⇑⇓ ლალი ხვედელიძე – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი
როგორც უმაღლესი განათლების რეფორმის დოკუმენტშია ნახსენები მსურს აღვნიშნო, რომ რეფორის ჩატარება ძალიან დროული და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. განათლების მინისტრთან გაიმართა შეხვედრები რეფორმის კონცეფციის განხილვის მიზნით. შეხვედრები იძლეოდა კითხვა-პასუხის შესაძლებლობას, სადაც ყველა უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა საშუალება, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და ხედვა.
განათლების რეფორმის ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებებიდან, ჩვენთვის, ძირითადად, ყველა ინიცირებული ცვლილება მისაღებია, კერძოდ:
⇑⇓ ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი: ჩვენ, როგორც დარგობრივი (საზღვაო) უნივერსიტეტი, რომელიც რეგიონში მდებარეობს, ვთვლით, რომ კონცეფციაში ინიცირებული ცვლილება პირდაპირ ეხმიანება ამ ხედვას, ვინაიდან ჩვენი ნიშა საგანმანათლებლო სისტემაში არის საზღვაო ტრანსპორტი და მისი მომიჯნავე სფეროები (ლოგისტიკა; გადაზიდვები), რომელსაც უკვე 18 წელზე მეტია ვახორციელებთ.
⇑⇓ 3+1 სისტემა: ამ ინიციატივასთან მიმართებაში მოგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში მენეჯმენტის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა უკვე 3-წლიანია, ხოლო რაც შეეხება საზღვაო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს, მოგეხსენებათ, რეგულირებადი პროფესიებია, თვითონ პროგრამები ეყრდნობა საერთაშორისო მოთხოვნებს და დარგობრივ მახასიათებლებს, რომელთა შემუშავება ხდება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია პროგრამების 3 + 1 წლის ვადით განხორციელება, რაც ჩვენი უნივერსიტეტისთვის მისაღებია, თუმცა გადაწყვეტილება აღნიშნულმა ორგანიზაციებმა უნდა მიიიღონ.
⇑⇓ საქართველოს განათლების მინისტრმა შეხვედრაზე მკაფიოდ აღნიშნა, რომ ყველა სტუდენტი დაამთავრებს სწავლას იმ პროგრამის მიხედვით, რომელზეც ჩაირიცხა, ეროვნული გამოცდების საფუძველზე და შესაბამისად, დაფინანსებაც ბოლომდე შეუნარჩუნდება.
⇑⇓ გამომდინარე იქიდან, რომ კონცეფცია ჯერ კიდევ საჯარო განხილვის პროცესშია და როგორც ჩანს, ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი, მომდევნო სასწავლო წლის ბიუჯეტს უნივერსიტეტში არსებული წესის შესაბამისად დავგეგმავთ, თუ მანამდე რაიმე რადიკალური მითითება ან საკანონმდებლო ცვლილება არ იქნება მიღებული.
რაც მთავარია პროცესი დაწყებულია. დიდი განსჯა, დაუღალავი ენთუზიაზმი და შრომა სჭირდება რეფორმატორთა ჯგუფს. გულითადად ვუსურვებ მათ წარმატებას ქვეყნის სამომავლო განვითარების გზაზე.
⇑⇓ შალვა კირთაძე – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
რეფორმა, ზოგადად, აუცილებელია როგორც უმაღლეს, ასევე საჯარო სკოლაში და ეს ნამდვილად სწორია. რა არის მისაღები და რა — მიუღებელი, ამასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ნაკლებად შეიძლება საუბარი იმიტომ, რომ ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვართ. აქედან გამომდინარე, ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ ის, რომ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს და მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდნენ სტუდენტები, შესაბამისად, ფაკულტეტები და პროგრამები, ალბათ სწორი მიდგომაა.
რაც შეეხება 3+1 სისტემას, ესეც საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული იმიტომ რომ, როგორც ვიცი, მაგისტრატურა იქნება როგორც ერთწლიანი, ასევე ორწლიანი, ანუ ვინც შემდგომ მეცნიერებაში ხედავს თავის მომავალს, მათთვის მაგისტრატურა ორწლიანი იქნება. ესეც ძალიან სწორი მიდგომაა.
ბაკალავრიატის სამი წელი ბევრ პროგრამაში ნამდვილად აუცილებლობაც არის. რამდენადაც ვიცი, იქნება პროგრამები, რომლებიც 4-წლიანებია და ესეც დამუშავების სტადიაშია, მაქსიმალურად ხდება ამის შესწავლა. შესაბამისად, განხილვები გრძელდება და უფრო მეტი ინფორმაცია იქნება შემდგომ ხელმისაწვდომი ყველასთვის.
⇑⇓ სტუდენტებს, რომლებიც დღეს მიღებული არიან შესაბამის პროგრამებზე, არაფერი შეეხებათ — დაამთავრებენ იმ პირობებით, რა პირობებითაც გახდნენ სტუდენტები.
⇑⇓ ბიუჯეტის დაგეგმვას ისევე ვაპირებთ, როგორც ვაპირებდით, უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს, ზოგადად, ბიუჯეტის ამ ფორმას. ყველა ფაკულტეტი, ჩვეულებრივად, როგორც შარშან, შარშანწინ და წინა წლებში იყო ჩართული, ახლაც ჩართულები არიან და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ყველაფერს. თუ რამე ცვლილებები იქნება, ბუნებრივია, ეს ცვლილებები განხორციელდება ბიუჯეტში და შესაბამისი რეაგირებაც მოხდება. აქედან გამომდინარე, აქ პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. პირიქით, დაფინანსება უნდა გაიზარდოს, ეს არის გეგმაში და ჩვენ ამას უფრო მეტი გულისყურით მივადევნებთ თვალს. მოლოდინი გვაქვს, განსაკუთრებით ტექნიკური და დეფიციტური ფაკულტეტების მიმართულებით, რომ ფინანსური თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ზოგადად, პოზიტიურად ვარ განწყობილი, როგორც ვთქვი, ეს ცვლილებები აუცილებელიც იყო. საბოლოო ფორმას როდესაც მიიღებს ეს ყველაფერი, მერე უფრო დეტალურად შემეძლება ვისაუბრო, რა არის პლიუსი, რა – მინუსი.
დიდი გამოხმაურება ჰქონდა სკოლების 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხიც დამუშავების პროცესშია. როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, ნოემბრის მეორე ნახევარში იქნება პრეზენტაცია. ამის შემდეგ უფრო კონკრეტულად შევძლებ ამ თემაზე საუბარს.









