დაჩი ნანობაშვილი
სკოლა „იუჯის“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ოლიმპიადა „ევერესტის“ დამფუძნებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის“ წევრი
⇒ დაჩი, PISA 2022-ის შედეგებზე მინდა ვისაუბროთ. 2022 წლის კვლევამ მოსწავლეთა ზოგადი შედეგების გაუარესება აჩვენა – ძალიან ცოტა ქვეყანამ მოახერხა შედეგების დონის შენარჩუნება ან გაუმჯობესება. საქართველოში სურათი, PISA 2018-ის მონაცემებთან შედარებით, არ შეცვლილა და ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის (OECD) ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ამჯერად, 81 ქვეყანას შორის, საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა დაიკავეს 59-ე ადგილი მათემატიკაში, 66-ე ადგილი კითხვაში და 65-ე ადგილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა მოსწავლეთა შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში; მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში კი 8 და 6 ქულით გაუარესდა. რატომ ვერ ვაუმჯობესებთ შედეგებს და სად ხედავთ ყველაზე დიდ პრობლემას?
ვიდრე პიზას შედეგებზე დავიწყებთ საუბარს, მინდა გითხრათ, რომ მე დაწყებით საფეხურზე ვასწავლი – I-VI კლასებს, ზემოთ რა ხდება, ამაში ნაკლებად ვარ ჩახედული. თუმცა, მისწავლებია მე-7 და მე-8 კლასებისთვისაც, სულ რამდენიმეჯერ, მაგრამ, ძირითადად, ჩემი ძლიერი მხარე, ასე ვთქვათ, მაინც დაწყებითი საფეხურია. საერთოდ, მე-5 და მე-6 კლასი არის ხოლმე გარდამტეხი ბავშვებისთვის იმიტომ, რომ იწყება წილადი და ათწილადი რიცხვების შესწავლა. ბავშვებისთვის ეს არის რიცხვთა სრულიად ახალი სამყარო, რაში შესვლაც უჭირთ. ახლა რაც შეეხება პიზას – პიზა ჩემთვის ყოველთვის დიდი კითხვის ნიშანი იყო. აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა – ნამდვილად იმას ვამოწმებთ, რასაც ვასწავლით? თავისთავად, შედეგებიდან გამომდინარე, არ ვამბობ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს, მაგრამ, ბუნებრივია, თუ მაგალითად, ბავშვებს პერიმეტრი არ აქვთ ნასწავლი და ვეკითხებით პერიმეტრს, გასაგებია, რომ ვერ გვიპასუხებენ. პირველ რიგში, საინტერესოა, არის თუ არა თანხვედრაში პიზას ტესტები ჩვენი მოსწავლეების ასაკობრივ სასწავლო პროგრამასთან. ანუ, რასაც გვიმოწმებენ არის თუ არა თანხვედრაში იმასთან, რასაც ვასწავლით? ამაზე რომ პასუხი მივიღო, უნდა ვნახო ტესტები, მაგრამ მასწავლებლები ხომ ფიზიკურად ვერ ნახულობენ იმას, რასაც ბავშვებს უმოწმებენ. ამიტომ ცალსახად იმის თქმა, რომ ძალიან ცუდი შედეგები გვაქვს, მიჭირს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – ამის შესახებ კოლეგებთანაც მისაუბრია და ბევრი მეთანხმება, რომ მნიშვნელოვანია მოტივაცია. მე ვატარებ ხოლმე სკოლებში სადიაგნოსტიკო წერებს. დაბალ კლასებში ეს მუშაობს – დაუდებ ბავშვს ტესტს და ეუბნები: აბა, მიდი, აბა შენ იცი, ყოჩაღ! მოტივაციას ამითაც კი ვუქმნით, მაგრამ მეექვსე და ზედა კლასებში, სადიაგნოსტიკო ტესტირებისას, მოსწავლეებს მოტივაცია აღარ აქვთ. პირველივე კითხვა, რომელსაც სვამენ: ნიშანს დამიწერთ? ანუ დასაფიქრებელია, რა მოტივაცია აქვთ ბავშვებს? არის ქვეყნები, სადაც სხვადასხვა ხერხით ზრდიან მოსწავლეებში მოტივაციას. ჩვენც უნდა ვიზრუნოთ ალბათ ამაზე. ფაქტია, რომ 15 წლის მოსწავლეს, როცა კვლევას ეხება საქმე და ამ ასაკში რაღაცას უმოწმებ, მეტი მოტივაცია სჭირდება. ოლიმპიადაზე მოსულ ბავშვს ეს მოტივაცია უკვე აქვს – უნდა გაიმარჯვოს, სიგელი მიიღოს, პრიზი მოიგოს და ა.შ. თან, ოლიმპიადაზე, გარკვეულწილად, უკვე მომზადებულები მოდიან. ცხადია, მეორე და მესამეკლასელებს არ ვგულისხმობ, იქ მაინც უფრო მშობელია ჩართული. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, ვერ ვამბობ რამდენად ცუდად გვაქვს საქმე. ვიცი რა პრობლემებია დაწყებით საფეხურზე, ისიც ვიცი, რომ ძალიან კარგი ბავშვები არიან, ჩემი ოლიმპიადიდან გამომდინარე, სადაც 100 და 200 ბავშვი საუკეთესო შედეგს აჩვენებს (თითო საფეხურზე 1000-2000-3000 მოსწავლე მონაწილეობს, ქვეყნის მასშტაბით). ხაზგასმით იმიტომაც ვასახელებ ამ ორ ფაქტორს, რომ მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს, რა მოწმდება პიზას ტესტებით. თუ ვნახავ, რომ 80% თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, მაშინ ვიტყვი, რომ ცუდი შედეგი გვაქვს, მაგრამ თუ იქნება 40% თანხვედრა, ვიტყვი, რომ არ არის ცუდი შედეგი, რადგან რასაც ასწავლი, ის უნდა შეამოწმო. და აქვე, პიზას კვლევაში ჩართული მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა, რეალურად მოგვცემს უკეთეს შედეგებზე საუბრის შესაძლებლობას. შეიძლება სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას.
⇒ პიზას კვლევას რომ თავი დავანებოთ, მათემატიკის სწავლებაში რომ პრობლემები გვაქვს, ამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების არასახარბიელო შედეგებიც მეტყველებს. ბუნებრივია, სკოლის გამოწვევები უმაღლეს განათლებაზეც აისახება. 2023 წელს მათემატიკის საგანი ისევ რჩება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებთან ერთად, ყველაზე დაბალ და დაბალს ქვემოთ კატეგორიაში, შედეგების თვალსაზრისით. რას ფიქრობთ, როგორ ისწავლება ჩვენს სკოლებში ეს საგანი და რა გვაქვს შესაცვლელი? დარწმუნებული ვარ, გექნებათ ამაზე ნაფიქრი…
პრობლემა შეიძლება ძალიან ბევრგან ვეძებოთ – მასწავლებლიდან დაწყებული, პროგრამით, სახელმძღვანელოთი, მიდგომებითა და თვალსაჩინოებებით დამთავრებული. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მაინც სახელმძღვანელოები მგონია, ძალიან მოძველებულია. ვასწავლით იმ ტიპის სახელმძღვანელოთი, რითაც, თუნდაც, 20 წლის წინ ვასწავლიდით, როცა იუთუბი არ არსებობდა. არ შეიძლება, უბრალოდ გაფერადებული, მცირედ შელამაზებული, იმავე სტრუქტურის სახელმძღვანელოთი ვასწავლოთ და გაუმჯობესებულ შედეგს ველოდოთ. ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ავტორებს, ვინც, თავის დროზე, რუსულიდან ნათარგმნი წიგნები მოგვაშორა. მათ უდიდესი შრომა გასწიეს, რომ ქართულენოვანი წიგნები მიგვეღო, კარგადაც არის დალაგებული, საკმარისი ამოცანებით, მაგრამ, ზოგადად, წიგნები სხვანაირი უნდა გახდეს. მაგალითად, ბუნებაში გააკეთა ერთ-ერთმა ავტორმა ასეთი თანამედროვე სახელმძღვანელო, მეც მაქვს დამხმარე რესურსი, სადაც QR კოდები მაქვს ჩადებული. უნდა გადაუღო სურათი და იქიდან ამოიკითხო ტექსტი, ან ვიდეო ნახო, ან რაღაც მსგავსი მინიშნება მიიღო, ანუ გაცოცხლებული, გათანამედროვებული სახელმძღვანელოები გვჭირდება.
ჩემს დამხმარე წიგნში შესულია კომიქსები, სადაც ცხოველები ერთმანეთთან ლაპარაკობენ და ა.შ., რაც ძალიან მოსწონთ ბავშვებს; ასევე არის გამოსაჭრელი და ჩასაწებებელი დავალებები და სხვ. აუცილებლად უნდა იყოს გათანამედროვებული, თორემ შავით თეთრზე დაწერილი ამოცანის პირობა – A პუნქტიდან გამოვიდა მანქანა და B პუნქტთან მივიდა… აღარ მუშაობს და მე კარგად მესმის, რატომ არ მუშაობს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ისევ ასე ისწავლება სკოლებში მათემატიკა, იმიტომ რომ ალტერნატივა არ გვაქვს.
მეორე და აუცილებელი – კარგად უნდა გადავხედოთ მეთოდიკას, ანუ რა მეთოდით ვასწავლით. არ ვგულისხმობ სწავლების პროცესში სხვადასხვა აქტივობების შეტანას (შეიძლება ვინმემ ასე გაიგოს). მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი აქტივობებიც და რესურსებიც, მაგრამ უფრო სხვა რამეს ვგულისხმობ. შედარებისთვის – რეპეტიტორი კონკრეტულად განტოლების ამოხსნის მექანიზმს ასწავლის – აკეთებინებს ბევრს და ბავშვი ამით გარკვეულ შედეგებს აღწევს. ოღონდ აკეთებინებს ისე, რომ შეიძლება შინაარსობრივი მხარე დიდად არც ესმოდეს, ანუ – ტოლობის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაიტანე ნიშანი/შეცვალე – ეს პირდაპირ შეიძლება უთხრა, მაგრამ რატომ, ეს არ აუხსნა. ამით რა შედეგს მივიღებთ? 50 მაგალითი რომ აქვს მსგავსი გაკეთებული, ავტომატურად დაიმახსოვრებს, მაგრამ რატომ აკეთებს ამას, მაინც არ ეცოდინება. აი, ამას ვგულისხმობ. მგონია, რომ (შეიძლება ვცდები და კარგია თუ ვცდები) ბავშვებს ასწავლიან როგორ ამოხსნან კონკრეტული ამოცანა და არ ასწავლიან შინაარსობრივ მხარეს. ზუსტად ეს იწვევს მეექვსე კლასში პრობლემებს. ხშირად გვესმის, მათ შორის ჩემი ასაკის ადამიანებისგანაც, რომ მეექვსე კლასამდე მაგარი ვიყავი და მერე აღარო. მიზეზიც ასეთი მეთოდით სწავლებაა. მეექვსეში უკვე სხვა რიცხვები იწყება – წილადი, ათწილადი. დაზუთხვის მეთოდი გარკვეულ ეტაპამდე მუშაობს. ვინც კარგად იზუთხავს და ბევრს მუშაობს, იმას ამახსოვრდება, ოღონდ გადის დრო, შეიძლება იყოს ზაფხულის არდადეგები, და სკოლაში დაბრუნებულს აღარ ახსოვს. მე თვითონ ჩამიტარებია პატარა კვლევა ამ მიმართულებით. მაგალითად, 5 პარალელურ კლასში მომიწია ერთდროულად სწავლება და მიკითხავს მეექვსეკლასელებისთვის თუ ახსოვთ, მაგალითად შერეული რიცხვი სამი მთელი ოთხი მეშვიდედი როგორ უნდა გადავაქციოთ არაწესიერ წილადად. ზოგი მეუბნება რომ არ ახსოვს, ზოგი მეუბნება, მასწავლებელო, გაამრავლეთ მთელი რიცხვი მნიშვნელზე, დაუმატეთ მრიცხველი და დაწერეთ ზემოთ. რომ ვეკითხები რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ ვამრავლებთ და ა.შ., ვერც ერთი მოსწავლე ვერ მიხსნის. ეს ნიშანავს, რომ მან ისწავლა ტექნიკა, მაგრამ არ ესმის რას აკეთებს. რა გამოვიდა? წილად რიცხვებზე კი არ ისწავლა მან მოქმედების შესრულება, არამედ ისევ მეოთხე კლასში დარჩა, ისწავლა, ივარჯიშა გამრავლებასა და მიმატებაში და მიიღო შედეგი წილადებში, ანუ ბავშვები წილად რიცხვებს ვერ ხედავენ, შეგრძნება არ აქვთ ამ რიცხვების. უმეტესობა ვერ ხვდება, სამი მეოთხედი სად უნდა დასვას რიცხვით ღერძზე. ეს იმას მეუბნება, რომ ბავშვები სწავლობენ რაღაცებს მხოლოდ ზეპირად, გაუაზრებლად.
ხშირად მისაუბრია მასწავლებლებთანაც და მათგანაც იგივე მომისმენია – ბევრი აკეთოს, ბევრი ერთნაირი ამოხსნას და შედეგს მიაღწევს. გარკვეულწილად ვეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მხოლოდ ტექნიკა უნდა ვასწავლოთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მეთოდოლოგიაც გადასახედია. წლების წინ მეც მისწავლებია ამ მეთოდით, მეც ზუსტად იმავეს ვაკეთებდი, მეც მინდოდა შერეული რიცხვი ჩემს მოსწავლეს არაწესიერ წილადად გადაექცია, მეც ვასწავლიდი ტექნიკას და ვიღებდი შედეგს, შემაჯამებელშიც კარგი შედეგი ჰქონდათ. ამით კმაყოფილი ვიყავი მეც და მშობელიც, მაგრამ გადის დრო და აღარაფერი ახსოვთ. აი, მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ სწორია კი, უბრალოდ, შედეგამდე ან შემაჯამებლამდე მიყვანა, თუ შინაარსობრივ მხარეზე უნდა ვიფიქრო? რა თქმა უნდა, უპირობოდ, აქ მთავარი შინაარსია და არა რაღაც კონკრეტული შედეგი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენად სწორად ვასწავლით ტექსტის გააზრებას, რამდენად სწორ კითხვებს ვუსვამთ ბავშვებს მაშინ, როცა ვერ იგებენ. ამის გარდა, მშობელს, რომელიც ეხმარება შვილს მეცადინეობაში, ხშირ შემთხვევაში, არასწორი მიმართულებით მიჰყავს ის. ფაქტობრივად, კარნახობს რა უნდა გააკეთოს და მერე კმაყოფილია, რომ აი, მაინც ამოხსნა. მე თუ მივანიშნე, რომ რაღაც რიცხვი უნდა გაამრავლოს რაღაც რიცხვზე, მაშინ ტექსტის გააზრებაში ხელს ვუშლი და მხოლოდ მოქმედებების შესრულებას ვიღებთ. ბავშვი ასეთ დროს ტექსტს ვერ იაზრებს და მხოლოდ მოქმედებების შემსრულებელია. აუცილებელია, ძალიან ადრეული ასაკიდან დავიწყოთ ბავშვთან ტექსტის გააზრებაზე მუშაობა, როგორც კი კითხვას ისწავლის და არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი მხოლოდ მიღებული პასუხით, როგორც ხშირად ხდება – აი, პასუხი სწორი მიიღო, ამოხსნა ამოცანა. კი, მართალია, ამოხსნა – მან შეასრულა სათანადო მოქმედებები, მიიღო კიდეც სწორი პასუხი, ოღონდ ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა. მე ვუკარნახე… და მაშინ, რა აზრი აქვს ამას, თუ პრობლემა ვერ დაინახა. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო დაწყებით კლასებში.
⇒ დაჩი, რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვს მათემატიკა დავანახოთ როგორც ცხოვრებაში გამოსადეგი, საჭირო საგანი და არა როგორც ფორმულებისა და ალგორითმების თავსატეხი, რომელიც რთულია და არა მიმზიდველი მათთვის?
კომპლექსური ამოცანები, რომელიც დაინერგა (თუმცა, ის ფორმა ვერ მიიღო, რაც არის მისი მთავარი შინაარსი), რეალურად ზუსტად ამას ემსახურებოდა. მათემატიკის გამოყენების შესახებ კითხვას ბავშვები თვითონ სვამენ, როცა უკვე მეშვიდე, მერვე კლასში გადადიან, მაშინ როცა მძიმდება მათემატიკა. ნერვებმოშლილი ბავშვები ხშირად ამბობენ: მასწავლებელო, რად მინდა ეს, რაში დამჭირდება – მე მუსიკოსი უნდა გამოვიდე, მხატვარი უნდა გავხდე და ა.შ. რეალურად, მართალს ამბობენ, არაფერშიც არ დასჭირდებათ, დაავიწყდებათ კიდეც. რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ და რასაც ვასწავლით, იქიდან 30% თუ რჩება მეხსიერებაში, მაგრამ ამაზე მაქვს ძალიან მკაფიო პასუხი – მათემატიკა, ნამდვილად ის საგანია, რომელიც კონკრეტულად განტოლების ამოხსნას კი არ მასწავლის, არამედ, პირველ რიგში, მასწავლის დავინახო პრობლემა, შემდეგ კი იმ ინსტრუმენტებით (ფორმულებით, აქსიომებით და ა.შ.), რომელიც ხელთ მაქვს, გადავჭრა ეს პრობლემა. მთავარია, მათემატიკა ვისწავლო იმისთვის, რომ პრობლემის დანახვა და გადაჭრა შევძლო. ეს არის უმნიშვნელოვანესი.
ინგლისურად ამოცანას პრობლემას ეძახიან. ამოცანა ორი ნაწილისგან შედგება, პირობისგან და შეკითხვისგან. პირობა ეს არის ამბავი, რომელიც არ არის პრობლემა. მაგალითად, A პუნქტიდან გამოვიდა მატარებელი რაღაც სიჩქარით, B პუნქტიდან – რაღაც სიჩქარით და ორი საათის შემდეგ მათ შორის მანძილი იყო 120 კილომეტრი. ეს პრობლემა არ არის, ეს არის ამბავი. მაგრამ, როგორც კი კითხვას დავსვამთ – რა მანძილია A და B პუნქტებს შორის, ან რა დროში შეხვდებიან ისინი ერთმანეთს, მაშინვე ჩნდება პრობლემა. ე.ი. მე, პირველ რიგში, უნდა გავიგო ამბავი, გავიაზრო, შემდეგ გავარკვიო რა არის პრობლემა და ამის შემდეგ ჩემი ინსტრუმენტებით (რაც მაქვს) გადავჭრა ის. მოდი ასე ვთქვათ, მათემატიკა არის პრობლემის დანახვა, გააზრება, გადაჭრაში ვარჯიში.
⇒ პიზას კვლევამ ასევე აჩვენა განათლების სისტემაში არსებული უთანასწორობაც – ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების შედეგები უფრო მაღალია, სოფლად მცხოვრები მოსწავლეების შედეგებთან შედარებით. გარდა ამისა, კერძო სკოლების მოსწავლეებს უფრო მაღალი შედეგები აქვთ, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. აისახება თუ არა მსგავსი ტენდენცია „ევერესტის“ მაგალითზე?
ოლიმპიადას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვატარებთ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ თბილისი რაიმეთი აჭარბებდეს რეგიონებს. ადრე იყო სხვაობა, მხოლოდ იმის გამო, რომ რეგიონებიდან რაოდენობრივად ნაკლები იყო ოლიმპიადის მონაწილე. ბოლო ათი წელია, მონაწილეების 50%-ია თბილისიდან, 50% — რეგიონიდან და ისინი არაფერში ტოლს არ უდებენ თბილისელ მოსწავლეებს. მეტიც, ხშირად იმარჯვებენ კიდეც.
რაც შეეხება კერძო სკოლის მოსწავლეებს, თითქოს უკეთესი შედეგები ჰქონდეთ, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ამ საკითხს სხვაგვარად ვხედავ – კერძო სკოლის სტრუქტურა სხვაგვარია, ბიზნესია და შესაძლოა, იქ ხდებოდეს ნიშნის მომატება და ამით, პირდაპირ რომ ვთქვათ, მშობლის დაკმაყოფილება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა კერძო სკოლაზე ამას ვერ ვიტყვით. არის კერძო სკოლები, სადაც მოსწავლეების შეფასებებს წერენ იმის მიხედვით, რაც რეალურად ეკუთვნით, მაგრამ, ამასთანავე, არის სკოლები, სადაც მშობელს უწევენ ანგარიშს და მათი გულის მოსაგებად წერენ მაღალ ნიშნებს. მე არ ვამბობ რაღაც სიახლეს, ეს ძალიან თვალსაჩინო ხდება, როცა „ათოსანი“ მოსწავლე საჯარო სკოლაში გადადის და მერე აღმოჩნდება, რომ არ ყოფილა „ათოსანი“. ძალიან ბევრ მშობელთან მქონია კომუნიკაცია და თავად უკითხავთ, რა ხდება? აქედან გამომდინარე, გამოვთქვამ ასეთ ვარაუდს, არ ვიცი რა უნდა იყოს სხვა მიზეზი.
რაც შეეხება, ზოგადად, ტენდენციას, ოლიმპიადის შედეგების მიხედვით თუ განვიხილავთ, პანდემიის შემდეგ, პირველ წელს, ნამდვილად იყო საკმაოდ დაბალი შედეგები. ზოგად შედეგს ვგულისხმობ, თორემ გამარჯვებულები ყოველთვის გვყავს და ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ყველა ამოცანას ხსნიან, თან საკმაოდ რთულ ამოცანებს. პანდემიამ დიდი დაღი დაასვა სწავლების ხარისხს, თუმცა, ზამთრის ოლიმპიადაზე — ოქტომბერ-დეკემბერში, უკვე გამოსწორებისკენ წავედით. ახლა ველოდები, რომ გაზაფხულის შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება. ფინალში, მონაწილე კლასებიდან საუკეთესო შედეგის მქონე 500 მოსწავლე გადადის, ანუ რამდენია გამსვლელი ქულა, ეს დამოკიდებულია საერთო შედეგებზე. პირობითად, თუკი გამსვლელი ქულა იყო 80, პანდემიის შემდეგ იყო 60. აი, ასეთი დიდი განსხვავება გვქონდა.
⇒ დაჩი, რა გამოწვევების წინაშე აყენებს დღევანდელი სამყარო მასწავლებელს და რა არის ჩვენს განათლების სისტემაში, თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც დროულად უნდა მივხედოთ, თუ გვინდა განათლების ხარისხის გაუმჯობესება?
მასწავლებლის გამოწვევებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს არის ტექნოლოგიები – აუცილებელია, რომ მასწავლებელმა ტექნოლოგიებს აუბას მხარი. სხვანაირად არ გამოდის იმიტომ, რომ ბავშვები რეალურად „გაჯეტებზე“ არიან მიჯაჭვულები და მათთვის გასაგებია ის ენა, რა ენითაც იქ აქვთ კომუნიკაცია. ამიტომ, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ბავშვისთვის გასაგები ენა. თავისთავად, იქ, სადაც შესაძლებელია, ამას ხაზს ვუსვამ, რადგან დღესაც არის საქართველოში სკოლები, სადაც საკლასო ოთახები ჯერ კიდევ ძველი შეშის ღუმელებით თბება და აქ ტექნოლოგიების გამოყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ სადაც ამის საშუალებაა, რა თქმა უნდა, მასწავლებელმა ყველანაირი ტექნოლოგიური რესურსი უნდა გამოიყენოს. ამ დროს ძალიან იზრდება ბავშვის მოტივაცია. რთულია, თითქმის შეუძლებელი, დღეს ბავშვი დააინტერესო რესურსით, რომლითაც 20 ან 25 წლის წინ ვაინტერესებდით.
რაც შეეხება ცვლილებებს, უკვე ვახსენე და გავიმეორებ, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მაინც სახელმძღვანელოების შეცვლა მგონია. კიდევ ვიმეორებ, ბავშვი ბევრად საინტერესო რამეს ნახულობს ინტერნეტში, იუთუბზე და ტიკტოკზე, ვიდრე, ვთქვათ, სახელმძღვანელოში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წიგნი, რომლის კითხვაც, გაჯეტების გამო, უინტერესო გახდა ბავშვებისთვის, უფრო მიმზიდველი და სასურველი გავხადოთ. ჩემი სამი წლის წინანდელი მცდელობაც ზუსტად ეს იყო. როცა დავინახე როგორი პოპულარული გახდა ტელესკოლის გაკვეთილები, 100 ათასობით ნახვა ჰქონდა, მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ ის კომიქსური ტიპის ამოცანები მექცია დამხმარე რესურსად. თავისთავად, ეს არ არის გრიფირებული სახელმძღვანელო, სულ 112 გვერდია და უკვე 100-ზე მეტი სკოლა და 10 ათასამდე მოსწავლე, ყოველწლიურად, იყენებს როგორც დამხმარე რესურსს, ძალიან მოსწონთ და დაჩის წიგნს ეძახიან – ეს არის ამბებად ქცეული ამოცანები. კარგად მესმის, რატომ ითხოვენ ამ წიგნს – იმიტომ, რომ იქ არის ლამაზი ნახატები, კომიქსები, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებს და უადვილდებათ სწავლა – ჯერ გამოსაჭრელი და ჩასაწებებელი ამოცანები უნდა ააწყონ და შემდეგ ამოხსნან… ადრე თუ გვიან, შეიძლება ვიფიქრო იმაზე, რომ მსგავსი სახელმძღვანელო გავაკეთო გრიფირებისთვის.