გვანცა ჟურულიშვილი
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუშეტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
არ მეგულება ამქვეყნად ადამიანი, რომელსაც კითხვის სწავლებისას ერთხელ მაინც არ დაუფლებია ბგერებისა და მარცვლების უშინაარსო, დანაწევრებული, გაუმთლიანებელი სიტყვების წაკითხვით გამოწვეული ცრემლებამდე მისული ემოცია. ამ დროს მოზარდი ერთგვარი განსაცდელის წინაშე დგება: ცალმხრივ, ვალდებულება, რომ მისგან კარგად კითხვას მოელიან და, მეორე მხრივ, ძალდატანება საკუთარი თავისა, რომ ასოები ამოიკითხოს, მარცვლები გაამთლიანოს, სიტყვები წინადადებებად აქციოს და შემდეგ ამ წაკითხულიდან აზრი გამოიტანოს.ზოგი მოზარდი ამ რთულ პროცესს მალევე უღებს ალღოს, ზოგისთვის კი დაუძლეველ პრობლემად იქცევა – სწავლობს კითხვას, მაგრამ ვერ ყალიბდება გაწაფულ მკითხველად.
გაწაფული კითხვა არის უნარი, რომლის დროსაც მოზარდი არა მხოლოდ სწორად კითხულობს სიტყვებსა და წინადადებებს, არამედ, პროცესის შემდეგ, იგებს წაკითხულის შინაარსს, სვამს და პასუხობს კითხვებს, იაზრებს ავტორის სათქმელს, გამოთქვამს ვარაუდებს, გამოაქვს დასკვნები, შემოქმედებითად უდგება საკითხის განხილვას…
გაწაფული კითხვის პრობლემა, ძირითადად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებში გვხვდება. ჩემი დაკვირვებითა და კოლეგებთან საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს პრობლება განსაკუთრებით თვალშისაცემია მეხუთე-მეექვსე კლასებში. მოსწავლეები დაუფლებულნი არიან კითხვას, მაგრამ უმრავლესობა ვერ კითხულობს გააზრებულად: ანაწევრებს ან აბამს სიტყვებს ერთმანეთს, არ იცავს მათ შორის მანძილსა და სასვენ ნიშნებს. შედეგად უჭირთ როგორც ქართულის, ისე სხვა საგნების ძირითადი საკითხების გაგება-გააზრება, რაც, საბოლოოდ, მოსწავლეთა დემოტივაციისა და დაბალი აკადემიური მოსწრების საფუძველი ხდება.
მეხუთე კლასის მოსწავლეებში კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად გამოვცადე რამდენიმე აქტივობა: კითხვა აუდიოჩანაწერის დახმარებით, სამოდელო კითხვა, კითხვა წყვილებში, გუნდური კითხვა, ექოდ კითხვა, კითხვა მიზანმიმართული შეცდომებით.
მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ კითხვის მოდელირებისა და დაკვირვების შედეგად კლასში ერთობლივად შევადგინეთ კითხვის კრიტერიუმები:
Δ კითხვისას მოსწავლემ უნდა დაიცვას ტემპი (საშუალო, არც ჩქარი და არც ზედმეტად ნელი);
Δ ტონი (გამოკვეთილი, ხმამაღალი, მაგრამ არა ზომაზე მეტი);
Δ პაუზა სასვენ ნიშნებთან (მოკლე პაუზა მძიმესთან, პაუზა დასრულებული აზრით წერტილთან, სათანადო ტონი და პაუზა კითხვის, ძახილის ნიშნებთან, ხანგრძლივი პაუზა მრავალწერტილთან);
Δ სიზუსტე (უშეცდომოდ წაკითხული სიტყვები და წინადადებები).
მოსწავლეები საკუთარ ან თანაკლასელის წაკითხულს აფასებდნენ სწორედ მათ მიერ შედგენილი კითხვის კრიტერიუმების დახმარებით.
აქტივობა, რომელმაც ბავშვები დააინტერესა და საერთო მოწონება დაიმსახურა, აღმოჩნდა კითხვა წყვილებში. ეს მიდგომა სწავლა-სწავლებისა და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე იყო დაფუძნებული, ერთგვარად, თამაშის ელემენტებსაც შეიცავდა: მოსწავლეებს ვაწყვილებდი ხან მიზანმიმართულად, მზაობისა და შესაძლებლობის მიხედვით, ხანაც – შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მასწავლებლის მაგიდაზე მდგარი კალათიდან ამოღებული ბარათების დახმარებით, რომელშიც მოთავსებული იყო მოსწავლეთა სახელები.
წყვილიდან კითხვას ის მოსწავლე იწყებდა, რომლის სახელიც ამოვიდოდა კალათიდან. მეორე ბავშვი ვალდებული იყო, ეზრუნა მეგობრის მიერ წაკითხული მონაკვეთის სისწორეზე. თუ მკითხველი კითხვის კრიტერიუმებიდან რომელიმეს დაარღვევდა, მეწყვილე ერთი წამის შემდეგ აჩერებდა და უსწორებდა შეცდომას (მასწავლებლის ფასილიტაცია და განმავითარებელი კომენტარი თან ახლდა ამ პროცესს). თუ ის ვერ გაიაზრებდა უზუსტობას ან გამორჩებოდა მისი შესწორება, დანარჩენები ხელის აწევით მანიშნებდნენ, რომ დახმარება სურდათ. ერთ-ერთს ვაძლევდი საშუალებას, მეგობრისათვის სწორი ფორმა შეეხსენებინა. მოსწავლე მითითებას ითვალისწინებდა და შესწორებულ მონაკვეთს ხელახლა კითხულობდა. ასე გრძელდებოდა, სანამ ჩემ მიერ ბავშვთა რაოდენობის მიხედვით დაყოფილი ტექსტი არ დასრულდებოდა.
აქტივობა, რომელიც მე და ჩემმა მეხუთეკლასელმა მოსწავლეებმა ერთობლივად შევიმუშავეთ და მოვირგეთ, მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში კლასი იყო ორგანიზებული, ჩართული გაკვეთილში და მოტივირებული, რათა მათი წაკითხული ყოფილიყო გამართული და შეცდომები – დროულად გამოსწორებული. გარდა ამისა, გადავდგით პირველი ნაბიჯი კითხვის სრულყოფისკენ: ბავშვებმა გააცნობიერეს, რას ნიშნავს გაწაფული კითხვა და თანდათან გააზრებულად დაიწყეს ამ უნარის გაუმჯობესება, შეძლეს წაკითხულის შინაარსის უკეთ გაგება-გააზრება. ამასთანავე, მოემატათ თავდაჯერება, ისწავლეს სხვისი და საკუთარი შესაძლებლობების სწორი კუთხით წარმოჩენა, შეფასება, შესწორება და თვითშესწორება.
ვთვლი, რომ გაწაფული კითხვის უნარის განვითარებას დრო, ენერგია და ნებისყოფა სჭირდება. ვგეგმავ, ამგვარი მუშაობა კვლავ გავაგრძელო, რათა ჩემი მოსწავლეები დაეუფლონ იმ სტრატეგიებს, რომლებიც არა მხოლოდ გაწაფულ, არამედ მოაზროვნე მკითხველად ჩამოაყალიბებს მათ.