„ახალი განათლება“, ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ერთად, იწყებს ახალ რუბრიკას „მშობლის როლი ბავშვის განათლებაში“, რომლის მიზანია მშობელთა ცნობიერების ამაღლება შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვით მოტანილი სარგებლის შესახებ. ჩვენი პუბლიკაციებით შევეცდებით, ხელი შევუწყოთ მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას და ამ ჩართულობის კულტურის ჩამოყალიბებას, რაც „წარმატებული პარტნიორობის გასაღები“ უნდა გახდეს მშობელსა და სკოლას შორის. რუბრიკის მთვარი მიზანია, ვაჩვენოთ მკითხველს რა გრძლევადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია მშობლის ჩართულობას შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
♦♦♦
კვლევები აჩვენებს, რომ მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში პირდაპირ კავშირშია მათ სოციალურ-ემოციურ განვითარებასთან, აკადემიურ წარმატებასთან, სწავლის გაგრძელების მაჩვენებელთან.
მოსწავლეთა განათლებაში მშობლებს სხვადასხვა გზით შეუძლიათ ჩართვა, მაგალითად, მონაწილეობა ყოველდღიურ საშინაო აქტივობებში, როგორებიცაა: კითხვა, ხატვა, მათ პროგრესზე დაკვირვება, კულტურის ცენტრებში ტარება და ა.შ.; ასევე, აქტიური კომუნიკაცია მასწავლებელთან, ინფორმაციის მიღება ბავშვის პროგრესისა და ქცევის შესახებ, მოხალისეობრივ აქტივობებში მონაწილეობა და სხვ.
„მშობლებისა და სკოლის თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ისინი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გახდებიან მოკავშირეები.“ — ამბობს მანანა ჯინჭარაძე, განათლების დარგის ტრენერი და ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ თანადამფუძნებელი.
მშობლები ძირითად როლს თამაშობენ სკოლის ანგარიშვალდებულების ზრდაში. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სკოლის პოლიტიკაზე, მიღწევების გაუმჯობესებაზე; მოირგონ ლიდერის როლი და იქცნენ გავლენის აგენტებად როგორც არაფორმალური (დირექტორთან, სკოლის ლიდერებთან, სხვა მშობლებთან კომუნიკაცია), ისე ფორმალური გზებით (მშობელთა ასოციაციების შექმნა, მმართველ რგოლებში მონაწილეობა).
სხვადასხვა ქვეყანაში მშობლებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის განსხვავებულ შესაძლებლობას სთავაზობენ. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულოა სკოლის მმართველ საბჭოში მშობლების წარმომადგენლობა. მათ აქვთ გასაჩივრების მექანიზმები, როდესაც უკმაყოფილონი არიან სწავლების ხარისხით. ტიპური ბარიერები, მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად, დაკავშირებულია დროის უქონლობასთან, ინფორმაციის ნაკლებობასთან სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის გზების შესახებ, ასევე სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაციის სიმცირესთან. მშობელთა ჩართულობის ხარისხი, ასევე, დამოკიდებულია მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის უთანასწორობას განათლებაში.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) პარტნიორობის სკოლების ეროვნული ქსელის დირექტორმა, დოქტორმა ჯოის ეპშტეინმა შეიმუშავა ჩარჩო-დოკუმენტი — „წარმატებული პარტნიორობის გასაღები“.
ეპშტეინის ჩარჩოში ასახულია როგორ უნდა გააძლიერონ სკოლებმა მშობლების ჩართულობის კულტურა, ექვსი სახეობის მიხედვით:
- მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა კეთილდღეობისთვის;
- სკოლასა და მშობლებს შორის ეფექტური ორმხრივი კომუნიკაციის აწყობა;
- მშობელთა მოხალისეობის ხელშეწყობა;
- სახლში მეცადინეობისას დახმარება;
- მშობლების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- სკოლისა და თემის თანამშროლობა.
ხშირად სკოლები მშობლებთან თანაშმრომლობის ჩარჩო-დოკუმენტებს ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების გათვალისწინებით ადგენენ. როგორც წესი, სკოლებს აქვთ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც ყველა თანამშრომელი ხელმძღვანელობს.
როგორ დავიწყოთ სკოლაში მშობელთა ჩართულობის ზრდაზე მუშაობა
♦ იმისთვის, რომ სკოლის თანამშრომლებმა შეისწავლონ მშობლების ჩართულობის პრაქტიკა სკოლაში, მნიშვნელოვანია ჩართულობის ხასიათისა და მასშტაბის გააზრება. სასარგებლო იქნება, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და პედაგოგებმა მოიძიონ პასუხები შემდეგ შეკითხვებზე:
♦ საუბრობთ თუ არა მშობელთა ჩართულობის საკითხზე მასწავლებლებთან შეხვედრებისას, პროფესიული განვითარებისა და ახალი პედაგოგების მიღების პროცესში?
♦ აქვს თუ არა სკოლას მკაფიო წარმოდგენა საკუთარი თემის შესახებ, რა არის მათი საჭიროებები და როგორ მიემართება ეს საჭიროებები სკოლას?
♦ როგორ მონაწილეობენ მშობლები და თემის წევრები სკოლის საქმიანობაში? როგორ შეუძლია სკოლას მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა მოსწავლეთა სწავლის პროცესზე ორიენტირებულ აქტივობებში?
♦ აღნიშნავს თუ არა სკოლა თემისთვის მნიშვნელოვან დღეებს?
♦ ჰყავს თუ არა სკოლას მოხალისეები და თუ უჭერს მათ მხარს? როგორ შეიძლება მოხდეს მოხალისეების მუშაობის ორიენტირება სწავლა-სწავლების პროცესზე?
♦ როგორ გაამარტივონ სკოლებმა მშობლების ჩართულობის პროცესი? მაგალითად, როგორ დაგეგმონ და შეატყობინონ მშობლებს ღონისძიებებისა თუ სხვა საქმიანობის შესახებ?
♦ როგორ დაიგეგმოს კომუნიკაცია მშობლების ჩართულობის შესაძლებლობების გათვალისწინებით?
♦ როგორ შეუძლია სკოლას თემის გავლენიანი წევრებისა და მშობლების მობილიზება პროცესებში ჩასართავად?
რა უწყობს ხელს, კომუნიკაციის გაუმჯობესების ხარჯზე, მშობელთა ჩართულობის ზრდას – დაგეგმილი და წინასწარ გაწერილი ღონისძიებები, რომელიც სკოლამ უნდა შეიმუშაოს:
ნაბიჯი 1. მშობელთა ჩართულობაზე პასუხისმგებელი პირი
მშობლების ჩართვა მოითხოვს ხედვას, პოლიტიკას და ჩარჩოს. უნდა გვახსოვდეს, რომ წესებს მხოლოდ იქ იცავენ, სადაც ეს წესები არსებობს. თანამშრომლობის წესები მშობლების აქტიური ჩართულობით უნდა შეიქმნას, გავრცელდეს და განხორციელდეს შესრულების მონიტორინგი. ეს პროცესი კი მართვას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, სკოლას ჰყავდეს კონკრეტული პირი, რომელიც მშობლებთან და თემთან ურთიერთობაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს გაამარტივებს საქმეს და შეამცირებს შეცდომის დაშვების რისკებს. თუ სკოლას არ ჰყავს მშობლებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი ან ხარისხის მართვის მენეჯერი, ცალკეულ მასწავლებელსაც შეუძლია, კლასის ფარგლებში, მოამზადოს მშობელთა ჩართულობის გეგმა და თავად უზრუნველყოს მისი აღსრულება.
ნაბიჯი 2. მომავალი მოსწავლეების მშობლების მიღება
მშობლებს სკოლის შესახებ წარმოდგენა ჯერ კიდევ მანამდე ექმნებათ, ვიდრე შვილს სკოლაში მიიყვანენ. ამიტომ სასურველი იქნება, სკოლამ მომავალ პირველკლასელებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა სასწავლო წლის დადგომამდე დაგეგმოს — დაათვალიერებინოს მათ სკოლის შენობა, შეუქმნას დადებითი განწყობა, რაც მომავალში ჯანსაღი კომუნიკაციის წინაპირობა იქნება. შესაძლოა, ამ ღონისძიებას ეწოდოს ღია კარის დღე სკოლაში.
ნაბიჯი 3. რეგულარული შეხვედრები მშობლებთან იმისათვის, რომ მათ შეძლონ შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა. მნიშვნელოვანია, სკოლამ, წლის დასაწყისში, მიაწოდოს მათ მთელი წლის სავალდებულო კომუნიკაციის გეგმა-გრაფიკი. საუკეთესო შემთხვევაა, თუ მშობლებს მიეცემათ საშუალება, შეთავაზებულ ჩარჩოში მათთვის სასურველი თარიღი და დრო აირჩიონ, როცა ისინი ნამდვილად შეძლებენ სკოლაში მისვლას ან შეთანხმებული ფორმატით მასწავლებელთან კომუნიკაციას.
რა აუცილებელი ღონისძიებები უნდა დაგეგმოს სკოლამ მშობლებთან კომუნიკაციისთვის
აქტივობა 1. დამრიგებლების შეხვედრა მშობლებთან
კლასის მშობელთა შეხვედრა წელიწადში 4-5-ჯერ უნდა ტარდებოდეს, სადაც განიხილება სასწავლო პროცესი, დაიგეგმება ახალი თანამშრომლობა, შეჯამდება წლის შედეგები, განიხილება სკოლისა და მშობლის თანამშრომლობა, მათ შორის კომუნიკაციის ფორმები. მოსწავლეთა პროგრესის განხილვა ან აკადემიური წარმატება-წარუმატებლობა არ უნდა იყოს კლასის მშობლებთან შეხვედრის მიზანი. ეს შეხვედრები შეიძლება იყოს ორგანიზაციულ საკითხებზე, მიმდინარე ან თემატურ სიახლეებზე, წლის დასრულებასა და მომავლის გეგმებზე, ზოგადად, სკოლაზე ან კლასზე.
დაგეგმვა – მშობელთა კრების მომზადებისას, კლასის დამრიგებელმა ეტაპობრივად უნდა დაგეგმოს: კრების ორგანიზება, განსაზღვროს დღის წესრიგი, გაესაუბროს საგნების მასწავლებლებს, სასკოლო საქმიანობაში მოსწავლეთა მონაწილეობის ძირითადი აქცენტების გაზიარების მიზნით, არა კერძოდ რომელიმე მოსწავლის, არამედ ზოგადი საკითხების აქცენტირებისთვის. სასურველია, დამრიგებელმა მშობლებთან პერსონალური მოსაწვევები დააგზავნოს, მოამზადოს ალბომები და ვიდეოები ბავშვების კლასგარეშე ცხოვრებაზე, წახალისების წერილები მისწეროს იმ მშობლებს, რომელთა შვილებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსებსა და ოლიმპიადებში. წერილები, რომლებიც ბავშვთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს შეიცავს, მშობლებს ინდივიდუალურად ეგზავნება და საერთო კრებაზე არ განიხილება.
კლასის დამრიგებელმა უნდა გაითვალისწინოს კლასის დიზაინიც, სადაც შეხვედრა გაიმართება – მშობელთა მოტივაცია გაცილებით ამაღლდება, როცა სუფთად დალაგებულ საკლასო სივრცეში მეგობრულად განწყობილი მასწავლებელი შეხვდება.
ზოგადი ანალიზი – მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიღწევების ანალიზზე საუბარი ზოგადი უნდა იყოს. კლასის დამრიგებელმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს მშობლები იმის თაობაზე, რომ პირად კითხვებზე პასუხს მხოლოდ პირადი შეხვედრის დროს მიიღებენ.
მშობელთა შეხვედრის მონაწილე საგნის მასწავლებლებმა უარი უნდა თქვან სუბიექტურ ინტერპრეტაციებზე და ზოგადად მიმოიხილონ საგნის სწავლების ხედვები და პრობლემები, გამოიტანონ ტიპური პრობლემა და მშობლებთან ერთად იმსჯელონ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მშობელი დიალოგის სრულუფლებიანი მონაწილეა და მოსმენა სჭირდება.
კლასის დამრიგებელმა შესაძლოა მშობლებს, ასევე, გააცნოს კლასის სოციალური და ემოციური კლიმატი, განაზოგადოს ბავშვების ქცევაზე დაკვირვება კლასში, დერეფანში, ექსკურსიებზე, ეზოში, სასადილოში და ა.შ. საუბრის თემა დასაშვებია, იყოს კომუნიკაცია, მეტყველება, მოსწავლის გარეგნობა ზოგადად და სხვა საკითხები. შეხვედრის დროს ონავარ მოსწავლეთა ქცევები ან მათი წარმოჩენა არ განიხილება. მნიშვნელოვანია, კლასის დამრიგებელმა, მშობელთა ფსიქოლოგიური და პედაგოგიური კომპეტენციის დონის ასამაღლებლად, საგანმანათლებლო ლიტერატურის განხილვა მოაწყოს ან ესაუბროს საინტერესო გამოფენაზე, ფილმი ან წიგნი განიხილოს მათთან ერთად და ა.შ. ერთ-ერთი საუკეთესო თემა, მშობელთა შეხვედრების დროს, ექსკურსიების, საკლასო და სასკოლო საღამოების დაგეგმვაა.
შეხვედრის ოქმის შედგენა – მშობელთა შეხვედრების ასახვა კლასის დამრიგებელმა შეხვედრისთანავე უნდა დაიწყოს, რადგან მშობლები აკეთებენ დასკვნებს, ფორმულირებას უკეთებენ საჭირო გადაწყვეტილებებს, სთავაზობენ წინადადებებს, რეკომენდაციებს და ა.შ. სასურველია, ოქმში მშობელთა ყველა სურვილი აისახოს, რაც შემდეგ ეცნობება პედაგოგიურ საბჭოსა და ადმინისტრაციას.
უკუკავშირი – უკუკავშირი აუცილებელი პირობაა ასეთი, და არა მხოლოდ, შეხვედრებისას. კარგი იქნება, თუ კლასის დამრიგებელი მშობელს უკუკავშირსაც გააკეთებინებს და გაარკვევს მის დამოკიდებულებას შეხვედრისადმი, მიმდინარე მოვლენებისადმი, საერთო პრობლემებისადმი.
თემა, რომელსაც კლასის დამრიგებელი განიხილავს შეხვედრებზე, აქტუალური უნდა იყოს თავისი არსით და მშობელთა უმეტესობას უნდა აინტერესებდეს; შეხვედრა შესაფერის დროს უნდა ჩატარდეს, წინასწარ განსაზღვრული გეგმით, სასარგებლო და კარგად მომზადებული უნდა იყოს. შეხვედრის დაგეგმვისას, მშობელთა მოწვევისას, უშუალოდ კრების მსვლელობისას, კლასის/საგნის მასწავლებელსა და მშობელს შორის კომუნიკაცია ტაქტიანი და თავაზიანი უნდა იყოს.
აქტივობა 2 – მშობლებისა და საგნის მასწავლებლების გაცნობა
ამ შეხვედრაზე საგნის მასწავლებლები მშობლებს აცნობენ: ესგ-ის მიხედვით წლის განმავლობაში მისაღწევ შედეგებს, სასწავლო პროგრამების შინაარსს, ძირითად მეთოდოლოგიას, ექნებათ თუ არა და რა ტიპის საშინაო დავალებებს მოსთხოვს მასწავლებელი, როგორ დაეხმარონ მშობლები შვილებს საშინაო დავალების მომზადებაში, რამდენი შემაჯამებელი თუ სატესტო სამუშაო უნდა განახორციელონ და როგორი იქნება შეფასების რუბრიკები/კრიტერიუმები.
აქტივობა 3. მშობლებისა და მასწავლებლების პირისპირ შეხვედრების ორგანიზება
სკოლამ და კლასის დამრიგებელმა უნდა დაგეგმოს პირადი საუბრები მშობლებთან, სადაც ყურადღება უნდა გამახვილდეს სწავლისა და განვითარების სირთულეებზე, ქცევით პრობლემებზე და ა.შ. მშობლები, კრიტიკის შიშით, თავს არიდებენ ასეთ შეხვედრებს. მასწავლებელი უნდა შეეცადოს, უზრუნველყოს უსაფრთხოების განცდა, მშობელს განუმარტოს, რომ დახმარება სურს და არა კრიტიკა, ასევე, ყურადღება მიაქციოს საგნების მასწავლებლებთან მშობელთა პირად შეხვედრებს და ვიზიტებს. მშობლებისა და მასწავლებლების პირისპირ შეხვედრები შეიძლება წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერ ჩატარდეს. ამისთვის სკოლა სათანადოდ უნდა მოემზადოს, ყველა მშობელს მიაწოდოს ინფორმაცია, მოახდინოს სასკოლო სივრცის ორგანიზება და მშობლებს მკაფიოდ აუხსნას, რამდენი დრო შეიძლება დაჰყოს თითოეულ მასწავლებელთან. შეხვედრაზე მასწავლებელი მომზადებული უნდა მივიდეს. შესაძლებელია, თან იქონიოს იმ მოსწავლეების მიერ შესრულებული შემაჯამებელი სამუშაოები, რომელთა მშობლებსაც ხვდება. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ამ შეხვედრაზე შეიძლება დაუშვას მასწავლებელმა: 1. ვერ გაიხსენოს, რომელი ბავშვის მშობელს ესაუბრება. 2. მშობელს, შვილის შესახებ, მხოლოდ უარყოფითი მახასიათებლები გაუზიაროს.
ჩამოთვლილი აქტივობების გარდა, მშობლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, სკოლის თანამშრომლებს შეუძლიათ დაგეგმონ:
სასკოლო შეხვედრები მშობლებთან – ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობისა, სადაც, სკოლის დირექციის მოწვევით, მშობლები გაეცნობიან ახალ გეგმას, სწავლების მეთოდებს, მასწავლებლის მოთხოვნებს. პედაგოგთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ჩართულობის ეს ტიპი არაეფექტურია, რადგან მშობელმა არაფერი იცის სასწავლო პროცესის შესახებ და შეიძლება საუკეთესოს წარმოჩენის მცდელობა საპირისპიროდ აღიქვას. სასურველია, ამ პროცესს წინ უძღოდეს მშობელთა მომზადება და ჩართულობის ზრდა პედაგოგიური განათლების მიზნით, ე.წ. მშობელთა პედაგოგიზაცია. ასევე, აუცილებელია, გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, მასწავლებელმა 5-წუთიანი რეზიუმირება გააკეთოს, სწორი აქცენტებისთვის, სპეციალურად მშობელთათვის. სწორად წარმართული კომუნიკაციით, ღია გაკვეთილები ბევრ კონფლიქტურ სიტუაციას შეამსუბუქებს ან ჩაახშობს, რადგან მოხსნილი იქნება გაუგებრობისა და მშობელთა უგულებელყოფის პრობლემა. სასურველია, სკოლამ/მასწავლებელმა, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვისას ან რაიმე მოდელის შემუშავებისას, მიღწევების საჩვენებლად, ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოსაჩენად, ღია გაკვეთილი დაგეგმოს, რაც ხელს შეუწყობს სკოლის ავტორიტეტის ზრდას და მშობელსაც გაარკვევს სიახლეებში.
დროა, საქართველოს სკოლებმა დაამსხვრიონ ძველი სტერეოტიპი და ოჯახი სკოლის საიმედო პარტნიორად მოიაზრონ. დღეს მშობლების მონაწილეობა ბავშვის განათლებაში უფლებაცაა და მოვალეობაც და წახალისებულია საქართველოს კანონმდებლობით.
სტატია მომზადებულია სახელმძღვანელოს „მშობელთა ჩართულობა“ მიხედვით, რომელიც გამოსცა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე:
„მშობლები განათლებისთვის“ შესახებ
ააიპ „მშობლები განათლებისთვის“ (P4E) წევრობაზე დაფუძნებული ასოციაციაა, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა და მისი მისიაა, საგანმანათლებლო სივრცეში მშობელთა აქტიური მონაწილეობისთვის შექმნას საუკეთესო დემოკრატიული გარემო, სადაც თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, თანასწორუფლებიანი საზოგადოება გავლენას მოახდენს მომავალი თაობის განათლებაზე საქართველოში. მშობელთა ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ მზაობას გამოთქვამს, დაეხმაროს სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროგრამებით, რათა მათ შეძლონ სკოლებში მშობელთა დემოკრატიული მონაწილეობისთვის სასურველი გარემოს შექმნა. ასოციაციისა და სკოლების თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლოა, ჩატარდეს სასკოლო პრაქტიკის სრულყოფილი კვლევა და, გამოკვეთილი საჭიროებების პასუხად, შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა, რომლის დასანერგად, სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეთა მშობლებისთვის, ჩატარდება ტრენინგები, მასტერკლასები, სემინარები, ლექციები და ვებინარები.
საკონტაქტო ინფორმაცია: ვებგვერდი – http://www.mshobeltaskola.ge/
ფეისბუქგვერდი – მშობლები განათლებისთვის/ Parents for Education; ელფოსტა – georgianp4e@gmail.com; ტელ. – 032 219 60 80, 599740750