19 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა

spot_imgspot_img

როდესაც პირველად შევედი სადამრიგებლო კლასში და, 28 ერთნაირი მერხის გვერდით, ერთი განსხვავებული მაგიდა და სკამი დავინახე, გული შემეკუმშა. ჯერ შორიდან შევათვალიერე, შემდეგ ფრთხილად მივუახლოვდი და ხელით შევამოწმე, მყარად იდგა თუ არა. ავღელდი, ავფორიაქდი და გონებაში ათასგვარი კადრი დატრიალდა… როგორ მიპასუხებს კითხვებზე?.. როგორ გამოვა დაფასთან?.. როგორ… როგორ… როგორ…

რა მაშინებდა? არ ვიცოდი, როგორ შევძლებდი, ისე წარმემართა სასწავლო პროცესი, რომ ყველა მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები მაქსიმალურად რეალიზებული ყოფილიყო. თუმცა, ღრმად მწამდა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და გამოავლინოს თავისი პოტენციალი სკოლაში.– ვკითხულობთ წიგნში და ვგრძნობთ, მასწავლებლის გულწრფელ ემოციებსა და განცდებს.

წიგნი „შეუძლებელი არაფერია“ არის ამაღელვებელი ისტორია ლაზარეს შესახებ – ბავშვის, რომელსაც ცერებრული დამბლა აქვს. ამბავი პირველ პირშია მოთხრობილი, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, ღრმად შეიგრძნოს ლაზარეს ემოციები, ყოველდღიური გამოწვევები და სიხარული. სიუჟეტი აღწერს ლაზარეს ყოველდღიურ ცხოვრებას, სკოლაში ინტეგრაციის პროცესს, მისი დედისა და ბებოს თავდაუზოგავ მხარდაჭერას და მასწავლებელ მართას ძალისხმევას, რათა ლაზარემ თავი სრულფასოვან წევრად იგრძნოს კლასში.

ლაზარეს თავგადასავალი არ არის მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვების დაძლევის მცდელობა, ეს არის მისი შინაგანი სამყაროს, შესაძლებლობების და უნიკალური სულიერი ძალის აღმოჩენის ამბავი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეპიზოდი, როდესაც მასწავლებელი მართა ლაზარეს სანტა კლაუსის როლს არგებს საახალწლო ღონისძიებაზე. ეს მოტივი ხაზს უსვამს ერთობისა და ინკლუზიურობის ძალასაც.

ჩემი მარხილი ძალიან მომწონს. ხის კონსტრუქციაზე მიმაგრებული პატარა ბორბლები მის გადაადგილებას აადვილებს. ლილეს ბაბუა დურგალია, ის დაგვეხმარა და კონსტრუქცია შეკრა. სესილის დედიკომ მაცივრის მუყაოს ყუთის დახმარებით გამოჭრა მარხილის ფორმა, რომელიც საჩუქრების შესაფუთი წითელი ქაღალდებით დაფარეს კლასელებმა. ნუკიმ დაიჟინა ნაძვის ხის სათამაშო ბურთებიც უნდა ჩამოვკიდოთო, მაგრამ ბავშვებს სულაც არ მოეწონათ ეს აზრი. სიმართლე გითხრათ, დიდად არც მე მინდოდა, მაგრამ ისეთი დაჟინებით ითხოვდა და ისე აბაკუნებდა პატარა ფეხებს, მართამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ნება დართო ერთი ბურთი მიემაგრებინა მარხილზე.

ვისთვის იქნება წიგნი მნიშვნელოვანი:

„შეუძლებელი არაფერია“ საინტერესო იქნება ბავშვების, მშობლების, მასწავლებლებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ინკლუზიური განათლების თემატიკით არიან დაინტერესებულნი. წიგნი დაეხმარება ბავშვებს, უკეთ გაიგონ და შეიგრძნონ, რას ნიშნავს სხვების მხარდაჭერა, ემპათია და სოლიდარობა.

დღეს ბევრი რამ ხდება პირველად… პირველად მივდივარ კლასთან ერთად ექსკურსიაზე, პირველად ვმგზავრობ ავტობუსით, პირველად მიყვება ამბებს ძმაკაცი, ყველაზე ლამაზი გოგო მჩუქნის მეგობრობის სამაჯურს და მიზიარებს თავის საიდუმლოს… და ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო დღე!

ეს ნაწარმოები მნიშვნელოვანი რესურსია მასწავლებლებისთვისაც, რადგან ცხადად იკითხება, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ როლს ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებაში.

– ლაზარე, რატომ ფიქრობ რომ არ წამოხვალ? შენ ამ კლასის ნაწილი ხარ და ყველგან მათთან ერთად იქნები. გთხოვ, არ იტირო, რა თქმა უნდა, შენ გარეშე არსად წავალთ. – თავზე მეფერება მართა და აქოჩრილ თმას მისწორებს. მგონი, მასაც უკანკალებს ნიკაპი, მაგრამ თავს ერევა და ცრემლებსაც უკანვე ყლაპავს.

– მეეე, ვერაა, – ვბურტყუნებ და ეტლისკენ ვიშვერ ხელს.

– ლაზარე, მსოფლიოში უამრავი ეტლით მოსარგებლე ადამიანია, მაგრამ ისინი დადიან სკოლაშიც, სამსახურშიც, სასეირნოდ პარკებში და შენ წარმოიდგინე სამოგზაუროდაც კი. ბევრი ეტლით მოსარგებლე ადამიანმოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორ იფიქრე, რომ შენ დაგტოვებდით?

მშობლებისთვის კი, წიგნი იმედისა და შთაგონების წყარო გახდება.

შეიძლება უამრავი დაბრკოლება შეგვხვდეს, შეიძლება ზოგჯერ ვიფიქროთ, რომ ამას ვერ შევძლებთ, მაგრამ გაბედულება სწორედ ის არის, როდესაც ცდი და ცდი და ცდი და ისევ ცდი, ვიდრე ყველაფერი არ გამოგვივა.

როცა საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ, ყველაფერი გამოდის და შეუძლებელი აღარაფერია.

რატომ უნდა წაიკითხონ ბავშვებმა ზაფხულში:

ზაფხული არის დრო, როდესაც ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, წაიკითხონ წიგნები, რომლებიც არა მარტო ასწავლიან, არამედ შთააგონებენ. „შეუძლებელი არაფერია“ არა მხოლოდ აამაღლებს ემპათიის გრძნობას, არამედ აჩვენებს ბავშვებს, როგორ შეიძლება გაართვან თავი სირთულეებს, შეიყვარონ თავიანთი უნიკალურობა და დაინახონ, როგორია ნამდვილი მეგობრობა და მხარდაჭერა.

ეს წიგნი მათთვის შეიძლება გახდეს მოტივაცია, უფრო გულისხმიერები იყვნენ კლასელების მიმართ და დაინახონ, რომ ერთობა და ურთიერთპატივისცემა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური მდგომარეობა ან სხვაობა.

ძალიან ბედნიერი წამოვედი სკოლიდან. ვიგრძენი, რომ ოჯახის გარდა მყავს ადამიანები, რომელთათვის სულ ერთი არ ვარ. კლასი მეორე სახლად მექცა და მათ გარეშე, ჩემი ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია.

მაინც რა არის ადამიანისთვის ბედნიერება?

რა გვაძლევს ძალას გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია?

იქნებ ოჯახის მხარდაჭერა?

იქნებ მეგობრები?

თუ საკუთარი ძალით უნდა შევქმნათ და შევაკოწიწოთ ალის ნაპერწკლები იმ ცეცხლის მსგავსა, აღდგომას რომ გაკიაფდება ხოლმე მაცხოვრის საფლავზე და ერთიან ცეცხლად იქცევა?

და მერე რანაირი სიხარული მოაქვს?

როგორ კარგავს წვის ძალას ის ცეცხლი, გიფიქრიათ?

მხოლოდ ანათებს ტაძარს, მხოლოდ ანათებს ადამიანთა გულებს…

ჩემი აზრით, ადამიანი ადამიანის ტვირთად კი არა ძალად უნდა იქცეს და სანთელივით იწვოდეს, სხვისი ცხოვრების გასანათებლად.

და მაშინ, როცა იწვი…

და მაშინ, როცა იღვი…

და მაშინ, როცა თავს სწირავ,

ხარ ბედნიერი!

რა სარგებელს მიიღებენ ბავშვები:

ემპათიის გაძლიერება: წიგნი სიღრმისეულად აღწერს ლაზარეს შიდა სამყაროს, რაც ბავშვებს ეხმარება, განიცადონ მისი ემოციები და უკეთ გაიგონ განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანების მდგომარეობა.

მაგალითი: ეპიზოდი, სადაც ლაზარე პირველად ასრულებს ტესტს და მასწავლებელი მართა მისთვის სპეციალურად შექმნილ დავალებას აძლევს, ცხადყოფს, რომ სწორი მიდგომით შესაძლებელია ყველა მოსწავლის ჩართულობა სასწავლო პროცესში.

მეგობრობის მნიშვნელობა: მოთხრობის სიუჟეტში მკაფიოდ ჩანს, როგორ ვითარდება კლასელების და ლაზარეს ურთიერთობა. დასაწყისში შიში და გაურკვევლობა ნელ-ნელა იცვლება აღფრთოვანებითა და გულითადი მეგობრობით.

მაგალითი: ლაზარეს, როგორც მზის სისტემის მოდელის ცენტრის მზის როლის შესრულების ეპიზოდი, სადაც იგი პირველად გრძნობს თავს სრულფასოვან და მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილ კლასის წევრად.

სირთულეების დაძლევა: წიგნი ბავშვებს აჩვენებს, რომ სირთულეების მიუხედავად, შესაძლებელია საკუთარი უნარების აღმოჩენა და გამოყენება სხვების დასახმარებლად.

მაგალითი: ლაზარეს მონოლოგი ბეთანიის შესახებ, სადაც ჩანს, რომ იმედით სავსეა და სჯერა – შეუძლებელსაც შეძლებს.

კრეატიულობა და ახალი იდეები: წიგნის სტრუქტურა და სიუჟეტი ბავშვებს შთააგონებს, რომ ახალი, არასტანდარტული მიდგომები ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს წარმატების გასაღები.

მაგალითი: მართას გადაწყვეტილება, ლაზარესთვის ხის ბორბლებიანი საყრდენი დაამზადოს და მთავარი როლი მიანიჭოს, არის მაგალითი მასწავლებლის კრეატიულობის და შემოქმედებითი მიდგომის მნიშვნელობისა.

„შეუძლებელი არაფერია“ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს თითოეულმა ბავშვმა და ზრდასრულმა. იგი მკითხველს არა მხოლოდ ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობას აცნობს, არამედ შთააგონებს, ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობები და გაიაზროს, რამდენად დიდი ძალა აქვს ერთიანობასა და ურთიერთპატივისცემას.

ზაფხული საუკეთესო დროა, რათა ეს ამაღელვებელი და სულიერად ამაღლებული ამბავი ბავშვებმა და არა მარტო მათ, თავისუფალი დროის მნიშვნელოვან ნაწილად აქციონ.

ნათია ჭუმბურიძე

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება