მანანა ჯავახიშვილი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი
შევეცდები გესაუბროთ იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, კონკრეტულად — ისტორიაში. ისტორიის ტესტი მოიცავს როგორც საქართველოს ისტორიის, ისე მსოფლიო ისტორიის საკითხებს, საკმაოდ ვრცელ პერიოდს — უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით. ტესტი ძალიან მრავალფეროვანია, ამოწმებს როგორც ფაქტობრივი მასალის ცოდნას და მისი გამოყენების უნარს, ასევე ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა: არგუმენტირებული მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის, შეფასება და სხვ.
ტესტი 8 სხვადასხვა ტიპის დავალებისგან შედგება. დავიწყოთ თანმიმდევრულად:
პირველი ტიპის დავალება დახურული დავალებაა. როგორია დავალების ტიპი? მასში მოცემულია შეკითხვა, რომელსაც ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი, რომელიც აბიტურიენტმა პასუხების ფურცელში უნდა დააფიქსიროს. ეს დავალება, ძირითადად, ამოწმებს ფაქტობრივი მასალის ცოდნას და მისი გამოყენების უნარს, მაგრამ არა მარტო, ასევე ამოწმებს ისტორიული მოვლენების ძირითადი, არსებითი მახასიათებლების გამოვლენისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების უნარებს, ამდენად, შეიძლება საკმაოდ რთულ დავალებადაც ჩავთვალოთ. ტესტში მოცემულია დახურული ტიპის 15 დავალება, რომელიც სხვადასხვა ტიპის უნარებს ამოწმებს.
მეორე ტიპის დავალება — ქრონოლოგიური პრინციპით დაწყობის დავალება. ეს ნიშნავს სხვადასხვა ისტორიული მოვლენების ან ისტორიული პიროვნებების გარკვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებას — უძველესიდან უახლესისაკენ. საერთოდ, ჩვენი ტესტი არასოდეს სვამს კითხვებს თარიღების შესახებ და ჩვენი მიზანი არ არის, აბიტურიენტებს შევუმოწმოთ მეხსიერება, გამოვკითხოთ თარიღები, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ რამდენად შეუძლია მას ისტორიულ დროში ორიენტირება. ქრონოლოგიური პრინციპით დალაგების დავალება სწორედ ამ მიზანს ემსახურება — ვთქვათ, ერთი ისტორიული მოვლენის სამი შემადგენელი ნაწილი იქნება მოცემული, სამი ფაქტი ან სამი მოვლენა, რომელიც აბიტურიენტმა უნდა დაალაგოს უძველესიდან უახლესისაკენ, ანუ მას უნდა ჰქონდეს დროში ორიენტაციის უნარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის დისციპლინისათვის და ამავე დროს, ეს დავალება, რა თქმა უნდა, ფაქტობრივი ცოდნის და მისი გამოყენების უნარსაც ამოწმებს.
შემდეგი ტიპის დავალება ისტორიულ წყაროებთანაა დაკავშირებული და უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ტესტში არა ერთი და ორი დავალებაა მოცემული, რომელიც სწორედ ისტორიული წყაროების ანალიზის და ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს ჩვენს აბიტურიენტებს. კერძოდ, დავალება №19-ში ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროა — როგორც ვიზუალური, ისე წერილობითი. ეს ძალიან საინტერესო დავალებაა იმიტომ, რომ ერთდროულად ორი ტიპის წყაროა მოცემული, რომელიც ერთი და იმავე ისტორიულ მოვლენას ასახავს — ერთი ვიზუალური ხასიათისაა, მაგალითად, კონკრეტული ბრძოლის სქემა და მეორეა წერილობითი წყარო, რომელიც ამავე ბრძოლას ასახავს.
დავალებას ახლავს ოთხი შეკითხვა, რომელზეც უნდა გასცეს პასუხი აბიტურიენტმა, ორივე წყაროს შეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე. შესაბამისად, ის კარგად უნდა დააკვირდეს როგორც ბრძოლის სქემას (ამ შემთხვევაში), ყურადღებით წაიკითხოს ნარატიული წყარო და მხოლოდ ამ წყაროების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვას.
ეს დავალება ამოწმებს წყაროს კითხვის, მისი ინტერპრეტაციის, არსებითი ფაქტორების დაფიქსირების უნარებს და ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რამდენად აქვს აბიტურიენტს ეს უნარები.
შემდგომი დავალება ასევე ისტორიულ წყაროს ეხება, მაგრამ ამ დავალებაში მოცემულია მხოლოდ ერთი ტიპის წყარო — ვიზუალური, მაგალითად, კარიკატურა, ან მონეტა, ან აფიშა ან ნებისმიერი ტიპის ვიზუალური წყარო, რომელიც ისეთივე მეტყველია, როგორც წერილობითი წყარო. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სწორედ სხვადასხვა ტიპის წყაროებზე, მით უფრო ვიზუალური ტიპის წყაროებზე იმიტომ, რომ, პრინციპში, სკოლებში ნაკლები ყურადღება ეთმობა ხოლმე ვიზუალური ტიპის წყაროებს და უფრო მეტი — წერილობით წყაროებს, გნებავთ დოკუმენტურს თუ ნარატიულს. ვიზუალური წყაროებიც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროებია და ჩვენი ყურადღების მიღმა რომ არ დარჩეს, დიდ ადგილს ვუთმობთ ჩვენს ტესტში. კონკრეტულ ვიზუალურ წყაროს მოსდევს შეკითხვები, რომელსაც აბიტურიენტმა უნდა გასცეს პასუხი. თუმცა, ეს დავალება, გარდა წყაროს წაკითხვისა და ინტერპრეტაციისა, ცხადია, იმ ეპოქის ცოდნასაც ამოწმებს.
აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ როგორც ეს დავალება, ერთი ვიზუალური წყაროს შესახებ, ასევე, წინა დავალება, რომელიც ორი სხვადასხვა ტიპის წყაროს მოიცავდა, აბიტურიენტისთვის უცნობი იქნება, ის მას პირველად ნახავს, მაგრამ ამ ფაქტმა არ უნდა შეაშინოს, რადგან ისტორიული კონტექსტი, რომელიც აღბეჭდილია ამ წყაროებში, მისთვის კარგად ნაცნობია. ვიმეორებ — წყაროები, რომელიც იქნება მოცემული ტესტში, შესაძლოა იყოს და უმეტეს წილად, უცნობია აბიტურიენტისთვის, მაგრამ ის ისტორიული მოცემულობა და ისტორიული კონტექსტი, რომელიც ასახულია ამ წყაროებში, მისთვის სახელმძღვანელოებიდან კარგად ნაცნობია, ამიტომ ეს ფაქტი ჩვენს აბიტურიენტებს ნუ დააფრთხობთ.
ჩვენ ვეკითხებით, რა არის ამ წყაროს მთავარი სათქმელი, რისი თქმა სურდა ავტორს ამ ვიზუალური წყაროს შექმნისას და რა თქმა უნდა, მან უნდა უპასუხოს ამ კითხვას, წყაროზე კარგად დაკვირვების შედეგად.
შემდგომი დავალება ასევე ვიზუალურ წყაროს ეხება — ისტორიული რუკის ანალიზი.
21-ე დავალებაში მოცემულია ამა თუ იმ კონკრეტული ეპოქის ისტორიული რუკა, რომელიც, ასევე, შესაძლოა, არ იყოს ნაცნობი აბიტურიენტისთვის, მაგრამ ის ეპოქა და მოვლენები, რომლებიც, ვთქვათ, რუკის ლეგენდაში იქნება გადმოცემული და რუკაზე ასახული, ძალიან ნაცნობი და ახლობელი იქნება ჩვენი აბიტურიენტებისთვის. ასე რომ, მათ ესეც ნუ დააფრთხობთ. რუკის დავალება 11-ქულიანია, მას 8 შეკითხვა ახლავს და უმეტესი წილი ამ შეკითხვებისა მოდის სწორედ რუკის წაკითხვაზე, რამდენად შეუძლია აპლიკანტს ისტორიული რუკის წაკითხვა, აღქმა, გაგება და ინტერპრეტაცია. ამავე დროს, ისტორიული კონტექსტიდანაც შეიძლება მოუვიდეს კითხვა, რომლის პასუხი რუკაზე შეიძლება ვერ მოიძებნოს, მაგრამ ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე, აბიტურიენტმა იცოდეს იმიტომ, რომ ეს პროგრამითაა განსაზღვრული და რუკის გარეშე შეკითხვებსაც უნდა უპასუხოს.
ორიოდ სიტყვით მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ხოლმე სწორედ ისტორიული რუკის დავალებების შესრულების დროს. ხშირად აბიტურიენტები არ კითხულობენ კარგად დავალების პირობას, კარგად არ ეცნობიან ინსტრუქციას და თუ ჩვენ ვთხოვთ, კონკრეტულად ჩამოთვალონ ორი ან სამი სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს, პირობითად, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ისინი პასუხად 5-6 ჩამონათვალს აკეთებენ, არა კონკრეტულად იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ვეკითხებით (რომლებიც ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად ჩამოყალიბდა ამ ტერიტორიაზე). სავარაუდოდ, ასე ფიქრობენ — ჩამოვთვლი ყველას, რაც კი რუკაზე წერია და ერთ-ერთი მაინც იქნება სწორი და ჩამეთვლება. ეს მიდგომა, ცხადია, არასწორია, ამგვარად შესრულებული დავალება არ გასწორდება იმიტომ, რომ პასუხი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და ჩამოთვლილი უნდა იყოს სწორედ ის სახელმწიფოები, რომელსაც ჩვენ ვეკითხებით ამ შეკითხვაში და არა ყველა ის სახელმწიფო, რომელიც მოცემულია რუკაზე. სხვათა შორის, მსგავსი პრობლემები სხვა დავალებაშიც გვხვდება, მაგალითად, ვიზუალური წყაროს ანალიზის შემთხვევაშიც (ამ დავალებას ილუსტრაციის ანალიზსაც ვუწოდებთ).
აქაც, მაგალითად, როდესაც ვეკითხებით, რა ტიპის ილუსტრაციასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის წყაროა, რა ჰქვია ამ ტიპის ვიზუალურ წყაროს, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ჩამონათვალს აკეთებენ, შეიძლება ეწეროს — კარიკატურა, მონეტა, აფიშა… უბრალოდ ჩამოთვლიან აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იმიტომ, რომ შეიძლება ერთ-ერთი სწორ პასუხს „მოერგოს“. ვიმეორებ, ასეთი შემთხვევები არ გასწორდება, რამდენადაც, ცხადია, ეს არ არის კონკრეტული და დაზუსტებული პასუხი.
შემდეგი ტიპის დავალება, 22-ე და 23-ე, ერთი ტიპის დავალებებია, რომელსაც ჰქვია ისტორიული პრობლემის ანალიზი. ეს დავალება ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რამდენადაც ის ორიენტირებულია არგუმენტირებული მსჯელობის შემოწმებაზე. ამ დავალებაში მოცემულია კონკრეტული ისტორიული ვითარება, კონკრეტული მოცემულობა, რომლის სასარგებლოდ გამოთქმულია ურთიერთგამომრიცხავი, ურთიერთსაპირისპირო აზრები, მაგალითად, ვეთანხმები თუ არა ამა თუ იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას ან ვეთანხმები თუ არა ამა თუ იმ ისტორიულ მოწოდებას. აქ აბიტურიენტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები როგორც ერთი პოზიციის სასარგებლოდ, ისე მეორე პოზიციის, ანუ დავალებაში ორი განსხვავებული პოზიციაა დაფიქსირებული, ხოლო არგუმენტების მოყვანა უკვე აბიტურიენტის დავალებაა.
ამ დავალების გასწორების პროცესში გვაქვს ხოლმე პრობლემები, რადგან აბიტურიენტები წერენ ძალიან ზოგადი ხასიათის პასუხებს — ვეთანხმები ამას იმიტომ, რომ ეს იქნებოდა დადებითი ან ეს იქნებოდა უარყოფითი ამა თუ იმ ქვეყნისთვის. ეს იმდენად ზოგადი და არაფრის მთქმელი პასუხია, რომ შეიძლება ნებისმიერ ისტორიულ კონტექსტს მოერგოს, ამიტომ ჩვენი სურვილი იქნება, რომ პასუხი იყოს ძალიან კონკრეტული და ასახავდეს კონკრეტულ ისტორიულ რეალიებს, მაგალითად, დავალება 22 (პრობლემის ანალიზი):
დავალება 22
1095 წელს ქალაქ კლერმონში რომის პაპმა, ურბან II-მ ევროპელებს აღმოსავლეთში გალაშქრებისა და მუსლიმთაგან მაცხოვრის საფლავის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ფეოდალთა ერთი ნაწილი ურბან II-ის მოწოდების მომხრე იყო, ხოლო მეორე ნაწილი – მოწინააღმდეგე.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც პაპის მოწოდების მომხრე თავის პოზიციას დაიცავდა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც პაპის მოწოდების მოწინააღმდეგე თავის პოზიციას დაიცავდა.
ამ დავალებაში საუბარია ჯვაროსნული ლაშქრობის მოწოდებაზე რომის პაპის ურბან II-ის მხრიდან. ის ლაშქრობისაკენ მოუწოდებს ევროპელ ჯვაროსნებს და არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება — ერთნი ეთანხმებიან ამ მოწოდებას და თვლიან, რომ წმინდა მიწაზე საბრძოლველად უნდა წავიდნენ, უფლის საფლავის გამოსახსნელად, მეორენი პაპის ამ მოწოდებას არ ეთანხმებიან. ზოგადი პასუხები, რომ კარგი იქნებოდა წასვლა ან უარყოფითი იქნებოდა, არ მიიღება. პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული, უნდა ჩანდეს ჯვაროსანთა, როგორც მომხრეთა, არგუმენტაცია, რატომ უნდა გაილაშქრონ, ასევე მოწინააღმდეგეთა, თუ რატომ და რა მიზეზით უნდა შეიკავონ თავი. ეს დავალება არგუმენტირებულ მსჯელობას და ზოგადად ისტორიული მოვლენების შეფასებასაც ამოწმებს, ამავდროულად, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს, კერძოდ — არგუმენტირებული მსჯელობის უნარს.
შემდეგი ტიპის დავალება არის ისტორიული მოვლენის შეფასება. ძალიან საინტერესო დავალებაა, აბიტურიენტმა ჯერ ისტორიული მოვლენის კონკრეტული შედეგი უნდა გამოავლინოს, ანუ დაგვიფიქსიროს ამ მოვლენის შედეგი, ხოლო შემდგომ ეს შედეგი უნდა შეაფასოს, მსოფლიო ისტორიისთვის იქნება ეს თუ კონკრეტული სახელმწიფოსთვის, თავად დავალების შინაარსიდან გამომდინარე. ეს დავალება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად შეუძლია აბიტურიენტს ისტორიული მოვლენების შეფასება და ზოგადად, არსებითი მახასიათებლის გამოყოფა ამა თუ იმ ისტორიული მოვლენიდან. აქაც, ვიმეორებ, ძალიან ზოგადი ხასიათის პასუხები არის ხოლმე (კარგი იყო, ცუდი იყო, უარყოფითი იყო, დადებითი იყო…). ცხადია, ასეთი პასუხები არ მიიღება. იფიქრეთ, იაზროვნეთ, არ იჩქაროთ — ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია და მხოლოდ განსჯისა და ფიქრის შემდგომ გაეცით ძალიან კონკრეტული პასუხი დასმულ შეკითხვებს.
და ბოლო, 25-ე დავალება — ისტორიული წყაროს ანალიზი. აქ უკვე საუბარია წერილობით წყაროზე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ნარატიული, ისე დოკუმენტური, საკმაოდ ვრცელი წყარო. ეს წყარო იქნება თქვენთვის უცნობი, მაგრამ ვიმეორებ, როგორც ზემოთ აღნიშნული ყველა დანარჩენი წყარო, აქაც, ამ წყაროში მოცემული ისტორიული რეალობა, ისტორიული პერიპეტიები და კონტექსტი თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება. ამ დავალებაში მოგეთხოვებათ, რომ კარგად გაიგოთ ისტორიული წყაროს შინაარსი, ეს არის ერთგვარი წაკითხულის გააზრება, ოღონდ კონკრეტული ისტორიული წყაროსი, მაგრამ შეკითხვები მხოლოდ წყაროს გაგებაზე არ არის, წყაროს ტექსტის ინტერპრეტაციაზეცაა და ზოგიერთი კითხვა შეიძლება იმ მოვლენების შეფასებას ეხებოდეს, რომელიც ამ წყაროში ასახული არ არის. ეს ვრცელი დავალებაა და მისი მიზანია ისტორიული წყაროს გაგების, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და, ამავე დროს, ისტორიული მოვლენების შეფასების კრიტიკული გააზრების უნარების შემოწმება.
ასეთია მთლიანობაში ჩვენი ტესტის სტრუქტურა. როგორც ხვდებით, ძირითადად, ტესტი აგებულია ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე, როგორიცაა: კრიტიკული ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებსა თუ ფაქტებს შორის — ეს არის შეფასება, ამა თუ იმ ისტორიული მოვლენიდან ძირითადი და არსებითი ნიშნის გამოყოფა, ისტორიულ დროში ორიენტაციის უნარი და ა.შ. ჩვენი ტესტი ბევრად უფრო ნაკლებადაა ორიენტირებული, ვთქვათ, კონკრეტული ფაქტების დამახსოვრებასა და დაზეპირებაზე, უფრო სააზროვნო ტიპის დავალებებია მოცემული.
რაც შეეხება იმას, თუ საიდან უნდა მოემზადოთ და რა რესურსებით იხელმძღვანელოთ ისტორიის ტესტის ჩასაბარებლად მომზადების პერიოდში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს გრიფირებული სახელმძღვანელოები — მე-11 და მე-12 კლასების ისტორიის სახელმძღვანელოები; მე-11 კლასში, დღეს, ორი გრიფირებული სახელმძღვანელო გვაქვს, ალტერნატიული სახელმძღვანელოები ისევე, როგორც მე-12 კლასში. არა აქვს მნიშვნელობა რომელი სახელმძღვანელოთი სწავლობთ, ორივე გრიფირებული სახელმძღვანელოა და ნებისმიერ შემთხვევაში, მასალა, რომელიც ტესტში იქნება მოცემული, ასახული იქნება როგორც ერთ, ისე მეორე, ალტერნატიულ სახელმძღვანელოში. ასე რომ, ამაზე შეგიძლიათ არ იღელვოთ, რამდენადაც ისტორიის ტესტში მოცემული ფაქტობრივი მასალა სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას, ფაქტობრივ მასალას არ გასცდება. გარდა ამისა, ცხადია, შეგიძლიათ გაეცნოთ ნებისმიერ ადეკვატურ, გნებავთ ინტერნეტ რესურსებს, გნებავთ სხვა ტიპის ბეჭდურ მასალას, გაიღრმაოთ ცოდნა.
რაც შეეხება, ზოგადად, ტიპურ შეცდომებს, რომლებსაც აბიტურიენტები უშვებენ ტესტირების დროს, ამაზე დეტალურად და ვრცლადაა მოთხრობილი ელექტრონულ კრებულში, რომელიც ყველა საგანში მოამზადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და, ცხადია, მათ შორის, ისტორიაშიც. ეს კრებული, გარდა ტიპური შეცდომებისა, ზოგადად გვაძლევს ინფორმაციას საგამოცდო პროგრამაზე, ტესტის სტრუქტურაზე. კრებულში, ასევე, ჩადებულია შარშანდელი ტესტი, თავისი შეფასების სქემითა და პასუხებით და შეგიძლიათ გაეცნოთ, დეტალურად ნახოთ ის ტიპური შეცდომები, რომლებსაც აბიტურიენტები უშვებენ გამოცდებზე. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ზემოთ უფრო შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებზე გესაუბრეთ, მაგრამ, ამავე დროს, ხშირია ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, მაგალითად, როდესაც კალიგრაფიაა აბსოლუტურად გაურკვეველი ან ხარვეზებითაა ტესტი შესრულებული, ან არ იკითხება და გამსწორებელს უჭირს შეფასების მიცემა. ამიტომ, დასასრულს, ისევ ვიმეორებ და ვთხოვ ჩვენს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, შენიშვნა, ინსტრუქცია, რომელიც მოცემულია ჩვენს ელექტრონულ კრებულში (ასევე ტესტის ინსტრუქციები) და შეეცადონ, ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეასრულონ ეროვნული გამოცდების ტესტი.
დასასრულს, მინდა, ჩვენს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები ვუსურვო.