კოვიდ-19-ის პანდემია გვაჩვენებს, რომ განათლების მომავალი თავისთავად არ აეწყობა. სამომავლოდ, განათლებასთან დაკავშირებული ალტერნატიული ვარიანტების წარმოდგენით, შეგვიძლია, უკეთ გავიაზროთ შედეგები, შევიმუშაოთ მოქნილი სისტემები და მზად შევხვდეთ მოსალოდნელ რყევებს.
როგორია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოსაზრებები სწავლების მომავალზე? როგორ გარდავქმნათ საგანმანთლებლო სისტემები მომავლის გამოწვევებთან გასამკლავებლად?
ადამიანები მომავალზე ფიქრისას, ტრადიციულად, თვალს გადაავლებენ წარსულს, რათა ხვალინდელი დღე უკეთ წარმოიდგინონ და დაგეგმონ. მაგრამ მომავალი ხშირად მოულოდნელ ცვლილებებს გვთავაზობს. ბიზნესისთვის გახსნილი სკოლები, მასწავლებლები, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებს ტრადიციული სწავლების ჩასანაცვლებლად კი არა, გასაფართოებლად იყენებენ, ჯგუფებად დაყოფილი სტუდენტები აუდიტორიებში – სწავლების ეს დამკვიდრებული ფორმა 2020 წლის პირველ თვეებში თითქოს ჩვენ თვალწინ გაუჩინარდა.
ჩვენი ხედვების განხორციელებისა და საგანმანათლებლო სისტემის მომავლისთვის მოსამზადებლად მხოლოდ მოსალოდნელი ცვლილებების განხილვა არ კმარა;
უნდა გავითვალისწინოთ მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემებიც. სამომავლოდ განათლებასთან დაკავშირებული ალტერნატიული ვარიანტების წარმოდგენით შეგვიძლია, უკეთ გავიაზროთ შედეგები, შევიმუშაოთ მოქნილი სისტემები და მზად შევხვდეთ მოსალოდნელ ცვლილებებს.
➡ მთავარი კითხვა ესაა: ➡სწავლებასთან დაკავშირებული დღევანდელი სივრცე, ადამიანები, დრო და ტექნოლოგიები ეხმარებიან თუ ზღუდავენ ჩვენს თვალსაწიერს? ➡არსებული სისტემის მოდერნიზაცია დაგვეხმარება თუ არა მიზნის მიღწევაში? ➡საჭიროა თუ არა სრულიად განსხვავებული მიდგომა ადამიანების, სივრცის, დროისა და ტექნოლოგიების ფაქტორებთან? ➡დღევანდელი სასკოლო განათლების მოდერნიზაცია და გაფართოება დიდად განსხვავებული არ იქნება იმისგან, რაც დღეს გვაქვს: კონტენტი და სივრცე, რომელიც მნიშვნელოვნად სტანდარტიზებულია ყველა ქვეყანაში, ძირითადად სკოლის ბაზაზეა (ციფრული გადაცემებისა და საშინაო დავალებების ჩათვლით) და ორიენტირებულია სწავლების ინდივიდუალურ გამოცდილებაზე. ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო ფართოდ ინერგება, თუმცა, ძირითადად, გამოიყენება არსებული კონტენტის სწავლებისა და პედაგოგიური ხერხების ხელშეწყობის საშუალებად და არავინ ცდილობს მათ გამოყენებას სწავლებასა და სწავლაში რევოლუციური ცვლილებების განხორციელებისთვის.
➡ როგორი შეიძლება იყოს ტრანსფორმაცია? გადასახედია სივრცე, სადაც მიმდინარეობს სწავლება; მხოლოდ სკამებისა და მაგიდების გადაადგილება კი არა, არამედ რამდენიმე ფიზიკური თუ ვირტუალური სივრცის გამოყენება როგორც სკოლის შენობაში, ასევე მის გარეთ. მოწინავე ტექნოლოგიების დახმარებით, სხეულის, მიმიკის ან ნეირონული სიგნალების შესახებ ინფორმაციის გამოყენებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონტენტისა და პედაგოგიური მეთოდების ინდივიდუალური პერსონალიზაცია.
სავარაუდოდ, დამკვიდრდება მოქნილი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა აკადემიურ, სოციალურ თუ საზოგადოებრივ თემებზე. კითხვის, წერისა და ანგარიშის ათვისება მოხდება განხილვითა და გააზრებით, ერთობლივი საუბრებით. სტუდენტები ისწავლიან წიგნებითა და ლექციებით, პრაქტიკული მუშაობით და შემოქმედებითი თვითგამოხატვით. იქნებ, სკოლები სასწავლო ცენტრები გახდეს, სადაც ერთობლივი სწავლების, ფორმალური და არაფორმალური სწავლების როლის ასამაღლებლად გამოყენებული იქნება საზოგადოების ძალისხმევა?
ალტერნატივის სახით, სკოლები შეიძლება, საერთოდ გაქრეს.
ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების, ვირტუალური და დამატებითი რეალობის მეშვეობით, მომავალში, შესაძლოა, წამიერად შეფასდეს და დადასტურდეს ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები. იმდენად, რამდენადაც თანდათანობით იშლება სხვაობა ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებას შორის, ინდივიდუალური სწავლება კოლექტიური გონის გამოყენების ხარჯზე ვითარდება — რეალური პრობლემების გადასაჭრელად. მართალია, ეს სცენარი, შეიძლება, თითიდან გამოწოვილი ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი მიჯაჭვულია სმარტფონებზე, საათებსა და ციფრულ, პირად თანაშემწეებზე, რაც ათი წლის წინ წარმოუდგენელი იყო.
ამგვარი სცენარები მნიშვნელოვნად იმოქმედებს როგორც განათლების მიზნებსა და მართვის პროცესზე, ასევე პედაგოგთა შემადგენლობაზე. ბევრ ქვეყანაში სასკოლო განათლების სისტემა უკვე გაიხსნა ახალი, დაინტერესებული მხარეებისთვის, დაიწყო დეცენტრალიზაცია. ძალაუფლება ნაწილდება, პროცესები უფრო ინკლუზიური ხდება. კონსულტაციები ადგილს უთმობს ერთობლივ შემოქმედებას. ჩვენ შეგვიძლია, უთვალავი ასეთი სცენარი შევქმნათ. მომავალში შეიძლება მათი ნებისმიერი კომბინაცია, და ალბათ, განათლების სისტემა სხვადასხვაგვარი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამის მიუხედავად ამგვარი აზროვნება გვიბიძგებს, შევისწავლოთ განათლების ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული კადრებისა და საჯარო პოლიტიკის მიზნები და ფუნქციები. საბოლოოდ, უფრო მეტად დავფიქრდებით იმაზე, თუ როგორი მომავალი გვინდა განათლებისთვის.
ფიქრს კი, ხშირად მოაქვს შემდეგი წინააღმდეგობებისა და დილემების გადაჭრის გზები:??
➡ როგორია სწორი ბალანსი მოდერნიზებასა და ნგრევას შორის?
➡ როგორ მივუსადაგოთ ახალი მიზნები ძველ სტრუქტურებს?
➡ როგორ შევუწყოთ ხელი გლობალურად მოაზროვნე და ადგილობრივ ჩარჩოში ჩაკეტილ სტუდენტებსა და მასწავლებლებს?
➡ როგორ შევუწყოთ ხელი ინოვაციებს ისე, რომ ამავდრულად ვაღიაროთ განათლების ძალზე კონსერვატიული ბუნება?
➡ როგორ გამოვიყენოთ ახალი პოტენციალი არსებული საშუალებებით?
➡ როგორ შევცვალოთ სივრცეები, ადამიანები, დრო და ტექნოლოგიები მძლავრი სასწავლო გარემოთი?
➡ უთანხმოების შემთხვევაში, ვის მოსაზრებას ენიჭება უპირატესობა?
➡ ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად წევრებზე?
➡ თუკი გლობალური ციფრული კორპორაციები არიან მთავარი პროვაიდერები, რა სახის სარეგულაციო რეჟიმია საჭირო ისეთი მწვავე საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა მონაცემების კუთვნილება, დემოკრატია, მოქალაქეთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება?
მომავალზე ფიქრს სჭირდება წარმოსახვა და სიზუსტე. უნდა ვუფრთხილდეთ ცდუნებას, ავირჩიოთ ჩვენთვის მომხიბვლელი მომავალი და მარტო მისთვის მოვემზადოთ.
მსოფლიოში, სადაც მოსალოდნელია მძლავრი რყევები, როგორიცაა პანდემიები და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები, უთუოდ გახშირდება სოციალური მღელვარებები და პოლიტიკური პოლარიზაცია. თავს უფლებას ვერ მივცემთ, ამას კვლავ მოუმზადებლად შევხვდეთ.
ეს არ არის სასოწარკვეთილი მოთქმა – პირიქით, ქმედებისკენ მოწოდებაა. განათლების სისტემა მზად უნდა იყოს. ვიცით რა კაცობრიობის უსაზღვრო ძალაც და სწავლის უდიდესი მნიშვნელობაც, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განათლება საზოგადოების კეთილდღეობის საწინდარია, როგორი სცენარიც არ უნდა გველოდეს მომავალში.
მოამზადა ნინო მეტრეველმა – მასალა მომზადებულია OECD განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ანდრეას შლაიქერის World Economc Forum-ში დაბეჭდილი სტატიის მიხედვით