ლალი ხვედელიძე
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კანცლერი
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება. სწავლის დაწყებას ელექტრონულ ფორმატში ვგეგმავთ, ამიტომ, მთელი ჩვენი რესურსი სწორედ დისტანციური სწავლების ხარისხის გაზრდისაკენ მივმართეთ. დაიხვეწა და შეივსო სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა, არსებულ ბაზას დაემატა სასწავლო მასალა — წიგნები, რიდერები, დაიხვეწა და გამარტივდა სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა.
სტუდენტური სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისიც, რომ შევქმენით სატელეფონო აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, ბნსუ-ს სტუდენტები მარტივად და სწრაფად უკავშირდებიან უნივერსიტეტის მართვის ელექტრონულ პორტალს.
ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ატარებს სტუდენტთა ყოველკვირეულ ონლაინ ანკეტირებას აცრასთან დაკავშირებით და ვინაიდან მონაცემები სასურველზე დაბალია, ამ ეტაპზე, მართებულად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში განხორციელება.
რაც შეეხება განათლების ხარისხს, ვცდილობთ შევინარჩუნოთ და არ დავწიოთ მაღალი თამასა, რომელიც საზღვაო განათლებაში იმთავითვეა განსაზღვრული. ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია სასწავლო პროცესის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების საკითხი. მოგეხსენებათ, საზღვაო განათლება, თეორიული სწავლების პარალელურად, მოიაზრებს რეალურ წვრთნებს სიმულატორებსა და სასწავლო გემზე, აგრეთვე საოკეანო-საცურაო პრაქტიკას, რომელთა დისტანციურ რეჟიმში განხორციელებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
გასული სასწავლო წლის გამოცდილებით, ახლაც შევეცდებით, ისე დავგეგმოთ თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კომპონენტების ურთიერთმიმართება, რომ სტუდენტთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს სრულყოფილი განათლების მიღება.
სწავლების ხარისხის შენარჩუნება და მუდმივი ზრდა ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუციის, ძირითადი სტრატეგიაა. ამ დროისათვის არსებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ დისტანციური სწავლებისას შესაძლებელია ხარისხის მაღალი სტანდარტების მიღწევა იმ დათქმით, რომ პროცესში ყველა მხარე სრულფასოვნად იქნება ჩართული.
გასული წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა მან დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია. სწორედ გასულ წელს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა დაიმატა ორი ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაფართოოთ ჩვენი უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების არეალი და მასში, ქართველებთან ერთად, უცხოელი სტუდენტებიც ჩავრთოთ.
პანდემიით განპირობებული სასწავლო პირობები გამოწვევაა, რომელიც გვაიძულებს, ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები და ამასთან, შევინარჩუნოთ საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობა.
მინდა საქართველოს ყველა უნივერსიტეტს ვუსურვო წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი, მიუხედავად სწავლების მოდელისა და ფორმატისა. იმედს ვიტოვებ, რომ სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნებამდე, შევძლებთ ყველაფერი გავაკეთოთ განათლების ხარისხის შენარჩუნებისათვის.
მამუკა თავხელიძე
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი
უნივერსიტეტში ორგანიზაციული, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხები მოგვარებულია, ვემზადებით ყველა მოსალოდნელი სიტუაციისთვის. ვიწყებთ სწავლას ონლაინ ფორმატით, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თუმცა მზად ვართ ჰიბრიდული სწავლებისთვისაც, ყველა აუდიტორია თუ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სივრცე მზად არის და, ასევე, ელის სტუდენტებს. განვაახლეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შევიძინეთ ახალი სატელევიზიო და რადიო ტექნიკა. გავამრავალფეროვნეთ მედიცინის სიმულაციური ცენტრი, გავამდიდრეთ კრიმინალისტიკის ლაბორატორია. გარდა ამისა, პანდემიის მიუხედავად, გავაღრმავეთ საერთაშორისო ინტეგრაცია, დამატებით გაფორმდა პარტნიორული ხელშეკრულებები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან… ასე რომ, მზად ვართ სასწავლო პროცესის განსახორციელებლად როგორც ონლაინ, ისე ჰიბრიდული და პირისპირ ფორმატით.
გასულ წელს მართლაც იყო სტუდენტთა ერთი ნაწილი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა პირისპირ ფორმატით სწავლის გაგრძელებას. დიდი დრო დაგვჭირდა მათ საპირისპიროში დასარწმუნებლად, თუმცა, უნდა ითქვას, რომ იყვნენ სტუდენტები (შეიძლება უფრო მეტიც), რომლებიც, ასევე, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ რეალურ სივრცეში სწავლას. არგუმენტად მათ ადამიანთა მობილობის მაღალი დონე მოჰყავდათ, რაშიც ძნელია, შეედავო. ამ ორი აზრის გათვალისწინებით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჰიბრიდული სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ, ანუ თეორიული მეცადინეობები ტარდებოდა დისტანციურად, ხოლო პრაქტიკული მუშობა — პირისპირ ფორმატში.
რაც შეეხება განათლების ხარისხის შელახვას — ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრების ავტორებს. ერთ-ერთი სტუდენტის სიტყვებს მოვიტან: „…ვისაც სწავლა გვინდა, ასეც ვისწავლით და ისეც, ლექტორი როგორც გვასწავლიდა, ისე გვასწავლის ახლაც…“. დიახ, პირისპირ ფორმატით სწავლების დროსაც იყვნენ დაბალი მოსწრების სტუდენტები და ონლაინ ფორმატით სწავლებისასაც არიან. „სიზარმაცე“ არ ცნობს ონლაინ და არა ონლაინ სწავლის ფორმას, ის ყოველთვის თან ახლდა და ახლავს სასწავლო პროცესს. პრობლემა სხვა რამაა, რაც საკომუნიკაციო დეფიციტმა წარმოშვა. ადამიანი სოციალური არსებაა და მას სოციალური ურთიერთობის გარეშე გარკვეული ფსიქოლოგიური დისკომფორტი ექმნება — მით უფრო ახალგაზრდას. კარგად მესმის მათი.
სხვა კუთხით შევხედოთ ამ მოვლენას. დამეთანხმებით, რომ პანდემია არ არის კაცობრიობის არჩევანი ისევე, როგორც გასული საუკუნის 40-იანი წლების თაობისთვის არ იყო არჩევანი მეორე მსოფლიო ომი… მაგრამ იმდროინდელმა თაობამ მიიღო გამოწვევა და ცხოვრება ომის წესებით დაიწყო. ეს ჩვენმა თაობამაც უნდა მოახერხოს — განსაზღვროს პრიორიტეტები და ჩვეული ქცევა ახალი პირობების გათვალისწინებით განახორციელოს. მეტს გეტყვით,ზოგი ჭირი მარგებელიაო — უთქვამს ქართველ კაცს. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ ძალიან სწრაფად აუღო ალღო თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელსაც დასავლეთის უნივერსიტეტები, დიდი ხანია, ეფექტიანად იყენებენ სწავლა-სწავლების პროცესში. ნებისმიერ არასასურველ რეალობას თვალი კი არ უნდა ავარიდოთ, არამედ პირისპირ შევხედოთ. ხომ ვუყურებთ როგორი ტემპით იკავებს ადგილს ტექნოლოგიები ჩვენს ყოფაში. გვინდა თუ არა, ხვალინდელი დღე სწორედ ტექნოლოგიებს ეკუთვნის. თუ ქართული საზოგადოება ამ პროცესს ბრძოლას გამოუცხადებს, აუცილებლად დამარცხდება და, რაც მთავარია, საქართველოს სტუდენტი-ახალგაზრდობის განვითარება ჩამორჩება უცხოელ თანატოლებს ისე, როგორც ეს საბჭოთა სტაგნაციით მოხდა. დიახ, კი არ ვებრძოლოთ, არამედ ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევძლოთ ადაპტაცია ახალ ტექნოლოგიებთან ისე, რომ არ დავკარგოთ მთავარი — ადამიანური ურთიერთობები, სულიერება. დღეს, ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა.
მოამზადა მაკა ყიფიანმა