საჯარო სკოლების ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიების სათანადოდ აღჭურვა, რეაქტივებისა და სხვა სასწავლო რესურსების არსებობა უმნიშვნელოვანესია საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიანად შესასწავლად. ქიმიისა და ფიზიკის შესწავლაში, მხოლოდ თეორიული ცოდნით, სასურველი შედეგის მიღწევა რომ შეუძლებელია, ყველამ კარგად ვიცით. ეს პრობლემა, ქალაქის სკოლებთან ერთად, სოფლის სკოლებშიც აქტიურად დგას. დამეთანხმებით, ალბათ, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტები ყველას ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი — ბავშვებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციისთვის, ექსპერიმენტით გაჯერებულ გაკვეთილებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
სწორედ ამ პრობლემის დაძლევაში დაეხმარა რაჭის სამი სოფლის — ნიკორწმინდა, ლიხეთი და ბუგეული — სკოლებს დანიური კომპანია, საქველმოქმედო ფონდი „ფეა თრიიზ ფაუნდეიშენი“, რომლის დაფინანსებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლები ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებით აღიჭურვა. აღსანიშნავია, რომ ფონდს „ფეა თრიიზ ფაუნდეიშენი“ კომპანია LLC Fair Trees აფინანსებს, რომელიც კავკასიური სოჭის თესლს მოიპოვებს თლუღის ტყის სატყეო კვარტლებში.
სასკოლო ლაბორატორიების გახსნის ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და კომპანია „ფეა თრიიზ“-ის ხელმძღვანელთან, მარიანა ბოლსთან ერთად, დაესწრო. მან აღნიშნა, რომ სკოლების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგნობრივი ლაბორატორიებით მნიშვნელოვანია, რათა პედაგოგებს მიეცეთ კვლევითი კომპონენტის გაძლიერების შესაძლებლობა და სწავლების პროცესი ბავშვებისთვის მეტად საინტერესო გახდეს.
რაჭის მაღალმთიანი სოფლების (ნიკორწმინდა, ლიხეთი, ბუგეული) მცირეკონტინგენტიანი სკოლის მოსწავლეებს, სულ მალე, ჩაუტარდებათ საინტერესო, მოსწავლეზე ორიენტირებული, ექსპერიმენტული და კვლევაზე დაფუძნებული გაკვეთილები, რასაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
სოფელ ნიკორწმინდის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, 12 სექტემბერი მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე იყო. „ეს დღე ჩვენი სკოლის ისტორიაში, მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება. სკოლაში არ არსებული ქიმიის და ფიზიკის ლაბორატორიების არარსებობის გამო პედაგოგებს გაკვეთილების ჩატარება მწირი რესურსის გამოყენებით უხდებოდათ, რის გამოც ამ საგნების მიმართ ბავშვების ინტერესი ნაკლები იყო. აღნიშნული ლაბორატორიების საშუალებით მოსწავლეებისთვის ადვილად აღქმადი და საინტერესო გახდება ამ საგნების შესწავლა, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტის მიღწევა, განუვითარდებათ კვლევითი და ექსპერიმენტული უნარები, გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სკოლაში მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. სასკოლო ლაბორატორიების სათანადოდ აღჭურვა და, გაკვეთილის პარალელურად, თემატიკის შესაფერისი ექსპერიმენტის ჩატარება ხელს შეუწყობს ცოდნის უკეთ გააზრებას, განმტკიცებას და ექსპერიმენტული უნარების განვითარებას. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო სკოლაში დანიელი მასწავლებლების სტუმრობა, რომლებმაც ადგილობრივ მასწავლებლებს მასტერკლასები ჩაუტარეს და მოსწავლეებისთვის საჩვენებელი ქიმიური ცდები უჩვენეს. მადლობას ვუხდით ქალბატონ მარიანას აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის“. — გვითხრა სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის დირექტორმა ეკა ღოღობერიძემ.
სკოლის IX და XI კლასების მოსწავლეები — ლამარა და ელენე დოხნაძეები, გუბაზ ჩიხრაძე, გვანცა მიქიაშვილი, ქეთი გურგენიძე და სხვები სიხარულს ვერ მალავენ და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.
ლამარა ამბობს, რომ ქიმია-ფიზიკის ლაბორატორიის გახსნა მისთვის და მისი თანატოლებისთვის სასიხარულოა და მნიშვნელოვანი, რადგან სათანადოდ აღჭურვილი კლას-კაბინეტები სწავლის პროცესს უფრო გააადვილებს და საინტერესოს გახდის. იმედი აქვს, მეგობრებთან ერთად, სულ მალე შეუდგება ქიმიისა და ფიზიკის სასკოლო ლაბორატორიაში სახალისო და საინტერესო ცდებისა და ექსპერიმენტების ჩატარებეს.
ქიმია-ფიზიკის ლაბორატორიის გახსნაზე ელენე და მისი თანაკლასელები დიდი ხანია ოცნებობდნენ. უნდოდათ ის ამოცანები, რომელსაც თეორიულად სწავლობდნენ, პრაქტიკაში განეხორციელებინათ, საკუთარი თვალით ენახათ და შეეგრძნოთ, თუ რა არის სინამდვილეში ფიზიკა და ქიმია, მაგალითად, როგორ დიდდება და სხვადასხვა ფორმას იღებს ციცქნა აბი, როგორ იწვის გოგირდი და ფოსფორი, რომელი მეტალი რა ფერს გვაძლევს, როგორ მზადდება ლიმონათი, იფრქვევა ვულკანი, წარმოიქმნება მშრალი ყინულის კვამლი და მრავალი სხვა. ამბობენ, რომ დიდი ხნის ოცნება აუხდათ და ამ სიკეთისთვის მადლიერი არიან ყველა იმ ადამიანის, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში.
გუბაზმა ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიის გახსნის შესახებ პირველად თანაკლასელებისგან გაიგო და ძალიან გაიხარა. ლაბორატორიაში შესვლისთანავე აღფრთოვანდა, რადგან დღეიდან თანაკლასელებთან ერთად შეძლებს დააკვირდეს და ჩაატაროს საინტერესო ცდები. სჯერა, რომ ლაბორატორია ბევრ მოსწავლეს შეაყვარებს საბუნებისმეტყველო საგნებს.
გვანცა და ქეთი მოუთმენლად ელიან ფიზიკისა და ქიმიის პირველ გაკვეთილს. გულისყურით დაათვალიერეს და გაეცნენ ყველა ახალ ნივთს, ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარების აუცილებელ პირობებს, ლაბორატორიულ ჭურჭელსა და დანადგარებს, უკვე კარგად იციან ლაბორატორიაში მუშაობის წესები, უხარიათ, რომ კლასში ექსპერიმენტების ჩატარება უფრო ხშირად იქნება შესაძლებელი. ახლა, ერთი სული აქვთ, ჩაატარონ ლაბორატორიული ცდები, რომელიც აქამდე მხოლოდ სახელმძღვანელოში იყო მოცემული და მხოლოდ საოცნებო იყო.
სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი სოფიო მაისაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და ბავშვებში მოტივაციის ზრდას. „სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიის გახსნას ფიზიკისა და ქიმიის შესწავლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელებაში. კეთებით სწავლება და ექსპერიმენტები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა გაიღრმაონ და განიმტკიცონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ქიმიური ცდების ჩატარებით, მოსწავლეები გაითავისებენ ქიმიური რეაქციის ცნებას, შეისწავლიან ნივთიერებათა თვისებებსა და ყოფა-ცხოვრებაში მათ უსაფრთხოდ გამოყენებას.
წლების განმავლობაში, ჩვენი სკოლა მოკლებული იყო ლაბორატორიული ცდების ჩატარების ფუფუნებას და მხოლოდ თეორიული კურსით ხდებოდა მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემა. 2019 წლის გაზაფხულიდან ქალბატონებმა: მარიანა ბოლსმა და ჟანა ბაბუნაშვილმა რაჭის მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის, მათი და საქველმოქმედო ფონდის „ფეა თრიიზ ფაუნდეიშენი“ პრეზიდენტის, ბატონი ირაკლი დვალის ძალისხმევით, მოხერხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში ლაბორატორიების საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი, დახმარება გაგვიწია პრობლემის მოგვარებაში და საშუალება მოგვცა, ეფექტურად და საინტერესოდ განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა“.
მოამზადა მაკა ყიფიანმა