ირაკლი სილაგაძე
ქალაქ ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
🔸🔸 საგანმანათლებლო რესურსცენტრის ტიპური დებულების შესაბამისად, „რესურსცენტრის მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა“. ზოგადი განათლების რეფორმაც აღნიშნული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე, რესურსცენტრის როლი, დებულებითა და წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმით არის განსაზღვრული.
ამავე დროს, ზოგადი განათლების რეფორმაში რესურსცენტრის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის, პირველ რიგში, პასუხისმგებელია განახორციელოს სკოლების თანამიმდევრული და ზუსტი ინფორმირება რეფორმის ირგვლივ, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაწესებულებამ, საწყის ეტაპზევე, რეფორმის შესაბამისად დაგეგმოს განსახორციელებელი ღონისძიებები. სხვაგვარად შეუძლებელია განისაზღვროს რეფორმის ძლიერი თუ სუსტი მხარეები. ამავე დროს, რესურსცენტრი არა მარტო ინფორმირებასა და კონსულტაციებს უწევს, არამედ, ადგილობრივ დონეზე, სკოლებთან ერთად, უშუალოდ არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. შესაბამისად,
როცა სკოლების მონიტორინგს ვახორციელებთ, ფაქტობრივად, მონიტორინგს ვუწევთ რესურსცენტრის საქმიანობასაც. ეს კი სკოლებთან ერთად თანაბარი პასუხისმგებლობის განაწილებას ნიშნავს და მხარდაჭერის რეალური სახეც ეს არის.
🔸🔸 ის, რაც დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, საყოველთაოდ ცნობილია და დაინტერესებული პირი ნებისმიერ დროს შეიძლება გაეცნოს. ამავე დროს, შექმნილი აუცილებლობიდან გამომდინარე, ახალი ფუნქციებიც დროდადრო განისაზღვრება. აქ, პირველ რიგში, პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად განხორციელებულ საქმიანობებს ვგულისხმობ: უწყვეტად მიმდინარეობს სამინისტროს სსიპ-ების მიერ მოწოდებული სადეზინფექციო და სხვა საჭირო მატერიალური რესურსების სკოლებისთვის მიწოდება, ზედამხედველობას ვუწევთ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასა და დადგენილი რეგულაციების შესრულებას. ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურთან თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ სკოლებში არსებული ვითარების შესწავლას. საჭიროების შემთხვევაში, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, დროებით, სკოლები სრულად ან ნაწილობრივ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაგვყავს. საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე კვირაა, ცაგერის მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლების საჭიროება აღარ დამდგარა.
ასევე, ცალკე მინდა გამოვყო „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრის როლის გაძლიერება. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პროექტი ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს. აქ, რესურსცენტრის ფუნქცია-მოვალეობები აღნიშნულ პროცესში უშუალო ჩართულობით განისაზღვრება.
სკოლა მუნიციპალიტეტის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, რესურსცენტრი ადგილობრივ დონეზეც მნიშვნელოვან საშუამავლო რგოლს წარმოადგენს.
🔸🔸 შევეცდები, ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე ვისაუბრო და არა შიდასამსახურებრივ ფაქტორებზე. საჯარო თუ კერძო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში მუდმივად იჩენს თავს სხვადასხვა საჭიროებები, რაც, ჩვეულებრივ, სამუშაო პროცესის ნაწილია და ნაკლებ საინტერესოა ფართო საზოგადოებისთვის. როცა ხელის შემშლელ ფაქტორებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, გვერდს ვერ ავუვლით, კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევისათვის, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას, რამაც, გარკვეულწილად, შეაფერხა ან გადაავადა პანდემიამდე დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა. შესაბამისად, აღნიშნულმა ფაქტორმა აუცილებელი გახადა ზოგადი განათლების რეფორმა და კონკრეტულად, „ახალი სკოლის მოდელით“ გათვალისწინებული ღონისძიებები განსხვავებულ (მათ შორის დისტანციურ) ფორმატში წარმართულიყო, რამაც სხვადასხვა სახის ხელის შემშლელი ფაქტორები წარმოშვა, ვინაიდან საგანმანათლებლო საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, გამოცდილების დონეზე მაინც, უცხო იყო აღნიშნულ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური მართვა. ამას თან ერთვოდა ხშირი ტექნიკური ხარვეზები, განსაკუთრებით რეგიონებში. მაგ.: არასტაბილური ინტერნეტი, დაბალი სიხშირის გამო, საგანმანათლებლო პლატფორმებზე წვდომის ნაკლებობა, კოვიდ ინფექციის გახშირებული შემთხვევები და სხვა. საბედნიეროდ, დღევანდელი მდგომარეობით, მნიშვნელოვნად შემსუბუქდა პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რამაც საშუალება მოგვცა, ჩვეულ რეჟიმში დავუბრუნდეთ ყოველდღიურ საქმიანობას.
ახლა კი, რახან ძირითადად განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ და ამავე დროს, აღნიშნული საკითხი ფართო გარჩევის საგნად არის ქცეული, ჩემს მოკრძალებულ აზრსაც მოგახსენებთ — მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მისასალმებელია ის, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეცენტრალიზაციის საკითხს. პირველ რიგში, ასეთი მიდგომა თავშივე გამოავლენს სკოლებში, ადგილობრივ დონეზე, არსებულ საჭიროებებსა და ხელის შემშლელი ფაქტორების მიზეზებს. მოგეხსენებათ, ეს პროცესი ახლახან დაიწყო და კონკრეტული პრობლემებიც გამოიკვეთა — სკოლებსა და პედაგოგებს შორის, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართვასთან დაკავშირებით, განსხვავებული მზაობებია. აღნიშნული პროცესის მიმართ, კონკრეტული ერთი სკოლის შიგნითაც, პედაგოგებს შორის, არათანაბარია როგორც მზაობის, ისე მისდამი დამოკიდებულების საკითხი. ამან ნათლად დაგვანახა, რომ ცენტრალიზებული ტრენინგებით მასწავლებლებისა და სკოლების მომზადება არასაკმარისია სიახლისადმი მოტივირებული დამოკიდებულების შექმნის თვალსაზრისით. პიროვნების მხრიდან, მოტივაციის ნაკლებობით მხოლოდ მექანიკურ და არა შინაარსიან მზაობას ვიღებთ. ამ მხრივ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა თითოეული სკოლის საჭიროებებზე მორგებულ პროცესს გულისხმობს.
🔸🔸 დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა ან აუცილებელია კონკურენტული გარემოს შექმნა. ამავე დროს, კონკურენცია პირდაპირი მნიშვნელობით აღიქმება, როგორც შეჯიბრი, რაც არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს მის მიმართ: ზოგისთვის მონოპოლისტური იდეების (სურვილების) განხორციელების საშუალებაა, ზოგისთვის — თავისუფალ გარემოში ბრძოლის შესაძლებლობა, ზოგი კი, ამ ორ შორის, რაღაც შუალედურ პოზიციას ირჩევს და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოქმედებს. არადა, ცხადია,
რეალური პროგრესი მხოლოდ კონკურენციის პირობებში მიიღწევა და ეს თავისუფალ გარემოში ახლის შეცნობისკენ სწრაფვით უნდა ხასიათდებოდეს და არა სამოქმედო ასპარეზიდან კონკურენტის ჩამოშორების სურვილით, ან უკვე გამოცდილი ქმედების (თუნდაც წარმატებულის) გადმოკოპირებით.
სიახლის გაცნობა ჯანსაღ კონკურენციაში ჩაბმის საუკეთესო საშუალებაა, რაც, პირველ რიგში, სხვათა გამოცდილების გაანალიზებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის გაზიარებასაც გულისხმობს. თავის მხრივ, გაზიარებული სიახლე მუდმივი ვერასოდეს იქნება, ვინაიდან საგანმანათლებლო სფეროს განვითარება თანამედროვე გლობალური გამოწვევების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვისურვებდი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან, ჯანსაღი კონკურენციის ფონზე, სიახლეებისადმი შინაარსობრივ-ანალიტიკურ მიდგომას და არა მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით დამოკიდებულებას.
🔸🔸 რესურსცენტრი, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, აგროვებს დეტალურ ინფორმაციას თითოეული პედაგოგის სტატუსისა და საჭიროების შესახებ და ორგანიზებას უწევს მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში ჩართვას. ასევე, მუდმივ რეჟიმში ინდივიდუალურ დახმარებას ვუწევთ მასწავლებლებს როგორც კონსულტაციების ფარგლებში, ისე მათთვის სამუშაო სივრცის შექმნის მხრივაც; ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში შევქმენით ღია სამუშაო გარემო, რომლითაც, როგორც ჩვენი დახმარებით, ისე დამოუკიდებლადაც, საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწე არაერთი პირი სარგებლობს.
🔸🔸 ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში და განსაკუთრებით მთაში, ცაგერის მუნიციპალიტეტშიც მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა: ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 25 საჯარო და 1 კერძო სკოლა (გიმნაზია), ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა 850-ს არ აღემატება.
სამწუხაროდ, ისეთი სკოლებიც გვაქვს, რომლებშიც წლებია მოსწავლეთა რაოდენობა 10-ს ვერ ასცდა. შესაბამისად, საგანმანათლებლო აქტივობების გარდა, ასეთი სკოლების შენარჩუნება მუდმივ საზრუნავად იქცა.
ალბათ, საინტერესოა, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ცოტათი მაინც შევაჩეროთ კონტინგენტის კლება, რაც უპირველესად მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციითაა გამოწვეული. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, პირველ რიგში, წინა პლანზე წამოვწიეთ ყველაზე მცირეკონტინგენტიანი სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება. შედეგად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არაერთი ასეთი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, აშენდა ორი ახალი სკოლის შენობა და ერთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; ამ ეტაპზე კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.
ასევე, ვცდილობთ, მოვიზიდოთ ახალგაზრდა, მოტივირებული და პროფესიონალი კადრები. ყოველივე ამით კი, მოსახლეობაში სულ მცირედით მაინც შევქმნათ იმის რწმენა, რომ მათ შვილებს მათივე თემში არსებულ სკოლაში შეუძლიათ სრულფასოვანი ზოგადი განათლების მიღება. მცირედით-თქო ვამბობ, რადგან, ცხადია, ასეთი ტიპის პრობლემის დადებითად გადაჭრას მასშტაბური და სხვადასხვა მიმართულებით კომპლექსური მუშაობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს, სათემო ცხოვრება ნამდვილ სიცოცხლეს დაიბრუნებს და სკოლების შენარჩუნების პრობლემაც აღარ იქნება. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ სამინისტროს დღევანდელი მიდგომა, შეინარჩუნოს თუნდაც ერთმოსწავლიანი სკოლებიც, სამომავლოდ, თემში საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების რეალურ საფუძველს ქმნის.