აუტიზმის სპექტრის ქოლგის ქვეშ ვგულისხმობთ მდგომარეობას, როცა ვლინდება სირთულეები სოციალური ინტერაქციის, კომუნიკაციის, მწირი ინტერესებისა და განმეორებადი ქცევის სახით. ქოლგა, ამ შემთხვევაში, გულისხმობს, რომ თუ ადრე აუტიზმის სხვადასხვა სახის მდგომარეობები დაყოფილი იყო ბავშვთა აუტიზმის, ასპერგერის სინდრომის, ატიპური აუტიზმის, კანერის სინდრომის ტერმინებით, დღესდღეობით (2013 წლიდან), ყველა მათგანი აუტიზმის ქოლგის ქვეშ ერთიანდება.
აუტიზმის შესახებ, დღეს, პოპულარობით სარგებლობს სამი თეორია:
- გონების თეორია – გულისხმობს მდგომარეობას, როცა ადამიანს არ შეუძლია გაიგოს, ივარაუდოს სხვისი მოქმედება, ემოციები, ზრახვები. უჭირს სხვისი პოზიციიდან ხედვა. გონების თეორია დაკავშირებულია ორ მეცნიერთან – დევიდ პრემაკთან და გაი ვუდროფთან. თეორია შეიქმნა დამოუკიდებლად და მოგვიანებით მოხდა მისი დაკავშირება აუტიზმის მდგომარეობასთან.
- ცენტრალური კოჰერენცია – ეს არის უნარი, აღიქვა მთლიანი სურათი, ხოლო მოგვიანებით, დაინტერესდე დეტალებით. არსებობს ასეთი მაგალითიც, ძლიერი ცენტრალური კოჰერენციის მქონე ადამიანი ხედავს ტყეს, ხოლო სირთულეების მქონე ცენტრალური კოჰერენციის მქონე ადამიანი – ცალკეულ ხეებს. ეს თეორია ეკუთვნის ბრიტანელ განვითარების ფსიქოლოგს, უტა ფრიტს.
- აღმასრულებელი უნარების დისფუნქცია – ამ თეორიის მიხედვით, აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ სირთულეები დაგეგმვის, ორგანიზების და დროის, რესურსების მართვის კუთხით. ასევე, დიდი სირთულეა მათთვის ურთიერთობების, საქმიანობის ან თამაშის დაწყების და შენარჩუნების საკითხი. აღმასრულებელი ფუნქციები, თავის ტვინის შუბლის წილის განვითარებასთან, პირველად, ამერიკელმა პროფესორმა ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართულებით, კარლ პრიბრამმა დააკავშირა.
მოდი, განვასხვაოთ ორი ტერმინი: „განმეორებადი ქცევები“ და „მწირი ინტერესები“. განმეორებადი ქცევები გულისხმობს მთლიანი სხეულით ან სხეულის რომელიმე ნაწილით ერთი და იმავე მოძრაობის შესრულებას, რომელსაც სხვანაირად „თვითმასტიმულირებელ ქცევასაც“ ეძახიან. ხშირად აუტიზმის მქონე ბავშვები, თვითმასტიმულირებელ ქცევებს ემოციური მდგრადობის შესანარჩუნებლად იყენებენ, როგორიცაა გადაჭარბებული სიხარული, შფოთვა, შიში და ა.შ.
„მწირი ინტერესები“ კი გულისხმობს ფიქსირებულ ყურადღებას რაიმე საგანზე, საგნის ნაწილზე, აქტივობაზე და ა.შ.
დღეს მინდა ვისაუბრო აუტიზმის სპექტრის ერთ-ერთი მახასიათებლის – მწირი (ე.წ. შეზღუდული) ინტერესების შესახებ. როგორ შეიძლება დავახასიათოთ შეზღუდული ინტერესები:
- სიახლეებისა და ცვლილებებისადმი ნაკლები მიმღებლობა, იქნება ეს თამაში თუ ყოველდღიური რუტინული აქტივობა;
- უპირატესობის მინიჭება ნაცნობი გარემოსა და ერთგვაროვანი აქტივობების მიმართ;
- რუტინის მოთხოვნილება – გულისხმობს ერთი და იმავე თანმიმდევრობით აქტივობების შესრულებას, ერთი და იმავე გზით და ტრანსპორტით სიარულს, ერთი და იმავე მაღაზიაში შესვლას, ყოველ ჯერზე, როცა ბაღიდან გამოდის და ა.შ.;
- შფოთვა არაპროგნოზირებადი გარემოს მიმართ – როცა ბავშვს არ აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი აქტივობის, შედეგის ან ლოკაციის შესახებ. მაგალითად, როცა წაიყვანეთ უცხო გარემოში და არ იცის რატომ, რა უნდა გააკეთოს, რჩებით მასთან ერთად თუ წასვლას აპირებთ და ა.შ.;
- ერთი აქტივობიდან სხვა აქტივობაზე გადასვლის სირთულეები – მაგალითად, როცა ბავშვი თამაშობს მანქანებით მთელი დღე და გსურთ, სხვა აქტივობა ან თამაში შესთავაზოთ;
- სათამაშოების ამოჩემება – ვგულისხმობ ერთი და იმავე სათამაშოთი თამაშს ან ერთი და იმავე ტიპის სათამაშოებისთვის უპირატესობის მინიჭებას. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მანქანა, რომელიც სახლში აქვს ან, უბრალოდ, მხოლოდ მანქანებით თამაში (მანქანა მაგალითისთვისაა მოყვანილი, ეს შესაძლოა ეხებოდეს კუბებს, სათამაშო ცხოველებს, თოჯინებს და ა.შ.);
- სათამაშოს რაიმე დეტალის ამოჩემება — დეტალებში შეიძლება ვიგულისხმოთ არა სათამაშოს ფუნქციური გამოყენება, არამედ მისი რომელიმე დეტალით დაინტერესება და თამაში. ეს შეიძლება იყოს: ბორბალი, თოკი, ყუთი, ფუნჯი და ა.შ.;
როგორ გავამრავალფეროვნოთ მწირი ინტერესები
რეკომენდაციები
- გაიმეორეთ იგივე
√ დასაწყისში თქვენც ითამაშეთ ისე, როგორც ბავშვი თამაშობს. მაგალითად, თუ ბავშვი იქნევს თოკს და ღუღუნებს, თქვენც აიღეთ მსგავსი თოკი და გაიმეორეთ იგივე . ეს დაგეხმარებათ კომუნიკაციაში შეხვიდეთ ბავშვთან, შემოგხედოთ, დაინტერესდეს თქვენით და დაიწყოს თქვენთან თამაში. საწყის ეტაპზე, არ აიღოთ მისი სათამაშო, თქვენ გქონდეთ თქვენი, მას კი – თავისი სათამაშო ან სათამაშოს ნაწილი.
- შეცვალეთ აჩემებების ვიზუალი და არა თვითონ აჩემება
√ ამაში იგულისხმება იმ ობიექტის, საგნის ვიზუალური შეცვლა, რომელიც ბავშვს აინტერესებს. მაგალითად, თუ ბავშვს ამოჩემებული აქვს მანქანებით თამაში, შესთავაზეთ სხვადასხვა ფერის, ფორმის, ზომის და ვიზუალის მანქანები. თუ გაგიპროტესტებთ განსხვავებული ვიზუალის „აჩემებით“ თამაშს, მაშინ ცვლილება სათამაშოზე უნდა იყოს მცირედი. მაგალითად, ეთამაშეთ მისთვის სასურველი (ამოჩემებული) მანქანით, მაგრამ მანქანას ერთ მხარეს დაასვით კოპლები ან რაიმე მიახატეთ. ცვლილება უნდა იყოს მინიმალური და ეტაპობრივად მოხდეს ამოჩემებული სათამაშოს ვიზუალური ცვლილება.
კიდევ ერთი მაგალითი: თუ ბავშვს აჩემებული აქვს მხოლოდ წითელი ბურთებით თამაში, ჯერ შესთავაზეთ ღია, შემდეგ მუქი წითელი ბურთით თამაში, მერე ერთი სხვა ფერის ლაქა გაუკეთეთ ერთ მხარეს და ასე გაზარდეთ ცვლილებების რიცხვი.
- ბავშვის აჩემებას დააშენეთ ახალი ინტერესები
√ რადგან ზემოთ მანქანების მაგალითი გამოვიყენეთ, ახლაც მანქანებით ავხსნათ ეს რჩევა. მაგალითად, თუ ბავშვი მხოლოდ მანქანებით თამაშობს, თქვენც მოიმარაგეთ მანქანები და დაიწყეთ მრავალფეროვნების შეტანა თქვენს თამაშში. დაადეთ მანქანას ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ვითომ გადამზიდი ხართ; გამოაბით მანქანას თოკი და გაიქეცით; მანქანაში ჩასვით სათამაშო კაცუნები და ატარეთ; ააშენეთ კუბიკებით სახლი და შიგნით შეიყვანეთ მანქანა. მოკლედ, აჩემებას ზემოდან დააშენეთ სხვა თამაში და გააერთიანეთ.
- მსგავსი სათამაშო მსგავსს დაუკავშირეთ
√ თუ ბავშვის ამოჩემება არის მანქანა, მას უფრო მოეწონება სხვა ბორბლებიანი სათამაშო, მაგალითად, ურიკა, სათამაშო ეტლი, ველოსიპედი და ა.შ. თუ ბავშვის ამოჩემება არის კუბიკები, მას მოეწონება ისეთი სათამაშოც, დეტალებისგან რომ მთელი შეიქმნება – მოზაიკა, ფაზლები და ა.შ.
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოთმინება
√ მოცემული რჩევების განხორციელებისთვის თითოეულ ბავშვს მისთვის ინდივიდუალური დრო სჭირდება, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ჩამოთვლილი სტრატეგიები გამოიყენეთ ყოველდღიურად.
სტატია მოამზადა ადრეული განვითარების სპეციალისტმა და განათლების ფსიქოლოგმა სოფიო მელაძემ