ლალი ნარიმანიძე
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი
არაქართულენოვან სკოლაში მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ქართული ენის სწავლების მეთოდიკა ქართულენოვანი სკოლის სწავლების მეთოდიკისგან განსხვავებული იყო. პროფესიული განვითარების კუთხით არაერთი საჭიროება გამოიკვეთა.
ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდიკის კუთხით, აუცილებელია: უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობა; საგნობრივი ტექსტების დიდაქტიზების ხერხების ცოდნა; ტექსტების მოსმენისა და კითხვის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული სავარჯიშოების თანამიმდევრობით დაგეგმვა, ოთხივე მიმართულებით: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი; ავთენტური ტექსტების გამოყენება საკომუნიკაციო ქართულის სწავლებისას და სხვ.
ამ მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვამ უფრო შედეგიანი გახადა ჩემი, როგორც მასწავლებლის, საქმიანობა.
სწორედ კითხვისა და წერის სწავლებაზეა დამოკიდებული წიგნიერი ადამიანის ჩამოყალიბება, ხოლო გააზრებული კითხვის უნარი წარმოადგენს პიროვნების ინტელექტუალური განვითარებისა და ყველა სხვა საგნის სწავლების უნარსა და საფუძველს.
წაკითხულის გააზრება კითხვის ძირითადი მიზანია, ის თავის თავში მოიცავს რთულ კოგნიტურ პროცესებს, რომელიც ეხმარება მკითხველს, აზრი გამოიტანოს წაკითხულიდან, კითხვის პროცესშივე დააფიქსიროს მისთვის გაუგებარი ან რთულად გასაგები ადგილები და გამოიყენოს სათანადო სტრატეგიები ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
სწავლების შემდგომ ეტაპზე კითხვის უნარის განვითარებას საფუძვლად უდევს ხუთი მთავარი კომპონენტი: 1) სიტყვების სწავლება; 2) თავისუფლად კითხვა; 3) ლექსიკის დაუფლება; 4) წაკითხულის გააზრება; 5) მოტივაცია.
ტექსტის გაგება-გააზრების უნარი საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ავთენტური საკომუნიკაციო ტექსტების შესწავლისა და მხატვრულ ტექსტებზე მუშაობისას გაგება-გააზრების პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. საკითხის პრობლემატურობა გამოიხატება იმითაც, რომ, ჩვენი მოსწავლეების შემთხვევაში, ქართული მეორე ენაა და მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებაში პრობლემას ქმნის გარკვეული ლექსიკური ერთეულების გაგება.
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების მისაღწევად, ტექსტის შერჩევის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლის ინდივიდუალური განვითარების უახლოესი ზონა, მისი ინტერესები; ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებთან მუშაობის დროს, ამას ემატება კულტურული თუ რელიგიური მახასიათებლების გათვალისწინება. ამის შესაბამისად უნდა შეირჩეს ტექსტის თემა და შინაარსი, ტიპი და სტრუქტურა, მოცულობა, ენობრივი მახასიათებლები, დიზაინი, რათა აღძრას მოსწავლეებში მოტივაცია, წაკითხვის სურვილი, რადგან სწორედ ამ უკანასკნელს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის მზაობის მისაღწევად, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტექსტის გაგება-გააზრების პროცესს.
გაგება-გაააზრების სწავლებაში წარმატების ოქროს გასაღები კარგად სტრუქტურირებული აქტივობებია.
მეთოდების ეფექტიანობაზე ფიქრისას, არჩევანი შევაჩერე ორიენტირებული კითხვის მეთოდსა და „დიორამაზე“, რომელიც ხელს უწყობს, ტექსტის დეტალური გაგების ფაზაზე, გაგება-გააზრების პროცესს. ამ მეთოდების კომბინაცია საშუალებას მომცემდა, დავკვირვებოდი ტექსტზე მუშაობის რა ეტაპზე წარმოიქმნებოდა სირთულე, რომლის გათვალისწინებითაც დავგეგმავდი შემდგომ ინტერვენციებს.
ორიენტირებული კითხვა მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტთან მუშაობას გულისხმობს და მოიცავს კითხვის სამივე ფაზას: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ.
პირველ ფაზაში მასწავლებელი აქტიურ როლს ასრულებს, რათა მოსწავლეები სათანადოდ მოემზადონ კითხვის დასაწყებად. კითხვამდე ფაზაში მოსწავლეები ააქტიურებენ წინარე ცოდნას, განიხილავენ ტექსტის მნიშვნელოვან ლექსიკურ ერთეულებს (სიტყვებს, ცნებებს, ტერმინებს), აყალიბებენ ტექსტის წაკითხვის მიზანს, დემონსტრირებისა და პრაქტიკული ვარჯიშის გზით ივითარებენ ეფექტური კითხვისა და გაგებისთვის საჭირო უნარებს.
კითხვის პროცესში, მასწავლებლის მიერ დასმული კითხვების მეშვეობით, მოსწავლეები ცდილობენ გააკონტროლონ გაგების პროცესი.
წაკითხვის შემდეგ ფაზაში ისინი მიმართავენ გაგებისთვის საჭირო ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა: წაკითხულის შეჯამება, დასკვნის გამოტანა, კითხვების დასმა, ვარაუდის გადამოწმება და ა.შ. ასევე, ცდილობენ გაარკვიონ, რა ვერ გაიგეს სათანადოდ და როგორ არის შესაძლებელი გააზრებაში წარმოქმნილი ხარვეზების დაძლევა.
დიორამა არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას.
ზემოთ ჩამოთვლილ დადებით მხარეებს უნდა დავამატოთ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება, დროის მართვა, ინიციატივის გამოჩენა, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, დეტალების დამახსოვრება, უცხო სიტყვების შესწავლა; ტექსტის გაცოცხლებით კი დიდ სიამოვნებას იღებენ და ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს.
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება თავის თავში მოიაზრებს არაერთ კომპონენტს, ესენია:
1) გაწაფული კითხვის უნარი, რაც წარმოადგენს ტექსტის გაგება-გააზრების მთავარ გასაღებს.
2) ლექსიკური მარაგი – ეს არის გონებაში არსებული სიტყვების ერთობლიობა. შეზღუდული ლექსიკური მარაგი წაკითხული ტექსტების გააზრების ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორია. ხშირად ხდება, რომ მოსწავლის კითხვის უნარი თავიდან კარგად ვითარდება, მაგრამ მესამე-მეოთხე კლასებში ამ პროცესს სწორედ ლექსიკურ მარაგთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებს.
3) გაგება-გააზრება – ეს კითხვის ძირითადი დანიშნულებაა. გაგება-გააზრება არის სააზროვნო ინტერაქცია მკითხველსა და ტექსტს შორის, რომლის საშუალებითაც მკითხველის გონებაში შინაარსის კონსტრუირება ხდება.
მოსწავლეთა უმრავლესობისთვის პრობლემას წარმოადგენდა მხატვრული ტექსტის ნაწილებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენა და კონკრეტული მონაკვეთისა და ბოლოს, მთლიანი ტექსტის მთავარი სათქმელის ამოცნობა.
მოტივაციის აღძვრის მიზნით, დაფაზე ვწერ მოთხრობის სათაურს (გიორგი ჭაუჭიძის „მელიების წიწილა“) და მოსწავლეებს ვთხოვ, გამოთქვან ვარაუდები, რის შესახებ იქნება მოთხრობა; შემდეგ ვუჩვენებ ტექსტის სათაურის ილუსტრაციას და ვთხოვ, თქვან გამართლდა თუ არა მათი ვარაუდი და რატომ ფიქრობენ ასე. ბოლოს წინასწარ მომზადებული სავარაუდო კითხვების ირგვლივ მსჯელობენ.
ტექსტის გაგება-გააზრების პროცესში მნიშვნელოვანია ლექსიკაზე მუშაობა. სწორედ ამ მიზნით, ტექსტის წაკითხვამდე, მოსწავლეებს ვურიგებ ლექსიკურ ბარათებს საკვანძო და რთულად გასაგები სიტყვებით, განმარტებებთან ერთად და ვთხოვ, შეუსაბამონ (გავაკეთე მინიშნება, დაკვირვებოდნენ უცხო სიტყვასა და განმარტებაში ფუძის საერთო ნაწილს). პრეზენტაციისას, მოსწავლეები მსჯელობით მიდიან სწორ ვარიანტამდე.
კითხვის ფაზაზე ტექსტს სამ ნაწილად ვყოფ. მოსწავლეები იაზრებენ წაკითხულ მონაკვეთს; სინონიმებისა და ანტონიმების დახმარებით, მუშაობენ უცნობ ლექსიკაზე; საკუთარი სიტყვებით გადმოსცემენ წაკითხულ მონაკვეთს და ვარაუდს გამოთქვამენ მომდევნო ნაწილის შესახებ.
ტექსტის მონაკვეთებად წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, შეაჯამონ წაკითხული, გამოიტანონ დასკვნა, დასვან კითხვები. ეს აქტივობები მეხმარება გავარკვიო, რა ვერ გაიგეს სათანადოდ და როგორ არის შესაძლებელი გააზრებაში წარმოქმნილი ხარვეზების დაძლევა.
მოცემული აქტივობების დახმარებით და ჩემ მიერ მითითებული მონაკვეთის მიხედვით, მოსწავლეები ქმნიან „დიორამას“ – ტექსტის მიხედვით შექმნილ სამგანზომილებიან სცენას. ეს ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ტექსტის გაცოცხლებით კი მოსწავლეები დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს, სწავლობენ უცხო სიტყვებს.
რატომ ეს მეთოდები?
ჩემი გამოცდილების საფუძველზე შეიძლება დავასკვნა, რომ:
- მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების პროცესს, სხვა მრავალ მეთოდსა და აქტივობასთან ერთად, ხელს უწყობს ორიენტირებული კითხვის მეთოდით ტექსტზე ნაწილ-ნაწილ მუშაობა და შემდეგ გამთლიანება, რადგან:
ა) მოსწავლეებს არ უჭირთ კითხვის მიზნის განსაზღვრა; იოლად პოულობენ საკვანძო საკითხს, ფრაზას, წინადადებას;
ბ) ნაწილებად დაშლილი ტექსტი მოცულობითად არ აღიქმება კითხვის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის და არ უქვეითდებათ მოტივაცია;
გ) ნაწილებად დაშლილი ტექსტი იძლევა მისი სიღრმისეულად დამუშავების საშუალებას;
დ) ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას.
- მხატვრული ტექსტის დამუშავების პროცესში ინტერაქტიული ხერხებისა და აქტივობების გამოყენება, როგორიცაა: „დიორამა“, „დახატე, აღწერე, დაწერე“, ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრების პროცესს, რადგან:
ა) თვალსაჩინოს ხდის ტექსტის სიუჟეტს; ვიზუალური აღქმა კი ეხმარება მოსწავლეებს გაგება-გააზრების პროცესში;
ბ) ინტერაქტიული პროცესი მოტივაციას განუწყვეტლად ზრდის;
გ) მორგებულია როგორც სწავლის დაბალ, ასევე მაღალი მზაობის მქონე მოსწავლეებზე.
- ამ მეთოდების გამოყენება სწავლების პროცესში საინტერესოს ხდის ტექსტებზე მუშაობის რუტინულ პროცესს.
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებზე მუშაობას, რადგან:
ა) ლექსიკის გამდიდრება დადებითად აისახება მოსწავლის ინტელექტზე, ხელს უწყობს ოთხივე ენობრივი კომპეტენციის განვითარებას;
ბ) სიტყვის სემანტიკაზე მუშაობა ხელს უწყობს ლექსიკის გამდიდრებას, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, აწარმოოს ახალი ფორმები ან ამოიცნოს უცხო სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა.
- კითხვა არის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია და ამ პროცესში მიღწეული წარმატება დადებითად აისახება ზოგად განათლებაზე.