როგორ შევქმნათ ტესტი? ეს კითხვა საკმაოდ რთულია. რეალობაა ის, რომ ტესტისა და სასწავლო გეგმების შექმნას ძალიან დიდი დრო და კომპეტენცია ესაჭიროება. ტესტს სხვადასხვაგვარი ფუნქცია გააჩნია – ზოგჯერ ის ცოდნის გაზომვის საშუალებაა, ზოგჯერ კი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად გამოიყენება. „ახალი განათლება“, მასწავლებელთა მხარდასაჭერად, წარმოგიდგენთ ტესტის ტიპოლოგიურ კლასიფიკაციასა და განმარტებებს. მასალა მომზადებულია წყაროზე https://www.instructables.com/ დაყრდნობით, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.
მსგავსი პასუხებიდან ერთი არჩევანი
ამ ტიპის ტესტში მოცემულია რამდენიმე შესაძლო პასუხი და აპლიკანტმა უნდა აირჩიოს საუკეთესო შესატყვისი ტესტში დასმულ კითხვაზე. პასუხები უნდა იყოს ჩამოყალიბებული ისე, რომ არ იყოს დაბნეულობა იმის შესახებ, თუ რომელია ზუსტი პასუხი. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ რამდენიმე პასუხი, რომლებიც ფორმულირებულია თითქმის ანალოგიურად, მაგრამ საუკეთესო პასუხი უნდა იყოს შერჩეული. ამგვარ ტესტში პასუხის ნომერი უნდა შემოიხაზოს.
მოკლე პასუხი
ამ ტიპის ტესტში მოცემულია წინადადებები და მოსწავლემ/აპლიკანტმა უნდა მოახერხოს პასუხის სინთეზი. წინადადებები არ უნდა იყოს ორაზროვანი და ბუნდოვანი, ინტერპრეტაციების საშუალებას თითქმის არ უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკავთ მოსწავლეების დაბნევას.
ტესტის ფურცელზე/ფაილზე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი პასუხის დასაწერად/დასაბეჭდად.
მართალია/მცდარია
ამ ტიპის ტესტში მოცემულია მოსაზრება და მოსწავლემ/აპლიკანტმა უნდა გადაწყვიტოს, არის ის ჭეშმარიტი თუ მცდარი. სწორი/მცდარი კითხვები ფოკუსირებული უნდა იყოს ერთ იდეაზე. კითხვებმა, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ მართალია, შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა.
თუ მოსაზრება მართალია, მიუწერეთ ასო „T“, თუ მცდარია, გამოიყენეთ ასო „F“. შესაძლოა, სხვა მიმანიშნებლების გამოყენება.
შესატყვისი
ამ ტიპის ტესტი ორი სვეტისგან შედგება. სვეტები შეიძლება იყოს ცნებები და მათი განმარტებები. მოსწავლემ/აპლიკანტმა ისინი უნდა შეუსაბამოს ერთმანეთს. განმარტებები უნდა იყოს ლაკონიური და გასაგები. სვეტები ისე უნდა იყოს ფორმულირებული ტერმინებითა და განმარტებებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაბნეულობა. დაუშვებელია სვეტების სათაურების შეუსაბამო ინფორმაციების ჩაწერა/ჩაბეჭდვა ქვემო უჯრებში.
მარტივად რომ ვთქვათ, A სვეტში ჩამოთვლილი თითოეული აღწერის/განსაზღვრების/დეფინიციის არაპარალელურად ან იშვიათად პარალელურად, B სვეტში უნდა ჩაიწეროს ტერმინი/ცნება. A სვეტის თითოეული აღწერა/განსაზღვრება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთხელ, ერთზე მეტჯერ ან საერთოდ არ იყოს გამოყენებული.
დასრულება
ამ ტიპის ტესტი შედგება განაცხადებისგან, რომელსაც აქვს ბოლო ან რომელიმე ლოგიკური ნაწილი ცარიელი. მოსწავლემ/აპლიკანტმა უნდა შეავსოს ცარიელი ადგილი. ამ ტიპის ტესტზე უნდა მოვითოხოვოთ გარკვეული პასუხი.
ღიადაბოლებიანი ტესტი
ამ ტიპის ტესტი შედგება ერთი ან რამდენიმე წინადადებისგან, რომლებზეც პასუხის გაცემას, მინიმუმ, ერთი ან ორი აბზაცი სჭირდება. საბოლოოდ, ასე იქმნება ესე. კითხვები უნდა იყოს კონკრეტული. დიდი ტექსტის შესაქმნელად ღიადაბოლოებიანი ტესტი არ არის პროდუქტიული. ესეს ფარგლებში, მკაფიოდ უნდა იყოს გაშუქებული რამდენიმე არსებითი საკითხი, კონკრეტული პასუხებით; ამგვარ ტესტს უნდა უძღოდეს წინ მითითება შემდეგი ზმნებით: შეაფასეთ, შეაჯამეთ, გააანალიზეთ და ა.შ. ამგვარ ტესტს თქვენ უნდა დაურთოთ რუბრიკა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს/აპლიკანტებს პასუხის გაცემაში.