გიორგი ჭაუჭიძე
მასწავლებელი
…მიკროტექსტები ჩამოვიტანე ჯავახეთიდან და პაატას მივუტანე ოფისში. გაუხარდა, მერე გადავხედოთო. მაშინ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ტრენერი ვიყავი და ნინოწმინდასა და ახალქალაქში ქართულის მასწავლებლებს ვამეცადინებდი. პაატა პაპავა კი ამ პროექტის წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი გახლდათ…
ტექსტებს შორის ერთი სამიოდწინადადებიანი ამბავიც ერია, რომელიც ელიოზ მასწავლებელმა სახელდახელოდ დაწერა ტრენინგზევე:
ძროხა ბალახს ძოვს.
მასთან ძაღლი მიდის.
ძაღლი ძროხას უყეფს.
ძროხა ძაღლს რქენს.
პირველი კლასის მოსწავლეებისთვის საანბანე ტექსტების შექმნა ვთხოვე მასწავლებლებს, კონკრეტული ასო-ბგერის სწავლების მიზნით. შესაბამისად, ამ ტექსტებში გააქტიურებული უნდა ყოფილიყო რომელიმე სამიზნე ასო. როგორც ხვდებით, ამ ამბავში ასო „ძ“ გაააქტიურა ელიოზ მასწავლებელმა. პირველკლასელთა მიკროტექსტების შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ, მანამდე კი ბატონ ელიოზ ზედგინიძის ძროხასა და ძაღლს მივუბრუნდეთ.
ჯავახური ტექსტები საგულდაგულოდ გადავათვალიერეთ, ჯიპრაიდულად გადავამუშავეთ და მათგან უმრავლესობა წიგნებად დაიბეჭდა კიდეც. ეს წიგნები პროექტში ჩართულ სკოლებს დაურიგდა და ამჟამად ელექტრონულადაცაა ხელმისაწვდომი საიტზე kargiskola.ge. სხვაგვარად განვითარდა მოვლენები ელიოზ მასწავლებლის ძროხისა და ძაღლის შემთხვევაში…
— გინდა, ძაღლის ამბავი გავაგრძელოთ? — კარგა ხნის შემდეგ მეკითხება ჯიპრაიდის ოფისში მისულს პაატა პაპავა.
— რა ძაღლის ამბავი?! — ვერ გავიხსენე ჯავახური ტექსტი.
— აი ის, ძაღლზე და ძროხაზე რომ იყო… ახალქალაქიდან ჩამოტანილი ტექსტი.
— ძაღლი რომ ძროხას უყეფდა? საინტერესო იქნება, თუ გავაგრძელებთ.
პაატა პაპავასთან ერთად მხატვრულ ტექსტზე მუშაობის გამოცდილება მანამდე არ მქონოდა და ეს პროცესიც საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა. როგორც აღმოვაჩინე, პაატას უკვე თავში ჰქონდა მოთხრობის კონცეფცია, პერსონაჟები, სიუჟეტი, ფაბულა. მე ველოდი, მცირედით თუ გავამდიდრებდით ამბავს, მაგრამ პროცესში უკვე სულ სხვა ნაწარმოები მივიღეთ. პაატა თავის ლეპტოპთან იჯდა, იდეებს წინადადებებად ახმოვანებდა და ფხულნარზე (კლავიატურაზე) კრეფდა, მეც ვკარნახობდი ჩემს შინაარსს და თანდათან ყალიბდებოდა ტექსტი…
— ერთი პერსონაჟი ხომ არ შემოვიყვანოთ კიდევ?
— რა ვიცი… — არ მომეწონა იდეა. ისედაც ბევრი პერსონაჟი დაგროვდა: ძაღლი, ძროხა, გველი, მამალი. — რომელი პერსონაჟი?
— თხა… შეყვარებული თხა, — ისეთი დაჯერებით გადმომხედა პაატამ, შეუძლებელი იყო დაუთანხმებლობა.
„ცუგა“ ჯიპრაიდის ერთ-ერთი საინტერესო და ბავშვებისთვის საყვარელი ტექსტი გამოვიდა. დავფიქრდეთ და განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს მისი პოპულარობის მიზეზი? განვაზოგადოთ და აქვე ჩამოვაყალიბოთ ამ წერილის მთავარი შეკითხვა: რა პარამეტრები/მახასიათებლები განაპირობებს საბავშვო წიგნების პოპულარობას?
(ამ შეკითხვებზე პასუხები დამოუკიდებლად არ მომიფიქრებია. ამაში, — ჩემი დაკვირვების, გამოცდილების, პედაგოგიური პრქატიკისა და კლასიკური საბავშვო ტექსტების შესწავლის გარდა, — დამეხმარნენ ის მასწავლებლები, რომელთა ტრენინგებსაც ვესწრებოდი ზემოხსენებული ჯიპრაიდის პროექტის ფარგლებში: პაატა პაპავა, ალან კროუფორდი, მერი კორპსი და სხვ. ტრენინგებსა და სამუშაო პროცესში ვსწავლობდი ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტექსტის კითხვადობის მახასიათებლები, წიგნების ტექნიკური მხარეები, შინაარსობრივი საკითხები, საბავშვო ავტორების მიერ დაშვებული გავრცელებული შეცდომები, გმირისა და ანტიგმირის სახეები, პრობლემისა და მისი გადაჭრის მცდელობების აუცილებლობა და ა.შ.)
ქვემოთ შემოთავაზებულია საბავშვო წიგნების 13 მახასიათებელი და შესაბამისი რეკომენდაციები:
- მშობლები და მასწავლებლები ხშირად ჩივიან, რომ მესამე-მეოთხეკლასელ ბავშვს კითხვა ვერ დავაწყებინეო. იგულისხმება დამოუკიდებელი მკითხველის პირველი ნაბიჯები. პირადად მე არ მახსოვს, რა ასაკში წავიკითხე „ტომ სოიერი“, თუმცა ჯერ რომ „ჰეკლბერი ფინი“ წავიკითხე და მის წინამორბედს ვერ ვკითხულობდი, კარგად მახსოვს. დედაჩემმა დამსვა და ხმამაღლა წაკითხვა დაიწყო ისე, როგორც პატარაობისას აკეთებდა. მერე შემრცხვა, მე ხომ უკვე დიდი ბიჭი ვიყავი და გამოვართვი: კაი, მომეცი, მე თვითონ წავიკითხავ-თქო…
ბევრი მშობელი მინახავს გახარებული, ბავშვს ჯიპრაიდის წიგნებით დავაწყებინე კითხვაო და მეც, როდესაც შემომჩივლებენ ხოლმე, რა ვქნა, არადა არ კითხულობს ბავშვიო, ვაცნობ ხოლმე kargiskola.ge საიტს, სადაც უმარტივესი დარეგისტრირების შემდეგ, ყველასთვის ხელმისწავდომია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში შექმნილი უამრავი საინტერესო ტექსტი.
ჩამოვაყალიბოთ მიმზიდველი წიგნების პირველი მახასიათებელი: პატარაა და მისი წაკითხვა ერთ დღეშია შესაძლებელი, ყველაზე ზარმაცი მკითხველის მიერაც კი.
(შეგახსენებთ, ეს პატარა მკითხველის პირველი ნაბიჯებია და მათი გადადგმა სწორედაც რომ მცირე ზომის ტექსტების წაკითხვით იქნება უმჯობესი და არა სქელტანიანი ტომსოიერებითა და კარლსონებით. მათი დროც მოვა…)
კარგი იქნება, თუ საბავშვო მწერლები სქელტანიანი ნაწარმოებების შექმნისასაც გაითვალისწინებენ ამ ფაქტორს და ისე ააგებენ ტექსტებს, რომ შესაძლებელი იყოს ერთი დასრულებულამბიანი თავის ერთ ამოსუნთქვაზე წაკითხვა.
მაშ ასე, ჩამოვაყალიბოთ მიმზიდველი საბავშვო ტექსტების პირველი მახასიათებელი: პატარაა.
- ამას წინათ ერთ-ერთ საბავშვო გამოცემას ვათვალიერებდი მაღაზიაში. აკაკის შესახებ იყო და პირველი წინადადების კითხვა რომ დავიწყე პირველ გვერდზე, ლამის მეორე გვერდზე გადავედი, სანამ წერტილამდე მივიდოდი.
მხატვრული ან სხვა ჟანრის ლიტერატურის კითხვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რის გამოც ბავშვები უარს ამბობენ კითხვაზე, გრძელი წინადადებებია, რადგან სანამ ბავშვი წინადადების ბოლომდე გავა, თუკი მასში სხვა დაქვემდებარებული წინადადებებია ჩართული, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება თანწყობილი იყოს და შეიძლება ქვეწყობილი, აზრი ეფანტება… რა იგრძენით წინა წინადადების კითხვის პროცესში? შეყოვნდით? დაიძაბეთ? გაღიზიანდით?
ალბათ. რატომ? იმიტომ, რომ გრძელი წინადადებაა და ვერც სინტაქსური იერით დაიკვეხნის. მიუხედავად იმისა, რომ აზრის გამოტანა შესაძლებელია, ამისთვის რამდენჯერმე მიბრუნება დაგჭირდებათ ანუ შეყოვნდებით. თუკი რამდენჯერმე მოგიწევთ ასეთი ოპერაციის განხორციელება ერთ გვერდზე, ცხადია, საკითხავს გვერდზე გადადებთ.
ასევე, და უარესად, იქცევიან ბავშვებიც. თუკი ტექსტები გადატვირთულია გრძელი წინადადებებით, კითხვაში გაუწაფავი მკითხველი საერთოდ უარს ამბობს კითხვაზე და მეტიც, საშვილიშვილოდ იძულებს ამ პროცესს.
მიმზიდველი საბავშვო ტექსტების მეორე მახასითებელი: მოკლე წინადადებები.
და მისი შესაბამისი მეორე რეკომენდაცია: წერეთ მოკლე წინადადებებით.
- ერთი წესი გავიხსენოთ, რომელიც მოსწავლეებისთვის ან შვილისთვის წიგნის შერჩევაში დაგვეხმარება. ხუთი თითის წესი მდგომარეობს შემდეგში: ვიღებთ წიგნს და ვკითხულობთ მის პირველ გვერდს. როდესაც შეგვხვდება ჩვენი მოსწავლეებისთვის, შვილისთვის უცნობი სიტყვა, მოვკეცავთ ერთ თითს. თუკი ერთ გვერდზე ასეთი სიტყვების რაოდენობა ხუთს მიაღწევს, უნდა დავასკვნათ, რომ ასეთი ტექსტი ჩვენი ბავშვებისთვის რთულია და მათ არ უნდა შევთავაზოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ფრუსტრაციაში ჩავარდება და საერთოდაც აუცრუვდება გული კითხვაზე.
საბავშვო ტექსტების მახასიათებლებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით სიტყვებზე საუბარს. ზემოთ უკვე გამოვკვეთეთ სიტყვების ერთი მახასიათებელი — შინაარსი. სიტყვები გასაგები უნდა იყოს ბავშვებისთვის. ტექსტში არ უნდა იყოს გადაჭარბებული რაოდენობის უცნობი სიტყვები. ამასთან, როდესაც გამოვიყენებთ ბავშვებისთვის სავარაუდოდ უცნობ სიტყვას, უნდა ვეცადოთ, რომ მისი ამოცნობა შესაძლებელი იყოს კონტექსტის მიხედვით ან შეიძლებოდეს მისი მნიშვნელობის პროგნოზირება. ერთიცაა: ბავშვები იმასაც უნდა მიეჩვიონ, რომ ზოგიერთი სიტყვა გაუგებარი შეიძლება დარჩეთ, მაგრამ ამის გამო ტექსტის აზრი მაინც გაიგონ.
შინაარსის გარდა სიტყვას სხვა მახასიათებელიც აქვს — სიგრძე, სიტყვაში ასოებისა და მარცვლების რაოდენობა. სიტყვა მით უფრო ადვილი წასაკითხია, რაც უფრო მოკლეა. შესაბამისად, როდესაც ტექსტის კითხვადობის დონე დგინდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი მასში სიტყვის საშუალო სიგრძეა. რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრი, მით უფრო რთულდება ასეთი ტექსტის წაკითხვა. ამიტომაც საბავშვო ავტორები უნდა მოერიდონ გრძელი სიტყვების ხშირ გამოყენებასაც.
ამის გათვალისწინებით, მესამე რჩევა იქნება: ნუ გადატვირთავთ ტექსტებს უცნობი, გაუგებარი და/ან გრძელი სიტყვებით.
- ახლა ჩემ გვერდით მერვეკლასელი რუფატ ალიევია და ვეკითხები, მისთვის როგორი წიგნი იქნებოდა ყველაზე საინტერესო. ის ფიქრობს, რომ წიგნში უნდა იყოს ჯადოქრობები და ჯადოსნობები.
მართლაც, ბავშვებს იტაცებთ ისეთი თავგადასავლები, რომლებშიც გმირები დაჯილდოებულები არიან ზებუნებრივი თვისებებით. ჩვენი ბავშვობის ზღაპრებიც რომ გავიხსენოთ — რატომ აღგვაფრთოვანებდა წიქარა თუ ასფურცელა? ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ეს პერსონაჟები განსაცდელის დროს ზებუნებრივ შესაძლებლობებს იყენებდნენ ხოლმე. თითქოს ყველაფერი დასრულებისა და დამარცხების პირას იყო და ამ დროს მოულოდნელად პროტაგონისტი თავის ჯადოსნურ ძალას გამოავლენდა და იმარჯვებდა…
ცხადია, ჩვენს საბავშვო მწერლებსა და მწერელ მასწავლებლებს ზომიერებამ არც აქ არ უნდა უღალატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაჭარბება და გაცვეთა ბავშვების იმედგაცრუებას გამოიწვევს, დაინტერესებისა და მიზიდვის ნაცვლად.
მაშ ასე, მეოთხე რეკომენდაციაც დაურიდებლად დავწეროთ: მიანიჭეთ პერსონაჟებს ჯადოსნური თვისებები.
- რამდენჯერმე ვახსენე სიუჟეტი — ნაწარმოების ერთ-ერთი ხერხემალი. როგორც ჩვენი ძველი ქართველი ხალხოსანი მეზღაპრეები ამბობდნენ, „მომეცი კარგი სიუჟეტი და ერთ დუჟინ ბავშვს დავაძინებო“…
ტექსტი და სიუჟეტი მაშინაა საინტერესო, როდესაც მასში ამბავია გადმოცემული. ამბავი კი რა ამბავია, თუკი მასში პრობლემა არაა?! მოკლედ, ნაწარმოებში აუცილებლად უნდა იყოს პრობლემა, რომლის წინაშეც დგება პროტაგონისტი და ორი-სამი მცდელობის შედეგად უნდა ხდებოდეს ამ პრობლემის გადაწყვეტა (ერთი მცდელობით პრობლემის გადაწყვეტა არ ვარგა. მეორედ, მესამედ მცდელობა ძაბავს სიუჟეტს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის მას. გაგონდებათ ჰოლივუდური ფილმი, რომელშიც ხიფათში ჩავარდნილი პერსონაჟი ერთი მცდელობისთანავე გათავისუფლებულიყოს?! არა).
გავიხსენოთ ჩვენში პოპულარული საბავშვო ზღაპრის „ნაცარქექია“ სიუჟეტი.
- ნაცარქექია ნაცარს ქექავს და არის კომფორტულად.
- მას აიძულებენ მიატოვოს კომფორტის ზონა, ფაქტობრივად სახლიდან აგდებენ.
- ნაცარქექიას შინიდან ატანენ რაღაც კურიოზულ ნივთებს, რომელიც შემდგომში ძალიან გამოადგება მოგზაურობისას.
- ნაცარქექია ტოვებს სახლს და იწყებს მოგზაურობას უცხო, სახიფათო სამყაროში.
- იგი გადაეყრება დევს და მასთან უწევს გაჯიბრება, სხვადასხვა გამოცდის ჩაბარება.
- ფათერაკების მაძიებელი გმირი შინ მიჰყვება დევს, კიდევ უფრო უახლოვდება მოსალოდნელ განსაცდელს, ერთი მხრივ, და საბოლოო ჯილდოს, მიზანს, მეორე მხრივ.
- ყოველმხრივ დაძაბულობა იგრძნობა, ჩვენი გმირი უკიდურეს განსაცდელში ექცევა (კეცის ქვეშ მოჰყვება, დირეს აეკრობა) და ლამისაა დაიღუპოს.
- ნაცარქექია უკანასკნელ ძალებს (მოხერხებულობას, ტყუილს) იკრებს გადარჩენის მიზნით.
- ზღაპრის გმირი შედეგს აღწევს, დევს სახლიდან აგდებს.
- ნაცარქექიას თავგადასავლები მთავრდება, ის დევის სახლ-კარს ეპატრონება.
- ნაცარქექია ახალ ცხოვრებას, გაცილებით გაუმჯობესებულს, იწყებს.
გმირის თავგადასავლის შესახებ მეთიუ უინკლერის საინტერესო ვიდეოა განთავსებული TED-Ed-ის იუთუბარხზე, 2012 წლის 4 დეკემბერს (http://tiny.cc/j0ga8y). აქ საუბარია უნივერსალური გმირის შესახებ, რომელიც გარკვეულ საფეხურებს გადის თავისი თავგადასავლის განმავლობაში (ნაცარქექიას თავგადასავალი, შეიძლება ითქვას, რომ სრულად ემთხვევა ამ სქემას).
აქაც, ისევე როგორც ყველგან და ყველაფერში, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: ზომიერება. თავგადასავალმა ისე არ უნდა გაგვიტაცოს, რომ შემოვიტანოთ სხვადასხვა დრო და შრეები. მაგალითად, გმირის ბაბუის ამბების აღწერა… არამთავარი პერსონაჟის სახლის დაწვრილებითი მიმოხილვა…
მეხუთე რჩევა: სიუჟეტი უნდა იყოს განვითარებადი (მაგრამ არა ჩახლართული), დაძაბული, პრობლემების შემცველი და მის გადაჭრაზე ორიენტირებული.
- ჩემი ბავშვობის საყვარელი პერსონაჟი საყვარელივე ნაწარმოებიდან, „კაპიტან გრანტის შვილებიდან“ იყო — პაგანელი, ნიჭიერი, კურიოზული, დაბნეული მეცნიერი. საინტერესოა, როგორი პერსონაჟი იზიდავს ბავშვებს?
პერსონაჟი უნდა იყოს გამორჩეული, უცნაური, გასნხვავებული თვისებების მატარებელი. კარგი იქნება, თუ ნაწარმოებში იქნება რამდენიმე პერსონაჟი, რომელთაგან გამოიკვეთება ორი: პროტაგონისტი და ანტაგონისტი, ანუ გმირი და ანტიგმირი, დადებითი მთავარი გმირი და მასთან დაპირისპირებული უარყოფითი პერსონაჟი. დადებით პერსონაჟს თავისი დასი, დამხმარეები ეყოლება, რომელთაგან ორი-სამი დასამახსოვრებელი უნდა იყოს. არაა საჭირო ხელოვნური პერსონაჟების შემოყვანა მთავარი გმირის დასახმარებლად, ეს მიმზიდველობას უკარგავს ნაწარმოებს. მაგალითად, თუკი მეოთხეკლასელი ლეილა ღრმა ორმოში ჩავარდება, მის ამოსაყვანად ნუ მოუხმობთ კეთილ ბიცოლას ან გულად პოლიციელს. ამას აჯობებს, ლეილასვე დააყენოთ ჯაფა და თავადვე მოაფიქრებინოთ ამოსავალი.
მნიშვნელოვანია პერსონაჟის სახელიც. ამასაც კარგი მოფიქრება სჭირდება. არ უნდა მოგვერიდოს ერთი შეხედვით მიუღებელი, რთული, მივიწყებული თუ ახალი სახელებისა და სიტყვების გამოყენება. სახელის მთავარი თვისება უნდა იყოს დამახსოვრებადობა და მიმზიდველობა.
ჩამოვაყალიბოთ მე-6 რეკომენდაციაც: შექმენით ხასიათით, თვისებებითა და სახელითაც გამორჩეული პერსონაჟები.
- ტექსტი, ისევე როგორც პერსონაჟი, ცოცხალი არსებაა. როგორც ამბობენ, ამ არსებას სულს შთაბერავს სტილი. სწორედ სტილია ნაწარმოების სული. ეს ყველაზე მოუხელთებელი რამაა, რაც თარგმანში ხშირად იკარგება ხოლმე. ქართულენოვანი მკითხველები სტილს ყველაზე მეტად ქართულად შექმნილი ნაწარმოებიდან აღიქვამენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს კომპონენტი ბავშვებისთვისაა. ისინი ახლა ითვისებენ, უკვირდებიან თხზულებების სტილს. შესაბამისად, ჯერ კიდევ არ არიან მზად რაღაც განსაკუთრებულობისა და ორიგინალურობისთვის. მეტიც, ავტორთა მრავალფეროვანი ძიებები ამ მიმართულებით შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს გამოუცდელი მკითხველებისთვის.
საბავშვო ნაწარმოებებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სადა და მარტივი სტილი. ეს მახასიათებელი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი სტილის ნაწარმოების დაწერა ადვილია. შეიძლება ითქვას, რომ პირიქით.
მეშვიდე რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს აღაფრთოვანებთ სიმარტივე და თქვენც მარტივი სტილი გამოიყენეთ.
- ჩემს მოსწავლეობას გავიხსენებ. იყო ხოლმე გაკვეთილებზე მომენტები, როდესაც ბავშვები ხმამაღლა გავიცინებდით. ამ დროს მასწავლებელიც გაიცინებდა და მალევე იტყოდა ჩემს სასკოლო მახსოვრობაში ყველაზე საშინელ ფრაზას: გვეყოფა სიცილი!
სიცილი კარგია! სიცილი ყველაზე კარგი რამაა. არაფერი არ იზიდავს ბავშვს ტექსტში ისე, როგორც სასაცილო მომენტები. მაგრამ: არაფერი არაა ისე რთული შესაქმნელი, როგორც სასაცილო სიტუაცია. ამ კომპონენტში მწერლებს — დიდი ოსტატობა, ხოლო მწერელებს (მასწავლებლებსა და მოსწავლეებს) დიდი დაკვირვება მართებთ.
რა ჰქმნის სასაცილო სიტუაციებს?
მოულოდნელობა (ფეხი წამოკრა, ჭამდა და სკამიდან გადავარდა…)
შეუსაბამობა (პატარამ დიდი დაამარცხა, პატარას დიდი შარვალი აცვია…)
ტყუილი
უზრდელობები (უკანალზე უკბინა…)
რეკომენდაცია № 8: შექმენით ნაწარმოებში სასაცილო სიტუაციები.
- უზრდელობებით გავაგრძელოთ. ერთხელ ახლობელ მეცხრეკლასელთან მივედი სტუმრად. როგორც მასწავლებელი, დავინტერესდი სასკოლო სიტუაციებით. ახალი სასწავლო წელი ძალას იკრეფდა და სახელმძღვანელოები ახალი დარიგებული (თუ ნაყიდი?!) ჰქონდათ.
— ნახე, რა წერია ჩემს ქართულის წიგნში, — მითხრა ბიძინამ და ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნი გამომიტანა.
წიგნს მითითებულ ადგილზე ჩავხედე და თვალში უწმაწური გამონათქვამი მომხვდა: „აფხაზები გაგჟიმავენ…“
— ამის მეტმა არაფერმა დაგაინტერესა ამ ტექსტიდან?
— ჯერ არ წამიკითხავს… ისე, დამაინტერესა და წავიკითხავ.
…რა დანიშნულება აქვს უზრდელური გამონათქვამების გამოყენებას ტექსტში? საერთოდაც, საჭიროა თუ არა ასეთი გამონათქვამები გამოვიყენოთ საბავშვო ტექსტებში?
უზრდელურ გამონათქვამებს ახასიათებს მიმზიდევლობა (ბიძინასმაგვარი შემთხვევები ყველას გაგახსენდებათ) და უგუნურება იქნება, თუ ამ ფაქტორს სათანადოდ არ გამოიყენებენ საბავშვო მწერლები.
აგრეთვე, რა დასამალია და, უზრდელობები დამახასიათებელია ჩვენი რეალობისთვის. შესაბამისად, საბავშვო ტექსტი უნდა ასახავდეს კიდეც სინამდვილეს. ამიტომ მათი სრულიად იგნორირება დააკნინებს ტექსტების მხატვრულ ღირებულებას.
რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენიმე პრინციპი:
ზომიერება შინაარსში — უზრდელობების ხარისხებიდან (სართულებიდან) მხოლოდ უწყინარი, დაბალი სიმძაფრის ერთეულების შერჩევა.
ზომიერება სიხშირეში — არაა საჭირო ყოველ გვერდზე, ტექსტში ბევრჯერ ამ ხერხის გამოყენება. ჩვენი ტექსტი არ უნდა დაემსგავსოს ცნობილი სერიალის სცენარს.
უზრდელობების ჩანაცვლება — როდესაც გარკვეული სიტყვების კი არა, მათ მონაცვლეს ვიყენებთ. მაგალითად, საჯდომს, რბილ ადგილს…
მეცხრე რეკომენდაცია: ზომიერად ჩართეთ ტექსტში ავთენტიკური უზრდელობები.
- ზემოთ რომ ლეილა ვახსენეთ გახსოვთ? მეათე რეკომენდაციისთვის მივუბრუნდეთ სიუჟეტის განვითარებას ტექსტში. რა ხდის მიმზიდველად გმირის თავგადასავალს? ფათერაკები.
ვნახოთ შემდეგნაირი ამბავი: „ლეილა მეოთხე კლასში სწავლობს. ერთხელ ის სკოლაში მიდიოდა. გზაში ალიკა შეხვდა და ერთად წავიდნენ სკოლაში. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ისინი სკოლიდანაც ერთად წამოვიდნენ…“ მოეწონება ვინმეს ეს ამბავი?! ცხადია, არა. პრინციპში ეს არცაა ამბავი… მაგრამ, თუკი ლეილა ორმოში ჩავარდება? ან თუკი ის მიუღებელ რამეს ჩაიდენს, რის გამოც სკოლის დირექტორის მრისხანებას გამოიწვევს? ასეთ შემთხვევაში ინტერესი იზრდება.
მეათე რჩევა, რომელიც ერთგვარად მეთერთმეტე რჩევასაც ებმის, სწორედ ფათერაკებით ნაწარმოების გამდიდრებას გულისხმობს.
- რატომ გვიზიდავს ნაწარმოები ძლიერად? იმიტომ, რომ მასში არის მოულოდნელობები. ჩვენ ყველაზე მეტად აღგვაფრთოვანებდა ის, რაც ჩვენი წარმოდგენის მიღმა არსებობდა. აღტაცებაში მოვყავდით გმირის ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორზეც ჩვენ დამოუკიდებლად წარმოდგენაც კი არ გვექნებოდა.
საბავშვო ნაწარმოებს (სადიდოსაც) ისე არაფერი ამშვენებს, როგორც მოულოდნელობები. ცხადია, ამის მისაღწევად კიდევ და კიდევ შემოქმედებითობაა საჭირო, მაგრამ გამიზნულადაც შეგვიძლია სასურველი ეფექტის მიღება. როგორ?
ავიღოთ სიტუაცია; მოვიფიქროთ ამ სიტუაციიდან ორი ერთმანეთისგან მეკვეთრად დაპირისპირებული გამოსავალი; სიტუაციის მსვლელობისას ისეთი ფაქტები გავააქტიუროთ, რომლებიც მკითხველს უბიძგებს ერთ-ერთი გამოსავლისკენ; ხოლო ჩვენ, ბოლოს, შევთავაზოთ მეორე, ალტერნატიული გამოსავალი. ეფექტი გარანტირებული იქნება.
ყველაფერს უხდება ილუსტრირება და აქაც შემოგთავაზებთ მოულოდნელობის შექმნის მაგალითს. ვთქვათ, ლეილას არ აქვს დავალება და განსაცდელშია. მასწავლებელს აღვწერთ როგორც მკაცრს, რომელსაც არ გამოეპარება არც ერთი უზუსტობა გაკვეთილზე, რომელიც სასტიკად სჯის მოსწავლეებს დავალებების არქონის გამო, რომ ერთხელ მოსწავლეს… ასეთ შემთხვევაში, მკითხველს მოლოდინი უჩნდება, რომ ლეილას მასწავლებელი სასტიკად დასჯის და ვარაუდობს დასჯის სხვადასხვა ფორმას. ხოლო თუ ჩვენ მკითხველებს შევთავაზებთ, რომ მასწავლებელმა ლეილას აპატია დავალების შეუსრულებლობა, ეს დასასრული მკითხველისთვის მოულოდნელი იქნება (რაც იყო ჩვენი მიზანი).
არ ვიცი, რამდენად მოგეწონათ ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითი, მაგრამ მე-11 რეკომენდაციის გათვალისწინება თქვენს ნაწარმოებს ღირსებას შემატებს: აღავსეთ ტექსტი მოულოდნელობებით.
- რა გვახსოვს ჩვენი საყვარელი საბავშვო წიგნებიდან ყველაზე შთამბეჭდავად? რა და ილუსტრაციები. ყდის ილუსტრაცია ხომ განსაკუთრებით და თუკი იმის ბედნიერებაც გვექნებოდა, რომ გვერდებზეც ყოფილიყო ილუსტრაციები, მით უმეტეს…
წინა რეკომენდაციის პუნქტში ვახსენე, ყველაფერს ილუსტრირება უხდება-მეთქი. სხვა მნიშვნელობით კი ვთქვი და პირდაპირი მნიშვნელობითაც აღვნიშნოთ: საბავშვო ნაწარმოების სამკაული არის ილუსტრაცია. ილუსტრატორობა ჯადოსნური პროფესიაა და მე შურით ვუყურებ ყველა მხატვარ-ილუსტრატორს და ვცდილობ კიდეც, ხატვაც ვისწავლო და ილუსტრაციებიც შევქმნა (რა დასამალია და, ამაში ძალიან მეხმარება იუთუბსივრცეც, სადაც ჩავწერ „how to draw…“ ნებისმიერ რამეზე და მივყვები თვალსაჩინო ინსტრუქციებს).
რაც მთავარია, ბავშვები ხატავენ საოცარ ილუსტრაციებს. რა შეედრება ბავშვის მიერ დახატულ ილუსტრაციას? არაფერი.
ბოლოსწინა რეკომენდაცია: თქვენვე დაასურათეთ თქვენი ტექსტები და ამ პროცესშიც ჩართეთ ბავშვები არა მხოლოდ აზრის გამოკითხვის, არამედ ხატვის დონეზეც.
- როგორც ვნახეთ, ეს წერილი მწერლებისა და მასწავლებლებისთვისაა, მწერელი (ეს სიტყვა პაატა პაპავასთან მუშაობის დროს დაიბადა და აღნიშნავს ისეთ შემოქმედებით ადამიანს, რომელსაც მწერლობაზე პრეტენზია არ აქვს, ან აქვს, მაგრამ…) მასწავლებლებისთვის. და ბოლო რეკომენდაცია, რომელიც ერთგვარად მსჭვალავს ყველა წინა რჩევას: თუკი მოხერხდება, რამდენადაც მოხერხდება… არა, უფრო დირექტიულად რომ ვთქვათ:
აუცილებლად, ბავშვებთან ერთად დაწერეთ მოთხრობები. ეს თქვენთვის და თქვენი ნაწერებისთვის იქნება, პირველ რიგში, საოცრად სასარგებლო, რაც არ უნდა აღიარებული, გაწაფული და გაყიდვადი საბავშვო მწერალი იყოთ. და მეორეც, ერთად წერა ბაშვებისთვის როგორი სასიამოვნო და განმავითარებელი იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ? და კიდევ: ცალკეა ასაწონი ის აუწონავი სიამოვნება, რომელსაც თავად თქვენ, უფროსები მიიღებთ ამ პროცესისგან, ბავშვებთან ერთად თხზვისგან.
მეცამეტე რეკომენდაცია: წერეთ ბავშვებთან ერთად.
P.S. არ შეიძლებოდა ამ წერილის ბოლოს არ მიმეთითებინა ის ჯადოსნური ინსტრუმენტი, რომელიც მრავალგზის ნახსენებმა ჯიპრაიდმა შექმნა და რომელიც განთავსებულია პორტალზე http://kargiskola.ge/dawere/. ეს ისეთი რამაა, რომელსაც მე ვერც აღვწერ და რომც აღვწერო, ჩემი აღწერილის წაკითხვას მაინც არ ექნება აზრი. თავად უნდა ნახოთ! რაც მთავარია, არა მხოლოდ უნდა ნახოთ, არამედ უნდა დაწეროთ!