გია ხატისაშვილი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი
შევეცდები, აბიტურიენტებს მივცე რჩევები, როგორ მოემზადონ ზაფხულში გამოცდის ჩასაბარებლად. დღეს ვისაუბრებთ იმ სიახლეებზე, რომელიც ქიმიის გამოცდაში იგეგმება, ასევე, განვიხილავთ დავალებათა ტიპებს და შესაბამის ნიმუშებს, გავეცნობით ამ დავალებების შეფასების სქემებს და იმ შეცდომებს, რომლებსაც აბიტურიენტები ხშირად უშვებენ დავალებათა შესრულებისას.
პირველ რიგში, ვნახოთ რა შეიცვალა გამოცდის ფორმატში:
თუ ძველი ფორმატისთვის ტესტირების დრო იყო 3 საათი და 40 წუთი, ამ ზაფხულს, გამოცდის ხანგრძლივობა მხოლოდ 3 საათი იქნება. შესაბამისად, შემცირდა ტესტის მაქსიმალური ქულა, 75-იდან 63 ქულამდე და ეს შემცირება მოხდა როგორც დახურული დავალებების, ასევე ღია დავალებების ხარჯზე. დახურული დავალებები წარმოდგენილი იქნება უფრო ნაკლები რაოდენობის, შესაბამისად, ღია დავალებებზეც უფრო ნაკლები ქულა გადანაწილდება. პროპორციულად შემცირდა მინიმალური გამსვლელი ქულაც და თუ ადრე 19 იყო, ახლა 16 ქულა იქნება. ოღონდ აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ზოგიერთი ფაკულტეტი თვითონ აწესებს მინიმალურ ზღვარს და ზოგჯერ ეს ზღვარი 70%-საც კი აღწევს ხოლმე.
ახლა ვნახოთ რამდენიმე მაგალითი იმ დავალებებისა, რომლებიც გამოცდაზე გამოიყენება ხოლმე და თან გავეცნოთ ამ დავალებათა ტიპებს. პირველ რიგში, შევხედოთ, როგორ გამოიყურება ე.წ. არჩევითპასუხებიანი, ანუ დახურული დავალებები — მოცემული არის ხოლმე პირობა, დასმულია კითხვა და მოყვანილია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. აქ თქვენ ხედავთ ასეთ დავალებას:
ზოგჯერ ამ დავალებებს შემოსახაზ დავალებებსაც უწოდებენ ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში აქ შემოსახაზი არაფერია იმიტომ, რომ აბიტურიენტი ტესტს ხედავს ეკრანზე და ეკრანზე ვერაფერს შემოხაზავს. ცხადია, ამიტომ, მან პასუხების ფურცელზე უნდა მონიშნოს შესაბამისი უჯრები.
პასუხების ფურცელზე ეს ველი, დაახლოებით, ასე გამოიყურება:
და აბიტურიენტმა, ჯვარედინი ხაზებით, უნდა მონიშნოს ის პასუხები, რომელსაც თვლის სწორად. თუ რომელიმე პასუხში ჩათვალა, რომ შეცდომა დაუშვა და აპირებს გადასწორებას, შეუძლია უბრალოდ გაამუქოს შესაბამისი უჯრა და სხვა ადგილას, სხვა უჯრა მონიშნოს. როგორც გითხარით, ასეთი დავალებების რაოდენობა იქნება 25.
გარდა ამისა, ქიმიის ტესტში ყოველთვის არის ხოლმე ე.წ. შესაბამისობები.
თქვენ ხედავთ ასეთ დავალებას. აბიტურიენტმა უნდა დაადგინოს შესაბამისობა ასოებით აღნიშნულ ჩამონათვალსა და ციფრებით აღნიშნულ ჩამონათვალს შორის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აბიტურიენტს უნდა განესაზღვრა რომელ ჭიქაში რა მოხდებოდა, ანუ სად რა შეინიშნებოდა, როგორი იქნებოდა ვიზუალური ეფექტი. აქაც სწორი პასუხების მონიშვნა პასუხების ფურცელზე ხდება.
ეს ცხრილი ასეთნაირად გამოიყურება და შეფასების დროს, ყურადღება ექცევა იმას, რამდენად სწორად არის შევსებული ვერტიკალური სვეტები. თითოეული სწორად შევსებული ვერტიკალური სვეტი ფასდებოდა თითო ქულით. შესაძლოა, ეს ცხრილები განსხვავებულად იყოს შესავსები, კერძოდ, იმ დავალებაში, სადაც საჭიროა, დავადგინოთ ელემენტების თვისებები, ზოგიერთ შემთხვევაში, პასუხის გასაცემად, მხოლოდ ერთი უჯრის მონიშვნაა საჭირო, ზოგ შემთხვევაში — 2-ის, ზოგში — 3-ის, ამიტომაც, შეფასება აქაც ვერტიკალურად სწორად შევსებული სვეტების მიხედვით ხდება, ოღონდ, მაგალითად, ბ სვეტში სწორად ჩაითვლება პასუხი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ სამივე უჯრა სწორადაა მონიშნული.
ამის შესახებ გვაფრთხილებენ კიდევაც, თუ დავაკვირდებით, წერია — გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ არამეტალს შეიძლება ახასიათებდეს ჩამოთვლილი თვისებებიდან ერთი ან რამდენიმე. ამიტომ, აუცილებელია, რომ აბიტურიენტმა ყურადღებით წაიკითხოს ამოცანის პირობა და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსიროს პასუხი.
სხვა ტიპის დავალებები ეხება ცხრილების შევსებას:
ცხრილების შევსების დროს, კარგად უნდა ინახოს, რა პრინციპით ხდება ამ ცხრილის შევსება და პასუხების ფურცელზე შესაბამის ადგილას მოხდეს ამ პასუხების გადატანა.
კონკრეტულად ამ დავალებისათვის, ყოველი სწორად შევსებული უჯრა ფასდებოდა თითო ქულით.
შემდეგი ტიპი დავალებების ორგანული ქიმიიდანაა.
აქ აბიტურიენტს მოეთხოვება, რომ აჩვენოს თავისი ცოდნა ორგანული ნაერთების დასახელებისა და მათი სახელწოდებიდან სტრუქტურული ფორმულების შედგენის მხრივ. პასუხების ფურცელზე გამოყოფილ შესაბამის ველებზე უნდა ჩაიწეროს სწორი პასუხები, თითოეული ფასდება თითო ქულით და აი, აქ, საყურადღებოა, რომ აბიტურიენტები ხშირად უშვებენ შეცდომას — არასწორად მიუთითებენ ხოლმე ნახშირბად ატომებთან წყალბად ატომების რაოდენობას.
სამივე განხილულ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეცდომაა დაშვებული — პირველ ორ შემთხვევაში, თუკი არასწორად არის აღნიშნული ნახშირბად ატომებთან წყალბად ატომების რაოდენობები, მესამე შემთხვევაში უკვე აზოტთან არის დაშვებული შეცდომა.
ქიმიის ტესტში, როგორც წესი, მრავლად არის ხოლმე ისეთი დავალებები, სადაც აბიტურიენტმა რეაქციების ტოლობები უნდა შეადგინოს, შესაბამისი მოცემულობის საფუძველზე.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციაა გასათანაბრებელი და აქაც თითო ნაწილი, ელექტრონული ბალანსის შედგენა და რეაქციის გათანაბრება, თითო ქულით ფასდება.
აქ ვხვდებით ხოლმე შეცდომებს, როდესაც აბიტურიენტები არასწორად განსაზღვრავენ ჟანგვის რიცხვებს ან შეცდომას უშვებენ მიერთებული და გაცემული ელექტრონების რაოდენობაში. ამ დავალებაში, ასევე, რეაქციების ტოლობებია შესადგენი, ოღონდ მოცემულობაა სხვანაირი, კერძოდ, ერთ შემთხვევაში — სქემაა, მეორე შემთხვევაში — გარკვეული ინფორმაცია და ამათ საფუძველზე უნდა მომხდარიყო ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა და მათი გათანაბრებული სახით წარმოდგენა.
თუ შევხედავთ სწორ პასუხებს და შეფასების სქემას, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაში, თითოეული დავალება 2-2 ქულით ფასდება და თუკი თითოეული ქულა აფასებს, რამდენად სწორად არის წარმოდგენილი რეაგენტები და პროდუქტები, მეორე ქულით უკვე ფასდება, რამდენად სწორად გაათანაბრა აბიტურიენტმა ეს რეაქცია.
ხშირად სწორედ აქ უშვებენ ხოლმე შეცდომას და აბიტურიენტებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ, მომზადების დროსაც ბევრი ივარჯიშონ კოეფიციენტების გათანაბრებაში და გამოცდაზეც მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, ამ მხრივ.
შემდეგი ტიპი დავალებისა ისევ რეაქციების დასრულებაზეა, ოღონდ, ამ შემთხვევაში, დავალება ორგანული ქიმიიდან არის და ორგანული ნაერთების წარმოდგენაა საჭირო.
პირობაში გვაფრთხილებენ, რომ ორგანული ნაერთები აუცილებლად სტრუქტურულად უნდა წარმოვადგინოთ და თუ შევხედავთ პასუხებს, თითოეული თითო ქულით ფასდება.
მოყვანილია, ასევე, რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ასეთი დავალების შესრულებისას. კონკრეტულად აქ კვლავ ანალოგიური შეცდომაა დაშვებული — ნახშირბადთან წყალბადი ზედმეტად არის ჩაწერილი, მეორე შემთხვევაში საერთოდ არასწორი ფორმულაა წარმოდგენილი. ხოლო ქვედა დავალებაში, სადაც საჭირო იყო, წარმოედგინათ პოლიმერის სტრუქტურული ფორმულა, შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ გაუგებარია ამ ორ პასუხში ბენზოლის ბირთვი რასთან არის შეერთებული; მესამე შემთხვევაში, ეს კი სწორადაა წარმოდგენილი, მაგრამ თვითონ ბენზოლის ბირთვია არასწორად ჩაწერილი.
აი, ასეთ დეტალებს ექცევა გასწორებისას ყურადღება, ამიტომ, აბიტურიენტებს ვთხოვდი, მომზადების დროსაც და უშუალოდ გამოცდის მსვლელობისას, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებიანები და ასეთ ნიუანსებს მიაქციონ ყურადღება.
ახლა გადავიდეთ დავალებათა ბოლო ტიპზე, ეს არის გამოთვლითი ამოცანები.
ზოგადად, ეს ამოცანები მოითხოვს, რომ პასუხების ფურცელზე წარმოდგენილი იყოს მათი ამოხსნის გზა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს გზა არ არის წარმოდგენილი და მხოლოდ პასუხია დაწერილი, დავალება 0 ქულით შეფასდება. რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე აბიტურიენტები, როდესაც გამოთვლითი ტიპის ამოცანებს ასრულებენ? პირველ რიგში, ეს ეხება ქიმიური რეაქციების წარმოდგენას, ხან არასწორადაა გათანაბრებული, ხან შეუსაბამოა პირობასთან. ყოველივე ეს ამოცანის შემდგომ მსვლელობას თავის დაღს ასვამს და არასწორ პასუხამდე მივყავართ.
ხშირია ხოლმე შეცდომები გამოთვლების დროს. ზოგადად, დავალებებში, ჩვენ ვცდილობთ, ყოველთვის ისეთი რიცხვები შევარჩიოთ მოცემულობაში, რომ მათზე გამოთვლების ჩატარება ადვილი იყოს — ან იკვეცება, ან მრგვალდება ადვილად… ამიტომაც, აბიტურიენტებს ვთხოვდი, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და, მეცადინეობის დროსაც, ნაკლებად გამოიყენონ კალკულატორი, მიეჩვიონ ამ რიცხვებთან მუშაობას.
კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ასეთ დავალებებში უშვებენ ხოლმე — ხშირად საჭიროა ხოლმე დადგინდეს, რომელი რეაქტივია მალიმიტირებელი და რომელი ჭარბადაა აღებული. ზოგჯერ ხდება ამის უგულვებელყოფა ან არასწორადაა დადგენილი და შემდგომში, ეს იწვევს ხოლმე შეცდომებს.
მეცადინეობის დროს, აბიტურიენტებს ვურჩევდი, განიხილონ შეფასების სქემები, რომლებიც ამ ამოცანებს თან ახლავს.
ეს ყველაფერი ძალიან დეტალურადაა მოცემული იმ საგამოცდო კრებულებში, რომლებიც გამოცდების ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. თითოეულ ასეთ დავალებას თან ახლავს თავისი შეფასების სქემა, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები, რა შემთხვევაში აკლდება ქულები. ეს ძალიან დაეხმარება აბიტურიენტებს, ჯერ ერთი, მეცადინეობის დროს, მიაქციონ ყურადღება როგორ გაფორმდეს დავალება, რა შეცდომები გააკონტროლონ და გარდა ამისა, როდესაც უკვე გაიგებენ თავიანთი ნაშრომის შეფასებას და დააპირებენ აპელაციას, ვურჩევდი, აუცილებლად გადახედონ შეფასების სქემას და ამის შემდეგ განსაზღვრონ, რამდენად სწორად არის შეფასებული მათი ნაწერი და ღირს თუ არა აპელაცია.
გამოცდაზე აბიტურიენტებს დაურიგდებათ დამხმარე მასალა, რომელიც მოიცავს ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილს, ხსნადობის ცხრილს, ასევე, მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიურ მწკრივს. მათი გამოყენება საშუალებას მისცემს მათ, უფრო ეფექტურად გამოიყენონ გამოცდისთვის განკუთვნილი დრო. გარდა ამისა, აბიტურიენტებს ვურჩევდი, გამეორების დროს, როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ ყველა საკითხი გავლილი აქვთ და აპირებენ გადამეორებას, კიდევ ერთხელ, ყურადღებით გადახედონ პროგრამას, რომელიც ასევე საგამოცდო ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. ამ პროგრამაში დეტალურადაა მოცემული ყველა ის საკითხი, რომელიც ქიმიის გამოცდისათვის შედგენილი დავალებების საფუძველია. მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხები მთლიანად ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და მათ შესახებ შეგიძლიათ ამოიკითხოთ ინფორმაცია სახელმძღვანელოებში, რომლებიც სამინისტროს მიერაა გრიფირებული და სკოლაში გამოიყენება. ასეთი სახით წარმოდგენილი ჩამონათვალი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ერთგვარი სია იმისათვის, რომ შეამოწმოთ საკუთარი თავი, იცით თუ არა ყველა ის საკითხი, რომელიც მოცემულია, ანუ მარტივად, დაიდოთ ეს სია და მონიშნოთ ის საკითხები, რომლებიც იცით. აქვე აღმოაჩენთ რომელ საკითხში გჭირდებათ გადამეორება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება. ეს ბევრად გაგიადვილებთ გამოცდებისათვის მომზადებას.
საკითხთა ჩამონათვალი, რასაკვირველია, მცირე არ არის. როდესაც, მაგალითად, არაორგანული ქიმიის საკითხებში მეცადინეობთ, აქ დეტალურადაა მოცემული, რომელი ნაერთების შესახებ უნდა გქონდეთ ინფორმაცია და რა კონკრეტული ინფორმაცია, ესეც ჩანს ამ ჩამონათვლიდან.
გარდა ამისა, ყურადღებაა მისაქცევი იმაზე, რომ პროგრამის ბოლოს მოტანილია ჩამონათვალი იმისა, თუ რა მოეთხოვება აბიტურიენტს, თვისობრივი და რაოდენობრივი ამოცანების ამოხსნისას.
აბიტურიენტს თვისობრივი და რაოდენობრივი ამოცანების ამოხსნისას მოეთხოვება:
⇒ ნივთიერების ფარდობითი მოლეკულური მასის გამოთვლა;
⇒ ქიმიური ფორმულის შედგენა ვალენტობის მიხედვით;
⇒ ნაერთში ელემენტის მასური წილის გამოანგარიშება;
⇒ ნაერთის ქიმიური ფორმულის დადგენა ელემენტთა მასური წილების მიხედვით;
⇒ ნაერთში ელემენტის ვალენტობისა და ჟანგვის რიცხვის განსაზღვრა;
⇒ ქიმიური რეაქციების (მათ შორის, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების) ტოლობების გათანაბრება;
⇒ ქიმიური რეაქციის სიჩქარის გამოთვლა;
⇒ ნივთიერებათა გარდაქმნის სქემის მიხედვით ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა;
⇒ ნივთიერების რაოდენობის, მასისა და მოცულობის გამოანგარიშება შემდეგი ფორმულების გამოყენებით:
⇒ გამოთვლებისას ავოგადროს კანონისა და მისი შედეგების გამოყენება;
⇒ ხსნარში ნივთიერების მასური წილის, გახსნილი ნივთიერების მასის და ხსნარის მასის დადგენა ფორმულის გამოყენებით ;
⇒ ხსნარში ნივთიერების მოლური კონცენტრაციის დადგენა ფორმულის ? = ?/? გამოყენებით;
⇒ რეაქციაში მონაწილე ან რეაქციის შედეგად მიღებული ერთ-ერთი ნივთიერების რაოდენობის/მასის/მოცულობის მიხედვით სხვა ნივთიერების რაოდენობის/მასის/ მოცულობის გამოანგარიშება;
⇒ რეაქციის პროდუქტის რაოდენობის/მასის/მოცულობის გამოანგარიშება, როდესაც ერთ-ერთი მორეაგირე ნივთიერება აღებულია ჭარბად.
კონკრეტულად თუ შევხედავთ, აქ ჩამოთვლილია, რომ აბიტურიენტმა უნდა იცოდეს ნივთიერების ფარდობითი მოლეკულური მასის გამოთვლა, ფორმულების შედგენა, ჟანგვის რიცხვის განსაზღვრა, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების ტოლობის გათანაბრება და ა.შ. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება, რომ აქ მოყვანილია ყველა ის ფორმულა, რომელიც საჭიროა ხოლმე ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად. ბოლოში აღწერილია როგორი ტიპის გამოთვლითი ამოცანების შესრულება მოეთხოვებათ აბიტურიენტებს, გამოცდის ჩაბარებისას.
ყველა აბიტურიენტს მინდა ვუსურვო წარმატება გამოცდებზე და მათი სანუკვარი სურვილის ასრულება.