გია ალიბეგაშვილი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე
◊ ბატონო გია, რა პრობლემების ან გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, გლობალიზაციის პირობებში, ქართული ენა? როგორ მეტყველებს დღეს საზოგადოება?
– 14 აპრილით დავიწყებ საუბარს, 14 აპრილი ეს იყო ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი. მაშინ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რეპუბლიკა იყო საქართველო და, ფაქტობრივად, მოსახლეობამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, თავი გადადეს იმისათვის, რომ დაეცვათ თავიანთი მშობლიური ენა. უნდა გვახსოვდეს, რომ არც 1956 წელი იყო შორეული წარსული, 9 მარტს ვგულისხმობ, როდესაც ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე, ფაქტობრივად, შეეწირა ამ ამბებს. თუმცა, იქ მოტივაცია სრულიად განსხვავებული იყო, აქ — სხვა, მაგრამ შიში, საფრთხე იმისა, რომ შეიძლება 56 წელი განმეორებულიყო, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი იყო. მით უმეტეს, 1979 წელს, საბჭოთა პოლიტბიურომ ავღანეთში ჯარები შეიყვანა, ანუ იმპერია კი იდგა „ქვიშის ფეხებზე“ და რამდენიმე წელიწადში უნდა დანგრეულიყო, მაგრამ კუდის მოქნევა ჯერ კიდევ შეეძლო. საბედნიეროდ, ამ თავდადებამ თავისი შედეგი გამოიღო. ამას ხაზგასმით ვამბობ ხოლმე და ახლაც გავიმეორებ, რომ არის დღეები, რომელსაც სახელმწიფო აწესებს, სადღესასწაულო დღეები, რომელსაც ეკლესია აწესებს, ეს დღე კი, ფაქტობრივად, ქართულმა მოსახლეობამ დაუწესა მშობლიურ ენას — 14 აპრილი ასეთ დღესასწაულად დარჩება დაუსრულებლად, სანამ ეს ქვეყანა იქნება, ყოველთვის იზეიმებს ქართველი ერი.
ქართველი ერი უნიკალურია იმ გაგებით, რომ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, ეს არ არის გავრცელებული ენა, როგორც, ვთქვათ, ინგლისური, ფრანგული ან გერმანული, გნებავთ, პორტუგალიური ან ესპანური ენები, აღარ ვლაპარაკობ ჩინურ ენაზე და ა.შ. ამიტომ გვმართებს, რომ განსაკუთრებით გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლიურ ენას.
რეალურად, დღეს, ქართული ენა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეა. განსაკუთრებით ეს ეხება იმ პრობლემას, რომელიც შექმნა ინტერნეტის ენამ. ამ პრობლემის წინაშე ისეთი დიდი ენებიც დგანან, როგორიც არის გერმანული ან ფრანგული და იქაც ანალოგიური, სახელმწიფო ენის დაპარტამენტის მსგავსი, უწყებებია შექმნილი, რათა დაიცვან თავი მოზღვავებული ტერმინებისგან, რომლებიც ინტერნეტს შემოაქვს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემაა, მაგრამ, გარდა ინტერნეტის ენისა, სხვა კუთხითაც არის გასამახვილებელი ყურადღება. მინდა, ორიოდე სიტყვით, ჩვენს მკითხველს შევახსენო ისტორია, რომ ქართველი ერი ანალოგიური პრობლემის წინაშე ძალიან ხშირად იდგა. ვგულისხმობ, ვთქვათ, ანტიკურ ეპოქას, როდესაც რომის მხრიდან დამპყრობლური ომები მიმდინარეობდა, შემდგომ – ბიზანტის; მანამდე სპარსული ექსპანსია იყო, მერე – არაბული, მონღოლური, თურქული, რუსული, ახლა უკვე ინგლისური ენის გავლენაა… მაგრამ ქართული ენა ყოველთვის პოულობდა გამოსავალს, იგი მართლა ცოცხალი ორგანიზმივით არის და იღებდა იმ სიტყვებს თუ ტერმინებს, რომლებიც მისთვის იყო მისაღები და ამკვიდრებდა, მაგრამ იყო რაღაც ნაწილი, რომელიც ქართულ შესატყვისს ნახულობდა. ამიტომ, დღევანდელ დღეს, 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. საერთოდ, ნებისმიერი დიდი ქვეყნის, რომელიც შენთან კონტაქტში შემოდის (იქნება ეს მტრული თუ მეგობრული განწყობით), ამოცანა და მიზანი ყოველთვის ერთია: მემსგავსე მე. იმიტომ, რომ შენზე მისი გავლენის მოხდენა ზუსტად ამ ფორმატით შეიძლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მტრულად არის ის შემოსული თუ მეგობრულად. ამიტომ, ამ სიტუაციაში, ჩვენი ამოცანები კიდევ უფრო გონივრულად არის გადასაჭრელი.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2017 წელს შეიქმნა და ჩაერთო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც სახელმწიფო ენის შენარჩუნებასა და განმტკიცებას ემასახურება. ჩვენ ვიცით, რომ ორი სახელმწიფო ენა გვაქვს – აფხაზეთში, აფხაზურთან ერთად – ქართული. აფხაზური ენის შენარჩუნება ძალიან სერიოზული ამოცანაა, რადგან საფრთხის ქვეშ მყოფ ენად ითვლება საქართველოში, სხვა ენებთან ერთად (ენობრივ უმცირესობებს ვგულისხმობ და არა ეროვნულს). ეს ამოცანა კი, ჩვენს ვალდებულებებს კიდევ უფრო ზრდის და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო კომპლექსური ხდება.
ამჟამად სახელმწიფო ენის დეპარტამენტი პორტალის შექმნაზე მუშაობს. პორტალი იქნება ინტერნეტის მოხმარების ერთ-ერთი საშუალება, რომელშიც ყველა ჩერთვება და მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ბოლო ხანებში ძალიან ბევრი ისეთი ტერმინი შემოვიდა, რომლის ქართული შესატყვისობა ჩვენ უამრავი გვაქვს. სამწუხარო ამბის შემდეგ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, „შემოვარდა“ ტერმინი „ბულინგი“ და ეს სიტყვა აიტაცეს ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, როცა შეგვეძლო მისი ჩამნაცვლებელი ქართული სიტყვა მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის. თუმცა, იმდენად ტრაგიკულად მოხდა ეს ყველაფერი, რომ ამის გაკონტროლება შეუძლებელი გახდა. ახლა უკვე ჩვეულებრივად ხმარობენ ბულინგს და, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები. უამრავი ქართული სიტყვაა უკვე დამკვიდრებული (მაგალითად, რექტორი, დირექტორი, სკოლა და ა.შ.), რომელიც ქართულმა ენამ ბუნებრივად მიიღო და დაამკვიდრა, მაგრამ არის სიტყვები, რომელთაც ჩვენ ეჭვის თვალით კი არ უნდა შევხედოთ, არამედ კარგად შევისწავლოთ და თუ შესაძლებელია, ნეოლოგიზმი მოვნახოთ, ისე როგორც,
თავის დროზე, ნიკო ნიკოლაძემ გააკეთა ტერმინი „ფეხბურთი“. მერე ეს ტერმინი სხვა სპორტის სახეობებზეც გადავიდა და შეიქმნა ტერმინები: ფრენბურთი, წყალბურთი და ა.შ. აქ ნიჭიერებაც არის საჭირო, შემოქმედებაც. პორტალი სწორედ ამის გაკეთებას შეეცდება – როდესაც რაღაც ტერმინი დაიწყებს დამკვიდრებას, შეიძლება, რიგითმა მოქალაქემ ისეთი გონივრული ქართული შესატყვისობა მონახოს, რომ შემდეგ ჩვენ, ვისაც ოფიციალურად გვევალება მისი დამკვიდრება, სწორედ ის შევთავაზოთ საზოგადეობას.
◊ რუსული ენის შემდეგ, ქართული ენა კიდევ უფრო მეტად მოექცა ინგლისური ენის გავლენის ქვეშ, რაც იგრძნობა კიდეც ლექსიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდების. თუ გეგმავს ენის სახელმწიფო დეპარტამენტი საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობებს მოსწავლეებთან, სტუდენტებთან… თუ გაქვთ რაიმე დაგეგმილი კონკრეტულად სკოლებთან თანამშრომლობის კუთხით?
– რაც შეეხება ახალგაზრდებს, ჩვენ მათთან განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს, მოხალისეთა ჯგუფები გვყავს. აქ ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ე.წ. „მანქანურ თარგმანზე“. როგორც ვიცით, გუგლის თარგმანი არსებობს, რომელიც ბოლო ხანებში გამოსწორდა, მანამდე კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ეს უნდა გაკეთდეს როგორც ენათმეცნიერების დონეზე, ასევე პორტალის დონეზე, ისე, რომ თარგმანის პრობლემა გვქონდეს განვითარებადი, თანამედროვე შესატყვისობების მიხედვით. ეს აუცილებელია, რადგან, როგორც გითხარით, უამრავი ახალი ტერმინი შემოდის და სკოლებშიც მკვიდრდება. პარადოქსს მოგახსენებთ, მაგალითად, სპეციალურად დეტალურად შევისწავლე ბიოლოგიის სახელმძღვანელო. აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში (ალტერნატიული, რომელიც სკოლას შეუძლია აირჩიოს, სურვილის მიხედვით), სხვადასხვა ტერმინებია გამოყენებული. ბავშვი, ერთი სკოლიდან მეორეში რომ გადავიდეს და იქ არ სწავლობენ იმავე სახელმძღვანელოთი, რომლითაც ყოფილ სკოლაში სწავლობდა, სირთულეების წინაშე აღმოჩნდება, რადგან სახელმძღვანელოები ტერმინოლოგიურად განსხვავდება ერთმანეთისგან. პარადოქსია, ხომ, როცა შეიძლება, ბიოლოგიის მეცნიერები, პედაგოგები შეჯერდნენ როგორ თარგმნონ და გადმოიტანონ ესა თუ ის ტერმინი?! რა თქმა უნდა, აქ განათლების სამინისტროს ამოცანას უფრო ვხედავ. ასე რომ, ეს „მანქანური თარგმანი“ ძალიან ბევრ რამეს მოგვცემს ტერმინოლოგიის მიმართულებითაც.
ერთ მაგალითსაც მოვიყვან, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი. იქ, ადრე, რუსული ტერმინოლოგია გამოიყენებოდა სწავლებისას, ახლა ინგლისური ტერმინოლოგიით სწავლება დაიწყეს. ბუნებრივია, ახალგაზრდამ, რომელიც საზღვაო აკადემიაში სწავლობს, ინგლისური ტერმინიც უნდა იცოდეს და მისი ქართული შესატყვისიც, სხვანაირად არ გამოდის.
ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი – გარეწარწერებთან დაკავშირებული პრობლემა. ეს განსაკუთრებით ტურისტულ მარშრუტებს ეხება. აქ ასეთი ვითარებაა: არსებობს ორი კანონი, ერთი – რეკლამის შესახებ და მეორე – სახელმწიფო ენის შესახებ. ძირითად შინაარსს მოგახსენებთ – რეკლამის შესახებ კანონი გეუბნება, შენს შვილს რას დაარქმევ არავის საქმე არ არის, მეორე მხრივ, სახელმწიფო ენის შესახებ კანონი გეუბნება, რომ ნორმებს ნუ არღვევ! ანუ ეს კანონები აცდენილია ერთმანეთს. მე შემიძლია, მაგალითად, ქართული, ინგლისური და რუსული ასოებით დავაწერო ჩემს ობიექტს – „ბაბუშკინ კვას“, იმიტომ რომ, რეკლამის შესახებ კანონი არ მიკრძალავს ამას. არადა, ამ დროს, ირღვევა სახელმწიფო ენის ნორმა, სახელმწიფო ენის კანონი გავალდებულებს, დააწერო – „ბებოს ბურახი“. აი, ეს არის საკანონმდებლო დონეზე მოსაწესრიგებელი და იმედი მაქვს, ერთხელ და სამუდამოდ, მოგვარდება პრობლემა.
ვფიქრობ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვალდებულება იმ კუთხითაც გაიზრდება, რომ ვთხოვთ ნებისმიერი ქალაქის მერიის არქტიქეტურის სამსახურს, აბსოლუტურად უსასყიდლოდ, გაიარონ ჩვენთან კონსულტაცია – რა წარწერა, რა ფორმით, როგორ გააკეთონ, თარგმანით თუ თარგმანის გარეშე და ის დიდი გულისწყრომა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის მხრიდან მოდის, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. ამ კუთხით მართლა ცუდი მდგომარეობაა, იქნება ეს ბათუმი თუ რომელიმე სხვა დიდი ქალაქი, თბილისზე აღარ ვლაპარაკობ. გუდაურში რომ გაივლი, გული გაგიჩერდება, ისეთ წარწერებს ნახავ. ეს ყველაფერი შეიძლება გამარტივებულად, ნათლად და ძარღვიანი ქართულით იყოს გადმოღებული.
◊ როგორ იქცევით სტუდენტებთან, როცა ცუდი ქართულით ასრულებენ დავალებებს ან მეტყველებენ? რა არის ამის მიზეზი (ან მიზეზები), მივყავართ თუ არა მას განათლებასთან და სოციალურ პრობლემებთან?
– ძალიან სწორი აქცენტით დასმული კითხვაა და მინდა დიდი გულისტკივილი გამოვხატო. ყველა მშობელმა იცის, რომ ჩვენი შვილები წიგნს დაშორდნენ. მართალია, 20-25 წლის ასაკაში, მათ უჩნდებათ ეს მისწრაფება, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, სადაც არის ტიკ-ტოკი, ხუთწუთიანი ინფორმაცია, არჩევანს ამაზე აკეთებენ. ვინმე რომ არ გავაღიზიანო, პირად მაგალითს ვიტყვი, ჩემს უმცროს ვაჟს (13-14 წლის ასაკში) ვურჩიე, ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“ წაეკითხა, ზუსტად შენს სიჭაბუკეს უხდება ეს ნაწარმოები-თქო. არაო, მიპასუხა. მიზეზად, იცით, რა დაასახელა? რვანაირად არის ეს ფილმი გადაღებული და რატომ უნდა წავიკითხოოო. ვუთხარი, რომ ფილმი იმას გაწვდის, როგორც ესმის რეჟისორს, პროდიუსერს ან სცენარიტს ეს ნაწარმოები და იქ პირდაპირი შეხება არ გაქვს იმასთან, თუ როგორ მეტყველებს ალექსანდრე დიუმა, როგორ აზროვნებს, რა სიტყვებს ხმარობს და ა.შ. ამ შემთხვევაში, ყველაზე მთავარი ისაა, რომ კითხვა შენს სინტაქსსაც აყალიბებს, არა მხოლოდ ინფორმაციას გაწვდის, არამედ გასწავლის როდის უნდა იყოს ქვემდებარე, როდის – შემასმენელი, განსაზღვრება, გარემოება და ა.შ. ამიტომ უჭირთ ჩვენს ახალგაზრდებს მეტყველება, აზრის ჩამოყალიბება. კი, ბატონო, განათლებული ბავშვები და ახალგაზრდები არიან, მაგრამ შეზღუდული აქვთ ლექსიკა. არ მინდა საყვედურის ტონი დაინახოთ, მაგრამ ჟურნალისტებიც ძალიან ცუდად მეტყველებენ. სპეციალურად გავეცანი ინფორმაციას, თუ როგორ იღებენ ჟურნალისტებს BBC-სა და CNN-ზე, რომლებიც შემდეგ რეპორტაჟებსა და გადაცემებს აკეთებენ ცოცხალ ეთერში. აღმოჩნდა, რომ თუ ერთი სიტყვის ორი ან სამი სინონიმი არ იციან, ვერ გადიან კონკურსს, სამსახურში არ აიყვანენ. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ.
◊ დიახ, ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. მით უმეტეს, როცა მედიას უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. მოზარდი, რომელიც ტელევიზორიდან ისმენს, თუნდაც იმ დამახინჯებული ქართულით საუბარს, ფიქრობს, რომ ეს სწორია, გარდა იმისა, რომ ყურში უჯდება, ნორმადაც მიიჩნევს. თქვენი (ენის დეპარტემენტის) როლი და ჩართულობა ამ პროცესებში როგორია? და ისევ, განათლების პრობლემებს ხედავთ თუ არა ამ შემთხვევაშიც?
– დაგეთანხმებით, სკოლის პრობლემაა. როგორც იცით, განათლების ახალი მინისტრი გვყავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ ამ მიმართულების, ეროვნული სულის, გაძლიერებას მიიჩნევს, რისი საფუძველთა საფუძველიც, რა თქმა უნდა, იდენტობის გამომხატველი ქართული ენაა. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ მრავალრიცხოვანი არაქართველი თანამოქალაქეები გვყავს და ახალ თაობაში ქართული ენის შესწავლის მოტივაცია საკმაოდ გაზრდილია. იციან, რომ თუ საჯარო საქმეში სურთ წარმატებას მიაღწიონ, კარიერა შეიქმნან, ბუნებრივია, სახელმწიფო ენის ცოდნას, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თქვენ ტელევიზია ახსენეთ, სამაუწყებლო არხთან დავიწყეთ მუშაობა სპორტულ ტერმინოლოგიაზე (ბუნებრივია, სხვა მიმართულებითაც ვიმუშავებთ). რატომ? ფეხბურთი ძალიან პოპულარული გახდა, იმიტომ რომ, კარგი ფეხბურთელების თაობა წამოვიდა, მთელი საქართველო ზის და უსმენს რეპორტაჟებს, სპორტული კომენტატორებისგან კი ვისმენთ სიტყვებს: „სეივი გააკეთა“, „რეფერი“… ჩვენს ყურს ჭრის, მაგრამ ახალგაზრდის ყურში ეს ჯდება და სულაც არ ფიქრობს, რომ უნდა თქვას: „იხსნა კარი“, ან „რეფერს“ რომ „მსაჯი“ ჰქვია, ან „კორნერის“ ნაცვლად „კუთხური“ რომ უნდა თქვა და ა.შ. არის სიტყვები, რომელიც ვერ ითარგმნა, მაგალითად, „აუტი“ (პირის ხაზიდან მოწოდება) და დამკვიდრდა, ამავე დროს, არის სიტყვები (ტერმინები), რომლებიც ნიკო ნიკოლაძემ შექმნა და კარგად დამკვიდრდა. პირველ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან, რომლებიც წამყვანები არიან, შევახსენე, რომ კოტე მახარაძისა და ეროსი მანჯგალაძის ქვეყანა ვართ, რომლებიც თამაშს „ხატავდნენ“, მათი რეპორტაჟების მოსმენა იყო ზეიმი, ყურით მახსოვს ეს ყველაფერი და კარგად არის აღბეჭდილი ჩემს გონებაში. ცდილობდნენ, კარგი ქართულით, როგორც რუსთაველი იტყვის: „ტკბილქართულად“ ესაუბრათ. მართალია, მათ მსახიობური ნიჭიც უწყობდა ხელს. ამის გარდა, რამდენი ტერმინია გადმოღებული ქართულად სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რაგბი რომ მიგყავს, ის უნდა გამოიყენო, ფეხბურთი როცა მიგყავს – ფეხბურთის ტერმინები, ჭიდაობის დროს – მისი ტერმინები და ა.შ.
მაგალითად, მანქანის ხელოსნების სასაუბრო ენაში რუსული ტერმინებია დამკვიდრებული, მათ ენას „ხადავიკების“ ტერმინოლოგია დავარქვი (მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ). რუსული ტერმინები ისეა ამ სფეროში ფეხმოკიდებული, რომ თუ პროფესიული სასწავლებლების დონეზე არ შემოვიტანეთ ქართული შესატყვისები და უფრო კვალიფიციური კადრები არ გავზარდეთ, ასე გაგრძელდება. ესეც განათლების სისტემასთანაა ძალიან ახლო კონტაქტში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გამოსწორდება.
სამწუხაროდ, ქართველები ძალიან ზანტები ვართ, მაგრამ რომ დავიწყებთ და გავაკეთებთ, მერე ყველას ვჯობივართ ხოლმე.
◊ ახალი ტერმინების დამკვიდრებისას, როგორ განვსაზღვროთ რომელი შემოვუშვათ უცხო სიტყვებიდან და რომელი არა? თქვენს ინტერვიუებშიც მომისმენია, რაღაც უნდა შემოვუშვათ და რაღაც არაო. სად არის ზღვარი? ამას ხომ მოსახლეობა ვერ განსაზღვრავს, ნორმებს ენის დეპარტამენტი ადგენს…
– გეთანხმებით, ენის დეპარტამენტი და სხვა სპეციალისტებიც, ენათმეცნიერების ინსტიტუტი იქნება თუ სხვა რომელიმე სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულება.
რამდენიმე წლის წინ, შეხვედრა მქონდა ირანის ელჩთან (მაშინ არ ვიყავი ენის სახელმწიფო დეპარტამენტში). საუბარი ჩამოვარდა თარგმანზე და მან გვითხრა: ჩვენ, ირანელები, ვცდილობთ, ყველაფერი ვთარგმნოთო. თქვენ რას ეძახით, მაგალითად, კომპიუტერს, ჩვენ „ჭკვიან მანქანას“ ვეძახითო, ანუ ირანულად გადმოთარგმნეს და „ჭკვიანი მანქანა“ დაარქვეს, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს, სასაცილო არ უნდა გახადო ენა, ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო. მაგალითად, „ფუტბოლი“ რატომ არ დამკვიდრდა (უკვე მესამედ ვასახელებ), იმიტომ, რომ ზუსტად მიხვდა ნიკოლაძე, რომ ქართული ცნობიერება, ქართული ყური „ფეხბურთს“ მიიღებდა და მართლაც მიიღო.
◊ ძალიან მნიშვნელოვანი როლი, სკოლასთან ერთად, თავისთავად, ოჯახსაც ეკისრება, სწორად და გამართული ქართულით რომ ისაუბრონ ბავშვებმა.
– ნახეთ, როგორი სოციალური წრის ოჯახები ჩამოყალიბდა, ეს არის 80-იანი წლების ოჯახები. 1987-88 წლებში დაიწყო არეულობა, წამოვიდა მძიმე 90-იანები, შემდეგ — აფხაზეთის ომი… ამ ყველაფერმა მძიმე სოციალური ფონი შექმნა — დედა წასულია საზღვარგარეთ, მამაც სხვადასხვა სახის პრობლემის წინაშე დგას, ვინ ზრდის ბავშვებს? ბებია-ბაბუები. თითქოს მათ უფრო მეტი ქართული სული უნდა გამოიჩინონ, მაგრამ… რაღაც ძაფი გაწყდა. ერთხელ უფროს მეგობრებთან ვსაუბრობდი და მათ მითხრეს, იცით, მთა რატომ დაიცალაო? მიუხედავად იმისა, რომ იქ შეჩვეული იყვნენ გაჭირვებას, როგორც კი სკოლა მოიშალა და განათლებას ვეღარ აძლევდნენ შვილებს, გადაწყვიტეს, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ, ანუ რეალურად, ეს გახდა მთავარი საბაბი. ყველაფერი შეიძლება მოიკლოს მშობელმა, მაგრამ განათლება რომ უნდა მისცეს შვილს, ეს მისი მთავარი ამოცანაა, პრესტიჟი, საზოგადოებაში დამკვიდრების რაღაც ფორმა, მოვალეობის მოხდა მომავალი თაობის წინაშე და…
უცაბედად, ეს პროცესები დაიწყო ჯერ მთაში, მერე ბარში… მერე რევოლუციებმა, ომებმა კიდევ უფრო მოშალა სკოლა და გაწყდა კავშირი განათლებასა და ოჯახებს შორის. აღარ ჩათვალა საჭიროდ მშობელმა, რომ მისმა შვილმა წიგნები იკითხოს, თუ არ ექნება წაკითხული „სამი მუშკეტერი“, ნუ ექნება, რა ვქნათ, ან ვაჟა ფშაველა, ან რუსთაველი…
◊ წიგნის კითხვის გავლენაზე ზემოთ ვისაუბრეთ, თუმცა, რამდენიმე სიტყვით მაინც გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ ლექსიკური მარაგი პირდაპირ კავშირშია წიგნთან, ლიტერატურასთან.
– მეტყველებაც, აზროვნებაც, სინტაქსიც და ლექსიკაც. რომელიმე ფილმის რვა ინტერპრეტაციის ნახვით ვერ გაიმდიდრებ ვერც ერთს ისე, როგორც წიგნით. ხშირად ვიხსენებ ხოლმე ვახუშტი კოტეტიშვილის ერთ მონაყოლს: ჰაფეზსა ვთარგმნი (თავის ხრინწიან ხმაზე ყვება), იქ არის სიტყვა „აფსუსი“ და ეს „აფსუს“, რასაც ავტორი ხმარობს, ზუსტად იგივეა ქართულში (მაგ., „აფსუს, რა კარგი კაცი იყო“; „აფსუს, რა დრო იყო“ — დანანების შორისდებული), მაინც არ წავიდა, არადა დედნის სიტყვა არისო. რა ვქნა, არ ვიციო. დილის 4 საათია, გამოსული ვარ აივანზე, სიგარეტს ვაბოლებ და უცებ მახსენდება (დაილოცოს მადლიანი რუსთაველი) – „ვაგლახ“ და სულ „რიკინ-რიკინით“ წავიდაო. აი, ხედავთ, როგორ გვიშველა, დედნის სიტყვაშიც კი, მადლიანმა რუსთაველმა.
◊ არაქართულენოვანი მოსახლეობის პრობლემებზეც მინდა გკითხოთ, ხშირ შემთხვევაში, მათთვის სახელმწიფო ენის არასათანადოდ ცოდნა გარკვეული ბარიერია, მაგალითად, დასაქმებისას. რა კეთდება მათი სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის? როდის გახდება შესაძლებელი სახელმწიფო ენის ცოდნის დადასტურება?
– რამდენჯერმე წავაწყდი ასეთი ხასიათის პრობლემას. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დაგვიკავშირდა, რომელმაც სასამართლოში დაიწყო თარჯიმნად მუშაობა და მოსთხოვეს ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამ დროს, დამთავრებული აქვს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტი, დიპლომში უწერია, რომ ქართული ენა და ლიტერატურა ჩაბარებული აქვს, მაგრამ სასამართლო მაინც ითხოვს ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს. საიდან უნდა მოიპოვოს ეს სერტიფიკატი? არ არსებობს არც განათლების სამინისტროში, არც ჩვენ გვაქვს კომპეტენცია, რომ ეს დოკუმენტი გაიცეს. გამოდის, რომ უნივერსიტეტის გარდა, რომელიც უწერს შეფასებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სხვა დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ მოიპოვებს. სხვათა შორის, სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობით, შევიმუშავეთ ქართული ენის ფლობის დონეების რეკომენდაციები, რომელიც მიიღო მინისტრთა კაბინეტმა. ახლა ვმუშაობთ სწორედ ამ საკითხზე, განათლების მინისტრთანაც გვექნება შეხვედრა და საუბარი, რომ შეიქმნას ჯგუფი (შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო, ისე კომერციული), რომელიც გასცემს სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს. ეს განათლების სამინისტრომ უნდა გააკეთოს.
კიდევ ერთ, ძალიან საყურადღებო და საინტერესო, გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი — დიასპორების ახალ თაობებს, რომლებიც უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ და გაუჩნდათ ქართული ენისა და კულტურის შესწავლის სურვილი. ეს ძალიან მიხარია. პროცესი დაწყებულია და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ განათლების სამინისტროსთან, იქნება ეს სახელმძღვანელოების შექმნა თუ სხვა აქტივობა.
◊ ბატონო გია, სთავაზობს თუ არა სახელმწიფო ეთნიკურ უმცირესობებს მოთხოვნების შესატყვის სერვისს?
– ასე დავსვათ საკითხი – ახლა ურთულესი პროცესი მიდის, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ენის დამკვიდრებასა და გაძლიერებასთან. წლების განმავლობაში, რუსული ენა იყო, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილთან, ჩვენი საურთიერთო ენა. მათ არ იცოდნენ ქართული, საუბრობდნენ რუსულად და მშობლიურ ენაზე. ახლა, ნახეთ, რა ხდება – რომელიღაც თაობა არის, რომელმაც იცის რუსული ენა (დაახლოებით, 50-60 წლის ადამიანები); შუაში მოხდა წყვეტა და არის თაობა, რომელმაც არც რუსული ენა იცის და არც ქართული, მხოლოდ მშობლიურ ენას ფლობს;
ახლა წამოვიდა უკვე თაობა (30 წლის ქვემოთ ასაკის), რომელიც ხვდება, რომ წინსვლისთვის აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა. აი, ამ პროცესში ვართ, რუსული ენის ჩანაცვლება ხდება სახელმწიფო ენით. ეს საკმაოდ მძიმე პროცესია, რომელიც, ფაქტობრივად, 20-25 წელია გრძელდება.
◊ ლექსიკონების პრობლემაც უდავოდ დგას, თუნდაც ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონის, ამ მიმართულებით რას აკეთებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და რატომ არის მნიშვნელოვანი ეტიმოლოგიური ლექსიკონის არსებობა?
– ამ მიმართულებით მუშაობა, ფაქტობრივად, დაწყებულია, გასაკეთებელია პროექტი, ასე ვთქვათ, ანალიტიკა, საკმაოდ მძიმე პროცესია. გულისტკივილს სულ გამოვთქვამ, რომ დიდ ერებს და არა მხოლოდ მათ (აღარაფერს ვამბობ სომხებზე, ოსებზე), ყველას აქვს ეტიმოლოგიური ისტორიული ლექსიკონი. და ჩვენ, რომელიც ვართ კავკასიურ ენაზე მიჯაჭვული (ცხადია, ამას კარგი გაგებით ვამბობ), არ გვაქვს. არადა, არის ამის მეცნიერული რესურსი, ვგულისხმობ აკადემიურ რესურსს, ფინანსური ხარჯების მოზიდვაა საჭირო, რომ დავიწყოთ. ეს არ იქნება ერთწლიანი ან ორწლიანი პროცესი, საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ზუსტად ამაზე გვინდა ვითანამშრომლოთ. წარვადგინეთ ერთ-ერთი პროექტი და ახლა ველოდებით, როგორ სახეს მისცემენ სცენარისტები – მაგალითად, როგორი საინტერესოა სიტყვის თავგადასავალი. ერთი ჩვენი ლექტორი, მზია ანდრონიკაშვილი, მოგვიყვა სიტყვა „კოშკის“ თავგადასავალს. კოშკი თუქრულიდან შემოვიდა ქართულში, „ციხე-სიმაგრის“ მნიშვნელობით, მაგრამ შევიდა ფრანგულშიც და იქ – „ჯიხურის“ მნიშვნელობით, ანუ ერთი და იგივე სიტყვა ორი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება -ერთი ციხე-სიმაგრეა, მეორე – ჯიხური. საინტერესოა, ასევე, მაგალითად, „ღვინის“ ეტიმოლოგიაც. ბრიტანელმა ენათმეცნიერებმა შეისწავლეს ეს სიტყვა და ეტიმოლოგიური ველი შეუქმნეს – გამოღვიძება, ღვიძილი, ვენახი და ა.შ. ეს ყველაფერი სიცოცხლის ფეთქვას და წამოწყებას, დასაწყისს უკავშირდება და თქვეს, დიახ, ქართული სიტყვააო.
◊ ბოლოს, ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, როგორ მეტყველებს დღეს ქართული საზოგადოება და ქართული ენის ქომაგობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დავკეტოთ კარი უცხო სიტყვებისთვის თუ რაღაც შუალედი დავიცვათ?
– 14 აპრილით დავიწყე და ისევ 14 აპრილით დავასრულებ. როდესაც ჩემი თაობის ახალგაზრდობა დაუდგა რუსულ იმპერიალისტურ ნაბიჯს (კონსტიტუციაში 75-ე მუხლი, ფაქტობრივად, უნდა გაუქმებულიყო), მას გულწრფელად სწამდა იმისა, რომ ქართულ ენას ისეთივე დაცვა სჭირდებოდა, როგორც საკუთარ მშობლებს, სამშობლოს, ქვეყანას. დიახ, ჩვენ თუ არ გავუფრთხილდით ამ ენას, 50 წელიწადში, ფაქტობრივად, ქართულად გვექნება მარტო „წაუსნიკერსე“ და მისი მსგავსი სიტყვები.
კიდევ ერთს ვიტყვი, არის გარკვეული ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა, რომელიც, სამწუხაროდ, ამბობს, რომ, ადრე თუ გვიან, მხოლოდ დიდი ენები დარჩება და ქართველებიც იმ ენებზე ვიმეტყველებთო. მაგალითად, მე-18 საუკუნის მიწურულს, როდესაც ენათმეცნიერება იქმნებოდა მსოფლიოში, ასეთი მიდგომა ჰქონდათ – ქართულად რომ წავიკითხოთ, რა საჭიროა ქართული ანბანი, ჩავანაცვლოთ ლათინური ანბანით, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ქართული ტექსტების გააგება. აი, ამ გლობალიზაციის პრობლემის წინ აღდგომა, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს მომავალ თაობაზე იქნება მინდობილი. და მე მინდა, რომ მათ ასე იფიქრონ – მამული, ენა, სარწმუნოება – ქვეყანას უფრთხილდები, სარწმუნოებას უფრთხილდები, ე.ი. ენას უნდა გაუფრთხილდე.
ესაუბრა ლალი ჯელაძე