ეკა რევაზიშვილი
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის მისაქციელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი
დაწყებით კლასებში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ფუნდამენტური უნარების ფორმირება და განვითარება. საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გამოკვეთილი სირთულეები აქვთ წიგნიერებასა და მათემატიკაში. სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტულ დისციპლინაში პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის, დამატებით მიმართავენ სარემედიაციო პრაქტიკას.
რემედიაცია სწავლაში არსებული პრობლემის შემცირებას ან აღმოფხვრას მოიაზრებს.
საგულისხმოა, რომ სწავლების მაღალ საფეხურზე არსებული დაბრკოლებები, უმეტესწილად, დაწყებითი საფეხურის საბაზისო უნარებზე დაგვიანებული მუშაობის შედეგია. სწორედ ამ პრობლემის თავიდან არიდება, დაწყებით კლასებში, რემედიაციის პროგრამის ამოქმედებით არის შესაძლებელი.
რემედიაციის პროგრამა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებს, ვინც რისკის ქვეშ იმყოფებიან. სარემედიაციო პროგრამის კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
რემედიაცია გვაძლევს საშუალებას, დამატებითი დახმარება გავუწიოთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც გარკვეული სირთულეები აღენიშნებათ კონკრეტული დისციპლინის თუ უნარ-ჩვევის დაუფლებაში.
სარემედიაციო პროგრამას ახორციელებს საგნის მასწავლებელი, თუმცა, მნიშვნელოვანია პროცესში დამრიგებლის ჩართულობა და მშობლის მხარდაჭერა.
კლასის დამრიგებელი თანამშრომლობს სარემედიაციო ჯგუფის მასწავლებელთან და ეხმარება მოსწავლეთა აკადემიური პრობლემების კვლევაში; ხელს უწყობს მშობელთა მხარდაჭერას და ჩართულობას.
მშობელი ეცნობა პროგრამის ფარგლებში მოსწავლესთან დაკავშირებულ მიზნებს, გაკვეთილების განრიგს; თანამშრომლობს მედიატორ მასწავლებელთან ბავშვის აკადემიური პრობლემის შესწავლის მიზნით.
სარემედიაციო სასწავლო ჯგუფში მოსწავლეთა ოპტიმალური რაოდენობა სასურველია, ოთხიდან შვიდამდე იყოს, თუმცა, შესაძლებელია მუშაობა წარიმართოს მცირე ჯგუფებში, წყვილებში ან ინდივიდუალურად. რეკომენდებულია კვირაში სამი გაკვეთილის ჩატარება, 40-50 წუთის ხანგრძლივობით.
სარემედიაციო პროგრამის შემუშავებამდე, მიმდინარეობს მოსწავლეთა შერჩევა-საჭიროებების დადგენა, დიაგნოსტირების სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით.
კითხვის დიაგნოსტიკური შეფასებისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი სახის დიაგნოსტიკური ტესტები:
♦ წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები;
♦ სიტყვების ბგერებად დანაწევრება;
♦ სიტყვების წაკითხვა;
♦ ტექსტის წაკითხვა;
♦ ლექსიკური მარაგი;
♦ თხრობითი ტექსტის გაგება-გააზრება;
♦ საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება.
მათემატიკაში შესაძლებელია მომზადდეს ერთ ან რამდენიმე კომპეტენციაზე ფოკუსირებული სადიაგნოსტიკო ტესტი:
♦ თვლა; რიცხვთა ამოცნობა;
♦ მოქმედებები რიცხვებზე;
♦ კანონზომიერება;
♦ ალგებრა;
♦ სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, აღწერა;
♦ გეომეტრიული ფიგურები, ფართობი;
♦ მონაცემთა ანალიზი;
♦ ტექსტური ამოცანების ამოხსნა;
♦ გეომეტრიული გარდაქმნები.
(ვებპორტალი kargiskola.ge)
იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც სირთულეები აქვთ სამიზნე უნარებში და საჭიროებენ დამატებით ინტერვენციას, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, უნდა შემუშავდეს სარემედიაციო კურიკულუმი – რემედიაციის გრაფიკი, პროგრამა და ჩასატარებელი სასწავლო აქტივობების გეგმები. მნიშვნელოვანია, რემედიაციის მიზნები მკაფიოდ და კონკრეტულად განისაზღვროს, ამავე დროს უნდა იყოს მიღწევადი და იზომებოდეს შესაბამისი ინდიკატორით. რემედიაციის აქტივობები მოსწავლის საჭიროების და მიზნის ადეკვატურად უნდა შეირჩეს, განხორციელების ფაზები კი გაიწეროს დროში.
გამოყენებული ლიტერატურა:
სარემედიაციო პროგრამის განხორციელება (გზამკვლევი);
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (Gpried).