📌⚫ნათია ფურცელაძე, სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, „ათეულთა კლუბის“ წევრი
✔️🔲 მოსწავლეებისა და ჩემი საზაფხულო თანამშრომლობა, ძირითადად, წიგნის კითხვას უკავშირდება, რადგან, მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ბავშვებს ზაფხულში დავალებები მივცეთ. როდესაც მთავრდება სასწავლო წელი, მე მათ რამდენიმე წიგნს ვურჩევ წასაკითხად და ყოველთვის ვაძლევ შესაძლებლობას, რომ თავადაც შეარჩიონ საკითხავი – მხოლოდ ის კი არ წაიკითხონ, რაც მე ვურჩიე, არამედ საკუთარი სურვილითაც აირჩიონ წიგნები. მთავარია, კითხვა სიამოვნების პროცესს უკავშირდებოდეს. თუ ბავშვი ამით სიამოვნებას არ იღებს და ზაფხულში წიგნის კითხვა მისთვის მხოლოდ სავალდებულო დავალებად იქცევა, მაშინ ჯობია შეჩერდეს ან მხოლოდ იმდენი წაიკითხოს, რამდენიც სიამოვნებას მოუტანს. კითხვის შემდეგ ბავშვები მიზიარებენ ხოლმე შთაბეჭდილებებს და ჩვენი საზაფხულო ურთიერთობაც ასე გრძელდება. წერენ კიდევაც თავიანთ შეხედულებებს ამა თუ იმ წიგნზე. ასეთი პრაქტიკა მაქვს – ქართულს ვასწავლი როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურზე და ახალი კლასი როცა ამყავს, ბავშვები მეოთხე კლასში არიან, ამიტომ, მეოთხე კლასიდან, ჩემს ყველა მოსწავლეს აქვს ერთი ბლოკნოტი სპეციალურად ამ შთაბეჭდილებების ჩასაწერად. წლების განმავლობაში, ვიდრე მე მათი მასწავლებელი ვარ, ბლოკნოტი შთაბეჭდილებებით ივსება, მათ შორის, ზაფხულშიც. ამის გარდა, შეიძლება ელექტრონული წერილით მომწერონ, სულ რამდენიმე წინადადებით, კონკრეტული წიგნის წაკითხვის შემდეგ, თავიანთი შეხედულება და ემოცია გამიზიარონ. ეს ძალიან გვეხმარება, რომ ზაფხულში ჩვენ შორის კონტაქტი არ გაწყდეს.
✔️🔲 ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, უფრო საინტერესო იქნება ჩემი, როგორც მშობლის პრაქტიკაც, იმიტომ რომ მე ვარ მასწავლებელი-მშობელი და ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას ვიყენებ შვილებთან. მოგიყვებით, რას ვაკეთებ ხოლმე ჩემს შვილებთან.
უფროსი გოგო მესამე კლასში გადადის და ვცდილობ, მასთან ერთად წაკითხული წიგნის მიხედვით, დავგეგმო თამაში. მგონია, რომ თამაშით სწავლება ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. პარალელურად, თუ შერჩეული წიგნი, რომლის მიხედვითაც შემდეგ თამაში უნდა ჩავატაროთ, წაკითხული არ მაქვს, მეც მასთან ერთად ვკითხულობ. შემდეგ იგეგმება თამაში. სათამაშო აქტივობებს თვითონ წიგნის სიუჟეტი, შინაარსი შთამაგონებს ხოლმე. მაგალითად, ეზოში გადავმალავთ ხოლმე მინიშნებებს, ერთი თავის წაკითხვის შემდეგ შეიძლება მან ეზოში ეს მინიშნება ან რაიმე ჩანაწერი იპოვოს. იმისთვის, რომ მეორე მინიშნება დაიმსახუროს, შეიძლება დასჭირდეს ნაყინის ჭამა, თავსატეხის ამოხსნა, აუზში ჩახტომა ან ყვავილების პოვნა, ან თევზაობა – სათამაშო ანკესი და თევზები გვაქვს და აუზიდან რაღაცების ამოღებას ვცდილობთ. მოკლედ, იდეები არ ილევა. მთავარია, ამ აქტივობებმა ბავშვს კითხვის სურვილი უფრო მეტად გაუჩინოს, თან კითხვა და სიამოვნება ერთმანეთს დაუკავშიროს, რომ უფრო და უფრო მეტად მოუნდეს კითხვა. ჩემი დაკვირვებით, ასეთი მიდგომა ძალიან ნაყოფიერია. ჩემი შვილები სულ მთხოვენ, როდის გვექნება ეს თამაში (ჩვენ მას ციყვების თამაშს ვუწოდებთ). ჩემი მეორე შვილი წელს მიდის სკოლაში და მან ხომ კითხვა არ იცის, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრეთ: უფროსი გოგო 8 წლისაა, პატარა დას ხმამაღლა უკითხავს და დიდი ინტერესით ელოდებიან აგვისტოს ბოლოს, რომ მათ წაკითხულის მიხედვით შევთავაზო თამაში. ხშირად ჩვენი თამაშები რამდენიმეტურიანია – სიურპრიზებითა და აღმოჩენებით სავსე, შემეცნებითი – ბევრ რამეს სწავლობენ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მხიარულ შთაბეჭდილებებთან ასოცირდება, ერთი მხრივ, კითხვასთან და მეორე მხრივ, თამაშთან. სიამოვნებასთან ერთად, იმასაც ვახერხებ, რომ კითხვა არ მობეზრდეთ.
✔️🔲 ალბათ დაგაინტერესებთ, ვინ უნდა შეურჩიოს ჩვენს შვილებს წიგნები წასაკითხად. მგონია, რომ ერთგვარი გზამკვლევი ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს მასწავლებელი თუ მშობელი. ძალიან კარგია, თუ მრჩეველი გამოცდილია და საკითხავის შერჩევისას ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესებს გაითვალისწინებს, მაგრამ ამან ისეთი სახე არ უნდა მიიღოს, რომ მხოლოდ უფროსის მიერ მითითებულ წიგნს კითხულობდეს ბავშვი. თავიდან, როცა სამკითხველო სამყაროში უნდა შეაბიჯოს პატარამ, აუცილებლად ისეთი წიგნები უნდა შევთავაზოთ, რომელიც მის გემოვნებას მოერგება. მნიშვნელოვანია მოიწონოს, ისიამოვნოს და როგორც კი კითხვაში სიამოვნებას იპოვის, მერე აუცილებლად მის თავისუფალ არჩევანს უნდა ვცეთ პატივი, ანუ თვითონ ბავშვმა შეარჩიოს წიგნი წასაკითხად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როცა მასწავლებელი მოსწავლეებს რამდენიმე წიგნს სთავაზობს წასაკითხად და აუცილებლად უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ თვითონაც აარჩიოს. ამასთან, კლასისთვის ერთი და იმავე წიგნის წაკითხვას სხვა დადებითი მხარეც აქვს. როდესაც ზაფხულის შემდეგ ბავშვები სკოლაში ბრუნდებიან (ოღონდ ეს არ ეხება მხოლოდ ზაფხულს და არდადეგებს, კითხვის პროცესი მუდმივად უნდა გრძელდებოდეს) და მათ რამდენიმე საერთო წიგნი აქვთ წაკითხული, ბუნებრივად უჩნდებათ მეტი საერთო სასაუბრო თემა, განსხვავებული შეხედულებებიც, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ თემა ნაცნობია და დისკუსიაც უფრო საინტერესო გამოდის. ამის გარდა, ეს ყველაფერი კლასელების დამეგობრებასაც ძალიან უწყობს ხელს. მეც, როგორც მასწავლებელს, უამრავ შემთხვევაში დამხმარებია კლასის უმრავლესობის მიერ წაკითხული წიგნი საინტერესო აქტივობების დაგეგმვაში. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ „ზაფხულში საკითხავი“ მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა წიგნების სია ჩამოწეროს და ამით დაასრულოს. კითხვა არ უნდა სრულდებოდეს ზაფხულშივე, წაკითხულის განხილვა ან სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა სკოლაში უნდა გაგრძელდეს. ეს ყოველთვის უფრო ეფექტიანია. და თუ საკითხავი ჩამოწერილი სიის სახით რჩება და მეტი არაფერი, თავისთავად, ბავშვებსაც ეკარგებათ ინტერესი. კოლეგებს ვურჩევ, ასევე, ისეთი წიგნის შერჩევას, რომელთა მიხედვითაც ფილმია გადაღებული – ხშირად ერთად ვუყურებთ ხოლმე წაკითხული წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმებს და ვაწყობთ დისკუსიას. იმის თქმა მინდა, რომ ეს მხოლოდ ივნის-ივლის-აგვისტოს საქმე არ არის, მთელი წელი შეიძლება გავაგრძელოთ და სასწავლო პროცესში საინტერესო აქტივობებში გადავზარდოთ.
✔️🔲 ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნი, რომლის წაკითხვასაც მოსწავლეს ურჩევს მასწავლებელი, თვითონაც აუცილებლად ჰქონდეს წაკითხული, რადგან სხვანაირად ვერაფრით გამოიცნობს მათ გემოვნებას. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ისე, რომ რომელიმე წიგნზე შეიძლება მხოლოდ ანოტაცია წაიკითხონ და ჩათვალონ, რომ ეს საკმარისია. ამ დროს კი შეიძლება ბევრი რამ გამოგვეპაროს.
✔️🔲 ბოლოს კი, გეტყვით მთავარს, თუ რატომ უნდა იკითხონ წიგნები – იმიტომ, რომ უფრო ფერადდება ზაფხული და უფრო შთამბეჭდავი ხდება დრო, შემდეგ ეს გაფერადებული დღები იქცევა ემოციებად და ზუსტად ეს ემოციები მიგვყვება ხოლმე მერე, დიდობაში, მთელი ცხოვრება.
✔️🔲 ერთი თხოვნა მშობლებთანაც მაქვს, იკითხეთ ბავშვებთან ერთად, რადგან ეს ურთიერთობებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. მერე, საღამოობით, ისაუბრეთ წაკითხულზე, ასე ჩნდება უამრავი და მრავალფეროვანი იდეა, ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებული აზრიც. ესეც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგო, რას ფიქრობს შენი შვილი. თუ ის განსხვავებულად ფიქრობს, რატომ, რა არგუმენტი აქვს და თუ შენ ფიქრობ განსხვავებულად, შენ რა არგუმენტი გაქვს. ეს ძალიან ეხმარება ბავშვებსაც და მშობლებსაც კომუნიკაციაში, ერთმანეთის უკეთ შეცნობაში. ხანდახან ჭირს ხოლმე ურთიერთობები, რაღაცას ბავშვი არ ამბობს, ან მშობელს უჭირს გაუგოს… ერთად კითხვა გვეხმარება, მეტი გავიგოთ ბავშვებზე და, პირიქით, მათ ჩვენზე. იგივე თხოვნა მექნებოდა კოლეგებთან, ჩავერთოთ ამ ყველაფერში – ჩვენ უნდა ვიყოთ მოდელები – ჩვენ რომ წავიკითხავთ, ისინიც წაიკითხავენ. თუ მათი რჩევითაც ვკითხულობთ რამეს, ეს კიდევ უფრო ეფექტიანია – მერწმუნეთ, ამით მათი კითხვის მოტივაცია გაათმაგდება.