ნათელა მაღლაკელიძე
პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
წერილი მეორე
ჩვენს წინა წერილში უკვე აღვნიშნეთ, რომ საბჭოთა საქართველოში სასკოლო განათლების რეფორმა, პირველ რიგში, ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ უარყოფით დაიწყო. იმდროინდელ რეფორმატორებს მიაჩნდათ, რომ ეს წიგნი „მოძველებული და გაცვეთილი მეთოდით გახლდათ შედგენილი“ (იხ. გაზეთი „ახალი განათლება“, 09.11.23).
ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ შესახებ საზოგადოების დამოკიდებულება არასოდეს არ ყოფილა ერთგვაროვანი. ამ წიგნს ხშირად ჰქონდა დაკისრებული არა მხოლოდ პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური ინდიკატორის როლიც. ასეა ახლაც: უფროსი თაობის წარმომადგენლები სიამაყით იხსენებენ იმ დროს, როცა ისინი ქართულ წერა-კითხვას ი. გოგებაშვილის „დედა ენით“ სწავლობდნენ, დაუყოვნებლივ ითხოვენ მის დაბრუნებას სკოლაში. არც თუ იშვიათად მათ პოლიტიკოსებიც უერთდებიან, აპელირებენ მოსახლეობის პატრიოტულ განწყობაზე ისე, რომ ზოგჯერ თავადაც არ აქვთ გააზრებული, როგორ და რა სახით უნდა აღდგეს ეს წიგნი თავის უფლებებში. საზოგადოების ერთი ნაწილისათვის კი ი. გოგებაშვილი და მისი „დედა ენა“ მხოლოდ წარსულთან და დრომოჭმულთან ასოცირდება, მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ შეცვლას და ქართული წერა-კითხვის სწავლებაში უახლესი (ევროპული, ამერიკული) „ტექნოლოგიების“ დანერგვას.
საინტერესოა, განვითარების რა გზა განვლო დიდი პედაგოგის ამ საანბანო წიგნმა, როდის და როგორ გამოიყენებოდა იგი, როგორ და რამდენჯერ შეიცვალა ის თავად პედაგოგის სიცოცხლეში, როგორ გააგრძელეს მისი საქმე მისმა მიმდევრებმა და ქართული კლასიკური პედაგოგიკის დამცველებმა; რით არის ეს წიგნი ასე ძვირფასი და გამორჩეული ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, რატომ ითხოვენ დაუყოვნებლივ მის დაბრუნებას დღესაც, 21-ე საუკუნეში, რა მოთხოვნები და მოლოდინები აქვს ჩვენს სკოლას ამ კუთხით და როგორია დღევანდელი რეალობა…
ცნობილია, რომ ი. გოგებაშვილს „დედა ენამდე“ უკვე ჰქონდა დაწერილი ქართველი ბავშვებისათვის ანბანის სახელმძღვანელო „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, რომელიც სხვადასხვა რედაქციით 1865-1885 წ.წ. გამოდიოდა. 1885 წლიდან 1903 წლამდე კი იბეჭდებოდა შეცვლილი სახელწოდებით – „კოკორი“ და სკოლებშიაც გამოიყენებოდა „დედა ენის“ პარალელურად. ანუ „დედა ენა“ არ არის ი. გოგებაშვილის ერთადერთი სახელმძღვანელო ქართული ანბანისა, მაგრამ ერმა შეითვისა და შეიყვარა მხოლოდ „დედა ენა“. რაში უნდა ვეძებოთ ამისი მიზეზი? მხოლოდ სახელწოდებაში?! ან იქნებ იმაში, რომ ამ წიგნში გამოყენებული წერა-კითხვის სწავლების მეთოდები (თუ სტრატეგიები, როგორც ახლა უწოდებენ) სრულად არის მორგებული ქართული ენის ფონეტიკურ თავისებურებას?! ან რატომ არის, რომ სწორედ „დედა ენა“ (და არა „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“) გადაამუშავეს მისმა მიმდევრებმა და ამით მას ახალი სიცოცხლე შთაბერეს?!
„დედა ენის“ პირველი გამოცემა 1876 წლით თარიღდება. ავტორის სიცოცხლეში „დედა ენა“ სულ 33-ჯერ გამოიცა. 1906 წლამდე (21-ე გამოცემამდე) იგი გამოდიოდა 2 წლის კურსით, ხოლო 1906 წელს იგი ავტორს გაუყვია ორ ნაწილად: 1. პირველი ნაწილი — „დედა ენა, პირველი ნაწილი პატარა მოთხრობებით და დედნით ყველა სარწმუნოების ქართველთათვის“ და 2. „დედა ენა, მეორე ნაწილი, საკითხავი წიგნი, ანბანის შემდეგ სკოლებში სახმარებელი“. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, წიგნის 2-ად გაყოფის მიზეზი ის ყოფილა, რომ პირველი ნაწილი ყველა სარწმუნოების ქართველთათვის მისაღები უნდა ყოფილიყო. „წინათ ანბანში ერია ელემენტი მართლმადიდებელის ეკლესიისა, რომელიც ძლიერ უშლიდა ხელს გამაჰმადიანებულს ქართველებსა, ქართველ ებრაელებს და თვით ქართველ კათოლიკეთაც, ეხმარათ ეს ანბანი. ოცდაპირველს გამოცემაში ეს ელემენტი გამოვტოვეთ და ამით შესაძლებელი გავხადეთ ანბანის სწავლება ყველა სარწმუნოების ქართველთათვის“ (ი. გოგ. დედა ენა, მეორე ნაწილი, წინასიტყვაობა, 1907 წ).
„დედა ენამ“ პირველიდან 33-ე გამოცემამდე განვლო ცვლილებებისა და განახლების დიდი გზა: თანდათან იცვლებოდა საკითხავი მასალის ენა (უახლოვდებოდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს), საანალიზო სიტყვები (სიტყვები, რომელთა საშუალებითაც ბავშვი ახალ ასო-ბგერას სწავლობდა), საკითხავი და საწერი მასალა, გასაცნობ ასო-ბგერათა თანმიმდევრობა, მაგრამ არ იცვლებოდა ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მას გამორჩეულს ხდიდა ანბანის სახელმძღვანელოთა შორის. ესენია: 1. თავად სახელწოდება „დედა ენა“, 2. ხალხურობის იდეა (ხალხური ნაწარმოებებით, ანდაზებით, ენის გასატეხებით წიგნის გამდიდრება; საკითხავი მასალის ენა, რომელიც ხალხის ენასთან იყო ახლო), 3. ახალი ასო-ბგერების სწავლების ანალიზურ-სინთეზური (დაღმავალ-აღმავალი) მეთოდი, 4. წინასწარი ვარჯიში, 5. საანალიზო სიტყვებისა და დასურათების პრინციპი, 6. ასო-ბგერათა თანმიმდევრობის პრინციპი (გენეტურობის, გავრცელებულობის, სიმარტივე-სირთულის…), 7. საკითხავი მასალის შერჩევისა და დალაგების პრინციპი (საკითხავი მასალა უნდა ყოფილიყო ბავშვებისათვის გასაგები, საინტერესო და ამავე დროს ფასეულობით ღირებულებებზე ორიენტირებული; „ყოველი დიდი მწერალი ამავე დროს დიდი პედაგოგიცააო“), 8. თემატურობის პრინციპი (საკითხავი მასალა დაყოფილი იყო თემატურ-ბუდობრივი პრინციპის მიხედვით), 9. კითხვისა და წერის ერთდროული სწავლება, 10. თითო გაკვეთილზე თითო სირთულე, 11. კითხვა-წერის ხერხი, 12. უაზრო მარცვლების კითხვაზე უარის თქმა…
სწორედ ეს იყო ამ წიგნის პოპულარობის მიზეზი. მთავარი კი ის გახლდათ, რომ ი. გოგებაშვილი თავისი დროისათვის დიდი რეფორმატორი იყო, ფეხდაფეხ მისდევდა იმ სიახლეებს, რომელთაც ევროპული სკოლა სთავაზობდა თანამედროვეობას, ამავე დროს ითვალისწინებდა ქართული ენის თავისებურებებს, ჩვენი საზოგადოების ეროვნულ ფასეულობობებს და არ ახდენდა ინოვაციური მეთოდების ბრმა კოპირებას.
„დედა ენის“ შემდეგ საბჭოთა საქართველოში 20-30-იან წლებში გამოცემულმა ანბანის ვერც ერთმა სახელმძღვანელომ ვერ შეძლო შეესრულებინა ის ფუნქცია, რაც ქართულ საანბანო წიგნს ეკისრებოდა: ესწავლებინა მოსწავლისათვის გამართული კითხვა და წერა ენის ლინგვისტური თავისებურებებისა და პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, გამოემუშავებინა გაწაფული კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარ-ჩვევები, მიეცა გარკვეული ზნეობრივი ორიენტირი ბავშვებისათვის. სწორედ ამის გამო ქართულ სკოლას კვლავ მოუხდა ი. გოგებაშვილის პრინციპებთან დაბრუნება და მათი გათვალისწინება საანბანო წიგნების შედგენისას. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ჩვენი სკოლა მაინც დაუბრუნდა თავის კალაპოტს, ანუ იმ პრინციპებს, რომლებიც ქართული წერა-კითხვის სწავლების ისტორიაში ი. გოგებაშვილმა დაამკვიდრა.
1943 წელს, განათლების სახალხო კომისარიატთან, შეიქმნა კომისია, რომელმაც განიხილა დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოთა აგების მეთოდიკური რეკომენდაციები. კომისიის მიერ შემუშავებულ პრინციპებში ვკითხულობთ: „დედა ენის“ პირველი ნაწილი უნდა აიგოს ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპით, სახელდობრ, იგი უნდა შედგეს ანალიზურ-სინთეზური მეთოდის კითხვა-წერის ხერხით. სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს სასაუბრო სურათებს, სახაზავ-სახატავ ნიმუშებს, ანბანს საკითხავი სავარჯიშოებითა და წერის ნიმუშებს, მარტივ სურათებს საგნის სახელის დასაწერად, ანბანის შემდეგ საკითხავ მასალას“ (ვ. რამიშვილი, ქართული ენის სწავლების მეთოდიკა, 1953 წ. თბ. გვ.79). ამავე წელს გამოცხადდა ანბანის სახელმძღვანელოების კონკურსი, რომელშიც 1944 წელს გაიმარჯვა ნ. ბოცვაძისა და ეკ. ბურჯანაძის ანბანის სახელმძღვანელომ. წიგნს, კომისიის დადგენილებით, ეწოდა „დედა ენა“, რამდენადაც იგი სრულად მისდევდა და ითვალისწინებდა ი. გოგებაშვილის პრინციპებს, მაგრამ არამც და არამც არ წარმოადგენდა ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ ბრმა კოპირებას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნის განხილვა (რასაც ჩვენ დღეს გრიფირებას ვუწოდებთ) იყო გამჭვირვალე პროცესი. მასში მონაწილეობდნენ ქართველოლოგიური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური დარგის იმდროინდელი კორიფეები: ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა, გ. თავზიშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ვალ. რამიშვილი… ავტორებს ჰქონდათ მათთან შეხვედრისა და საკუთარი მოსაზრებების დასაბუთების უფლება. წიგნი გადამუშავდა იმდროინდელი სასწავლო პროგრამის მიხედვით, მასში შევიდა არსებითი ცვლილებები. ეს შეეხებოდა როგორც საკითხავ მასალას, ისე ასოთა თანმიმდევრობას, საანალიზო სიტყვებს, საწერ მასალას, დასურათებას, ეს ბუნებრივიც გახლდათ, რამდენადაც ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემის შემდეგ 30-ზე მეტმა წელმა განვლო და ქართული საბჭოთა სკოლა სრულიად ახალი მოთხოვნების წინაშე იდგა. ავტორ-შემდგენელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს ი. გოგებაშვილის მემკვიდრეობის ადაპტირება თანამედროვეობასთან და ამ წიგნს ახალი სიცოცხლე აჩუქეს. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ვერც ეს წიგნი გაექცა კომუნისტურ შტამპს (და ეს ბუნებრივიც იყო იმ დროს), წიგნი მისდევდა იმ წლებში გამოცემულ ქართული ენის პროგრამას, ამიტომაც აქ შეხვდებით „მშრომელთა ბელადების“ სურათებს, კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილ საკითხავ მასალას („კოლმეურნეობა“, „პირველი მაისი“, „შვიდი ნოემბერი“, „25 თებერვალი“…). მიუხედავად ამისა, ამ წიგნმა უდიდესი როლი შეასრულა როგორც ქართული ეროვნული ცნობიერებით ბავშვების აღზრდაში, ასევე ი. გოგებაშვილის მეთოდიკის გადარჩენაში.
მარტივი არ ყოფილა ამ წიგნის გზა. ავტორებს კიდევ ერთხელ მოუწიათ კომისიის წინაშე წარდგომა 1957 წელს, როდესაც ი. გოგებაშვილის იდეებსა და პრინციპებს საფრთხე დაემუქრა ახალი საანბანო წიგნის შემოჭრისას. მხედველობაში გვაქვს ფსიქოლოგების: ზ. ხოჯავასა და ი. მოსიავას — საანბანო წიგნის პროექტი. წიგნი ი. გოგებაშვილის მეთოდების რევიზიას ახდენდა. მაშინ ერთად დაირაზმა მთელი ქართული საზოგადოება, ჩვენი მეცნიერები და ნ. ბოცვაძისა და ეკ. ბურჯანაძის წიგნი „გადარჩა“. გადარჩა, რადგანაც ის ი. გოგებაშვილის მეთოდებზე დაყრდნობით ემსახურებოდა განახლებულ ქართულ სკოლას.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს უფროს თაობას ამ წიგნით აქვს ნასწავლი ქართული წერა-კითხვა და დღემდე ღრმად სჯერა, რომ ეს ი. გოგებაშვილის „დედა ენა“ გახლდათ.
ეს წიგნი ქართულ სკოლას წარმატებით ემსახურა 1980 წლამდე. 1969 წელს საქართველოში დაიწყო ექსპერიმენტი 6-წლიანი ბავშვების სასკოლო განათლების პროცესში ჩართვისა. სასკოლო ასაკად განისაზღვრა არა 7 (როგორც ეს ადრე იყო), არამედ 6 წელი. ეს ექსპერიმენტი გაგრძელდა 1980 წლამდე, 1980 წელს კი საკავშირო მასშტაბით დაინერგა 6-წლიანთა სწავლება. ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა ექვსწლიანთათვის ანბანის სახელმძღვანელოს შექმნის საკითხი (როგორც ცნობილია, ი. გოგებაშვილის, ასევე ნ. ბოცვაძისა და ეკ. ბურჯანაძის „დედა ენებიც“ 7-8 წლის მოსწავლეთათვის გახლდათ შედგენილი). ეს მისია ითავა ქართული ენის მეთოდიკის ცნობილმა სპეციალისტმა პროფ. ვალ. რამიშვილმა. 1969 წელს დაიბეჭდა მისი „დედაენა“ (და არა „დედა ენა“, როგორც ეს მის წინამორბედებს ჰქონდათ. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით ეს სიტყვა, როგორც ერთცნებიანი კომპოზიტი, დღეს ერთად იწერება).
ბუნებრივია, რომ მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე, წიგნში მრავალი ცვლილება შევიდა როგორც საკითხავ და საწერ მასალაში, ისე — წერა-კითხვის პერიოდიზაციაში. გაიზარდა წინასაანბანო პერიოდი, შეიცვალა და რამდენადმე გამარტივდა საკითხავი მასალა, იგი მოვიდა იმდროინდელი სასწავლო პროგრამის მოთხოვნებთან შესატყვისობაში, შეიცვალა საანალიზო სიტყვები, ასო-ბგერათა თანმიმდევრობა, მაგრამ ბოლომდე დაცული იყო ის პრინციპები, რომლებზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი და რომლებიც ი. გოგებაშვილმა დაამკვიდრა ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში. ვალ. რამიშვილი ი. გოგებაშვილის მეთოდიკის აქტიური დამცველი გახლდათ. იგი 1989 წელს გარდაიცვალა. მისი წიგნი ავტორის გარდაცვალების შემდეგაც წარმატებით ემსახურებოდა ქართულ სკოლას. მოგვიანებით ეს წიგნი გამომცემლობა „განათლების“ დაკვეთით განახლდა და სკოლაში გამოიყენებოდა 2000-2005 წლებშიც, სასკოლო განათლების რეფორმამდე.
ამგვარად, 1912 წლის შემდეგ ი. გოგებაშვილის სახელმძღვანელო ფაქტობრივად აღარ გამოცემულა (თუ არ ჩავთვლით ცალკეულ წლებს, როდესაც იგი სპონტანურად შეცვლილი სახელწოდებით ავტორის ინიციალებით გამოდიოდა ხოლმე), 1944 წლიდან იგი ჩაანაცვლა ნ. ბოცვაძისა და ეკ. ბურჯანაძის მიერ შედგენილმა „დედა ენამ“, ხოლო 1969 წლიდან 2005 წლამდე – ვალ. რამიშვილის მიერ შედგენილმა „დედაენამ“.
2006 წლიდან დაიწყო სასკოლო განათლების რეფორმა, რომელმაც არსებითად შეცვალა სასწავლო პროცესი, დაინერგა ეროვნული სასწავლო გეგმა, ახლებური საგნობრივი სტანდარტები; სწავლა/სწავლების პროცესის მიმართ გაჩნდა ახალებური მიდგომები, შეიცვალა შეფასების სისტემა, დავალებათა ტიპები, რომელიც მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. წინა პლანზე წამოიწია არა ცოდნის დაგროვებამ (როგორც ეს ადრე იყო), არამედ მოსწავლეთა შეიარაღებამ სათანადო უნარ-ჩვევებით… სასკოლო სახელმძღვანელოებიც, და საანბანო წიგნებიც, ბუნებრივია, მათთან მოვიდა შესატყვისობაში.
დღევანდელობას რაც შეეხება – კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას ახსოვს და პატივს სცემს დიდი პედაგოგის სახელს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი მემკვიდრეობა, რომელიც მან „დედა ენის“ სახით დაგვიტოვა, ფაქტობრივად, იგნორირებულია. უფრო მეტიც, გრიფირების პროცესში თანამედროვე ექსპერტების ყველაზე დიდი რისხვა სწორედ დიდი იაკობის მემკვიდრეობას დაატყდა. მხედველობაში გვაქვს მისი საბავშვო მოთხრობები, რომლებიც ფასეულობით ღირებულებებზე გახლავთ ორიენტირებული და ენობრივი ადაპტირების შემდეგ თანამედროვე მოსწავლისათვისაც ისევე საინტერესოა და აქტუალური, როგორც ეს გასულ საუკუნეში იყო. მხოლოდ სახელწოდებით ვერ შევინარჩუნებთ ამ წიგნს, ვერც პირვანდელი სახით გამოვიყენებთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად ავტორი განუწყვეტლივ ცვლიდა წიგნს და იმდროინდელ სიახლეებს ფეხდაფეხ მისდევდა. ამიტომაც იგი, დღევანდელობაზე მორგებული, კვლავაც უნდა ჩადგეს ერის სამსახურში.