17 თებერვალს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით, ელექტრონულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების შეკითხვებს უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე პასუხობდა.
⇒ გთვაზობთ ხშირად დასმულ კითხვებს
რამდენი დავალებაა ტესტში და, საერთო ჯამში, რამდენ ქულიანია?
ტესტი 8 დავალებისგან შედგება. №1-№5 დახურული დავალებებია, №6-№8 კი – ღია. №1 და №2 მოსმენის უნარს ამოწმებს, №3-№6 დავალებები კი – კითხვის უნარს, ასევე, ლექსიკისა და გრამატიკის ცოდნას, №7 და №8 წერის უნარის შესამოწმებელი დავალებებია. ტესტში სულ 60 საკითხია. ყველა საკითხი, წერის დავალებების გარდა, 1 ქულით ფასდება. წერის პირველი დავალება (წერილი) 6 ქულით ფასდება, მეორე დავალება (თხზულება) – 16 ქულით; ტესტის მაქსიმალური ქულაა 80; საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 2სთ 30წთ.
რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა ტესტზე მუშაობის დროს?
ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას და ჩაწერეთ პასუხი შესაბამის გრაფაში. აბიტურიენტებმა, ასევე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში, დავალება არ გასწორდება და შეფასდება ნული ქულით.
რომელია უცხოურ ენაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?
ხშირად აბიტურიენტები იყენებენ შაბლონურ ფრაზებს, რასაც არ გირჩევთ. ასეთ ნაშრომში მაღალ შეფასებას ვერ მიიღებთ.
რა შეგიძლიათ გვითხრათ თემის სტრუქტურაზე?
დავალება ამოწმებს აზრის წერილობითი სახით გადმოცემის უნარს. აბიტურიენტს მოეთხოვება, მოცემული თემის გარშემო, 120-150-სიტყვიანი თხზულების დაწერა, რომელშიც უნდა ჩანდეს აბიტურიენტის უნარი, მკაფიოდ და გასაგებად გამოხატოს საკუთარი პოზიცია დასმული საკითხის გარშემო და გაამყაროს იგი ფაქტებითა და არგუმენტებით. მან უნდა გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკა და გრამატიკა, წინადადებები ერთმანეთს ლოგიკურად და სტრუქტურულად სწორად დაუკავშიროს. ნაწერი ფასდება ორი კრიტერიუმით: აზრის ლოგიკურად და თანმიმდევრულად გამოხატვის უნარი (fluency) და გრამატიკულ-ლექსიკურ-ორთოგრაფიული სიზუსტე (accuracy). დავალების მაქსიმალური ქულაა 16. ყურადღებით წაიკითხეთ თემის სათაური, შეეცადეთ კარგად გაიგოთ, თუ რას მოითხოვენ თქვენგან. დაფიქრდით და ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით. ეცადეთ, აზრი მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბოთ. ეს ყველაფერი შავ ფურცელზე ჩამოწერეთ. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მოსაზრებას განიხილავთ და მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე იმსჯელებთ, ქულა არ დაგაკლდებათ, თუმცა, გირჩევთ, რომ მხოლოდ ერთ მოსაზრებაზე იმსჯელოთ. მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობის გათვალისწინებით, ასეთი მიდგომა უფრო კარგად აჩვენებს თქვენი მოსაზრების არგუმენტირებულად გადმოცემის უნარს.
საშუალოდ, რამდენი სიტყვისგან უნდა შედგებოდეს ესე?
ესეში სიტყვების რეკომენდებული რაოდენობაა 120-150. შეგიძლიათ ამაზე ცოტა მეტიც დაწეროთ, მთავარია, არ გადასცდეთ ამ დავალებისათვის გამოყოფილ სივრცეს, რადგან შესაძლოა, დასკანერების დროს, თქვენი ნაწერი მოიჭრას. შინაარსის მხრივ, ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად ზუსტად და პირდაპირ პასუხობთ მოცემულ დავალებას. არ არის საჭირო ზოგადი დაზეპირებული ფრაზების ხშირად გამოყენება. მთავარია, პირადი აზრი გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოსცეთ.
რა კრიტერიუმებით სწორდება ესე?
ნაწერი მაღალი ქულით ფასდება, თუ მოსაზრება კარგად ჩანს, გამოყენებულია მრავალფეროვანი გრამატიკული სტრუქტურები და მდიდარი ლექსიკა. აგრეთვე, თუ სრულად და არგუმენტირებულად პასუხობს დავალებას, შეცდომები არ არის, ან დაშვებულია, მხოლოდ ერთი მართლწერის შეცდომა და სხვ. დეტალები იხილეთ კრებულში.
აუცილებელია თუ არა double-sided ესეს დაწერა, თუ მხოლოდ one-sided-ით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ?
თქვენ უნდა დაეთანხმოთ ან უარყოთ მოცემული მოსაზრება და გაამყაროთ არგუმენტებით პოზიცია.
თემასა და წერილში პუნქტუაციას ყურადღება ექცევა?
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ნაწერი იკითხებოდეს, დაიწყეთ ახალი წინადადება დიდი ასოთი და დასვით წერტილი, სადაც საჭიროა. უფრო დეტალურად სასვენი ნიშნების გამოყენებას მნიშვნელობა არ ენიჭება. სასვენ ნიშნებს ექცევა ყურადღება მინიმალურად, თუმცა წერტილის გამორჩენის შემთხვევა სერიოზულ შეცდომად შეიძლება იქნეს განხილული.
მოსასმენი დავალების დროს ტექსტზე გვექნება წვდომა?
მოსმენისას, ცხადია, ხედავთ დავალებასაც. ისმენთ ტექსტს და, ამავე დროს, ხედავთ ამ ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებს. მოსმენილის მიხედვით, რაც გესმით, თქვენ სწორი პასუხები უნდა მონიშნოთ.
გამოიცემა თუ არა კრებული?
კრებულის ელექტრონული ვერსია გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე, რაც შეეხება ბეჭდურ ვერსიას, ცენტრს არ აქვს გამოცემები.
ამერიკული ინგლისურიდან რომ გამოვიყენოთ სიტყვები, შეცდომად ჩაგვეთვლება?
ასეთი დაყოფა ამ ენას აღარ აქვს. არსებობს ერთი გლობალური ინგლისური ენა. არ გამოიყენოთ მხოლოდ არაფორმალური სლენგი.
შეიძლება, უცხოურ ენად იაპონური რომ ჩავაბარო?
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეგიძლიათ ჩააბაროთ ამ ოთხი უცხოური ენიდან ერთ-ერთი: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
ინგლისურში, წერისას, შეგვიძლია შემოკლებული ფორმები გამოვიყენოთ?
დიახ, რა თქმა უნდა, შემოკლებული ფორმების გამოყენება შესაძლებელია.
Wanna და gonna არ შეიძლება გამოვიყენოთ ინგლისურის ესეში?
არ გირჩევთ, რადგან არაფორმალური სიტყვებია.
მოსმენის რამდენი დავალებაა და ყურსასმენით ვისმენთ თუ არა?
ყურსასმენები უცხოური ენის გამოცდაზე არ დაგირიგდებათ. საგამოცდო სექტორში ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ისმენს ყველა გამოსაცდელი დავალებას. ტესტი ორი მოსმენის დავალებით იწყება. პირველი 5 მოკლე ტექსტისგან შედგება, მეორე კი – ერთი, შედარებით ვრცელი ტექსტისგან. დავალებას ისმენთ ორჯერ.
მაინტერესებს, რამდენია კოეფიციენტი ინგლისურის საგანში გრანტისთვის?
ეს ინფორმაცია მითითებული იქნება ცნობარში აბიტურიენტებისთვის, რომელიც რეგისტრაციის დაწყებისთანავე გამოქვეყნდება და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ კონკრეტულად რომელ პროგრამაზე როგორი კოეფიციენტი ენიჭება უცხოურ ენას. ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ამ საკითხს საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს.
გრამატიკის სავარჯიშოში ორი პასუხი მისაღებია?
არ არის რეკომენდებული ორი პასუხის ჩაწერა, რადგან, თუ რომელიმე არასწორია, ქულას ვერ მიიღებთ.