1 აპრილი, სამშაბათი, 2025

„რომ არა კინო, ალბათ ფეხბურთი…“ – ექსკლუზიური ინტერვიუ არნო ვიარდთან

spot_imgspot_img

არნო ვიარდი – ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მსახიობი, რომელმაც არაერთი გამორჩეული კინოროლი შეასრულა. ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი პირველად საუბრობს ქართველ მაყურებელთან თეიკო ანჯაფარიძის პოდკასტში.

„Paris Can Wait“ ის ფილმია, რომელიც მისი მონაწილეობით ათჯერ მაინც ვნახე. გახსოვთ, ალბათელეონორა კოპოლას ემოციური და დახვეწილი ფილმი. საოცრად ნიჭიერ და ქარიზმატულ არნო ვიარდთან ერთად კი, ალეკ ბოლდუინი და დაიან ლეინი ასრულებენ მთავარ როლებს. თუმცა ჩვენ მხოლოდ ამ ფილმზე არ ვსაუბრობთ.

ინტერვიუში გაიგებთ, რას ნიშნავს მისთვის კინო და რა გეგმები აქვს, როგორც მსახიობსა და რეჟისორს, რა საერთო აქვს კინოსა და პოლიტიკას? არნო ვიარდის გულწრფელობა, ერთდროულად, გაგაკვირვებთ და შთაგაგონებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საოცრად საინტერესო და დახვეწილი რესპონდენტია. – დაწერა პოდკასტის ავტორმა არნო ვიარდის შესახებ. ახალმა განათლებამ“ ვრცელი ინტერვიუ სწორედ ამ მასალაზე დაყრდნობით მოამზადა.

 

თქვენი კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავია მრავალმხრივი და  საინტერესო შემოქმედებით. როდესაც ფილმში „პარიზი დაიცდის“ მთავარი როლი შემოგთავაზეს, რა იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც დაგაინტერესათ და ფილმში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

ერთ დღეს კასტინგის დირექტორი დამიკავშირდა და მითხრა: „არის პროექტი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა – ელეონორ კოპოლას ფილმი“. ასე გავიცანი ელეონორ კოპოლა, პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ კაფეში Café de Flore შევხვდით. იმ დროს იგი თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებდა. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ მთელი თავისი გამოცდილების მიუხედავად, ქალბატონმა კოპოლამ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 80 წლის ასაკში გადაიღო. ეს მართლაც დაუჯერებელია – იშვიათი და საოცრად შთამაგონებელი ამბავია. მან მკითხა: „თანახმა ხარ, იმუშაო ახალბედა რეჟისორთან?“ მე კი ვუპასუხე: „თქვენ ახალბედა არ ხართ, თქვენ ძალიან ბევრ რამეს მიაღწიეთ“. ელეონორ კოპოლა მართლაც საოცრად თავმდაბალი და გამორჩეული არტისტი იყო. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის პატივი მხვდა წილად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი და, ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამოცდილება ჩემს კარიერაში.

როდესაც სცენარს გავეცანი, მივხვდი, რომ ვალდებული ვიყავი ჩემი ქვეყნის წინაშე, ეს როლი შემესრულებინა.

♦ როგორ გაიხსენებდით „პარიზი დაიცდის“ გადაღების პროცესს? იყო განსაკუთრებული მომენტი, რომელმაც ეს პროექტი თქვენთვის დასამახსოვრებელი გახადა?

ეს ფილმი, ერთგვარად, ქალის პორტრეტია, მთავარ როლებს კი დაიან ლეინი და ალეკ ბოლდუინი ასრულებენ. დაიან ლეინის გმირი, ცხოვრების გზაზე, თვითგამორკვევისა და ძიების ეტაპს გადის. სწორედ ჩემი პერსონაჟი ეხმარება მას ამ პროცესის გადააზრებაში.

გადაღებების დროს ჩემი მთავარი მიზანი იყო, სრულყოფილად შემექმნა მომხიბვლელი, მაგრამ გულწრფელი ფრანგის სახე, რომელსაც სურდა, ამ ქალისთვის, მისი მოხიბვლის პარალელურად, საფრანგეთის სილამაზე დაენახებინა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, სიამაყით ეჩვენებინა თავისი ქვეყნის ყველაზე ლამაზი ადგილები. ეს მართლაც ბედნიერების განცდაა, როდესაც ვინმეს შენს ქვეყანას აცნობ და ეუბნები: „შეხედე, ეს ყველაზე მშვენიერი ადგილია“… და მეც სწორედ ასე ვიქცეოდი, ამით ვიყავი შთაგონებული.

♦ ანა გავალდას წიგნზე გადაღებული ფილმი ალბათ ერთ-ერთი საინტერესო ეტაპი იყო თქვენს კარიერაში. როგორ განსხვავდება მსახიობად და რეჟისორად მუშაობის პროცესი ერთმანეთისგან, როგორია სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული კინო?

„უბრალოდ ერთად“ წავიკითხე, ანა გავალდას დავურეკე და ვუთხარი, რომ სიუჟეტი ძალიან მომეწონა და კინოს გადაღების იდეა გამიჩნდა. მოგვიანებით შევხვდით კიდეც. წიგნის უფლებებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები იყო მოსაგვარებელი, მაგრამ ერთ დღეს ისევ დამიკავშირდა და მითხრა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. მაშინვე დავიწყე სცენარზე მუშაობა. ფილმმა კინოთეატრებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

რაც შეეხება ჩემს პირველ რეჟისორულ ნამუშევარს, Clara et Moi („კლარა და მე“), ეს ნამდვილი სიყვარულის ისტორიაა. ფილმს წარმატებული სტარტი ჰქონდა. თავიდან მინდოდა, რომ უბრალოდ რომანტიკული კომედია კი არა, ნამდვილი სიყვარულის ამბავი გადამეღო. მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა კაცია, ფილმის დასაწყისში ჩანს, რომ მას ბევრი რამ არ ესმის, მაგრამ, დროთა განმავლობაში, იზრდება და ვითარდება. როგორც გითხარით, ეს იყო ჩემი სარეჟისორო დებიუტი. ასეთი წარმატების შემდეგ, ცოტა შემეშინდა კიდეც მეორე ფილმის გადაღება, ამიტომ სხვადასხვა პროექტში ჩავერთე, მათ შორის, გავაგრძელე სამსახიობო კარიერა. საბოლოოდ, გადავწყვიტე, მეორე ფილმი გადამეღო – სადაც თავად ვწერდი, ვთამაშობდი, ვიღებდი და წარმოებაში ვუშვებდი. ყველაფერს თავად ვაკეთებდი, თუმცა ეს დაბალბიუჯეტიანი პროექტი იყო. სწორედ ამ ფილმის წყალობით მივიღე როლი „Paris Can Wait“-ში – ელეონორ კოპოლამ სადღაც ნახა თრეილერი და ამის შემდეგ გადაწყვიტა, დამკავშირებოდა.

კიდევ ერთ პროექტს აღვნიშნავ – ფილმს, რომელიც კარანტინის დროს გადავიღე. მაშინ ბავშვებთან ერთად ვიყავი სახლში და საკუთარ თავს ვუთხარი: „რაღაც უნდა გავაკეთო მათთან ერთად“. ასე დავწერე სცენარი, რომელიც, ერთდროულად, მამაჩემზეა და იმაზეც, თუ როგორი მამა ვარ თავად. ეს იყო ერთგვარი სარკისებური ეფექტი.

♦ როგორია თქვენი მუშაობის სტილი? გიყვართ იმპროვიზაცია, თუ ყველაფერი წინასწარ გაქვთ დაგეგმილი? ასევე, რა როლი აქვს მუსიკას და ცეკვის ელემენტებს თქვენს კინოში?

კითხვის ბოლო ნაწილიდან დავიწყებ. მუსიკა ჩემთვის ის არის, რაც ფილმს ემოციას ანიჭებს. ვფიქრობ, კინომ გამზარდა და მასწავლა, როგორ ვიმოქმედო ემოციურად მაყურებელზე, მაგრამ მუსიკის გამოყენება უბრალოდ ტექნიკა არ არის – ეს არის გზა, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი რეალური ხდება, მატერიალიზდება. ჩემს ბევრ ფილმში ჩნდება მუსიკალური კომედიის ელემენტები, რადგან მჯერა, რომ იქ, სადაც მუსიკა და ცეკვა ერთიანდება, ყველაზე კარგად შეიძლება გადმოიცეს სიყვარულის შექმნის პროცესი. ეს ჩემთვის განსაკუთრებული რამაა. ჩემი ოცნებაა, ერთ დღეს სრულად მუსიკალური კომედია გადავიღო, შევქმნა მიუზიკლი. ეს უკვე გეგმაში მაქვს, თუმცა, როგორც ყველა პროექტს, ამასაც თავისი დრო სჭირდება. რაც შეეხება მუშაობის პროცესს, გადაღების დროს წინასწარ დაგეგმილ სცენარს მივყვები, მაგრამ ასევე მიყვარს იმპროვიზაციისათვის სივრცის დატოვება. ზოგიერთი სცენა სწორედ ამ პროცესში ცოცხლდება და ახალ, უფრო ბუნებრივ სახეს იღებს.

♦ როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს კინო? რა სჭირდებათ ხელოვანებს და მაყურებელს?

ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ხელოვნებაში, კინოსა და ლიტერატურაში, არის ის, რაც ცხოვრებას გვასწავლის. როდესაც კინოში მივდივართ, ვხედავთ ისტორიებს, რომლებიც გვაიძულებს გავიგოთ და გავაანალიზოთ სამყარო. სინამდვილეში, კინო დიალოგია სამყაროსთან. ფილმის ყურებისას ვაკვირდებით ამბავს, რომელიც კონკრეტულ გარემოსა და სოციალურ კონტექსტში ვითარდება. კინოდან გამოსვლის შემდეგ კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, დავფიქრდეთ, სხვებთან გავაზიაროთ ჩვენი ფიქრები და განცდები – სწორედ ეს არის დიდი კინოს მთავარი ღირსება. ვფიქრობ, კინო, ისევე როგორც ჩვენი დროის პოლიტიკა, უფრო პოლარიზებული გახდა. თითქოს ყველაფერი ან შავია, ან თეთრი – შუალედი, რომელიც აზროვნებისა და ემოციებისთვის სივრცეს გვაძლევდა, ნელ-ნელა იკარგება. ეს ალბათ ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი პრობლემაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

♦ დღესაც ინარჩუნებს თუ არა კინო მაგიურობას? რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ფრანგული კინო?

ვფიქრობ, კინო კვლავაც შეიძლება იყოს მაგიური. უფრო მეტიც – მჯერა, რომ ის ყოველთვის ასეთად დარჩება. კინო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკომუნიკაციო საშუალებაა. მართალია, საავტორო კინოს გადაღება დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ, მიუხედავად ნებისმიერი დაბრკოლებისა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც შეიძლება შეიქმნას. საფრანგეთის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს კინოხელოვნების განვითარებას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კინომ არსებობა და განვითარება გააგრძელოს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფრანგულ კინოს მართლაც აქვს უდიდესი ტრადიცია და ისტორია, რომელიც ძმები ლუმიერებიდან იწყება. მხოლოდ 2024 წელს, საფრანგეთში, სამიდან ოთხ ათასამდე ფილმი შეიქმნა. დიახ, ფრანგული კინო ცოცხალია, და მჯერა, მომავალშიც სასიამოვნოდ გაგვაოცებს.

♦ რაზე მუშაობთ ახლა?

ამჟამად ახალი ფილმის სცენარზე ვმუშაობ – ეს კომედიაა სამ 60 წლის მამაკაცზე, რომლებიც პარიზში ქირაობენ ბინას. დიახ, ბოლოს და ბოლოს – კომედია! ასევე ვმუშაობ მარტინ იდენის ეკრანიზაციაზე. ვფიქრობ მიუზიკლის დადგმაზე და თეატრიც ძალიან საინტერესო იქნებოდა.

♦ რომ არა კინო, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი სხვა პროფესიაში ან ცხოვრების გზაზე?

რომ არა კინო, ალბათ ფეხბურთი… მაგრამ კინო ეს არის ის, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. მახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი და კინოთეატრში მივდიოდი, თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი – თითქოს ვხედავდი, ვგრძნობდი, ვცხოვრობდი იმ სამყაროთი. ამიტომაც, როდესაც გავიზარდე, კინოს შექმნის სურვილი თავადაც გამიჩნდა. ჯერ მსახიობობა დავიწყე, შემდეგ კი ფილმების გადაღება. უნდა ვაღიარო, რომ ჩემს თხრობაში რეალობაც არის და ფანტაზიის ელემენტები, არის ეგზისტენციალური კითხვებიც. რაც მთავარია, ყველაფერი უშუალოდ უკავშირდება პირად გამოცდილებას – და ეს ყველაფერი საოცრად მშვენიერია.

ინტერვიუ არნო ვიარდთან – Interview with Arnaud Viard – YouTube

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება