გასულ თვეს ბათუმმა ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო გეგმებში ჩართვისადმი მიძღვნილ მე-2 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული კონფერენეცია ერთ-ერთი ღონისძიებაა იმ მრავალკომპონენტიანი პროექტიდან, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრირებას საუნივერსიტეტო პროგრამებსა და კურიკულუმებში. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი ამბობს, რომ „ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა და პროფესიონალთა ახალი კოჰორტის აღსაზრდელად, რომლებსაც ეცოდინებათ ბავშვთა უფლებები და შეეძლებათ მათზე მორგებული მიდგომების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში“.
♦ როგორ აისახება საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებები, როგორ მოხდება მომავალი პროფესიონალების მომზადება და როგორი იქნება არსებულ გამოწვევებზე პასუხი – დეტალებზე გვესაუბრება გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების სპეციალისტი ნათია ჯოხაძე.
– ქალბატონო ნათია, რა არის ამ წამოწყების მიზანი და რატომ გააკეთეთ აქცენტი საუნივერსიტეტო განათლებაზე?
– აქტიური პროცესები, უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების საკითხის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად, 2019 წლიდან დავიწყეთ. ცხადია, მიზანი თითოეული ბავშვის უფლების დაცვაა სხვადასხვა მიმართულებით. გარდა იმისა, რომ საქართველო შეუერთდა ბავშვის უფლებათა კონვენციას, 2019 წელს ქვეყანამ ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო, რომელიც ფარავს ბავშვის ყველა უფლებას და გვაკისრებს ვალდებულებას, ხელი შევუწყოთ ამ უფლებების რეალიზებას და დაცვას ყველა სფეროში.
ბუნებრივია, ძალიან ბევრ ადამიანს, საქმიანობისას, ბავშვებთან შეხება გვიწევს, აღარაფერს ვამბობ ოჯახებზე. ჩვენი საქმიანობით მათი ცხოვრების როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მონაწილეები ვხდებით. პირდაპირი მონაწილეები არიან, მაგალითად, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები, პედიატრები, სოციალური მუშაკები და ა.შ. ამასთან ერთად, ბავშვის უფლებების სფეროს ირიბი მონაწილეები არიან პოლიტიკის დამგეგმავი და განმახორციელებელი სტრუქტურები. შესაბამისად, ჩვენი ფიქრი იმისკენ იყო მიმართული, რომ სახელმწიფოს ჰყავდეს მომზადებული კადრები, პროფესიონალები, რომლებსაც გასიგრძეგანებული ექნებათ ბავშვის უფლებები და, შესაბამისად, განახორციელებენ/დანერგავენ ყოველდღიურ პრაქტიკაში. ეს არის ამ წამოწყების იდეა. ამის საჭიროება სხვადასხვა კვლევით, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევებით, გამოკვეთილმა რეალობამ დაგვანახა, რომელიც აჩვენებს, რომ ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს ცოდნა ბავშვის უფლებების შესახებ და მეორე მხრივ, შესაბამისად, ბავშვის უფლებები არც თუ ისე და სრულყოფილად რეალიზდება. მაგალითად, განათლებაზე რომ ვისაუბროთ, როდესაც კონვენცია გვეუბნება, რომ ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება, ამ დროს ჩვენ გვყავს განათლების მიღმა/სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები; ამის გარდა, დიდი გამოწვევები გვაქვს განათლების ხარისხის კუთხით. ხშირია ბავშვებზე ძალადობა როგორც ინსტიტუციებში, ისე ოჯახებში; ბავშვთა დაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის დაცვას, მათ შორის სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისგან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება არაა სათანადოდ განვითარებული, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ამ დარგში კოდექსი შემუშავდა და დამტკიცდა. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მომავალ პროფესიონალს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლიდან ნებისმიერ სფეროში დასაქმდება და ვისაც პირდაპირი ან ირიბი შეხება ექნება ბავშვებთან, კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული, რა არის ბავშვთა უფლებები, რატომ არის ამ უფლებების რეალიზება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის და როგორ შევუწყოთ ხელი ამ უფლებების ყოველდღიურ პრაქტიკაში განხორციელებას.
გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში, დოქტორმა ღასან ხალილმა არაერთი სემინარი და ლექცია ჩაატარა უნივერსიტეტებისთვის – აკადემიური პერსონალისა თუ სტუდენტებისთვის ბავშვთა უფლებების საკითხზე და უნივერსიტეტებიდან წამოვიდა ინტერესი, როგორ შეიძლებოდა უკეთ გვეთანამშრომლა ამ სფეროში. ჩვენი მიდგომა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაში ჰოლისტურია და მიუხედავად იმისა, რომ იდეა მომავალი პროფესიონალების მომზადება იყო, ჩვენ არსებული კადრების გადამზადებასა და ცოდნის გავრცელებაზეც ვფოკუსირდით. შესაბამისად, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რამდენიმე კომპონენტს ვფარავთ.
– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ ამ კომპონენტების შესახებ.
– პირველი კომპონენტი – ცოდნის შექმნა და გავრცელება. ამისათვის უნივერსიტეტების ბაზაზე, საუნივერსიტეტო ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრების შექმნა. ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, შვიდ რეგიონულ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შვიდი ცენტრი გვაქვს დაფუძნებული. პირველი ცენტრი 2020 წელს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავაფუძნეთ, ასევე: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
მეორე კომპონენტი – მომავალი პროფესიონალების მომზადება, ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაცია. ჩვენ უნივერსიტეტებს ვეხმარებით, საუნივერსიტეტო პროგრამებში, კურიკულუმებსა და სილაბუსებში ჩართონ ბავშვთა უფლებების საკითხები. სხვათა შორის, შვიდივე უნივერსიტეტი სთავაზობს ახალგაზრდებს მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიან პროგრამას (ინტეგრირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა) და მისი დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს შეუძლია მუშაობა დაიწყოს მასწავლებლად. ასევე, უნივერსიტეტები ახორციელებენ 60-კრედიტიან პროგრამას მასწავლებლობის მსურველებისთვის. ამიტომ, უნივერსიტეტებს, რომლებიც ამ პროგრამებს ახორციელებენ, ვეხმარებით კარგად გაიაზრონ ბავშვთა უფლებების საკითხები და ასახონ შესაბამის კურსებში, ცხადია, ისეთ საგნებსა და მიმართულებებში, რომელთა სწავლა-სწავლება წარმოუდგენელია ბავშვის უფლებების ცოდნის გარეშე – პედაგოგიკა, ინკლუზიური განათლება, ბავშვის განვითარების ფსიქოლოგია, კომუნიკაცია თემთან და ა.შ. შესაბამისად, ყველა კურსდამთავრებულს, რომელი საგნის/საფეხურის მასწავლებლადაც არ უნდა იწყებდეს მუშაობას, ექნება გაცნობიერებული ბავშვის უფლებები, შეეძლება ამ უფლებების დარღვევის იდენტიფიკაცია და უფლებების დაცვა.
დოქტორი ღასან ხალილი თავად გახლავთ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ბავშვთა უფლებების სპეციალისტი და არაერთი პუბლიკაცია აქვს მომზადებული ამ თემაზე, ბევრ წამყვან უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. თავისი სილაბუსი, ბავშვთა უფლებებზე, მან სრულიად უსასყიდლოთ გაუზიარა უნივერსიტეტებს, როგორც მაგალითი – როგორ შეიძლება იყოს ბავშვთა უფლებების საკითხი ინტეგრირებული პროგრამებში. მიუხედვად იმისა, რომ ჩვენი უნივერსიტეტები მეტ-ნაკლებად ცდილობდნენ ამ მიმართულებით მუშაობას და გარკვეული ტიპის გამოცდილებაც აქვთ, მაგალითად, როდესაც ადამიანის უფლებებს ასწავლიან, ცხადია, იქ აუცილებლად მოიხსენიებენ ბავშთა უფლებებსაც, მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. ბავშვის უფლებების საკითხი აუცილებლად უნდა იყოს კარგად გააზრებული, ლოგიკურად აწყობილი და სწორად მიწოდებული, რომ სტუდენტებმა მიიღონ ცოდნა და გამოუმუშავდეთ უნარები და ღირებულებები ბავშვის უფლებების სფეროში.
მესამე კომპონენტი – აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამაა, რომელიც, პირველად შექმნა და განახორციელა იუნისეფმა საქართველოში, 2021 წელს. კურსი მიზნად ისახავს მოამზადოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ბავშვის უფლებების სფეროში. 6-თვიანი, ინტენსიური კურსი ყველა იმ საკითხსა და თემას მოიცავდა, რომელიც ბავშვებს ეხება – სკოლამდელი და სასკოლო განათლება, მართლმსაჯულება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, ჯანსაღი გარემო, ადგილობრივი თვითმმართველობა თუ სხვ. კურსი გაიარა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტების ათმა წარმომადგენელმა, რომლებმაც ბავშვთა უფლებების სპეციალისტის სერტიფიკატი მიიღეს. მათ ეს ცოდნა თავიანთ სასწავლო პროგრამებსა და სილაბუსებში ასახეს და შედეგად გვაქვს ხუთი ახალი/განახლებული სილაბუსი, სადაც ბავშვის უფლებებია ასახული პედაგოგიკის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
მეოთხე კომპონენტი არის საერთაშორისო კონფერენცია „ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრირება საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“.
საერთაშორისო კონფერენცია, წელს, უკვე მეორედ ჩატარდა: 2020 წელს – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისში, წელს კი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში მონაწილეობდა როგორც ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი, ისე საერთაშორისო აკადემიური პერსონალი საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სახალხო დამცველის, გაეროს სხვადასხვა სააგენტოს და სკოლების წარმომადგენლები. კონფერენციაზე განხილული თემები მოიცავდა განათლების, სამართლის, მართლმსაჯულების, ბავშვთა დაცვის, ბავშვთა შრომის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. საკონფერენციო მასალას ბეჭდურ ვერსიად მოვამზადებთ და, კრებულის სახით, უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს დავურიგებთ, რომ აკადემიურ პერსონალს საკონფერენციო თემების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს.
– რა ფუნქცია ეკისრება ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრებს?
– როგორც გითხარით, ეს ცენტრები შვიდ რეგიონულ უნივერსიტეტში დავაარსეთ. იდეა ის არის, რომ ეს ცენტრები იყოს მუდმივმოქმედი, სანამ ეს ბავშვებს სჭირდებათ და ვფიქრობ, ბავშვებს ყოველთვის დასჭირდებათ, რომ ჩვენ მათი უფლებები დავიცვათ, ხელი შევუწყოთ მათი უფლებების რეალიზებას. ამის გარდა, ცენტრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა შემდგომ თაობას და, რა თქმა უნდა, აკადემიურ პერსონალსაც ჰქონდეთ ცოდნა ბავშვთა უფლებების შესახებ, ანუ გამოიყენონ ცენტრი, როგორც ცოდნის მიღების რესურსი. ასევე, რეგიონულმა უნივერსიტეტებმა, რომლებიც კონკრეტულ რეგიონს ფარავენ (მაგალითად, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ფარავს იმერეთს), ითანამშრომლონ მათი რეგიონის მასშტაბით ბავშვთა უფლებების განმახორციელებელ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მაგალითად, სკოლებთან – ტრენინგების სახით, სამართლებრივ სტრუქტურებთან – ცოდნის შექმნისა და გავრცელების თვალსაზრისით. ამ ცენტრების ფუქნციებშიც წინა პლანზე სწორედ ეს არის – ცენტრები ქმნიან და ავრცელებენ ცოდნას ბავშვთა უფლებების შესახებ.
თითოეულმა საუნივერსიტეტო ცენტრმა თავად განსაზღვრა საქმიანობა საჭიროებებიდან გამომდინარე: სკოლისა და სკოლამდელი განათლების მასწავლებელთა ტრენინგი ბავშვთა უფლებების საკითხზე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თუ სტუდენტთა ტრენინგი ბავშვთა უფლებების საკითხზე, ასევე, მშობელთა თუ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციების ტრენინგები ბავშვთა უფლებების საკითხზე, შეხვედრები სკოლებთან, მოსწავლეებთან, ღია, საჯარო სემინარები და ვებინარები ბავშვთა უფლებებზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე ტრენინგ მოდულები მოამზადა. იუნისეფი ეხმარება საერთაშორისო ექსპერტის ჩართვით, რომელიც უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს ცენტრის საქმიანობის გასაძლიერებლად.
მეორე მიმართულება, რომელსაც ცენტრის ფუნქციონირება შეუწყობს ხელს, განათლების უფლების რეალიზებაა. თავისთავად, აქ საუბარი მხოლოდ ფორმალურ განათლებაზე არ არის, საუბარია იმაზე, რომ ბავშვს ჰქონდეს ცოდნასთან ხელმისაწვდომობა. ამ მიმართულებაზე, ზოგიერთი უნივერსიტეტი მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს. მათთვის შეთავაზებული იქნება ისეთი სატრენინგო კურსები, როგორიცაა, მაგალითად, მოქალაქეობა, ეთნიკური მრავალფეროვნების საკითხები, კომპიუტერული ტექნოლოგიის სწავლება (თანამედროვე სამყაროში ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს ეს ცოდნა) და ა.შ. მოკლედ, ერთია ტრენინგები უფროსებისთვის და მეორეა ბავშვების დახმარება, რომ მეტი ცოდნა მიიღონ მათთვის საინტერესო სხვადასხვა სფეროში.
შემდეგი მიმართულება, რომელსაც ცენტრი უზრუნველყოფს, იქნება ბავშვთა უფლებების შესახებ ლიტერატურის შეძენა ან თარგმნა, რაც ასევე გაამდიდრებს ცენტრებს და დიდ დახმარებას გაუწევს ყველა იმ ბენეფიციარს, რომელიც ცენტრის მომსახურებით ისარგებლებს.
კიდევ ერთი მიმართულება, ამ ინიციატივის ფარგლებში, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რევიზიაა, რომელსაც უნივერსიტეტები გააკეთებენ და უზრუნველყოფენ ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრირებას იქ, სადაც ეს აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებს სკოლებთან ექნებათ კომუნიკაცია – განახორციელებენ სასკოლო პროექტებს ბავშვთა უფლებების თემაზე. ეს აქტივობები კი, თავისთავად, გაზრდის ამ თემის ცნობადობას.
იუნისეფის დახმარებით, შვიდივე ცენტრი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით, კომპიუტერებით, რაც საშუალებას მისცემს ცენტრებს ხელი შეუწყონ იმ ბავშვებს, ვისთვისაც ინტერნეტი ან გაჯეტები არაა ხელმისაწვდომი განათლების მისაღებად.
რეალურად, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, შვიდივე ცენტრი ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობით იქნება დაკავებული.
ცენტრის მისია მოიაზრებს ემსახუროს ყველა შესაბამის დარგს ბავშვთა უფლებების სფეროში ცოდნის შექმნისა და გავრცელების გზით.
ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება საბოლოო მიზანს – საქართველოში სრულად რეალიზებული იქნას ბავშვის უფლებები, როგორც მომავალი პროფესიონალების მომზადების, ასევე არსებული პროფესიონალების გაძლიერების გზით. ბავშვთა უფლებების საკითხის უკეთ გაცნობიერება კი, მისი პრაქტიკაში დანერგვის საწინდარია.
ესაუბრა ლალი ჯელაძე