19 მარტი, სამშაბათი, 2024

რა უნდა ვიცოდეთ მასწავლებლის პროფესიის შესახებ – ინტერვიუ ეკატერინე დაფქვიაშვიალთან

spot_img

ეკატერინე დაფქვიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია, ამჟამად ამავე უნივერსიტეტის განათლების სადოქტორო პროგრამის საფეხურზე განაგრძობს სწავლას. მისი სადოქტორო ნაშრომი, რა თქმა უნდა, მასწავლებლის პროფესიისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შესახებაა. კარიერის მანძილზე მან რამდენიმე გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, დაკავებული იყო აკადემიური საქმიანობით, რამდენიმე გრანტის მფლობელიც გახდა, რამაც დამატებითი პროფესიული გამოცდილების შესაძლებლობა მისცა, არის რამდენიმე სტატიისა და ნაშრომის ავტორი/თანაავტორი. ეკატერინე ახლაც მასწავლებლის პროფესიისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორის საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს. ინტერვიუში ის თავად მოგვიყვება იმ საინტერესო დეტალების შესახებ, რამაც პროფესიის არჩევა და ახლა უკვე სფეროსთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან თემაზე მუშაობა განაპირობა.

როგორ აირჩიეთ პროფესია და რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?

– ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მასწავლებლის პროფესია არის საკვანძო, ზოგადად პროფესიებს შორის, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაზე. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საინტერესოა საკვლევად და სფეროსთვის საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანამედროვე გამოწვევებმა, სოციალურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემების არსებითი რეფორმები განაპირობა. ახალი საგანმანათლებლო ხედვების გათვალისწინებით, გადაიხედა მასწავლებლის, როგორც პროფესიის როლი ადამიანური კაპიტალის ზრდაში. მასწავლებლობა, სხვა პროფესიებთან ერთად, რეგულირებადი პროფესიაა, რომელიც მუდმივ თანხვედრაში უნდა იყოს შესაბამის მოთხოვნებთან. ამიტომაც ავირჩიე განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და დავსაქმდი ამ მიმართულებით.

– რა არის თქვენი ნაშრომის მიზანი?

– როდესაც მასწავლებლის პროფესიულ ფაზებზე, მათ მონაცვლეობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ მონაცვლეობას განაპირობებს ფაქტორები, რომელიც ზეგავლენას ახდენს და ზოგჯერ ხელს უწყობს ფაზების ცვლილებას, ზოგჯერ კი – პირიქით. რა თქმა უნდა, ყველა მასწავლებელი განსხვავებულად გადის პროფესიულ გზას და ზოგს შეიძლება რომელიმე ფაზა უფრო ადრე დაუდგეს, ზოგს – გვიან. სწორედ ამ ფაზების მონაცვლეობას განაპირობებს ორგანიზაციული და პირადი გარემოებები, მაგალითად, სასკოლო კულტურა, ლიდერის როლი, ოჯახური სტატუსი და სხვ. ლიდერის როლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალბედა მასწავლებლის მხარდასაჭერად, ზოგჯერ ეს მთავარი ფაქტორიც არის ხოლმე, როდესაც მაძიებელი მასწავლებელი, ლიდერის დახმარებით, მალევე ძლევს პირველ ფაზას და ადვილად უმკლავდება გამოწვევებს.

აქედან გამომდინარე, მსგავსი ფაქტორების შესწავლა, თუ რა განაპირობებს მასწავლებლის პროფესიული ფაზების მონაცვლეობას, სასარგებლოა და სფეროსთვის მნიშვნელოვანი, თუნდაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის დასაგეგმად. აუცილებელია, ვიცოდეთ მასწავლებლის საჭიროებები თითოეული ფაზის გათვალისწინებით.

– რა განსხვავებული პროფესიული საჭიროებები უდგათ მასწავლებლებს პროფესიული ფაზების მიხედვით?

– ჩატარებული კვლევებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, გამოცდილ პედაგოგსა და ახალბედა მასწავლებელს განსხვავებული პროფესიული საჭიროება უდგას. მეტი თვალსაჩინოებისთვის შემიძლია შევადარო ერთმანეთს: გამოცდილ პედაგოგს მეტი აღიარება, დაფასება, გამოცდილების გაზიარება სჭირდება იმისათვის, რომ თავი კვლავ საჭიროდ იგრძნოს და არ დაუდგეს პროფესიული სტაგნაციის ფაზა. ამიტომაც, მენტორობის გაწევა და ახალბედა მასწავლებლის ზედამხედველობა მისთვის შესაფერისი საქმიანობაა მაშინ, როცა ახალბედა, მაძიებელი მასწავლებელი ცდილობს თავის დამკვიდრებას, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენას. ამ დროს, უნიფიცირებული ტრენინგი, გამოცდილ პედაგოგთან არაფორმალური საუბრები, საგნობრივი ასოციაციების წევრობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მექანიზმებია. პირველ ფაზაზე მყოფ მასწავლებელს მეტი მხარდაჭერა სჭირდება ლიდერისგან და კოლეგა მასწავლებლებისგან იმისათვის, რომ მეორე, ე.წ. სტაბილიზაციის ფაზაში გადავიდეს.

– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

– პირველ რიგში, ნაშრომის დასრულება და დისერტაციის დაცვა. ასევე, დისერტაციის ფარგლებში, დაფინანსების მოპოვება და კვლევის გარკვეული ეტაპის საზღვარგარეთ ჩატარება. დაბოლოს, რა თქმა უნდა, მასწავლებლის პროფესიისა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერის მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები