16 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებს შორის კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზრაურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. კონკრეტულად კი, კანონპროექტით, ეს ცვლილებები შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრებს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესურსცენტრების თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, რესურსცენტრების უფროსები კი არ ითვლებიან საჯარო მოხელეებად. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რესურსცენტრების უფროსებიც გახდებიან საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამის გარდა, გაიზრდება მათი ხელფასიც და როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ამ ცვლილებით რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა გაუთანაბრდება სისტემაში არსებული მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სამმართველოს უფროსის თანამდებობას.
ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, კანონში ცვლილების საჭიროება განაპირობა იმან, რომ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ტერიტორიული ორგანოს, რესურსცენტრის, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოების, მუნიციპალიტეტების, სკოლისა და მასწავლებლების წინაშე, სტატუსი და სამუშაო პირობები ბევრად განსხვავდება სისტემაში დასაქმებული სხვა თანამდებობის პირებისგან, ზოგიერთ შემთხვევაში, სპეციალისტის რანგსაც ჩამორჩება. „გამომდინარე იქიდან, რომ რესურსცენტრის უფროსები საჯარო მოხელეები ხდებიან, კიდევ უფრო იზრდება მათი პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლების კოორდინაციის მიმართულებით, შესაბამისად, მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ, მათ შორის, დაფინანსების გაზრდაც და ყველაზე მნიშვნელოვანი, მოტივაციის გაზრდა, რაც ამ გადაწყვეტილებით იქნება აღსრულებული. როგორც გითხარით, გაიზრდება მათი ხელფასი, რომელიც ბევრად ჩამორჩება, თუნდაც, სკოლის დირექტორის ხელფასსაც. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ცვლილებებს საბიუჯეტო ასიგნებებშიც – ცენტრალური, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები გაიღებს ამ საფასურს. მატება იქნება, დაახლოებით, 400-500 ლარის ფარგლებში, თუმცა, შესაძლებლობის ფარგლებში, როგორც ხდება საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, მომავალში, მოხდება მათი ანაზღაურების მატებაც“.
იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლიდან თანამდებობრივი სარგო, 10%-იანი ზრდის შემთხვევაში, 1,928.5 ლარით, ხოლო, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, 2024 წელს, მათი ხელფასი განისაზღვრება და გახდება 2,394.0 ლარი (საბაზისო ხელფასი – 1,330 ლარის 1.8 სახელფასო კოეფიციენტთან მისადაგებით), წლიური ბიუჯეტის ზრდის ეფექტი იქნება, დაახლოებით, 391.0 ათასი ლარი. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის ზრდის წლიური მაჩვენებელი – 346.3 ათასი ლარი, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯის ზრდის წლიური მაჩვენებელი – 44.7 ათასი ლარი – ნათქვამია კანონის პროექტში.
⇔ რა კრიტერიუმებით შეირჩევა რესურსცენტრის უფროსი და ვის ექნება კონკურსში მონაწილეობის უფლება? ამ კითხვაზე მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ კონკურსი ჩატარდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესით. ნოდარ პაპუკაშვილი აღნიშნავს, რომ: „დადგინდება შესაფერისი კრიტერიუმები. გავითვალისწინეთ პრაქტიკულად რა იქნება საჭირო რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებული მოთხოვნები არ იქნება იმიტომ, რომ, რეალურად, აქამდე, რესურსცენტრის ხელმძღვანელობა არავის არ უნდოდა, იმდენად შეუსაბამო იყო პირობები თანამდებობასთან. შესაბამისად, სწორედ იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ გაიზარდოს მოთხოვნაც და მსურველთა რაოდენობაც, იმუშაონ ამ თანამდებობაზე“.
⇔ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კომიტეტის სხდომაზე დაისვა, რესურსცენტრების მუნიციპალური ფუნქციონირებით დაყოფას შეეხო. კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, რიმა ბერიძემ, განხილვისას, ასეთი კითხვით მიმართა მინისტრის მოადგილეს: „ამჟამად რესურსცენტრები არ არის დაყოფილი მუნიციპალური ფუნქციონირებით, მაგალითად, თბილისში დიდუბე-ჩუღურეთში შეიძლება გვყავდეს ოთხი რესურსცენტრის ხელმძღვანელი. რადგან ეს არის ძველი თბილისი, შესაბამისად, ემსახურება მთაწმინდა-ჩუღურეთს ან ჩუღურეთ-ისანს. დაახლოებით რომ ავიღოთ, 8 ადამიანთან გვაქვს შეხების წერტილი. ხომ არ ფიქრობთ, რომ მოხდეს ადმინისტრაციული კუთხით დაყოფა, როგორც თვითმმართველობებია დაყოფილი. ეს კი მოგვცემს კუმუნიკაციის უკეთეს შესაძლებლობას, ერთ ადამიანთან გვექნება კომუნიკაცია და ეს მათთვისაც უფრო იოლი იქნება. ამის შესახებ მინისტრსაც ვესაუბრე და მისთვის მისაღები აღმოჩნდა ეს წინადადება. თუ გაითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში, გვექნება უპირატესობა – კერძოდ, ერთ კონკრეტულ პირთან კომუნიკაციის საშუალება“.
რიმა ბერიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ დაყენებული საკითხი, ანუ თუ განვიხილავთ ადმინისტრაციულ დაყოფას, არ გამოიწვევს დამატებითი ერთეულის გაჩენის აუცილებლობას, რაოდენობრივად ზუსტად იმდენივე ადამიანი დარჩება, უბრალოდ, ფუნქციურად განისაზღვრება თვითმმართველობის რგოლში მომუშავე სკოლების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც ახლა ფუნქციონირებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ნოდარ პაპუკაშვილმა განაცხადა, რომ მხარდაჭერას უცხადებს კითხვის ავტორს, რადგან იმდენად მოცულობითია რესურსცენტრის ხელმძღვანელის საქმიანობა და იმდენად დიდ არეალს მოიცავს, რომ შესაძლოა ასეთი მიდგომა უფრო ეფექტურიც აღმოჩნდეს. „ვფქირობ,მხოლოდ პოზიტივს მოიტანს ორგანიზაციული კუთხით, უბრალოდ, იმდენად დიდი საკითხია, ასე ნაუცბათევად ამ კომპონენტის დამატება რთული იქნება. თუმცა, შეიძლება ამ საკითხზე კონსულტაციების გამართვა“.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, 70 საგანმანათლებლო რესურსცენტრი ფუნქციონირებს და რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1,754.5 ლარს, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, 2 400 ლარამდე გაიზრდება.
♦♦♦
კომიტეტმა, ასევე პირველი მოსმენით, განიხილა:
√ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცოს.
ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, გათვალისწინებული წესით განისაზღვრება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ღვაწლმოსილი მასწავლებლის, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობები.
წესი ითვალისწინებს პრემიის თანხის ოდენობის განსაზღვრასა და სამკერდე ნიშნის გადაცემას. მისივე თქმით, გათვალისწინებული პრემია განსაზღვრულია ერთ პირზე — 10 000 ლარის ოდენობით.
სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
√ ცვლილებები საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ფუნქციების გაფართოებისა და ინკლუზიური განათლების კომპონენტის დამატების შესახებ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე, განისაზღვრება ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მუშაობის პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
„ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განმარტება. მულტიდისციპლინური გუნდი იცვლება ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით. ახლებურად ყალიბდება სოციალური მუშაკის განმარტება, როგორც მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი და ზუსტდება რესურსსკოლების მიერ განსახორციელებელი მომსახურება,“ — განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
√ „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც დგინდება კოლეჯის დირექტორის დამტკიცების საფუძველი.
„საუბარია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორებზე, რომლებიც დაინიშნებიან 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, კოლეჯის მოქმედი დირექტორები დაინიშნებიან მოვალეობის შემსრულებლებად და განხორციელდება კოლეჯის დირექტორების, ახალი სტანდარტის საფუძველზე, კონკურსის წესით დანიშვნა,“ – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა განხილულ ცვლილებს.