მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ჩემს მოსწავლეებთან ერთად ამჟამად ლიტერატურულ კლუბში ერთ შესანიშნავ წიგნს ვკითხულობ. იგი თანამედროვე ესპანური საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, ჯორჯი სიერა ფაბრას მოთხრობაა, სახელწოდებით „ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“ (მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2023).
ამ მოთხრობაში წამოჭრილი თემები, საბოლოოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ ერთიანდება, სწორედ ამიტომ, როგორც კი მაისი დადგა, კლუბის წევრებს ვესაუბრე იმაზე, რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და რამდენად მნიშვნელოვანია ის თითოეული ადამიანისთვის, ანუ რამდენად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს მენტალური კეთილდღეობის განცდა.
როდესაც საუბარი დავასრულე, მოსწავლემ მითხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, მით უფრო, ბავშვებთან და მოზარდებთან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემი შემდეგი წერილი „ახალი განათლების ლიტერატურულ კლუბში“ მიმეძღვნა შემდეგი თემისთვის: რას გვიყვება საბავშვო ლიტერატურა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, უფრო ზუსტად კი, როგორ გვიმაღლებს ცნობიერებას მხატვრული ლიტერატურა.
ამისათვის, ზემოთ უკვე ნახსენებ ჯორჯი სიერა ფაბრას მოთხრობასთან ერთად, სტატიაში ვისაუბრებ ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის წიგნზეც „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ (მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2022).
ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხეულებრივი, ანუ ფიზიკური ჯანმრთელობა, ძალიან დიდ როლს ასრულებს ადამიანის ყოველდღიურ ნორმალურ ფუნქციონირებაში. როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ჯერ ბოლომდე არაა დადასტურებული ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირი, ამავე დროს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: უკვე არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთ-ერთია, რომელიც ფიზიკური ჯანმრთელობის ცვლილებებს იწვევს. ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტიური თერაპიების (EABCT) მიერ აკრედიტებული ზრდასრულთა კოგნიტიურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი ანა ღვინიანიძე აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა საგრძნობლად განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება სხეულებრივი ჯანმრთელობა ნებისმიერ ასაკში. ფსიქიკური კეთილდღეობის პიროვნული განცდა უკავშირდება, ზოგადად, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებას, ხოლო გრძელვადიანი სტრესი და განცდილი ტრავმა იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც, თავის მხრივ, სხეულებრივი დაავადებებისადმი მიდრეკილებას ზრდის.
ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე დღემდე ბევრი სტიგმა და არასწორი მოსაზრება არსებობს; ამასთანავე, ძალიან მახარებს, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო მეტად იზრდება დაინტერესება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ.
მაისის თვე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ემოციური კეთილდღეობა და ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია, სხვების მენტალურ კეთილდღეობაში ჩვენი წვლილის შეტანა: მხარდაჭერით, თანაგანცდით, მოსმენითა და იმის გააზრებით, რომ თითოეული ჩვენგანი მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს იმ ფაქტის წინაშე, როცა მის მენტალურ ჯანმრთელობას ისევე დაემუქრება საფრთხე, როგორც ფიზიკურს. ვფიქრობ, წიგნები, განსაკუთრებით, საბავშვო და საყმაწვილო, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომლებიც გვააზრებინებს, გვაფიქრებს, უფრო მეტად თანამგრძნობს გვხდის ერთმანეთისადმი, გვიბიძგებს, რომ ამ თემაზე მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ, მეტად გათვითცნობიერებულები ვიყოთ, რადგან ცოდნაა ის ერთადერთი, რაც გვათავისუფლებს შიშისა და არასწორი წარმოდგენებისგან.
ასტრიდ ლინდგრენმა „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ 1960 წელს დაწერა. რა თქმა უნდა, XX საუკუნის 60-იან წლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ჯერ კიდევ ბევრი რამ იქნებოდა გასაკეთებელი, მათ შორის, შვედეთში. წიგნის კითხვისას ვგრძნობდი, რომ მწერალს ძალიან აწუხებდა ამ თემისადმი საზოგადოების არასწორი, ხშირად, სრულიად შეუსაბამო დამოკიდებულება და ცდილობდა, რომ მისი შემოქმედება ყოფილიყო ერთ-ერთი რგოლი, რომელიც ადამიანებს ამ საკითხისადმი ცნობიერებას აუმაღლებდა. ასტრიდი ცდილობს, ბავშვების საქციელითა და დამოკიდებულებით გვასწავლოს, როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვისაც ცხოვრებისეული დარტყმებისა თუ სხვა მიზეზების გამო, მენტალური კეთილდღეობა შეერყათ.
ბატონი ლინდკვისტი ყოველთვის ასეთი არ ყოფილა, – უყვება მადიკენს მამა, – ერთ დროს ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ცოლი და პატარა შვილი ჰყავდა, მაგრამ ცოლი ბავშვთან ერთად ტბაში დაიხრჩო. როდესაც ლინდკვისტმა ეს ამბავი გაიგო, სასოწარკვეთისგან თავში რაღაც გადაუტრიალდა და მას შემდეგ უცნაურად იქცევა.
ამასთანავე, ვიგებთ, რომ ლინდკვისტი არასდროს არაფერს უშავებს ადამიანებს, ყოველთვის თავაზიანი და მორიდებულია, მხოლოდ იშვიათად ბრაზდება და ამ დროს თავადაც არ იცის, რას აკეთებს. ამის მიუხედავად, მადიკენის მეზობლები ყოველთვის კარებს კეტავენ, როდესაც ლინდკვისტი გარეთ დასეირნობს, დედები კი ბავშვებს არიგებენ, როგორც კი ლინდკვისტს დაინახავენ, რაც შეიძლება სწრაფად გაიქცნენ.
მადიკენს კი ძალიან ებრალება ლინდკვისტი. ბავშვის ფაქიზი გული გრძნობს, რომ ამ კაცის გარიყვა არ შეიძლება, პირიქით – მას დახმარება სჭირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მადიკენს არაჩვეულებრივი დედა ჰყავს. ერთხელ, როდესაც მადიკენის პატარა დაიკო, ლისაბეტი, ცნობისმოყვარეობის გამო, ბატონი ლინდკვისტის სახლში შედის, ლინდკვისტს უნდა, რომ ბავშვი თავისთან დაიტოვოს, რადგან მასში, როგორც ჩანს, თავის პაწაწინა გარდაცვლილ გოგონას ხედავს.
„ლინდკვისტი საშობაო გნომს ჰგავდა, დიდი თეთრი წვერითა და მხრებამდე დაშვებული თეთრი თმით. ისეთი შესახედავები იყვნენ, თითქოს ლისაბეტი კეთილ საშობაო გნომთან ერთად მოდიოდა“. პირველ ჯერზე დედა ფითრდება და შიში აიტანს, რადგან კაცი გამუდმებით უმეორებს, შენ კიდევ ხომ გყავს შვილები, მე კი არ მყავს. ეს ბავშვი მინდა. ქვეყნად სამართალი ხომ უნდა არსებობდესო?
მიუხედავად იმისა, რომ დედა ახლა მხოლოდ საკუთარი შვილის დაბრუნების გზებს ეძებს, მის თითოეულ ქმედებაში ასევე იგრძნობა ლინდკვისტისადმი თანაგრძნობა. დედა გრძნობს, რომ ამ კაცს შვილი ენატრება და როგორც მშობელი, შიშთან ერთად, გულისტკივილს გრძნობს. ეს ძალიან ფაქიზი ეპიზოდი იმით სრულდება, რომ დედა ლინდკვისტს მოხალული ნუშითა და ნიგვზიანი ნამცხვრით უმასპინძლდება და ნელ-ნელა ართმევს თავის გოგონას, გამომშვიდობებისას კი კაცს უკვე მეორედ ეფერება ლოყაზე.
ლინდკვისტი გრძნობს, რომ არასწორად იქცევა და მას შემდეგ, რაც ოჯახი შორდება, ჩუმად იმეორებს: – „უფალო იესო, დამეხმარე!“
მადიკენი კი ლინდკვისტის გამო ტირის, რადგან მას შვილი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თან მასზე ბრაზობს, რადგან დაიკოს ართმევდა, მადიკენის ბავშვური გული გრძნობს, რომ სამყაროს წესრიგი დარღვეულია, ეს კაცი დიდი განსაცდელის წინაშე მარტოა და მას დახმარება სჭირდება.
მშობლები, როგორც ბავშვებისთვის ერთგვარი ავტორიტეტები, დიდ როლს ასრულებენ იმაში, თუ როგორ მიიღებენ შვილები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანს.
ერთხელაც, როდესაც ბატონი ლინდკვისტი უკვე მეორედ გადაწყვეტს ბავშვის, ამჯერად მადიკენის ახალშობილი დაიკოს, წაყვანას, კაცი მადიკენს ძალიან საგულისხმო რამეს ეუბნება. ეს წინადადება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამხელა სიბრძნითაა სავსე საბავშვო ლიტერატურა, რომ ის ჩადის ადამიანის არსების ყველაზე ღრმა შრეებში და არ უშინდება მზის სინათლეზე გამოიტანოს ყველა პრობლემა, რომლებიც ადამიანებს თავს ნებისმიერ წამს შეიძლება დაგვატყდეს.
„ – ბატონო ლინდკვისტ, ბავშვი რად გინდათ? – უცნაურად შეცვლილი ხმით იკითხა მადიკენმა.
ლინკვისტმა წარბები შეჭმუხნა და თითქოს დაფიქრდა.
ყველაფერი მკვდარია, ვერ ხვდები? – თქვა მან, – ჰო, ყველაფერი მკვდარია, ჰოდა, ისეთი რამე მჭირდება, რაც ცოცხალია და მოძრაობს, ხვდები?
მას შემდეგ, როცა ლინდკვისტს ამ ინციდენტის შემდეგ წაიყვანენ და როგორც მადიკენის ოჯახის დიასახლისი, ალვა, იტყვის, საავადმყოფოში გამოკეტავენ, მადიკენი გადაწყვეტს, რომ მას ესტუმროს და საღეჭი თამბაქო მიუტანოს საჩუქრად.
ალბათ, მადიკენის ასეთი გულისხმიერი ქმედებების აღწერით, ასტრიდ ლინდგრენი ცდილობდა მისი თანამედროვე საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანს გარიყვა კი არა, თანაგრძნობა სჭირდება; ამავე დროს, ჩვენ უნდა შევძლოთ, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მათ გამოჯანმრთელებაში ხელი შევუწყოთ და ჩვენი მხარდაჭერა თუნდაც იმით შევაგრძნობინოთ, რომ ლოყაზე ხელი მოვუსვათ ან კლინიკაში მათი საყვარელი საღეჭი თამბაქოთი ხელდამშვენებული ვესტუმროთ.
ალვასთვის საავადმყოფოში წაყვანა გამოკეტვასთან ასოცირდებოდა, სინამდვილეში კი, ექიმისთვის დროულად მიმართვა ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის საწინდარია. რა თქმა უნდა, ამის გაცნობიერება ერთი საუკუნის წინ, დღევანდელთან შედარებით, კიდევ უფრო ჭირდა, ამიტომ ერიდებოდნენ მოქალაქეები უცნაურ კაცს, რიყავდნენ და ბავშვებს ახლოს არ აკარებდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ეფიქრათ, როგორ დახმარებოდნენ მას. მაგრამ საზოგადოება იზრდება, ვითარდება. ამაში კი ლომის წვლილი მხატვრულ ლიტერატურას მიუძღვის.
„ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“
ჯორდი სიერა ფაბრას პატარა მოთხრობაში ყველაფერი იქიდან იწყება, როცა ფსიქიატრ დევიდ როხასთან ძალიან უცნაური პატარა ბიჭი მიჰყავთ. პოლიციის მიერ ნაპოვნი ბიჭი არ ლაპარაკობს, არ ჭამს. ვერ ეგუება სინათლეს. გარშემო მისთვის ყველაფერი უცხო და უჩვეულოა. რითაა გამოწვეული ბიჭის ასეთი უცნაური ქმედებები? რატომ არ შეუძლია მას ურთიერთობა, დიალოგი, რატომ წამოიძახებს ხოლმე მხოლოდ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ჯანდაბა, მოკეტე, ხუან, ჭამე, წყნარად, ღორო, დაიძინე…?“ ფსიქიატრი საგონებელშია, რადგან არ არსებობს არავითარი ხელჩასაჭიდი, რომელიც მას ამ იდუმალებით მოცულ ამბავს ამოახსნევინებს; სამაგიეროდ, დევიდ როხასს იმდენად სურს უმწეო ბიჭის დახმარება, რომ ამისთვის თავს არ დაზოგავს. ფსიქიატრს მალე შვილი ეყოლება და მშობლის ინსტინქტი აგრძნობინებს, როგორ სჭირდებათ ამ სამყაროში მოვლენილ პატარებს დახმარება და თანადგომა.
საბოლოოდ, ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი ეფინება და ფსიქიატრი რწმუნდება, რომ ბიჭის ასეთი უცნაური ქმედებები ხანგრძლივი ძალადობის შედეგია. მას ნორმალურად კვებაც არ შეუძლია, არ შეუძლია რეალურ და წარმოსახვით სამყაროს შორის ზღვარი გაავლოს, ასე მაგალითად, ტელევიზორში ნანახი რეალური ჰგონია, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ მიჯაჭვული კომპიუტერულ თამაშებს. ხუანი წლების განმავლობაში ცხოვრობდა თავისსავე გამოგონილ არარეალურ სამყაროში. ბიჭუნამ აქ ისწავლა ბრძოლა, გამარჯვება, მონსტრების დამარცხება. ეს იყო მისთვის ერთადერთი მისაღები რეალობა.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბავშვი ეკრანს მიაჯაჭვა ერთი მხრივ, ფსიქიკური პრობლემების მქონე მამის სურვილმა, რათა შვილი მარტივად მოეშორებინა თავიდან, მეორე მხრივ კი, ეს სივრცე მისთვის გახდა თავშესაფარი, რომლითაც მოძალადე მამისგან თავდაღწევა შეეძლო.
წიგნში კიდევ ერთ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული: ხუანის ბაბუა დევიდ როხასს უამბობს, რომ მის ბიჭს, ანუ ხუანის მამას, ბავშვობიდან ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რაც მცირე ასაკიდან გამოიხატებოდა ცხოველების წვალებასა და სხვა სასტიკ ქმედებებში. დედას არ სურდა თვალი გაესწორებინა შვილის ამ საქციელისთვის, ხოლო როდესაც მოზარდობის პერიოდში ქურდობისთვის დაიჭირეს, ქალი სწორედ ამ ამბავს გადაჰყვა. შემდეგ კი, როდესაც კაცს საკუთარი ცოლი, ხუანის დედა შემოაკვდა, ეს ამბავი პოლიციისთვისაც კი არავის შეუტყობინებია.
სიღარიბე. დაუცველობა. ოჯახური ძალადობა. ფსიქიკური პრობლემები, რომლებიც ბავშვობაში მიიჩქმალა და საბოლოოდ, ზრდასრულ ასაკში უკვე სავალალო შედეგებში გამოიხატა. ფატალური შედეგი – ქალის მკვლელობა. ბავშვის ფსიქიკის დაზიანება – წიგნი ამ თემებს უტრიალებს და გვაფიქრებს, რა როლი გვაქვს საზოგადოების თითოეულ წევრს რეალობის შესაცვლელად.
დევიდ როხასი ბაბუას, უკეთილშობილეს კაცს, რომელიც თავზარდაცემული ზის მის კაბინეტში, ეუბნება, ბავშვის ტვინი ხუთ წლამდე ყალიბდება და ის, რასაც ცხოვრების ამ ეტაპზე ვსწავლობთ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოგვყვებაო. დევიდ როხასმა იცის, რომ ხუანის განკურნება გრძელი და რთული პროცესი იქნება, მაგრამ აპირებს, ფარ-ხმალი არ დაყაროს, რადგან როგორც ფსიქიატრი და როგორც მომავალი მამა, უზომოდ შეყვარებულია ადამიანებზე. ის ცდილობს, ყველა გზით უშველოს მათ ფსიქიკას. დევიდ როხასი არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ ექიმი, არამედ თითოეული ადამიანი, და რამდენად დიდი როლი შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენ ერთმანეთის მენტალურ კეთილდღეობაში.
ჩვენ ყველაზე მთავარი გვაქვს, სიყვარულის უნარიო, აიმედებს როხასი ხუანის ბაბუას, და სჯერა, თუ ის ხუანზე იზრუნებს, შეძლებს, რომ იმ გზის გავლა, რომელიც ამ ოჯახის სხვადასხვა თაობის ადამიანმა განვლო, ხუანს აღარ მოუწევს. ასე ცვლის ზრუნვა ჩვენს ბიოგრაფიას, იდენტობას და ყველაზე რთული, ჩახლართული ღამეებიდან სამზეოზე გამოვყავართ.
ფსიქიატრი დევიდ როხასი პირადი მაგალითით გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მენტალური კეთილდღეობა, მით უფრო, მშობლისთვის; ამასთანავე, როგორი საყურადღებოა თითოეული წვრილმანი, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქმე დარღვევასთან გვაქვს. დროულად და სწორად აღმოჩენილი ნებისმიერი დაავადება წინ გადადგმული ნაბიჯია.
მთელი საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა — ჩემთვის ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იდეა სწორედ ეს იყო, რადგან ყურის მოყრუებამ, თვალის დახუჭვამ არაფერი შეცვალა უკეთესობისკენ.
საბავშვო წიგნები იმის გააზრებაში გვეხმარება, როგორ გავხდეთ მეტად თანამგრძნობი გარშემომყოფების მიმართ, ვიზრუნოთ ერთმანეთის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, ჩვენი პროფესიიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, და ამავე დროს, ვეცადოთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში მივიღოთ მონაწილეობა.
დიდი მადლობა ყველა მშობელს, რომლებიც ცდილობენ, პირადი მაგალითით ასწავლონ თავიანთ შვილებს!
დიდი მადლობა მასწავლებლებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, მოსწავლეებს ცოდნა გადასცენ!
დიდი მადლობა საბავშვო მწერლებს, რომლებიც გრძნობენ პასუხისმგებლობას და სურთ, რომ მათმა წიგნებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერება აამაღლოს!