ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.
„ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია (ENQA)“ ევროპაში ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ეს არის უდიდესი მიღწევა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის — აღიარება იმისა, რომ ჩვენი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ეს არის შედეგი იმ რეფორმებისა, რომლებზეც ვმუშაობთ და რომელიც განათლების სექტორის სრულ ტრანსფორმაციას გულისხმობს. სამომავლოდ ეს ნიშნავს ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის მეტ ინტერნაციონალიზაციას, ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და აღიარებას საერთაშორისო დონეზე. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ხანგრძლივ და შრომატევად პროცესში.
ამ პროცესის გარდა, დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებაში უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს მთავრობის ინიციატივამ, რომლის მიხედვით, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება, ყოველწლიურად, გაიზრდება. ამ გადაწყვეტილებით ENQA-მ ნდობა გამოგვიცხადა და, ამავდროულად, დაგვეკისრა უდიდესი პასუხისმგებლობაც, რომელსაც განათლების რეფორმის ფარგლებში, მთლიანი სისტემის ტრანსფორმაციით უნდა გავართვათ თავი“ — აღნიშნავს მიხეილ ბატიაშვილი.
ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:
საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში;
საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს;
უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან;
სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას;
ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).
უნივერსიტეტების რექტორები ამბობენ, რომ პირველი ნაბიჯი გადადგმულია და საქართვლოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს ეტაპობრივად უახლოვდება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომლის მიერ გაცემულ დიპლომებსაც ევროპაში სრულად და ავტომატურად აღიარებენ.
გიორგი შარვაშიძე, თსუ-ს რექტორი აღნიშნავს, რომ 4 წელია, რაც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი და განათლების სამინისტრო ამაზე მუშაობენ. „ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, შეიქმნა უამრავი დოკუმენტი, შევიდა ცვლილებები კანონში და ა.შ. ეს ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ძალიან მივუახლოვდეთ უკვე EQAR-ში გაწევრიანებას, რაც ჩვენი თანამშრომლობის შემდეგი ეტაპია.“
თეონა ხუფუნია, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ ქართული უნივერსიტეტები კომპლექსურად და სიღრმისეულად შეფასდა — ინტერნაციონალიზაცია, უწყვეტი განათლება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, დაინტერესებულ პირთა ჩართულობის ხარისხი და ა.შ. ეს არის სწორედ ის რეგულაციები, რომელიც გვაახლოებს ევროპულ სივრცესთან, წევრობა კი ავტომატურად გულისხმობს სრულიად თავსებად მექანიზმებსა და სტანდარტებს ხარისხის უზრუნველსაყოფად.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი ვაშაკიძის აზრით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, კერძოდ, ხარისხის განვითარების სისტემის აღიარებას ევროპელი კოლეგების მხრიდან, ასევე ნიშნავს იმას, რომ მომავალში გაიზრდება სანდოობა საქართველოში აკრედიტებული და ავტორიზებული პროგრამების და უნივერსიტეტების მიმართ და ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც ევროპაში წავლენ, სასწავლებლად თუ სამუშაოდ, ნაკლები პრობლემები შეექმნებათ ან საერთოდ აღარ შეექმნებათ პრობლემები დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარებასთან დაკავშირებით.
„დღეს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის პრეზიდიუმმა (ENQA) დააკმაყოფილა ჩვენი ცენტრის განაცხადი სრულ წევრობაზე. გადაწყვეტილება ოფიციალურად ENQA-ს ოქტომბრის ასამბლეაზე გაფორმდება. ეს არის უდიდესი მიღწევა უმაღლესი განათლების სისტემისთვის — ერთგვარი აღიარება იმისა, რომ დღეს საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ეს აღიარება კონკრეტულ შედეგებშიც აისახება. ცენტრის წევრობა ENQA-ში ნიშნავს საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი ნდობის გაზრდას, მათ მიმზიდველობას უცხოელი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარების გამარტივებას ევროპაში“ — ამბობს ცენტრის დირექტორი.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, ეტაპობრივად, დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში, დღეს, მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.
განახლებული სტანდარტები და პროცედურები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანებით, საქართველო ევროპულ ოჯახს კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი — განათლების მიმართულებით შეუერთდება. ამ ნაბიჯით ქართული უნივერსიტეტების სანდოობაც გაიზრდება და გაძლიერდება უმაღლესი სასწავლებლების პარტნიორობა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობას.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა