3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

რა გავლენა იქონია COVID 19-ის პანდემიამ ზოგად განათლებაზე –  საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის ანგარიშს აქვეყნებს

spot_img

188 ქვეყანაში დაიხურა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სისტემის მიღმა აღმოჩნდა 1.6 მილიარდი ბავშვი, მოზარდი და ახალგაზრდა – ასეთი უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა COVID 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ განათლების სისტემები. ბუნებრივია, პანდემიით შექმნილმა შეზღუდვებმა ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვისაც დისტანციური სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროება შექმნა. როგორ გაუმკლავდა სისტემა COVID 19-ით გამოწვეული პანდემიიის გამოწვევებს და რა შეიძლება გაკეთდეს მიმდინარე სირთულეების საპასუხოდ, როგორ შეიძლება მიღებული გამოცდილების სისტემის გასაძლიერებლად გამოყენება? საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც აღწერს, რა გავლენა იქონია პანდემიამ ზოგად განათლებაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თემატური მოკვლევა მასწავლებლების, მშობლების, სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემოსული წერილობითი მოსაზრებების, საჯარო განხილვებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების სინთეზის საფუძველზე მომზადდა.

 კვლევის ძირითად მიგნებებში ყურადღება გამახვილებულია სწავლაზე ხელმისაწვდომობაზე, სწავლა-სწავლების ხარისხზე, მართვასა და უსაფრთხოებაზე, ასევე, პანდემიის გავლენაზე სასკოლო საზოგადოებაზე. თუმცა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მოსწავლეების განვითარებაზე პანდემიის გავლენა ჯერჯერობით არ შეფასებულა. აქედან გამომდინარე, დასკვნების გამოტანა, ამ ეტაპზე მხოლოდ ირიბი ინდიკატორებსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების საფუძველზეა შესაძლებელი. „დისტანციური სწავლების ხანგრძლივობის, მისი ხარისხისა და მასში ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მოსწავლეების აკადემიური უნარების განვითარებაში. ქართული სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, თუმცა სხვა საფეხურებზე მასწავლებლებსა და დირექტორებს უჭირთ სასწავლო დანაკარგის შეფასება. განსაკუთრებული წუხილის საგანს წარმოადგენს მოსწავლეების სოციოემოციური მდგომარეობა, რომელიც, დირექტორების ნაწილის შეფასებით, გამოიხატება ინდიფერენტულობაში, თვითიზოლაციასა და გარიყულობაში.“

პანდემიის პოზიტიურ გავლენებში სახელდება: მასწავლებლების კომპეტენციის გაძლიერება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე, დისტანციური სწავლა-სწავლების ფორმების ადაპტირების დაჩქარება; მასწავლებელთა თანამშრომლობა, მათ შორის, არაფორმალური არხების გამოყენებით; კომუნიკაციის ახალი ფორმების დამკვიდრება, რაც განსაკუთრებით იმედის მომცემია მშობლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

რადგან ჩვენს ქვეყანაში, პანდემიის პერიოდის განათლებაში, ყველაზე დიდი გამოწვევა სწავლაზე ხელმისაწვდომობა და მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე ჩართულობა გახდა, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას კვლევის ამ მონაკვეთზე გავამახვილებთ.

 ხელმისაწვდომობა

 დისტანციურ რეჟიმში სწავლა-სწავლების წარმართვისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კომპიუტერებსა და ინტერნეტზე წვდომაა. აქ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მოსწავლეთა სახლებში კომპიუტერის რაოდენობა, არამედ წვდომის ხარისხი და სტაბილურობა. საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევების მონაცემების თანახმად, თუ 2010 წელს სოფლად მცხოვრები 15 წლის მოსწავლეების მხოლოდ 25%-ს ჰქონდა სახლში კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა, 2015 წლისთვის ეს მაჩვენებელი 65%-მდე გაიზარდა.

კომპიუტერებსა და ინტერნეტზე წვდომა იზრდებოდა  როგორც ქალაქში, ასევე სოფლად. შედეგად, 2018 წლისთვის, 6-17 ასაკის მოსწავლეების 87%-ს ხელი მიუწვდებოდა ოჯახის რომელიმე წევრის ან საკუთარ კომპიუტერზე (92% – ქალაქში, 79% – სოფლად), მოსწავლეების 85%-ს სახლში ხელი მიუწვდებოდა ინტერნეტზე (71%-ს – სოფლად და 95%-ს – ქალაქში).

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ თემატურ მოკვლევაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად ამ იმედისმომცემი დინამიკისა, მოსწავლეების ნაწილისთვის ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობას აფერხებს ინტერნეტიზაციის ტემპი და ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კომიტეტი, 2020 წლის გაზაფხულისთვის არსებულ კომპიუტერებზე,  მობილურ ტელეფონებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შესახებ, სამი სხვადასხვა წყაროს გამოყენებით მსჯელობს, თუმცა, მათივე განმარტებით, სრულფასოვან ინფორმაციას მოსწავლეებში ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომის შესახებ არც ერთი წყარო არ იძლევა.

EMIS-ის მიერ აპრილ-მაისის თვეებში შეგროვებული მონაცემებით, მოსწავლეების დაახლოებით 27%-ს საერთოდ არ ჰქონდა გამოყენებული ონლაინ სასწავლო პლატფორმა და მაისში ასეთი მოსწავლეების წილი 10%-მდე შემცირდა. მონაცემებში არ ჩანს, რამდენად რეგულარულად იყენებდნენ მოსწავლეები სასწავლო პლატფორმას და რამდენად ითვალისწინებს ეს მაჩვენებელი არასასწავლო პლატფორმების (მაგალითად, Facebook) გამოყენების შემთხვევებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული მოსწავლეების დაახლოებით 80%-ს ჰქონდა სახლში ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი ან ლეპტოპი (69%-ს სოფლად და 84%-ს – ქალაქში), 89%-ს კი ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონი. დასახლების ტიპის მიხედვით, მობილურზე წვდომაში განსხვავებები არ ჩანს. საკუთარი მობილური ტელეფონი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების 85%-ს ჰქონდა. საბაზო და საშუალო საფეხურზე ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია (93% და 94%), მაგრამ ეს მონაცემები არ იძლევა სრულ სურათს, რადგან შერჩეული მოსწავლეების მეოთხედმა გამოკითხვაში მონაწილეობა ვერ მიიღო, ვინაიდან მათ ელექტრონულ რესურსებზე არ მიუწვდებოდათ ხელი.

საქსტატის მიერ დეკემბრის თვეში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის პირველი ტალღის შედეგების მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კერძოდ, 6-18 ასაკობრივ ჯგუფში მოსწავლეების 96%-ს მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტზე სახლში. ქალაქში ასეთი მოსწავლეების წილი 98% იყო და სოფლად კი – 92%. მოსწავლეების 96%-ს ერთ რომელიმე დიჯიტალურ მოწყობილობაზე მაინც (სმარტფონი, სტაციონარული კომპიუტერი, ლეპტოპი ან ტაბლეტი) მიუწვდებოდა ხელი, ასეთი მოსწავლეების წილი ქალაქში 98%, სოფლად კი – 92%.

√ ნომინალური წვდომის მიღმა, არსებობს სწავლა-სწავლებაში ჩართვისთვის საჭირო სიხშირის ინტერნეტისა და შესაბამის კომპიუტერულ მოწყობილობაზე წვდომის პრობლემაც. მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და მასწავლებლებს – გაკვეთილების წარმართვისთვის ინტერნეტის შესაბამისი სიხშირე სჭირდებათ.

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ინტერნეტის ხარისხი და ფასი. სოფლად მოსწავლეების უდიდეს ნაწილს გაკვეთილებზე დასწრება უკაბელო ან ტელეფონში ჩართული ინტერნეტის საშუალებით უწევდა. 65 მუნიციპალიტეტიდან, დაახლოებით, 10-ში შინამეურნეობების 50%-ზე მეტს ჰქონდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და, დაახლოებით, 10 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც 50,000-მდე მოსახლე ცხოვრობს, 5%-ზე ნაკლებს აქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. შესაბამისად, გამოკითხული მოსწავლეების 61%-ისა და მასწავლებლების 50%-ის თქმით, ინტერნეტი ცუდად ან შეფერხებით მუშაობდა. მასწავლებლები, ყველაზე ხშირად, ხმის გაწყვეტის პრობლემას ასახელებენ, მათი 71% ამბობს, რომ ძალიან ხშირად ან ხშირად წყდებოდა ხმა, ნახევარზე მეტი ამბობს, რომ გამოსახულება იყო უხარისხო, მესამედი კი აღნიშნავს, რომ ხშირად ან ძალიან ხშირად ვერ ახერხებდა მასალების ატვირთვას ან ჩამოტვირთვას.

საკაბელო ინტერნეტზე წვდომის თვალსაზრისით, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა 2021 წელს. საქსტატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თუ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საკაბელო ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდა მოსწავლეების 55%-ს, 2021 წლის თებერვალ-მარტში ასეთი მოსწავლეების წილი 77%-მდე გაიზარდა. ეს ცვლილება საგულისხმოდ მაღალია ქალაქში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, სადაც საკაბელო ინტერნეტზე წვდომა 65%-დან 92%-მდე გაიზარდა და შედარებით მოკრძალებულია სოფლად, სადაც საკაბელო ინტერნეტზე წვდომის მქონე მოსწავლეების წილი 41%-დან 55%-მდე გაიზარდა.“

ინტერნეტის დაბალ ხარისხს კი განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამდნენ ისინი, ვინც დისტანციური სწავლების ძირითად პლატფორმად Microsoft Teams-ს იყენებდა, რადგან ეს პროგრამა გამართულად ფუნქციონირებისთვის ინტერნეტის მაღალ ხარისხს მოითხოვს. ურბანულ სკოლებში ინტერნეტზე წვდომის პრობლემა, სოფლის სკოლებთან შედარებით, ნაკლებად იდგა. ინტერნეტის ცუდად ან შეფერხებით მუშაობას ასახელებს თბილისში მასწავლებლების 33%, ხოლო სხვა ქალაქებში 44% მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი სოფლებში 60%-ია. თუმცა ურბანული სკოლებისთვის დამატებითი გამოწვევა შექმნა მოსწავლეების ნაწილის სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში გამგზავრებამ. შესაბამისად, სოფლად ინტერნეტის დაბალი ხარისხი ურბანული სკოლების მოსწავლეების ჩართულობის შესაძლებლობებზეც აისახა.

ტერიტორიულ დაფარვასთან ერთად, ინტერნეტთან დაკავშირებულ დამატებით გამოწვევად ინტერნეტპაკეტის ფასი სახელდება – მშობლების ნაწილი, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებდა მოსწავლისთვის ინტერნეტის პაკეტის შეძენას.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ანგარიშში ასევე გამოკვეთილია სწავლაში სრულფასოვნად ჩართვისთვის საჭირო კომპიუტერულ მოწყობილობაზე არასათანადო ხელმისაწვდომობის პრობლემა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების დიდი ნაწილისთვის. „2020 წლის მაისის თვეში საკუთარი კომპიუტერული მოწყობილობა თბილისში მოსწავლეების 25%-ს ჰქონდა, სხვა ქალაქებში – 15%-ს, სოფელში – 11%-ს. მთლიანობაში, მოსწავლეების 57%-ს ჰქონდა დისტანციური სწავლებისთვის კომპიუტერის გამოყენების შესაძლებლობა, დარჩენილ ნაწილს (43%) მხოლოდ საკუთარი ან სხვისი სმარტფონით შეეძლო გაკვეთილებზე დასწრება. სოფლად მცხოვრებ მოსწავლეთა მესამედი, დისტანციური სწავლების დროს, ოჯახის სხვა წევრის მობილური ტელეფონით სარგებლობდა და მოსწავლეთა 1.7%-ს ნათესავის ან მეზობლის ტელეფონის გამოყენება უწევდა. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსწავლეების 72%-ს მიუწვდებოდა ხელი სტაციონარულ კომპიუტერზე, ლეპტოპზე ან ტაბლეტზე. სოფლად ასეთი მოსწავლეების წილი 59% იყო, ქალაქში კი – 81%. საგულისხმოა, რომ თებერვალ-მარტის გამოკითხვის მონაცემებით, ამ თვალსაზრისით, ვითარება არსებითად არ შეცვლილა და მოსწავლეების 28%-ს არ ჰქონდა კომპიუტერული მოწყობილობა.“

თემატური მოკვლევიდან ვიგებთ, რომ მოსწავლეების ნაწილს აქვს ტელეფონები, რომელთა ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფდა მათ მიერ Microsoft Teams-ის გამოყენებას. შესაბამისად, მასწავლებლების თქმით, მათ გაკვეთილის ჩატარება ცალკე Microsoft Teams-ში უწევდათ და ცალკე Face-book Messanger-ში იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც Teams-ს ვერ იყენებდნენ, შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მოწყობილობების უქონლობის გამო. ერთ-ერთი დირექტორი აღნიშნავს: „ბუკები ხშირად ზიანდებოდა, შესაბამისად, ის მოსწავლეები, რომლებიც ბუკებს იყენებდნენ, ვერ ახერხებდნენ სრულფასოვან მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში. სკოლას უწევდა თითოეული მოსწავლის ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკურად გამართვა ინდივიდუალურად, რაც დიდ დროს მოითხოვდა.“

კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებისთვის ზოგიერთ ოჯახში 3-4 მოსწავლეს უწევდა, მორიგეობით, ტელეფონის ან კომპიუტერის გამოყენება. როგორც ერთ-ერთი დირექტორი ხსნის, „დისტანციურ გაკვეთილებს ისინი ან საერთოდ ვერ ესწრებოდნენ, ან ესწრებოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახის სხვა წევრს არ ემთხვეოდა საგაკვეთილო პროცესი, ანუ სარგებლობდნენ ინტერნეტში ჩართული ერთი საერთო კომპიუტერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან მობილური ტელეფონით მაინც. საქმე განსაკუთრებით მაშინ რთულდებოდა, თუ მშობლებიც/მშობელიც პედაგოგი იყო“.

პერსონალური კომპიუტერი ან ნოუთბუქი არ ჰქონდა მასწავლებლების ნაწილსაც, გარდა კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომისა, თავი იჩინა შემდეგმა გამოწვევებმა: ინდივიდუალური სასწავლო სივრცის არქონა. ერთ-ერთი დირექტორი ყვება, რომ ზამთრის სეზონზე, სხვა ოთახებში სითბოს უქონლობის გამო, ერთი სივრციდან სამი ან მეტი მოსწავლე ერთვებოდა გაკვეთილზე, რაც მოსმენისა და გაგების პრობლემას ქმნიდა. სოფლად დამატებით გამოწვევას წარმოადგენდა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაც.

პანდემიის დროს იჩინა თავი სსსმ მოსწავლეებისთვის ონლაინ რეჟიმში ჩართვის სპეციფიკურმა გამოწვევებმაც. „ექსპერტების შეფასებით, ზოგიერთი შეზღუდვის მქონე მოსწავლისთვის, ონლაინ გაკვეთილების დროს, ეკრანთან კონცენტრირება უფრო რთულია და უჭირს სწავლის პროცესში ჩართვა. ამ გარემოებამ მეტი ტვირთი დააკისრა მშობლებს.“

კომიტეტის მოკვლევაში ნათქვამია, რომ სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ვითარების გაუმჯობესება გაზაფხულის სემესტრშივე დაიწყო როგორც სამინისტროს, ასევე სასკოლო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გატარებული ზომების შედეგად. ამ ზომების ნაწილი მიმართული იყო კომპიუტერულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე წვდომის ზრდისკენ. კერძოდ: სკოლებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დროებით სარგებლობაში გადასცეს სკოლის ბალანსზე არსებული კომპიუტერები. ბოლო მონაცემებით, სკოლაში 20 მოსწავლეზე, საშუალოდ, ერთი კომპიუტერია. შესაბამისად, სკოლებს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის კომპიუტერის დარიგების შესაძლებლობაც შეზღუდული ჰქონდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობა სკოლების ნაწილმა გამოიყენა. შემოსული მოსაზრებების თანახმად, პრობლემის გადაჭრის მიზნით, სკოლების მიერ მიღებულ ერთ-ერთ ზომად დაზიანებული ბუკების შეკეთება სახელდება. მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დისტანციური სწავლების დაწყების შემდეგ, მოსწავლეთა 2.6%-ს გადაეცა ელექტრონული მოწყობილობა (ტელეფონი, პლანშეტი ან კომპიუტერი). ასეთი მოსწავლეების წილი განსაკუთრებით მაღალია აზერბაიჯანულენოვანი სექტორის მოსწავლეებში, რომელთა 13% ამბობს, რომ მათ სკოლა დაეხმარა.

თუმცა, მიუხედავად სკოლების, სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მიღებული ზომებისა, დისტანციური სწავლის შესაძლებლობის მიღმა რჩებოდა მოსწავლეების, სულ მცირე, მეათედი ნაწილი. EMIS-ის მონაცემების თანახმად, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში, მოსწავლეების მეათედს სასწავლო პლატფორმა ერთხელაც არ გამოუყენებია.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის გამოწვევაზე რეაგირების თვალსაზრისით, ეფექტიანი აღმოჩნდა ე.წ. ჰიბრიდული მოდელი. საქსტატის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, მოსწავლეების უდიდესი ნაწილი სასწავლო პროცესში ჩართული იყო. გამოკითხვის პერიოდისთვის (2020 წლის ნოემბერ-დეკემბერი, ბოლო 7 დღის განმავლობაში, მოსწავლეების 79% მხოლოდ საკლასო ოთახში სწავლობდა, 11% – მხოლოდ დისტანციურად, 9% – კომბინირებულად და 1.4% გაკვეთილებს არ ესწრებოდა.

რეკომენდაციები

⇒ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ეფექტიანი მიდგომების შემუშავება და განხორციელება;

ონლაინ სასწავლო რესურსებისა და ონლაინ სწავლების ეფექტიანი მიდგომების განვითარება;

⇒ სწავლაში ჩამორჩენის პრევენციისა და დაძლევის მოდელების განვითარება და დანერგვა;
⇒ განათლების სისტემის კრიზისებისადმი მედეგობის გაძლიერება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები