18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

როგორ წავაკითხოთ მოსწავლეებს წიგნები სასწავლო პროცესის პარალელურად

spot_img
სვეტლანა (ნათია) ადამია
სსიპ თბილისის №192 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

 

 

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“ – გურამ დოჩანაშვილის ეს სიტყვები ხშირად უნდა ვუმეოროთ ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს, პერიოდულად მივუთითოთ საკითხავი ლიტერატურა, ჩვენც ვიკითხოთ მათთან ერთად და ბოლოს ერთმანეთს გავუზიაროთ წაკითხულისგან მიღებული შთაბეჭდილებები სხვადასხვა ფორმით. ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაც ხომ მოსწავლის შემეცნებითი განვითარებაა. განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური აკადემიური უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა (მესამე თაობის ეროვნული სასწაცვლო გეგმა, კონცეპტუალური და ადმინისტრაციული ნაწილი).

წაკითხული ლიტერატურის უკეთ გასააზრებლად ხშირად ვიყენებთ კოგნიტურ დიაგრამებს, რომელიც გვეხმარება მოსწავლეებს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, ჩამოვუყალიბოთ მეტაკოგნიტური უნარები. ამგვარი დიაგრამები გვეხმარება ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას, ასევე მასალის ათვისების შემდეგ შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს; როგორც ტექსტის კითხვისა და დამუშავების, ასევე წერითი სამუშაოს დაწყებისას; როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფებში მუშაობის დროს. სქემების ჩართვა სასწავლო პროცესში ეხმარება მოსწავლეებს მიღებული ინფორმაციის გააზრებაში. როგორც ცნობილია, კოგნიტური დიაგრამების საშუალებით მოსწავლე:

  • ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
  • ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
  • შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
  • ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
  • სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.

ახლა უფრო დაწვრილებით, რას ვგულისხმობთ წაკითხულის შთაბეჭდილებების სხვადასხვა ფორმით გაზიარებაში. უკვე 2 წელია მე და ჩემმა კოლეგებმა „ტრადიციად ჩამოვაყალიბეთ“, სავალდებულო პროგრამული მასალის ათვისების პარალელურად, მოსწავლეებს შევთავაზოთ სემესტრის განმავლობაში წასაკითხი წიგნი ან წიგნები. სემესტრის ბოლოს კი გვაქვს წაკითხულ წიგნზე/წიგნებზე შემაჯამებელი აქტივობები. კერძოდ:

  • მოსწავლეები დავყოთ რამდენიმე ჯგუფად (5-6) და შემთხვევითობის პრინციპით დავურიგოთ კონკრეტული ეპიზოდი მათ მიერ წაკითხული წიგნიდან, რომელიც უნდა განასახიერონ, გაითამაშონ კლასის წინაშე (მოსამზადებლად და როლების გადასანაწილებლად ყველა ჯგუფს ექნება შესაბამისი დრო);
  • მოსწავლეები, გარკვეული დროით ადრე, დავაჯგუფოთ გუნდებად და ვთხოვოთ, გუნდურად მოამზადონ დიორამები წაკითხული წიგნის მიხედვით, მათთვის სასურველ ეპიზოდს გუნდი თვითონ არჩევს.

ამ აქტივობის განხორციელება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად, სურვილისამებრ.

  • წაკითხული წიგნების ირგვლივ ვთავაზობთ გუნდურ ინტელექტუალურ თამაშს „რა, სად, როდის“ (აღნიშნული თამაში ჩემი კოლეგის მიერაა შემოთავაზებული და აქტიურად ვიყენებთ სკოლის მასშტაბით შემაჯამებელი აქტივობებისთვის კლასების მიხედვით).
  • მოსწავლე, პოვერპოინტში ან ფორმატის ქაღალდზე, ინდივიდუალურად ასრულებს პროექტს წაკითხული წიგნის შესახებ, გვთავაზობს წიგნის მოკლე აღწერას, ანოტაციას და თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს თანატოლებსა და მასწავლებელს. პროცესი გრძელდება კითხვა-პასუხის ფორმატში, რაც ძალიან ცოცხალსა და საინტერესოს ხდის.

მესამეკლასელებს პირველ სემესტრში შევთავაზე რუდოლფ რასპეს „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“, მეოთხეკლასელებმა პირველ სემესტრში წაიკითხეს არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“. სემესტრის ბოლოს აღნიშნული წიგნებიდან ეპიზოდები როლური თამაშით გავაცოცხლეთ კლასის წინაშე. ისეთი სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათთვის ეს წიგნები და მით უფრო პერსონაჟები, ვფიქრობ არასოდეს დაავიწყდებათ. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ეს ფორმატი და შემდეგი სემესტრის დასაწყისში თვითონვე შემახსენეს, მიმეთითებინა ახალი წიგნი. ამჯერად მესამე კლასში ყურადღება შევაჩერეთ ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანაზე“ და დავით ჯავახიშვილის მოთხრობებზე – მეოთხე კლასში, რომელთა წაკითხვის შემდგომაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი „წიგნი ყუთში“. მათ მიერ წაკითხული წიგნი შესანიშნავად გააცოცხლეს ყუთში, მოახდინეს თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია და მეგობრებისთვის გაზიარება, რამაც დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ დაგვტოვა (გიზიარებთ ფოტოკოლაჟს მათი ნამუშევრებიდან).

წელს უკვე მეხუთეკლასელებს შევთავაზე რევაზ ინანიშვილის მოთხრობები პირველ სემესტრში, ხოლო მეორე სემესტრში იოჰანა შპირის „ჰაიდი“ და თამარ გეგეშიძის „სული ჩიტი“. პირველი სემესტრის ბოლოს ჩავატარეთ ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“, პროცესი საინტერესო აღმოჩნდა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც, რომლებიც აქტიურად გულშემატკივრობდნენ გუნდებს.

მეორე სემესტრის შემაჯამებელ აქტივობად შვარციეთ ინდივიდუალური პროექტი. მოსწავლეებმა წაკითხული წიგნი ანოტაციის სახით წარუდგინეს კლასს. პრეზენტაციის დროს ასევე საუბრობდნენ იმის შესახებ რა მოეწონათ და რა არა, რატომ მოეწონათ, როგორი იყო პერსონაჟის კონკრეტული ქმედება და რატომ, თვითონ რას იზამდნენ იმ სიტუაციაში… იმის დასტურად კი, რომ ნამდვილად წაკითხული ჰქონდათ ნაწარმოები, პასუხობდნენ კლასის შეკითხვებს, ახასიათებდნენ პერსონაჟებს, აფასებდნენ მათ საქციელს, იხსენებდნენ მათთვის საინტერესო თუ მოსაწონ ეპიზოდებს და სხვა. ბოლოს კი გასცემდნენ რჩევას, ე.წ. რეკომენდაციას თუ რატომ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი მათმა თანატოლმა. ასეთი ტიპის დავალებების შესრულებაში, წაკითხულის უკეთ გაგება-გააზრებაში, დეტალებზე ორიენტირებაში და მთელი პროცესის ორგანიზება-დახარისხებაში მოსწავლეებს ეხმარება გრაფიკული ორგანიზატორები, ე.წ. სქემები. მაგალითად:

მიზეზი და შედეგი

ინფორმაციის სისტემაში მოყვანაში განსაკუთრებით გვიწყობს ხელს „ეპიზოდის პარადიგმა“, რომელიც საშუალებას იძლევა, გარკვეულ სისტემაში მოვიყვანოთ ისეთი კონკრეტული ინფორმაცია, როგორიცაა:

  • მოვლენის დრო და ადგილი;
  • კონკრეტული ადამიანები;
  • მოვლენის ხანგრძლივობა;
  • მოვლენათა კონკრეტული თანმიმდევრობა;
  • კონკრეტული მიზეზი და შედეგი.

დიაგრამა: ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე“. ეს მეთოდი მოსწავლეებს ყურადღების კონცეტრირებაში ეხმარება; უაქტიურებს წინარე ცოდნას, ეხმარება მასალის მთლიანობაში გააზრებაში, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმის უნარ-ჩვევას; ეხმარება გაიაზროს, რა არის მნიშვნელოვანი მოცემულ მასალაში, მიუთითებს, რა ისწავლა ამ მასალის დამუშავებით და სხვა.

ვიცი მინდა ვიცოდე, რა გავიგე
 

 

მთელ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მკითხველი მასწავლებლის როლიც. მეც ხშირად ჩანთით დამაქვს მათთვის მითითებული წიგნი და ვკითხულობ ხოლმე შესვენებებზე, ტრანსპორტში, არდადეგებზე. პერიოდულად, ვეკითხები ხოლმე მოსწავლეებს – ხომ კითხულობთ? ასწრებთ წაკითხვას? სად ხართ? ვუსახელებ კონკრეტულ ეპიზოდს წიგნიდან, რათა მათი ინტერესი გამოვიწვიო. ეშმაკური ხერხი ჭრის, მაშინვე წიგნზე იწყებენ საუბარს, ყველა თავის კითხვის პროცესს ჰყვება… ამ დროს კი, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუწყია წიგნის კითხვა, გამოფხიზლდება ხოლმე და მასაც უჩნდება სურვილი საერთო საქმეში ჩაერთოს. მართალია, გამონაკლისებიც გვყავს, ვინც არ ან ვერ წაიკითხა მითითებული რომელიმე წიგნი, თუმცა ასეთი მოსწავლე განსაკუთრებული ინტერესით უსმენს წარდგენას. შემინიშნავს მისი ინტერესიანი სმენადქცეული მზერა პრეზენტატორი თანაკლასელის მიმართ. იყო ასეთი ფაქტიც, როცა მოსწავლემ მისი მიზეზით ვერ მოასწრო წიგნის წაკითხვა და უყურა წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს, თუმცა აღნიშნა, რომ ფილმის ნახვამდე კარგი იქნებოდა მოესწრო წიგნის წაკითხვა.

როგორც ვხედავთ, ამ მოკლე დროში, საკმაო რაოდენობის წაკითხული წიგნი დაგვიგროვდა, სათვალავში არ მიგვითვლია ზაფხულის არდარდეგებზე წაკითხული წიგნები, რაც ჩვენს სიას ბევრად მრავალფეროვანს გახდიდა. ზაფხულში წაკითხული წიგნების უკეთ დამახსოვრებაში, კითხვის პროცესის ორგანიზებაში კი მოსწავლეებს გამოადგებათ შემდეგი სქემა:

სახელი, გვარი ——————————-

თვე

ივნისიდან სექტემბრამდე

ეს მე წავიკითხე

(ავტორი და სათაური)

ჩემი შთაბეჭდილებები ჩემი საყვარელი პერსონაჟი ხელმოწერა
ივნისი 1.                 —–

2.

ივლისი 1.  

 

აგვისტო 1.  

 

 

ვფიქრობ, მიზანს ნელ-ნელა მივაღწევთ და შევაყვარებთ ჩვენს პატარა მეგობრებს წიგნის კითხვას. გავუჩენთ სურვილს იხეტიალონ თავგადასავლებით სავსე სამყაროში, რომელსაც წიგნის სამყაროს ვუწოდებთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ორგანული კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
  2. ზოგადი განათლების ეროვნელი მიზნები;
  3. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
  4. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა;

 

დანართის სახით გიზიარებთ ჩემი მოსწავლეების მიერ შესრულებულ პრაქტიკულ დავალებებს წაკითხულის შესახებ:

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები