25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

რჩევები მშობლებს

spot_img

თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია, აუცილებელია იცოდეთ, ამ დროს, როგორ მიუდგეთ მას სწორად. ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ შვილი ბულინგის მსვერპლი ან მჩაგვრელია.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას,როგორ დაიწყოთ საუბარი ბავშვებთან ბულინგის შესახებ. მანამდე კი, უმჯობესია გაეცნოთ ძირითად განსაზღვრებებს:

➡ რა არის ბულინგი?

ჩვეულებრივ, ბულინგის იდენტიფიცირება შეგიძლიათ სამი შემდეგი მახასიათებლით, ესენია: განზრახვა, განმეორება(ან მიბაძვა) და ძალა. მჩაგვრელი მიზნად ისახავს ტკივილის მიყენებას, ფიზიკური ტკივილის ან დამაზიანებელი სიტყვების საშუალებით და ამას განმეორებით აკეთებს. ბიჭები, უმეტესად, ფიზიკური ბულინგის მსხვერპლნი არიან, ხოლო გოგოები უფრო მეტად – ფსიქოლოგიური ბულინგის. ბულინგი – ეს უფრო ზოგადი ქცევის ნიმუშია, ვიდრე ერთი განცალკევებული ინციდენტი. ბავშვები, რომლებიც მჩაგვრელები ხდებიან, უმეტესად, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან ან გამოირჩევიან სხვაგვარი უპირატესობით, როგორიც არის, მაგალითად, სიძლიერე, პოპულარობა და ა.შ.

ყველაზე დაუცველი ბავშვები ბულინგის უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. ისინი, ძირითადად, მარგინალიზებული საზოგადოების ნაწილი არიან ღარიბი ოჯახებიდან, ასევე ბავშვები განსხვავებული გენდერული იდენტობით, ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობებით ან მიგრანტი და ტოლვილი ბავშვები.

ბულინგი შეიძლება განხორციელდეს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ. კიბერბულინგი ხშირად თავს იჩენს სოციალურ მედიაში, სმს/მმს ტექსტურ შეტყობინებებში ან ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებში, ასევე, ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაში, რომელსაც ბავშვები კომუნიკაციისთვის იყენებენ, რადგან მშობლები ყოველთვის არ აკვირდებიან შვილებს, რას აკეთებენ ისინი თავიანთ ონლაინ პლატფორმებზე, ამიტომ რთულია, გაიგო როდის არის შენი შვილი რაიმე ზეგავლენის მსხვერპლი.

 

რატომ უნდა ჩავერიო, თუ ჩემს შვილს ჩაგრავენ? ბულინგს შესაძლოა, ჰქონდეს დამაზიანებელი და ხანგრძლივი შედეგები ბავშვებისთვის. ისინი შეიძლება მივიდნენ როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებამდე, მათ შორისაა დეპრესია და ანორექსია. ბულინგისაგან განსხვავებით, კიბერბულინგი პირისპირ სწვდება ადამიანს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და სერიოზულ ზიანს აყენებს, რადგან ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის, კვალს ტოვებს ონლაინ პლატფორმებში, რომელსაც ყველა იყენებს.

თქვენს შვილს აქვს უფლება, ჰქონდეს ისეთი სასკოლო გარემო, რომელიც პატივს სცემს მის ღირსებას. ბავშვთა უფლებების კონვენციით განსაზღვრულია, რომ ბავშვებს აქვთ განათლების მიღების უფლება, ასევე უფლება დაცული იყვნენ ყველა ფორმის ფიზიკური თუ მენტალური ძალადობისაგან, ყოველგვარი ჩაგვრისგან. ბულინგი არ არის გამონაკლისი.

➡ დავიწყოთ პრევენციით

როგორ შემიძლია აღმოვფხვრა ბულინგი ჩემი შვილის სკოლაში?

პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი შვილი დაცულია როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ბულინგისგან, დარწმუნდით, რომ მისთვის ცნობილია შემდეგი საკითხები.

1. ასწავლეთ ბავშვებს ბულინგის შესახებ

თუ თქვენმა შვილმა იცის რას ნიშნავს ბულინგი, ის უფრო მარტივად შეძლებს ბულინგის ფაქტის იდენტიფიცირებას, თუ ასეთი რამ მას ან ვინმეს შეემთხვევა.

2. ესაუბრეთ ღიად და ხშირად თქვენს შვილებს

რაც უფრო ბევრს ესაუბრებით ბულინგის შესახებ, უფრო კომფორტულად იგრძნობენ ისინი თავს და მოუნდებათ მოგიყვნენ, თუ ხედავენ მსგავს ფაქტს ან თავად გამოსცადეს ჩაგვრა. ყოველდღიურად შეამოწმეთ შვილები და ჰკითხეთ მათ, რა ხდებოდა სკოლაში და როგორ მიდის მათი აქტივობა ონლაინ, დაინტერესდით არა მხოლოდ მათი აქტივობებით , ასევე მათი გრძნობებითაც.

3. დაეხმარეთ შვილს, გახდეს დადებითი როლური მოდელი

ბულინგის სამი მხარე არსებობს, ესენია: მსხვერპლი, დამნაშავე და შემსრულებელი. თუ ბავშვები არ არიან ბულინგის მსხვერპლნი, მათ შეუძლიათ ბულინგი იმით აღმოფხვრან, რომ პატივისცემით იყვნენ განმსჭვალული თანაკლასელებისა და მეგობრების მიმართ. თუ ისინი შეესწრებიან ბულინგს, შეუძლიათ დაიცვან მსხვერპლი და ჰკითხონ მჩაგვრელს, ასე რატომ იქცევა.

4. დაეხმარეთ ბავშვებს, იყვნენ საკუთარ თავში დაჯერებულები

გაამხნევეთ შვილები, შეუერთდნენ იმ საკლასო თუ საზოგადოებრივ აქტივობებს, რომლებიც მოსწონთ. ეს გაზრდის მათ საკუთარ თავში დაჯერებულობას ისევე, როგორც იმ ადამიანების წრეს, რომლებთანაც მათ საერთო ინტერესები ექნებათ.

5. იყავი როლური მოდელი

აჩვენეთ შვილებს, როგორ მოეპყრონ სხვა ბავშვებსა და მოზარდებს პატივისცემით. აჩვენეთ ეს თქვენი პირადი მაგალითით, რადგან საუბარზე უკეთესად, ის თქვენს ქცევას გაიგებს და დააკვირდება. ბავშვები მშობლებისგან იღებენ მაგალითებს, როგორ მოიქცნენ, მათ შორის იმასაც, რა დაპოსტონ ონლაინ სივრცეში.

6. იყავი მისი ონლაინ გამოცდილების ნაწილი

გაეცანით იმ ონლაინ პლატფორმებს, რომლებსაც თქვენი შვილი იყენებს, აუხსენით მას როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ონლაინ და ოფლაინ სივრცე, გააფრთხილეთ იმ განსხვავებული რისკების შესახებ, რომელსაც ის შესაძლოა შეხვდეს ონლაინ.

თუ გვაქვს ეჭვი, რომ ბავშვი ბულინგის შესაძლო მსხვერპლია, რა ნიშნები უნდა ვეძებოთ?

✔ ახლოდან და ყურადღებით დააკვირდით მის ემოციურ მდგომარეობას, რადგან ზოგიერთი ბავშვი სიტყვიერად არ გამოხატავს ემოციებს.

✔ დააკვირდით ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა:

? აუხსნელი სისხლჩაქცევები, ნაკაწრები, მოტეხილობები, ჭრილობები;

? სკოლაში წასვლის ან სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის შიში;

? დააკვირდით, გაბრაზებული ხომ არ არის, ანერვიულებული ან ზედმეტად ხომ არ ფხიზლობს;

? თუ მას ცოტა მეგობრები ჰყავს სკოლაში ან სკოლის გარეთ;

? თუ კარგავს მეგობრებს ან თავს არიდებს სოციალურ სიტუაციებს;

? თუ ტანსაცმელი ან სხვა პირადი ნივთები ეკარგება და უნადგურდება;

? თუ ხშირად ითხოვს ფულს;

? თუ დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს;

? თუ ცდილობს, სკოლას თავი აარიდოს და მოზრდილებთან ყოფნას ამჯობინებს;

? თუ ღამით კარგად არ სძინავს და ღამის კოშმარები აწუხებს;

? თუ უჩივის თავის, მუცლის ან სხვა ტკივილებს;

? თუ რეგულარულად დათრგუნულია, ონლაინ სივრცეში დროის გატარების ან ტელეფონის გამოყენების შემდეგ;

? თუ გახდა უჩვეულოდ ჩაკეტილი;

? გახდა აგრესიული ან გამოხატავს გაბრაზებას.

ესაუბრეთ შვილებს ღიად, მათ შორის ჰკითხეთ, მათი აზრით, რა არის კარგი და ცუდი ქცევა სკოლაში, საზოგადოებაში და ონლაინ სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვთან ღია კომუნიკაცია გქონდეთ, რადგან ის ამით თავს კომფორტულად იგრძნობს და მოგიყვებათ რა ხდება მის ცხოვრებაში.

➡ რა უნდა გავაკეთო, თუ ჩემი შვილი ბულინგის მსხვერპლია ან მას ემუქრებიან?

თუ თქვენ იცით, რომ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია, გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს მის დასახმარებლად:

1. მოუსმინეთ შვილს ღიად და მშვიდად

ფოკუსირება გააკეთეთ იმაზე, რომ მან იგრძნოს, რომ უსმენთ და მხარს უჭერთ და არც ერთ შემთხვევაში არ დაიწყოთ მიზეზების ძიება, რატომ გახდა ის ბულინგის მსხვერპლი, ასევე, არ ეცადოთ პრობლემის გადაჭრას. დარწმუნდით, რომ მან იცის, რომ ეს მისი ბრალი არ არის.

2. უთხარით ბავშვს, რომ თქვენ მისი გჯერათ

აგრძნობინეთ, რომ მოხარული ხართ, ბულინგის შესახებ რომ გიამბოთ. უთხარით, რომ რაც ხდება, ეს მისი ბრალი არ არის და თქვენ ყველაფერს გააკეთებთ, რაც შეგიძლიათ იმისათვის, რომ მის გვერდით იყოთ.

3. ესაუბრეთ მასწავლებელს ან სკოლის დირექციას

თქვენ და თქვენი შვილი ბულინგს მარტო არ უნდა გაუმკლავდეთ. ჰკითხეთ სკოლის დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივს, თუ აქვთ შემუშავებული ბულინგის საწინააღმდეგო პოლიტიკა სკოლაში. ეს უნდა მოიცავდეს როგორც პირისპირ ბულინგს, ასევე ბულინგს ონლაინ სივრცეში.

4. იყავით მხარდამჭერი სისტემა

თქვენი შვილისთვის მშობლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნდით, რომ მას შეუძლია თქვენთან ლაპარაკი ნებისმიერ დროს და დაარწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

➡ როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენი შვილი სხვებს ჩაგრავს?

თუ თქვენ ფიქრობთ ან იცით, რომ თქვენი შვილი სხვებს ჩაგრავს, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ის არ დაიბადა ცუდ ადამიანად, მასაც შესაძლოა ჰქონდეს ბევრი მიზეზი, რატომაც იქცევა ასე.ბავშვები, რომლებიც ჩაგვრას მიმართავენ, ხშირად თავად ცდილობენ მოერგონ სიტუაციას, მიიქციონ ყურადღება ან განიცადონ რთული ემოციები. ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მჩაგვრელია მსხვერპლი ან ძალადობის მოწმე, სახლში თუ საზოგადოებაში. გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს იმისათვის, რომ შეაჩეროთ თქვენი შვილის ბულინგი:

? ესაუბრეთ მას, გაიგეთ რატომ იქცევა ასე. თუ უჭირს საკუთარი ქცევის ახსნა, შეგიძლიათ მიმართოთ სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს ან მრჩეველს, რომელიც სპეციალიზებულია ბავშვთა საკითხებში.

? ეცადეთ თქვენ შვილს თავი იმ ადამიანის ადგილას წარმოადგენინოთ, ვისაც ჩაგრავს და მიეცით საშუალება აგიხსნათ, რატომ აკეთებს ამას. ასევე აუხსენით, რომ ონლაინ სივრცეში გაკეთებული კომენტარები რეალურ ადამიანებს რეალურ ზიანს აყენებს.

? ბავშვები, რომლებიც სხვას ჩაგრავენ, ხშირად იმეორებენ იმას, რასაც სახლში უყურებენ. დაფიქრდით, ხომ არ ყოფილა ის, ოდესმე, ძალადობრივ მოპყრობას დაქვემდებარებული და ეცადეთ, გახდეთ მისთვის როლური მოდელი.

? თუ დარწმუნდებით,რომ თქვენი შვილი მჩაგვრელია, მნიშვნელოვანია მას შესთავაზოთ სწორი, შესაფერისი და არაძალადობრივი ალტერნატივები ადამიანებთან ურთიერთობაში. ეცადეთ მიახვედროთ, რომ ბოდიში მოუხადოს თანატოლებს და მომავალში მეტად ტოლერანტული იყოს მათ მიმართ.

და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ ამ პრობლემის წინაშე, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ სკოლას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ადგილობრივ ლიდერებს იმისათვის, რომ მიიღოთ ზომები ბულინგის პრევენციისათვის.

მოამზადა მარიამ მხეიძემ

https://www.unicef.org/end-violence/how-talk-your-children-about-bullying?fbclid=IwAR0PtpjKT4xZwhUPzBOI6mdN-cIrEh-k9y0hsEtxmuu1kgpeefRYxAQKQ7M

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები