ნათია ბოლღაშვილი
სსიპ სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
თანამედროვე სტანდარტები ფართოდაა მიმართული განათლების ჰუმანიზაციაზე და სწავლების ინდივიდუალიზაციაზე, რომელიც ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის რეალიზაციას. ამ მოთხოვნის შესრულების ეფექტური საშუალებაა სწავლების დიფერენცირებული მიდგომები, რომელსაც ვიყენებთ გაკვეთილის დაგეგმვისას. ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვას: როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მოსწავლემ უბრალოდ კი არ დაიზეპიროს ცოდნის გარკვეული რაოდენობა, არამედ ისწავლოს, იმის და მიუხედავად, როგორი საშუალებები და რისი პოტენციალი აქვს მას. და როდესაც შევადგენთ მსგავს გეგმას, აღმოჩნდება, რომ სასწავლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლის პიროვნება.
დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე, ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მოსწავლეთა განსხვავებულად სწავლებას. იგი ითვალისწინებს ერთი კლასის მოსწავლეების დაჯგუფებას, დაყოფას. ამგვარი სწავლების მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, საუკეთესო შედეგს მიაღწიოს. დიფერენცირებული მიდგომით მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დაძლიონ სწავლის პროცესში წარმოქმნილი ბარიერები და გაიუმჯობესონ შედეგები. მასწავლებელი ამას ახერეხებს უწყვეტი შეფასებისა და მოსწავლეთა დაჯგუფების გზით. იმისათვის, რომ დიფერენცირებული სწავლება აიგოს, აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:
♦მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინების გაცნობიერება.
♦ მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ცოდნის, უნარის და სწავლის სტილის განსაზღვრა.
♦ დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იღებენ მოსწავლეები დავალებას.
როდესაც ვიცი ჩემი მოსწავლეების ცოდნა და სწავლის სტილი, ვიწყებ მცირედით, ვმუშაობ ორგანიზებულად, ვარ ღია და მოქნილი, ვიყენებ ყველა იმ ხელმისაწვდომ რესურსს, რისი გამოყენების საშუალებაც არსებობს.
სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება, პირველად, XX საუკუნის დამდეგს, დაკავშირებულია ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის წარმომადგენლების – კ. როჯერსის, ა. მასლოუს, რ. მეის სახელებთან. დიფერენცირებული მიდგომის მიზანია, უკეთ დააკმაყოფილოს მოზარდის შემეცნებითი ინტერესი, გაუღვივოს და გამოიწვიოს კიდეც ის და მხარდაჭერა გაუწიოს განვითარებისა და პიროვნული ზრდის პროცესში.
დიფერენცირებული მიდგომის ვარიანტებია:
♦ მოსწავლეთა დაყოფა ინტელექტუალური განვითარების მიხედვით, მათი მომავალი განვითარებისა და შემდგომი გაერთიანების მიზნით.
♦ სრული თავისუფლება სასწავლო მასალის არჩევასა და შესწავლაში.
♦ თვითშეფასება.
♦ ინტეგრირებული სწავლებისა და საზოგადოდ, საგანთაშორისი კავშირების აქტიური გამოყენება ცოდნის გასაღრმავებლად.
დიფერენცირებული სწავლების მიდგომების უპირატესობა:
მოსწავლეებში იზრდება დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობისა და შემოქმედებითობის უნარები. ყველა მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში, სხვადასხვა აქტივობაში, რაც უზრუნველყოფს სიძნელეების მარტივად დაძლევას და მათ პიროვნულ განვითარებას.
დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებიდან ყველაზე ხშირად, საერთაშორისო პრაქტიკაში, გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
რეაგირება ინტერვენციაზე (RTI) – ეს სტრატეგია ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებადაა მიჩნეული. სწავლების ეს მრავალსაფეხურიანი სისტემა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაადგინოს ცალკეული მოსწავლის საჭიროება და დამატებითი ინსტრუქციები მიაწოდოს. პროცესის ეტაპები – „ მე ვაკეთებ, ჩვენ ვაკეთებთ, თქვენ აკეთებთ“ – დიფერენცირების მრავალგვარ შესაძლებლობას იძლევა.
მრავალჯერადი აქტივობა – სწავლის დიფერენცირების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გზად არის მიჩნეული „პროდუქტის“ დიფერენცირება. ვაყალიბებთ მრავალფეროვან აქტივობებს და მოსწავლეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, იმუშაონ ერთსა და იმავე ცნებებსა და იდეებზე.
ამრიგად, მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი აქტიური განვითარების ზონაში იმუშაონ და, მასწავლებლის დახმარებით, თანდათან გადავიდნენ უფრო რთულ საკითხებზე.
დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს მოსწავლეებისათვის ისეთი დავალებების შეთავაზებას, რომლებითაც ყველა მათგანის დაინტერესება იქნება შესაძლებელი. მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლების საუკეთესო გზაა ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც მათი ამჟამინდელი განვითარების დონეზე ოდნავ რთულია. როდესაც მასწავლებელი, გაკვეთილებზე, სწორად დაგეგმილ განმავითარებელ შეფასებას და დიფერენცირებულ სწავლებას იყენებს, მის მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რისი გაკეთება სჭირდებათ სასწავლო მიზნების მისაღწევად. მასწავლებელი კი მიმართავს მრავალფეროვან სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს მათ, გაიუმჯობესონ მიღწევები, შემაჯამებელი ტესტის ჩაბარებამდე ან პროექტის დასრულებამდე. დიფერენცირებული სწავლება, რომელიც მჭიდრო კავშირშია განმავითარებელ შეფასებასთან, ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით.
განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს მოსწავლეთა ინტერესები, მათ მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონე. თავის მხრივ, სწავლა-სწავლების პროცესში, აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა განსხვავებული ინტერესები, მათი მზაობის დონე და სწავლის სტილი. სწორედ ამას გულისხმობს დიფერენცირებული სწავლება.
უკუკავშირი გადამწყვეტ როლს თამაშობს დიფერენცირებაში. დროული და ქმედითუნარიანი გამოხმაურება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, განსაზღვრონ შემდგომი ნაბიჯები, რომელიც საჭიროა ცოდნის წინსვლისთვის.
შებრუნებული საკლასო ოთახი – ეს მოდელი დიდ შესაძლებლობას იძლევა დიფერენციაციისთვის, რადგან ათავისუფლებს საგაკვეთილო დროს და მასწავლებელს აძლევს მეტ შესაძლებლობას მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის , გააზრებული უკუკავშირისთვის.
დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტებია:
♦ სასწავლო მიზანი
♦ სასწავლო გაჩერებები
♦ სასწავლო მენიუ
♦ შეარჩიე საკითხავი მასალა
♦ აირჩიე პროექტი
♦ კითხვები ინტერესის მიხედვით
♦ „რაფთ“ წერითი დავალება
ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ: სასწავლო მენიუს, სასწავლო მიზანს, სასწავლო გაჩერებებს. თავდაპირველად, შევისწავლე თითოეული მოსწავლის ფსიქოემოციური განვითარების დონე, ინტელექტის ტიპი. ზოგიერთთან დამჭირდა მასალის გამარტივება, შერჩევა და მოდიფიცირება. ინსტრუმენტად ვიყენებდი ვიზუალურ მასალას, მრავალფეროვან რესურსებს.
ვინაიდან მოსწავლეებს მოსწონდათ კეთებით სწავლება, ვცდილობდი გამომეყენებინა თვალსაჩინოებები, ვთავაზობდი სხვადასხვა სახის დავალებებს, შესაბამისად, ჰქონდათ არჩევანის თავისუფლება. ასეთი მიდგომით, კლასში დაინერგა დიფერენცირებული სწავლების მეთოდები, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და მოტივაციის ზრდას.
დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი გამოყენება, ძირითადად, მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს და რამდენად ითვალისწინებს თითოეულის ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც, როგორც წესი, მშობლებთან, თანატოლებთან, ზოგადად, გარემოსთან ურთიერთობით ყალიბდება.
გამოყენებული ლიტერატურა: