ინგა ხარჩილავა
AKS განათლების საქართველოს კოორდინატორი;
Country Tour Director Georgia EdTrips; Teachers Community Georgia ჯგუფის დამფუძნებელი;
კოლეჯის „კონსტრუქტ-2“ ლექტორი;
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნისა და კვალითის საჯარო სკოლების გეოგრაფიისა და მეწარმეობის წამყვანი მასწავლებელი
პედაგოგების პროფესიული მარშრუტი არასდროს მთავრდება საკლასო ოთახის კართან. თითოეულის გამოცდილებას, თითოეულ კავშირს და თითოეულ გლობალურ გაცვლას აქვს ძალა, შეცვალოს ჩვენი სწავლების და ჩვენი მოსწავლეების სწავლის სტილი.
ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გამოცდილება იყო ჩემი სასწავლო მოგზაურობა ფინეთში, რომელიც შესანიშნავად იყო ორგანიზებული EdTrips-ის მიერ. ფინეთის განათლების სისტემის უშუალოდ გაცნობა არა მხოლოდ შთამბეჭდავი, არამედ შთამაგონებელი მომენტიც იყო.

ფინეთი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სასკოლო განათლების სისტემის მქონე ქვეყანა, ცნობილი თავისი ინოვაციური მიდგომით. ფინური განათლება ხაზს უსვამს თანასწორობას, მოსწავლეთა კეთილდღეობას და სწავლის ჰოლისტიკურ გამოცდილებას. ქვეყნის წარმატება განათლებაში ხშირად მიეწერება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კარგად მომზადებული მასწავლებლები, მინიმალური სტანდარტიზებული ტესტირება და აქცენტი კრეატიულობის განვითარებაზე და არა ზეპირ დამახსოვრებაზე. ფინეთის საგანმანათლებლო მოდელი ეტალონად ითვლება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესება. მეც ვეცადე ეს გამოცდილება ჩემს სკოლაში მიმეტანა, კოლეგებისათვის გამეზიარებინა და ჩემი გაკვეთილები უფრო ნაყოფიერი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გამეხადა.
მაგრამ ფინეთი მხოლოდ დასაწყისი იყო.


თურქეთში, დუბაიში, ინდოეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში თითოეულმა საერთაშორისო გლობალურმა სამიტმა, რომელსაც დავესწარი, ახალი შესაძლებლობები შემომთავაზა. მთელი მსოფლიოდან ჩასული შესანიშნავი პედაგოგებით გარშემორტყმულმა აღმოვაჩინე, რომ ეს სამიტები არა მხოლოდ მომხსენებლების მოსმენას, არამედ დღევანდელი განათლების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე შინაარსიან დისკუსიებში ჩართვას ემსახურებოდა — გლობალური განათლების გაძლიერება: ინოვაცია, ინკლუზიური პრაქტიკა და გავლენა; ჰიბრიდული სწავლების მომავალი; ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობის გამოყენება; სწავლების, სწავლისა და განათლების ახალი ტენდენციები და სხვა.
მასწავლებლებისთვის ეს შეხვედრები ნამდვილი შთაგონების წყაროა. ისინი საშუალებას გვაძლევს, გავცვალოთ ცოდნა, გავუზიაროთ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა და ვისწავლოთ უშუალოდ კოლეგებისგან, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან უნიკალურ პერსპექტივებს გვთავაზობენ, რასაც აძლიერებს ის ფაქტი, რომ დისკუსია არ მთავრდება სამიტის დასრულების შემდეგ, პირიქით, თანამშრომლობა გრძელდება. მონაწილეთა მეგობრობა საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებად და გრძელვადიან პროფესიულ ზრდად იქცევა, რასაც არაერთი ერთობლივი წარმატებული პროექტი მოწმობს. ამიტომაც მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ALERT KNOWLEDGE SERVICES გუნდს ამ შესაძლებლობისთვის. მათი ხედვა და თავდადება საშუალებას აძლევს მოტივირებულ პედაგოგებს გაიზარდონ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და გარდაქმნან ჩვენი საკლასო ოთახები უკეთესობისკენ.
…და ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ჩვენი მოგზაურობა გრძელდება, შემდეგი სამიტი გველოდება პოლონეთის ქალაქ ლუბლინში. ეს კიდევ ერთი შანსია სწავლისა და შთაგონებისთვის.
დასკვნა
დღევანდელ განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობა უკვე აუცილებლობაა და არა მხოლოდ დამატებითი გამოცდილება. როდესაც პედაგოგები ერთიანდებიან, იზიარებენ ცოდნას და ხედვებს, იქმნება ძალა, რომელიც ცვლის არა მხოლოდ სკოლებს, არამედ მთლიანად განათლების კულტურას. ასეთ შეხვედრებსა და სამიტებში მონაწილეობა გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ მსოფლიო განათლების საუკეთესო პრაქტიკა, ავითვისოთ ინოვაციები და შევქმნათ ახალი კავშირები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროფესიული ზრდის საფუძვლად იქცევა.
ჩემთვის, როგორც AKS განათლების საქართველოს კოორდინატორისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობები არ დარჩეს მხოლოდ ჩემ პირად გამოცდილებად. სწორედ ამიტომ, ბევრი ქართველი მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის გავხსენი კარი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. მათ საშუალება ჰქონდათ, გამხდარიყვნენ დელეგატები, სპიკერები, პანელისტები, თარჯიმნები ან საკუთარი წარმატებული ისტორიის გამზიარებლები. ეს გამოცდილება არა მხოლოდ მათ პროფესიულ გზას ამდიდრებს, არამედ საქართველოს განათლების სისტემასაც აძლიერებს, რადგან ყოველი ასეთი ნაბიჯი გლობალურ ოჯახთან დაახლოებაა. ყოველი ახალი სამიტი, ყოველი საერთაშორისო შეხვედრა კიდევ ერთი შანსია დავუკავშირდეთ, ვისწავლოთ და შევქმნათ მომავალი, სადაც განათლება ნამდვილად არ ცნობს საზღვრებს.

მისასალმებელია, რომ, ამავე დროს, უკვე გახსნილია გლობალური მასწავლებლის ჯილდოზე AKS Education Awards ნომინაცია! ვთხოვ ყველა ქართველ მასწავლებელს, არ მოერიდოთ თავიანთი წარმატებებისა და ისტორიების გაზიარება. წარადგინეთ საკუთარი თავი, რადგან თქვენი გამოცდილება და თავდადება ნამდვილად იმსახურებს საერთაშორისო აღიარებას. ეს არის შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმა და გავლენა გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ და გახდეს შთაგონება მთელ მსოფლიოში.
ნომინაციის ბმული: https://aksawards.com/gta
გამოყენებული ლიტერატურა:
- Link to Nominate: https://aksawards.com/gta
- AKS Education Awards — https://www.facebook.com/aksawards
- EdTrips — https://www.facebook.com/edtripsglobal
- ALERT KNOWLEDGE SERVICES — https://www.facebook.com/alertknowledgeservices
- Teachers Community Georgia — https://www.facebook.com/georgia.teachers.community






