერვალი“, რომელშიც აღწერილია 1921 წელს საბჭოთა ბოლშევიკური მთავრობის შესვლა ბათუმში („გაჩნდა მთავრობა ბოლშევიკური“). როგორც ცნობილია, ბათუმში ბოლშევიკების შემოსვლას ნიკოლო მიწიშვილი თავად შეესწრო, ეს ტექსტი კი მან ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, 1923 წელს, პარიზში დაწერა.
ბოლშევიკების გამოჩენასა და მის თანმდევ პროცესებს ტექსტში ერთი პერსონაჟის თვალით ვაკვირდებით, რომელიც შეგუების, დანებების, მორჩილების გზას ადგება, რათა გადარჩეს. ის დილით გარეთ გამოდის და მთელი ძალით უნდა დარწმუნდეს, რომ ასეთი დიდი ცვლილებების შემდეგ ჯერ კიდევ ცოცხალია და რომ გადარჩა.
„უნდოდა ყველას დარწმუნება, რომ ის ცოცხალია.
მოქალაქეს არ სჯეროდა (დილით რომ გაიღვიძა), თუ ის არაა მკვდარი და სურდა ამაში დარწმუნება. თვითონ თავისი თავი ამაში ვერ დაეჯერებინა. საჭირო იყო სხვისი ნახვა. კითხვა. კითხვა-პასუხი. ამ სურვილმა უფრო გამოაგდო მოქალაქე კარში. გრძნობდა მოქალაქე ასტრალურად, რომ კონსულტაცია ამისა რევკომთან ხდება. ესე იგი: მხოლოდ რევკომთან დარწმუნდებოდა კაცი – ცოცხალია ის, თუ უკვე ცოცხალი აღარ არის და ეს მშვენიერი დღე, ეს მზე, ეს ბედნიერება – სიზმარი და იმ ქვეყნიური ოცნებაა 1921 წ. მარტში გარდაცვალებული მოქალაქისა.
რა იყო რევკომთან?
რევკომთან იდგა მთელი ქალაქი, ქალაქს კი თავზე ადგა ცხელი მზე“.
სიცოცხლეში დარწმუნებასთან ერთად, ჩნდება შიში. შიში იმისა, თუ როდემდე გასტანს ეს სიცოცხლე? მოკლავენ? დასახვრეტადაა განწირული? მაშინ რა მოელის? და ეს შიში ჭამდა სულს.
ეს შიში ედებოდა მთელ სხეულს.
და ყველა ფიქრი ამ შიშით იყო ნაკარნახევი.
რჩებოდა ერთადერთი მიზანი: სრული მორჩილება და სრული ერთგულება: „ფიქრობდა მოქალაქე, რომ არ სჭირდება (მთავრობას) დახვრეტა ამდენი ხალხის, მაგრამ ჯერჯერობით არ იცოდა მოქალაქემ – რა სჭირდება მთავრობას და ეშინოდა ამიტომ. თუმცა ამხნევებდა მოქალაქეს ის იმედი, რომ სრულის ერთგულობით მოვიდა რევკომთან, გულწრფელის თანაგრძნობით და ერთგულებით (ღმერთია მოწამე – გულწრფელის ერთგულებით. ყველა)“.
ეს სიცოცხლეში დარწმუნება და შიში გასაგებია. ამას რომ მოჰყვა მიზანი სრული მორჩილებისა – ესეც. „ღმერთია მოწამე“, გულწრფელი იყო ეს ერთგულება – საკუთარ გულშიც კი იმეორებს, რადგან ფიქრიც შეიძლება კონტროლდებოდეს. მაგრამ ახლა რჩება მთავარი: საკუთარ სინდისთან, მორალთან, მორიგება; დარწმუნება, რომ ცუდს არაფერს შვრება, მის სინდისს არ აზიანებს, ადამიანურობას არ კარგავს (არ აკარგვინებენ).
„და ფიქრობდა მოქალაქე კიდევ:
– ეს მენშევიკები ხომ წავიდენ და წავიდენ. ჯანდაბა მათ თავს. მთავრობა მოვიდა ახალი. მთავრობა ხომ საჭიროა (უთუოდ საჭიროა მთავრობა). ჰო, და ეს მთავრობა უკვე არის. ა, ბატონო, ა: ამ სახლშია მთავრობა. მოვიდა. დავანებოთ თავი, თუ როგორ მოვიდა. ხომ კი მოვიდა, ხომ კი არის ამ სახლში და ხომ კი ველი მისგან ვარსკვლავიან ქაღალდს…“
მაგრამ მაინც არ ასვენებდა მოქალაქეს საკუთარივე თავი, საკუთარივე ფიქრი. გადიგრიხებოდა მოქალაქის ფიქრი, გადაუხვევდა გზას და ეს ფიქრი ასეთი იყო: მთავრობა კი მოვიდა, ის კი საჭიროა, ის კი აუცილებელია, მაგრამ… მაგრამ „როგორ მოვიდა“?..
და დღის დასასრულს, როცა მოქალაქე დაუსრულებლად იმეორებს სიტყვებს: „ცოცხალი ვარ, ცოცხალი ვარ, ცოცხალი ვარ…“, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთი დღით გადარჩა, ასკვნის, რომ თუ კაცი ჭკუით იქნება, გადარჩენა შესაძლებელია. მაგრამ ეს გადარჩენა პიროვნების სიკვდილის ტოლფასია ტოტალიტარული მმართველობის ქვეშ.
„შეიძლება… მუშაობა. შეიძლება… იქნებ მოქალაქე ამ სიტყვის იქით გულისხმობდა: შეიძლება… საქმეების გამოჭახრაკებაც კიო“.
და აქ მოკვდა მოქალაქე. თავის გადარჩენის ძიებაში ყველაფრის უდრტვინველად მისაღებად რომ მოემზადა, იმ დროს მოკვდა. და სწორედ ეს იყო „საბჭოეთის გამოჩენის“ უტყუარი ნიშანი: დამფრთხალი, საკუთარ ტყავზე მოფიქრალი ქართველი, რომელიც სიტყვა „შეიძლებას“ რუსულად წარმოთქვამდა („მოჟნო“).
„ასე დაღამდა ეს დღე. ამ დღემ თქვა:
– მონჟო“.
🔃 სალტეების შემოჭრა
„მოჟნომ“ მოიტანა „სალტეების შემოჭერის“ ეპოქა, რომელსაც ეძღვნება მიხეილ ჯავახიშვილის „დამპატიჟე“ და კონსტანტინე გამსახურდიას „ზარები გრიგალში“.
ამ ორი ტექსტის სათქმელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდრე მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ უნდათ თვალის ახელა და გამოღვიძება, ვიდრე ჯერ კიდევ ხეირს ეძებენ ამა თუ იმ ვითარებიდან ან ურჩევნიათ, რომ სინამდვილე არ დაიჯერონ, არ ჩაერიონ, პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალურად მოწყვეტილებმა იცხოვრონ, ამასობაში პოლიტიკური პროცესები თავად მოიკვლევენ გზას და დგება წამი, როცა სასტიკი რეალობის დანახვის მეტი აღარაფერი დაგრჩენია, თუმცა ფაქტია, რომ უკვე ძალიან გვიანია – უკვე შენც მსხვერპლი ხარ.
„დამპატიჟეს“ საწყის გვერდებზე ვკითხულობთ: „სადღაც რაღაც მოხდა. ეს ამბავი მებაღე თევდორემ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა სამნი მოვიდნენ და უთხრეს:
– ახლა ეს ბაღიც შენია და ეს სახლიც.
სახლისა და ბაღის პატრონი კი სწორედ მაშინ დაიკარგა, როცა სადღაც რაღაც ხდებოდა“.
პროცესი, რომლითაც დასაწყისში ხეირობდა მებაღე თევდორე, მალე მასაც მწარედ დაუბრუნდება უკან და მალე თავად იქცევა სახლის უწინდელი პატრონივით უფლებააყრილ კაცად. უხსენებელივით შემოვა მის ნაშრომ სახლ-კარში ოქროპირი, იგივე „დამპატიჟე“, მზამზარეულს მოუჯდება და წლის სარჩოს გაუნახევრებს მშრომელ კაცს. თავიდან კი იფეთქებს თევდორე, არ შეეგუება, ვიღაც დამპატიჟე ასე უშრომელად რომ შეუჭამს ნაჯაფს, მაგრამ ნელ-ნელა დაცხრება, როცა აქეთ-იქიდან რჩევებს მოისმენს, გაჩუმდი, სულაც არ ჩამოგართვან ეგ ყველაფერიო.
„ეს ერთი წლის მოსავალი ვითომ სულაც არ მომსვლია“ – იფიქრა და ბედს შეურიგდა“.
მოთხრობის დასასრული ყინულივით მჭრელია, ისევე როგორც მთელი მოთხრობა; ისეთი, როგორიც მიხეილ ჯავახიშვილს ახასიათებდა, რომელ ტექსტში აღარ? – „ჩანჩურა“, „ჯაყოს ხიზნები“, „ლამბალო და ყაშა“…
„ოთხფეხს ტკიპა შეუჩნდება, ფუტკარს წინწკალი ჩაუჯდება, ხეს ხავსი და ფითრი მოეკიდება, კლდესაც კი ფათალო ჩაექსოვება და ასე სცხოვრობენ სხვისი წვენით. ნეტა ადამიანიც ასე ხომ არ არის მოწყობილი?“
ფიქრობს თევდორე და დღემდისაც ვერ გადაუჭრია“.
კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობა „ზარები გრიგალში“ დასაწყისიდანვე გვაფრთხილებს იმას, რაზეც გვიყვება ჯავახიშვილის „დამპატიჟე“.
ასე იწყება „ზარები გრიგალში“: „მნათე ოქროპირ მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ „ქვეყანა გამოიცვალა“, როცა დიდმარხვის ორშაბათს, წმ. ზაქარიას ეკლესიის გუმბათზე ჯვარი ვეღარ ნახა, ჯვარი აღარ იყო სამრეკლოზედაც.
სოფელი ყოველ წელს უპირობდა შეკეთებას სამრეკლოებს და საყდარს. ახლა ჯვარიც მოეხსნათ.
აწვიმდა სამრეკლოს. აწვიმდა საყდარს.
ადამიანი ნელ-ნელა ამჩნევს ცვლილებას.
ცვლილება რომ ერთბაშად შეგვენიშნა, ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცეოდა და არავის დასჭირდებოდა მეორე ჯოჯოხეთის გამოგონება“.
აქვე შეგხვდებათ გიორგი ლეონიძის „სამთო საბალახო“ და ოთარ ჩხეიძის „პაგანინის თითები“, ორი სასტიკი ტექსტი სასტიკ ეპოქაზე.
🔃 ჩვეულებრივი საბჭოთა ცხოვრება
„სალტეების შემოჭერას“ მოჰყვა „ჩვეულებრივი საბჭოთა ცხოვრება“, რომელიც იხსნება რეზო ჭეიშვილის ბრწყინვალე მოთხრობით „ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია“. ვინ იცის, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკში, რამდენჯერ წამიკითხავს ეს მოთხრობა და ამის მიუხედავად, ყოველ ჯერზე კიდევ რაღაც ახალს ვპოულობ, ახალ საფიქრალს მიჩენს. ნამდვილი ლიტერატურის მაგიაც ხომ ესაა?
ხოლო რა იყო ჩვეულებრივი საბჭოთა ცხოვრება, ეს ბიჭიკოსა და ტუკვაძის ისტორიით ყველაზე კარგად შეიძლება აიხსნას. ბიჭიკო, ეს ახალგაზრდა კაცი, რომლის ცხოვრება პირადმა შურისძიებამ შეიწირა, ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როგორი დაუცველია სისტემისა და მისი კაცების წინაშე თითოეული მოქალაქე, რომელიც ამ სისტემის კაცს თვალში არ მოუვა, მასზე პირადი ბრაზი დაუგროვდება, რამე არ მოეწონება, რაღაცის გამო გულში ბოღმას ჩაიდებს, მის სიკარგეს ვერ აიტანს… სისტემის კაცი ნებისმიერ ფასად იქცევა „დიდ კაცად“, რათა ყველას ანგარიში გაუსწოროს („ტუკვაძემ რა გზით და როგორ, ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს, მოულოდნელად კარიერა გაიკეთა, ხალხის პატივი, რიდი და შიში დაიმსახურა…“), ბიჭიკო კი, რომელიც ტუკვაძეს კაცად არ თვლიდა, სწორედ მის ამბიციებს, პატარა ადამიანობას, პირად ვნებებსა და ძალაუფლების უსაზღვრობას შეეწირა, ხოლო ყველაფერი, დაწყებული სისტემის პირდაპირი მსახურებიდან გაგრძელებული ფსიქიატრიული საავადმყოფოთი, ყველაფერი ამ ბოროტების იმპერიის სამსახურში დგება.
მას შემდეგ, რაც 37 წლის ბიჭიკოს (ეს ასაკი შემთხვევითი სულაც არ მგონია) ცხოვრება ნელ-ნელა დაადნეს, მას დიდხანს აღარ უცოცხლია. „ნეტავ თუ ახსოვდა, ვინ რა გაუკეთა, ვინ რა დააკარგვინა? შეიძლება ხვდებოდა და არ ამბობდა. მოკვდა დაფიქრებული, ალბათ, ადამიანებს ყველაფერი აპატია“. მაგრამ სიცოცხლეში რომ სამუდამოდ აწამებდა მის მიმართ ჩადენილი სისასტიკე, ბიჭიკოს წამოძახილები მოწმობს: „ტუკვაძე, მოგკლავ, შენი დედა… მოგკლავ, სად წახვალ, სად გარბიხარ, ტუკვაძე, გაჩერდი, თუ ვაჟკაცი ხარ!..“.
რეზო ჭეიშვილი მოთხრობაში ბოროტების სასრულზეც მიგვანიშნებს. მიგვანიშნებს იმაზე, როგორ საცოდავდებიან ერთ დროს გავეშებული სისტემის მსახურები, როგორი მძაფრი ტკივილებით იტანჯებიან; დროსთან ერთად ქრება მათი „დიდება“ და ვიღაცამ შეიძლება მასაში ვერც კი შეამჩნიოს და „ეზოს კუთხეში მიჩეხოს“, ვიღაცამ კი ჩექმაზე დაადგას ფეხი, რადგან ის უკვე აღარავინაა. ერთადერთი, რაც მასთან დარჩა, არის ფიზიკური ტკივილი: „მარტოდმარტო მომავალ ტუკვაძეს სიარული უჭირდა, ყოველ ფეხის გადადგმაზე ემანჭებოდა სახე; აუტანელი ტკივილი აწუხებდა, ეტყობა“.
მაგრამ ეს აუტანელი ტკივილი ვერ გადაწონის ბიჭიკოს და ბიჭიკოს მსგავსი ადამიანების გაუბედურებულ ცხოვრებას, უსამართლო რეჟიმს შეწირულ ადამიანთა ცხოვრებას, რომელთა მომავალი, პირმართალ სახელმწიფოში, ნათელი და მშვენიერი იქნებოდა.
ტუკვაძის მსგავსი ჯალათის კიდევ ერთი სახე შექმნა რეზო ინანიშვილმა მოთხრობაში „ლარა“.
„მთები უნდა კვნესოდნენ ამგვარი ამბების მხილველნი“ – ასე იწყება „ლარა“.სულ ერთი წინადადებაა, ტანში გაუჩერებელი ჟრუანტელის მომგვრელი.
ეს მოთხრობა გვიამბობს კაცზე, რომლის კისერზეც უთვალავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეა. ეს მოთხრობა გვიამბობს კაცზე, რომელმაც შთამომავლობა ვერ მოწამლა იმ ბოროტებით, რომელსაც, მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში, კვებავდა. ესაა მოთხრობა კაცზე, რომელიც ბოლომდე ბოროტების მსახური დარჩა და ბოროტების რწმენით საკუთარი სისხლი და ხორცი დაუფიქრებლად გაწირა.
სანაცვლოდ, ჯალათის შვილი, ლარა არის ქალი, რომელიც საკუთარი ცხოვრების წესით, ღირებულებებით, აზროვნებითა და არსებობით აბსოლუტურად უარყოფს მამისა და მისნაირების ჯალათურ გზას. იმ გზას, რომელიც პატიოსანი ადამიანების სისხლითაა გაჯერებული. გზას, რომელსაც ქვეყნის საუკეთესო შვილები ეწირებოდნენ. ამ სისასტიკეს შეეწირა რეზო ინანიშვილის ოჯახიც, რომელიც სწორედ ასეთი ხალხის გამო იყო რეპრესირებული და სწორედ ასეთების გამო აქციეს მწერალი „ხალხის მტრის“ შვილად.
ჯალათი არ შეცვლილა. და შვილს ამაგი დასმენით „გადაუხადა“. სამაგიეროდ, რეზო ინანიშვილმა თვალწინ გაგვიცოცხლა პერსონაჟი, ქალი, რომელსაც ჯალათთან მხოლოდ ბიოლოგიური კავშირი აქვს.
ბოროტებამ ვერ შეძლო ახალი ბოროტების გამოზრდა, რადგან ლარას სახით მასზე სიკეთემ გაიმარჯვა.
მთავარი ისაა, ყოველთვის იარსებონ ლარას სულისკვეთების მქონე ქალებმა. მთავარია, ლარას იდეა არ მოკვდეს – დასმენის, ცემისა თუ დაპატიმრების მიუხედავად, თორემ „გაარარავებულ“ ჯალათებს, რომლებიც შთამომავლობასაც კი ჰკიდებენ მძიმე ტვირთს და შვილებსა და შვილიშვილებზე ადამიანებს აფიქრებინებენ, ვიცოდით, ლარა და მისი შვილი, ჟულიენი, ვისი მოდგმისანიც იყვნენო, ბოლომდე რჩებიან თვალებში „სინდიყის სიმძიმითა და სიცივით“.
ვკითხულობ „ლარას“ და ვგრძნობ, რომ კაცმა, რომელმაც ქართულ ლიტერატურას უკეთილშობილესი იდეებით სავსე ტექსტები დაუტოვა, ვერ იქნა და თვალი ვერ მოუხუჭა ბოროტებას.
რეზო ინანიშვილი ისე სასტიკად აღწერს ლარას მამას, არსად, მის არც ერთ სხვა მოთხრობაში მსგავსი რამ არ ამომიკითხავს. და ასეთ დროს ყველაზე მეტად ვრწმუნდები მის ნამდვილ მწერლობასა და უსაზღვრო კეთილშობილებაში.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ნამდვილი კეთილშობილება მხოლოდ სიკეთის მარცვლების შეგროვება და მზერის მხოლოდ სიკეთისკენ მიმართვაა. ამ დროს ვერ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია თვალი, რომელსაც ბოროტებაზე არ დავხუჭავთ.
თამაზ ვასაძის მიერ შედგენილი ანთოლოგია კიდევ იმითაცაა გამორჩეული, რომ ბავშვობიდან ნაცნობ სახელებსა და გვარებს შორის ამოიკითხავთ ისეთ სახელებსა და გვარებს, რომელთა შემოქმედების პირველად წაკითხვის ბედნიერება, შეიძლება, სწორედ ამ ანთოლოგიის წყალობით მოგვეცა. ჩემთვის ასეთი აღმოჩენა იყო მწერალი ჯემალ თოფურიძე და მისი მოთხრობა „ერთხელ ქუთაისის მილიციაში“.
ეს მოთხრობა საბჭოთა მილიციის რუტინად ქცეულ უსამართლო ქმედებებს, მეტიც – თავზეხელაღებულ ქმედებებზე გვიამბობს. შესანიშნავი მხატვრული ტექსტია იმის შესახებ, როგორ შეეძლოთ ხელი დაევლოთ შენთვის – წესიერი მოქალაქისთვის, ხელი დაევლოთ და რაც უფრო არაფერ შუაში იყავი, მით მეტად გაეწირეთ („დაგალპობთ!“). ერთადერთი, თუკი რამ გიხსნიდა, ვინმე დიდი კაცის შვილთან მეგობრობა იყო… მაგრამ თუ ისეთი ჯიუტი აღმოჩნდებოდი, რომ შენი სიმართლის ბოლომდე დაცვას გადაწყვეტდი, უფრო გავეშებულები დაგიწყებდნენ ცემას მილიციაში.
მოთხრობის მთავარი გმირი, მილიციელებისგან უსამართლოდ ნაცემი და ღირსებაშელახული, როცა ამ ჯოჯოხეთის შემდეგ სახლში ბრუნდება, ფიქრობს იმაზე, როგორ იბადებიან ასეთი ჯალათები; როგორ შეუძლიათ, უდანაშაულო ადამიანები ჯერ ციხეში გაუშვან, მერე სახლში დაბრუნდნენ და თქვან, როგორი დამღლელი დღე ჰქონდათ; ან მიწა როგორ იტანს ასეთებსო, ფიქრობს, ბრაზობს, გული ეგლიჯება მთავარს გმირს.
მაგრამ მთავარი თურმე ჯერ კიდევ წინ იყო…
როცა მოთხრობის ბოლო აბზაცი ჩავიკითხე, მივხვდი, რომ ჯემალ თოფურიძე გვიამბობს არა მხოლოდ ჩვეულებრივი საბჭოთა ცხოვრების ჩვეულებრივ ამბებს, არა მხოლოდ რეჟიმის ძალმომრეობისა და ამ ძალმომრეობის შემოქმედთა შესახებ, არამედ მათზე, ან, იქნებ, პირველ ყოვლისა, სწორედ მათზე, რომლებიც ასეთ დროებაშიც კი ადამიანობას ინარჩუნებენ. და სახლში დაბრუნებულს ახსენდება ნუგზარია, „კარებიდან გასულიც რომ იძახდა, მაგენი ჩვენთან არ არიანო!“, რადგან ამით მთავარი გმირისა და მისი მეგობრის გადარჩენას ცდილობდა; ახსენდება მილიციელი, ხელი რომ დაუხვედრა მის თავს, რათა მეორე პოლიციელის დარტყმისას თავით კედელს არ მინარცხებოდა და ძალიან არ სტკენოდა…
🔃 „უძრაობიდან“ ფინალისკენ
„უძრაობიდან“ ფინალისკენ“ ნაწილში, ნოდარ წულეისკირისა და ჯემალ ქარჩხაძის ბრწყინვალე, მარადიულ საკითხავად დაწერილ მოთხრობებთან ერთად, შესულია ვოვა სიხარულიძის სრულიად გენიალური მოთხრობა „მეათე მოწმე“, რომელიც შესანიშნავად ასახავს საბჭოთა რეალობისთვის დამახასიათებელ ერთ უმთავრეს ნიშანს: ამ ეპოქაში აქრობდნენ ადამიანებს; არა მხოლოდ ფიზიკურად კლავდნენ, არამედ მორალურად ანადგურებდნენ პიროვნებებს. მწერალი ანდრო ბუაჩიძე აღნიშნავს: „საბჭოთა იმპერიული იდეოლოგიაც ისევე აქრობდა ადამიანებს, როგორც საბალახოელთა კლანმა გააქრო, ვერ გაიხსენა, სოციალურ ნულად აქცია ჯანიკო“.
საბალახო ის სოფელია, რომელიც მისი თავკაცის, სავლეს მოგონილი კანონებით ცხოვრობს და დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილი უდრტვინველად არსებობს. ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ჯანიკო, მოთხრობის მთავარი გმირი, დანარჩენ 9 თანასოფლელთან ერთად, ჩხუბს შეესწრება, ხოლო როდესაც სავლე გადაწყვეტს, რომ ათივე მოწმე დაიბაროს და ამ ჩხუბის ამბავი გამოარკვიოს, თანასოფლელებიდან ვერავინ იხსენებს, ვინ იყო ის მეათე მოწმე.
„ათმა თანასოფლელმა თუ არ გაგიხსენა, ორი დღის წინათ რომ მათ გვერდით იდექი, რად გინდა, ბიჭო, ამისთანა სიცოცხლე?.. ვინ გამოგვჩენია ასეთი უჯიშო, ასეთი უფერული, ტლუ და უსუსური?.. რად გინდა მაგისთანა ჭიანჭველას ცოლ-შვილი ან მეზობელი, ან ჭამა და ქეიფი?.. ადი, ბიჭო, მაღალ კლდეზე, გადმოხტი თავით და გაანოყიერე სხვებისთვის მიწა…“
მეათე მოწმე – ჯანიკო, ნამდვილად მთაში გაიხიზნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქიდან გადმოხტეს, არამედ იმიტომ, რომ მორალურად მოშლილი საბალახოელები გამოაფხიზლოს. ჯანიკოს წასვლა სააშკარაოზე გამოიტანს საბალახოელებთა მთელ რიგ პრობლემებს: მოღალატეობრივი ბუნება, ადამიანის, როგორც უმაღლესი ფასეულობის დაკნინება, თვითგადარჩენის მიზნით სინდისზე ხელის აღება, ერთმანეთის გაწირვის ხელოვნება და სხვა. ჯანიკოს მიერ მთიდან დაგორებული ლოდებივით დიდი და მძიმეა ეს პრობლემები.
ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ თანასოფლელების მორალურ გამოფხიზლებასთან ერთად, ჯანიკო ბოლომდე ერთგული რჩება თავისი იდეის; მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, საბალახოელები მას სოფლის თავკაცობას სთავაზობენ, ხოლო სავლე საკუთარი ქალიშვილის მითხოვებასაც კი ჰპირდება, ჯანიკომ იცის, რომ მორალური ჩარჩოებიდან გადმოსულ გარემოში ან ამ გარემოს ნაწილი ხარ, ან ბოლომდე მის მოწინააღმდეგედ რჩები. დიდი ხნის შემდეგ, როდესაც დუმილს დაარღვევს, მისი საბოლოო სიტყვაც ეს იქნება: „არ მინდა მე თქვენი სოფელი!“.
ვლადიმერ (ვოვა) სიხარულიძის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, დავრწუნდებით, რომ მწერლისთვის რთული სულაც არ იქნებოდა ჯანიკოს მსგავსი პრინციპული და გამბედავი გმირის დახატვა, რადგან თავად მწერალი, 50-იანი წლების საქართველოში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ერთიანდება „გორგასლიანის“ რიგებში და იბრძვის საბჭოეთის წინააღმდეგ. მრავალი წლის შემდეგ, გურამ დოჩანაშვილი იგონებდა: „ჩვენ, 9 ძმაკაცმა მაშინდელებმა, აი ასეთი რამ გადავწყვიტეთ: უმძაფრესი რამ – პროკლამაციების გაკვრა და სად ეს, – 50-იანი წლების საქართველოში. ეს გადაწყვეტილება პირველმა ზვიადმა განიზრახა, მთლად ყმაწვილი იყო მაშინ. 13-14 წლისა, და პირველებმა მხოლოდ ტოლიკა მიქაძემ, თამაზ გუნჯუამ, ჯონდო მეტრეველმა და მგონი მერაბ კოსტავამ იცოდნენ ეს, დანარჩენები მაშინ ხეირიანად არც ვიცნობდით ზვიადს, მერე შეემატათ ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, მე – თავდებობით გამაწევრიანეს, თუმცა სხვებიც დამიდგებოდნენ თავდებად, მე კი გურამ სხირტლაძეს დავუდექი მეპირობედ, ასეთი წეს-კანონიც გვქონდა — თუკი ვინმე არ გაამართლებდა, თავდებს უნდა ეგო პასუხი“. სწორედ ამ ბიჭებმა, მათივე გავრცელებული პროკლამაციებით, გაახსენეს კიდევ ერთხელ (ან, იქნებ, დავიწყების საშუალება არ მისცეს!) ქართველებს 9 მარტის სისხლიანი ღამე და წინაპრების გმირული თავდადების შეხსენებასთან ერთად, ისიც ასწავლეს, რომ ახლა ჩვენი ჯერია, არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავიო…
🔃 დანატოვარი
წიგნის ბოლო, მეხუთე ნაწილს „დანატოვარი“ ჰქვია, რომელშიც შესულია ირაკლი ქასრაშვილის მოთხრობა „მხედრები“ და ნუგზარ შატაიძის „გაღმა ნაპირი“.
ნუგზარ შატაიძის პაწაწინა მოთხრობა გვიამბობს ქარხანაში მომუშავე კაცზე, რომელსაც სულ სხვა ფიქრებითა და ოცნებებით აქვს სავსე გული. ბატონ ილოს უნდა, რომ ერთი პატარა მიტოვებული ადგილი მაინც გააცოცხლოს, მიწას დაუბრუნდეს, გაახაროს ხილი და ბოსტნეული, გააცოცხლოს ის ჩამუქებული, გავერანებული სივრცეები, ირგვლივ რომ ახვევია, შეხაროს ჭერამს ან მწვანილის კვლებს.
„იმ დღეს ბატონი ილო ქარხანაში აღარ მისულა“ – ასე სრულდება მოთხრობაც და ასე სრულდება წიგნიც.
ვინ იცის, გამოუვიდოდა საბჭოეთის დანატოვარზე ბატონ ილოს საკუთარი გულისწადის ასრულება?
ეს დანატოვარი, საბჭოეთის კვალი, დღემდე მოგვყვება. მოგვყვება სამწუხაროდ და სავალალოდ. სწორედ ამიტომ, ანთოლოგია „ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია“ საქართველოს ავადობის ისტორიაა. ავადობისგან თავის დასაღწევი უებარი წამალი კი დიდი სათქმელის მქონე ტექსტებთან, რჩეულ მოთხრობებთან დაბრუნებაა.
მელანო კობახიძე