ნიკო სილაგაძე
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
2025 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფართე საზოგადოებას განათლების სისტემის განვითარების ხედვა წარუდგინა. კონცეფცია, ძირითადად, უმაღლეს სასწავლებლებს შეეხებოდა, თუმცა, იქვე, ზოგადი განათლებაც იყო გაკვრით ნახსენები – გაჟღერდა ინიციატივა მე-12 კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით.
ზოგადი განათლების მიმართულებით ხელისუფლების ახალი პოლიტიკის შეფასება უნდა დავიწყოთ იმის აღნიშვნით, რომ ფრიად უჩვეულო სიტუაციას ვადევნებთ თვალს:
ა) ჩვეულებრივ, როცა რაიმეს აუქმებენ, არგუმენტებიც მოჰყავთ მიღებული გადაწყვეტილების გასამართლებლად. ამ შემთხვევაში კი არც პრემიერ-მინისტრს, არც განათლების მინისტრს და არც მის მოადგილეს, ჯერჯერობით, არ უცდიათ საზოგადოებისთვის აეხსნათ რატომ არის მე-12 კლასის გაუქმება საჭირო;
ბ) ზოგადი განათლება უმაღლესი განათლების რეფორმის ჩრდილშია მოქცეული ისე, თითქოს სკოლის პრობლემები არც მოითხოვდეს დამოუკიდებელ განხილვას;
გ) ქვეყანაში ზოგადსაგანმანათლებლო პროფილის უამრავი ინსტიტუცია არსებობს, რომელთა ფუნქცია სხვა არაფერია თუ არა სასკოლო განათლების განვითარებაზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული პრობლემების წინ წამოწევა. ხმას კი არავინ იღებს.
როგორც ჩანს, ხელისუფლების სტრატეგიაა – რეფორმის მოწინაღმდეგეები ჩააყენონ „თავის მართლების“ რეჟიმში და აქეთ მოსთხოვონ მათ პასუხი – „რატომ იყო და არის საჭირო 12-წლიანი სწავლება“. არც ისეთი დემაგოგიური განცხადებების წინ წამოწევა ავიწყდებათ როგორიცაა:
♦ „მაინც ტყუილად დადიოდნენ ბავშვები მე-12 კლასში სკოლაში“;
♦ „მე თუ 11 კლასი დავამთავრე, ვისზე ნაკლებად ვარ განათლებული“;
♦ „დიდი ამბავი, თუ ვიღაცები საზღვარგარეთ ვერ გაუშვებენ საკუთარ შვილებს“.
პასუხი, ცხადია, ასეთი ტიპის არასერიოზულ შეკითხვებსაც უნდა გაეცეს, თუმცა, დისკუსია აქ არ უნდა გაჩერდეს. საზოგადოებრივი განხილვის საგანი ასევე უნდა გახდეს ბევრად უფრო კომპლექსური პრობლემები, რომელიც მთავრობის ინიციატივას უკავშირდება და რომელიც საფრთხეს უქმნის განათლების სისტემის განვითარებას.
სწორედ ამიტომ, წინამდებარე სტატია ორ ნაწილად იყოფა:
♦ პირველი ნაწილი პასუხს სცემს შეკითხვას – რატომ არის მიუღებელი ზოგადი განათლების ხანგრძლივობის 11 წლამდე შემცირება;
♦ მეორე ნაწილი კი წარმოაჩენს საგანგაშო სიმპტომებს, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებასთან დაკავშირებულმა „დისკუსიამ“ გამოავლინა.
რატომ არის მიუღებელი ზოგადი განათლების ხანგრძლივობის 11 წლამდე შემცირება მე-12 კლასის გაუქმებით, 11-წლიანი სწავლების პირობებში:
(ა) მოსწავლეს ნაკლები დრო ექნება საკუთარ თავში გასარკვევად და მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად — 17-18 წლის ასაკი არის პერიოდი, როცა მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის ერთ წელიწადსაც დიდი მნიშვნელობა აქვს; როცა სკოლის გარეშეც, არაფორმალური განათლების ფორმატში, ბავშვი სწრაფად ივითარებს ისეთ ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებს როგორიცაა: კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და სხვა.
განვითარების ეს პროცესი, ცხადია, ბევრად სწრაფად მიმდინარეობს სასკოლო სივრცეში, სადაც ბავშვს, ემოციურად მეტ-ნაკლებად დაცულ აკადემიურ გარემოში, თანატოლებთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვს ურთიერთობა.
გაუგებარია რატომ ვპარავთ ამ ერთ წელიწადს მოსწავლეს; რატომ ვუმცირებთ მას ბავშვობის ასაკს?
⇒ ვეკითხები ლექტორებს, რომლებიც 11-წლიან სწავლებას ემხრობიან — გსურთ რომ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ერთი წლით უმცროსი სტუდენტები იხილოთ? მათთვის უფრო უკეთ შეძლებთ თქვენი სილაბუსებით განსაზღვრული საკითხების სწავლებას?
⇒ ვეკითხები მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს, რომლებიც ჩუმი თანხმობით ახალისებენ ხელისუფლების ახალ ინიციატივას — მზაობის ერთი და იგივე ხარისხთან გვაქვს საქმე, როცა მე-11 და მე-12 კლასელებზე ვსაუბობთ?
⇒ ვეკითხები პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ სავალალო გადაწყვეტილებას იღებენ — თქვენ მიერ დაფინანსებული რომელი პროგრამა აძლევს ბავშვს იმაზე მეტს, რასაც ერთი წელი, ემოციურად დაცულ გარემოში ყოფნა მისცემდა?
ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკული შეკითხვებია. მათზე პასუხი ყველამ კარგად იცის, თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასეთ რაღაცებზე ნაკლებად ფიქრობენ. როგორც ჩანს, განათლების სისტემაში მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე დიდად არავინ დარდობს.
(ბ) საბაზო და საშუალო საფეხურის სასკოლო პროგრამები უფრო ნაკლებად ეფექტურად განხორციელდება და შემცირებულ დროში ნაკლებად მისცემს მოსწავლეს იმ სარგებელს, რასაც ბავშვს ამა თუ იმ საგნის სწავლება უნდა აძლევდეს – ჩვენს საზოგადოებაში, როგორც წესი, სკოლას ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზეზით აკრიტიკებენ. ერთი მხრივ ამბობენ, რომ ამა და ამ საგანში, ესა თუ ის საკითხი არ ისწავლება, მეორე მხრივ კი ხაზს უსვამენ, რომ სასკოლო პროგრამები გადატვირთულია.
განათლების სპეციალისტების მხრიდან ასეთი ტიპის საყვედურებსაც ხშირად ვისმენთ:
⇒ დღევანდელი სასწავლო პროგრამები/საგნობრივი კურიკულუმები ჰოლისტურად ვერ წარმოაჩენს ამა თუ იმ საგანს და ვერ იძლევა ერთი მხრივ საგანთა შორის ინტეგრაციის, მეორე მხრივ კი ღირებულებითი განათლებაზე ორიენტირების შესაძლებლობას;
⇒ კურიკულუმი არ არის მორგებული სხვადასხვა ტიპის მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს
⇒ სასწავლო გეგმა ზღუდავს სკოლის ავტონომიას.
გიორგი ამილახვარის მინისტრობის პერიოდში ასეთი ტიპის არგუმენტები წარმოადგენდა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე შეტევის გენერალურ ხაზს (იგულისხმება 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც დღემდე მოქმედებს). 2023-2024 წლებში სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი იძულებული გახდა, „მიეღო“ ამ ტიპის საყვედურები და უფრო მოქნილ ფორმატზე ეფიქრა (მიუხედავად იმისა, რომ „განტვირთული პროგრამები“, „ღირებულებებზე აქცენტი“, „საგანთა შორის ინტეგრაცია“, „სკოლებისთვის შემოქმედებითი თავისუფლების მიცემა“, „ინკლუზიური გა, ნათლების პრინციპების დაცვა“, სინამდვილეში, მესამე თაობის სასწავლო გეგმის ძლიერ და არა სუსტ მხარეს წარმოადგენდა). ასე გააქტიურდა ე.წ. „10 + 2 მოდელი“, რომელიც სამინისტროში წინარე პერიოდშიც განიხილებოდა.
„10 + 2“ გულისხმობს საბაზო საფეხურის მე-10 კლასით დასრულებას, საშუალო საფეხურისთვის კი მე-11 და მე-12 კლასების დათმობას (განსხვავებით დღეს მოქმედი 9 + 3 მოდელისგან, როცა საბაზო საფეხური მე-9 კლასით მთავრდება, საშუალო საფეხური კი მე-10, მე-11 და მე-12 კლასებს მოიცავს).
„10 + 2“-ის ფორმატში განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:
♦ მკაფიო აქცენტი გაკეთდა ე.წ. „სპირალურ მიდგომაზე“, როცა მოსწავლე ამა თუ იმ საგნისთვის არსებით სასწავლო მასალას სხვადასხვა სირთულით გადის როგორც დაწყებით, ისე საბაზო, ისე საშუალო საფეხურებზე (მაგალითად, ბავშვმა წმინდა ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა საინტერესო ამბის სახით შეიძლება ისწავლოს დაწყებით საფეხურზე, საბაზო საფეხურზე იგივე საკითხი უკვე უფრო სხვა აქცენტით – სხვა ისტორიულ მოვლენებთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში შეისწავლება, საშუალო საფეხურზე კი, ინტეგრირებული საგნების ფარგლებში, ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძვლები და ამ ცივილიზაციის წიაღში საქართველოს ადგილი განიხილება).
♦ შემოტანილ იქნა „პროფილური სწავლება“, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო საფეხურზე (ანუ, მე-11 და მე-12 კლასებში) საათობრივი ბადე იყოფა ორ ნაწილად:
(ა) ბადის დაახლოებით 40 პროცენტს იკავებს ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო საგნები (ინტეგრირებული საგნები, რომელიც საბაზო საფეხურზე ნასწავლი მასალის უფრო სიღრმისეულ გააზრებას ემსახურებოდა – ინტეგრირებულ თემატურ კონტექსტებში);
(ბ) ბადის დაახლოებით 60 პროცენტს იკავებს არჩევითი საგნები, ე.წ. „გაძლიერებული კურსები“, რომელიც თითოეული საგნობრივი მიმართულებითაა შემოთავაზებული (ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ხელოვნება, მუსიკა და სხვა). მოსწავლემ მხოლოდ რამდენიმე მათგანი უნდა აირჩიოს საკუთარი ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად.
ამ ტიპის მიდგომების რეალიზება („სპირალი“, „პროფილური სწავლება“) შესაძლებელი შეიქნა მხოლოდ იმის წყალობით, რომ საბაზო საფეხური გახდა 10-წლიანი. დღეს მოქმდი 9 + 3 მოდელის ფარგლებში ეს ვერ განხორციელდებოდა.
მით უმეტეს მსგავსი ვერაფერი გამოვა 10 + 1-ის ან 9 + 2-ის პირობებში. არადა სისტემა ,11-წლიანი სწავლების დამტკიცების შემთხვევაში, ამ ორიდან ერთ-ერთისთვისაა განწირული.
სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ 11-წლიანი სწავლება ბოლო წლებში სამინისტროში განხორციელებულ ყველა აქტივობას ანულებს. ანულებს ის დღეს მოქმედი სასწავლო გეგმის კონცეფციასა და განვითარების პროცესსაც (ვინაიდან 11-წლიანი სწავლების იდეა მისი დანერგვა-განვითარების ლოგიკაში არ ჯდება).
თუმცა, მოდი მკითხველს ძალიანაც ნუ გადავღლით სასწავლო პროგრამების განვითარებასთან და კონფიგურაციასთან დაკავშირებული საკითხებით. ეს საკმაოდ სპეციფიკური საკითხია იმისთვის, რომ ფართო საზოგადოების ინტერესის საგანი გახდეს.
დავსვათ უფრო ზოგადი შეკითხვები:
√ თუკი 12-წლიან სასკოლო პროგრამა არ მოგწონს იმის გამო, რომ ბავშვი ბევრ არსებით საკითხს არ სწავლობს (მაგალითად, ქართული ლიტერატურის ყველა შედევრს, „შუშანიკის წამებიდან“ დაწყებული დღევანდელობით დამთავრებული, არ გადის მათემატიკის მთლიან პროგრამას, ან ისტორიის ყველა არსებით საკითხს, ზეზვადან და მზიადან დაწყებული დღევანდელობით დამთავრებული), ახლა რა მოხდება? 11 წლიანი სწავლების პირობებში იმავე საკითხების სასწავლად მეტი დრო ექნებათ?
√თუკი 12-კლასიან სკოლასთან გვაქვს პრეტენზია, რომ სასწავლო პროგრამები გადატვირთულია, ახლა რა მოხდება? 11-წლიანი პროგრამები ნაკლებად გადატვირთული გამოვა?
√ თუკი 12-კლასიან პროგრამებთან გვაქვს პრეტენზია, რომ ბავშვები ზედაპირულად/არასაკმარისი სიღრმით სწავლობდნენ ჩვენი ისტორიისა და კულტურისთვის არსებით საკითხებს, ახლა რა მოხდება? 11-კლასიანი სკოლის პირობებში უკეთ ისწავლიან?
√ თუკი უკმაყოფილო ვართ იმით, რომ სკოლა მოშლილია და მე-12 კლასში ბავშვები არ დადიან, მე-12 კლასის გაუქმება რატომ არის გამოსავალი? თუკი მე-11 კლასი იქნება დამამთავრებელი, ისე არ გამოვა, რომ ამიერიდან მე-11 კლასში გვექნება მსგავსი პრობლემა?
(გ) სტუდენტებს ხელი ეშლებათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში — ცალკე პრობლემაა ის, რომ 11-წლიანი სწავლება მეტისმეტად ზღუდავს (პრაქტიკულად სპობს) საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ პარალელურად იმ სამსახურების დახურვაც, რომელიც ქართველი სტუდენტების უცხოეთის ქვეყნებში გაგზავნას აადვილებდა.
ევროპასა და აშშ-ში ზოგადი განათლების საშუალო საფეხური 2 ან 3 წელიწადს მოიცავს. უნივერსიტეტებიც, შესაბამისად, 12 და 13-წლიან სწავლებას ითხოვენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტის მიღების წინაპირობად (ამით ისინი სტუდენტის მზაობაზე, განათლების უფლების სათანადოდ რეალიზებაზე ზრუნავენ და არა ბოლონიის პროცესზე, რომელიც არავისთვის არის თვითმიზანი). მე-12 კლასის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს ცხადია დიდ დაბრკოლებას შეუქმნის, 11-წლიანი დიპლომით მათ უნივერსიტეტში არავინ მიიღებს, ერთწლიანი დანაკლისის შევსება კი წარმოუდგენლად რთული იქნება.
დაისმის შეკითხვა – რატომ უნდა შევქმნათ ასეთი ტიპის ბარიერები? განა ცალსახა არ არის რომ საზღვარგარეთ განათლებამიღებული ახალგაზრდები ჩვენს საზოგადოებას აძლიერებენ. მათი უმრავლესობა საქართველოში ბრუნდება, ნაწილი კი სხვა ქვეყნებში მუშაობის პირობებშიც ინარჩუნებს სამშობლოსთან კავშირს და ბევრ საინტერესო ინიციატივაში მონაწილეობას.
ამ ტიპის ბარიერების შექმნა მხოლოდ განათლების ხარისხს კი არ აკნინებს, არამედ უთანასწორობასაც აძლიერებს. ამიერიდან მხოლოდ საზოგადოების ელიტური ნაწილის წარმომადგენლების შვილები შეძლებენ საზღვარგარეთ სწავლას. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათთვის საქართველოშიც დატოვებენ 12-წლიან კერძო და საერთაშორისო სკოლებს — სწავლების უზარმაზარი საფასურით, რასაც საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახები ვერასოდეს გადაიხდიან.
◊ ◊ ◊
ძნელია რაიმე დადებითის თქმა. თუკი პრემიერის ინიციატივა მოსწავლეებს განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს, გაუგებარია რა შეიძლება იყოს ამ ინიციატივის (უფრო სწორად დივერსიის) მოწონების საფუძველი?
მავანი იტყვის – „სკოლას ამდენი ხანი ვერ მიეხედა და ისედაც მოშლილ სისტემაში რა მნიშვნელობა აქვს აწი რა მოხდებაო“. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ასეთი ტიპის მოსაზრებებიც გამოითქმის, მაგრამ ეს რისი პასუხია?
სკოლაში, ცხადია, ბევრი პრობლემა იყო და არის. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა უდავოდ უკავშირდება მე-12 კლასის სათანადოდ ათვისებას. ეს პრობლემა განათლების სამინისტრომ სათანადოდ ვერც ერთ ეტაპზე ვერ გადაჭრა (ხან აბიტურს ახსენებდნენ, ხან CAT-ის გამოცდებთან მიმართებით არეგულირებდნენ პროგრამებს, მოქმედი სასწავლო გეგმის შესაბამისი გრიფირებული სახელმძღვანელოებიც კი ვერ შექმნეს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის), თუმცა, ამის მიზეზი ისევ და ისევ პოლიტიკოსების მერყეობა იყო და არა სასკოლო განათლების კუთხით მომუშავე სპეციალისტების არაკომპეტენტურობა. 10 + 2 ფორმატის ზემოხსენებული სტანდარტები სწორედ ამ ხედვას ასახავდა.
ქართული ოცნების მაღალჩინოსნების/პოლიტიკოსების ხედვას და ლოგიკას კი, როგორც ჩანს, ეს გამონათქვამი განსაზღვრავს: „მაინც არაფერს სწავლობენ ამ სკოლაში და რაც დროზე მოშორდებიან იქაურობას, უკეთესია“. მინისტრს, მინისტრის მოადგილესა და მის გარშემო შემოკრებილ ადმინისტრაციულ-აპარატულ ელიტას უკეთესი არგუმენტი რომ ჰქონოდა ამის შესახებ, ნამდვილად გვეტყოდნენ (მხოლოდ „მასწავლებლის ჯილდოსთან“ დაკავშირებული განცხადებებით არ იქნებოდა შემოფარგლული საზოგადოებასთან მათი კომუნიკაცია).
რა პრობლემები გამოავლინა 11-წლიანი სწავლების „განხილვის პროცესმა“
ცალკე განხილვას მოითხოვს მძიმე პრობლემები, რომელიც 11-წლიან სწავლებასთან დაკავშირებულმა „დისკუსიამ“ ცალსახად გამოავლინა. ეს პრობლემები უკავშირდება განათლების მიზნებისა და სკოლის მისიის; საჯარო სამსახურებისა და ინსტიტუციების ფუნქციის; ეროვნული სასწავლო გეგმისა და განათლების პოლიტიკის არასწორად გააზრებას.
პრობლემა 1. ზოგადი განათლების ფუნქცია
არგუმენტები „ბავშვები მაინც ტყუილად დადიან მე-12 კლასში“; „მაინც ვამზადებ ბავშვებს ყველა საგანში და სკოლა რაში მჭირდება“ გარდა იმისა, რომ არასწორია, ერთ მძიმე პრობლემასაც წარმოაჩენს – მათი წყალობით ნათელი ხდება, რომ საქართველოში სათანადოდ არ არის გააზრებული განათლების მიზნები და სკოლის მისია.
სამეცნიერო ლიტერატურაში ამ საკითხზე მსჯელობისას, როგორც წესი, სამ საკვანძო სიტყვას გამოკვეთენ: (1) პერსონალიზაცია; (2) სოციალიზაცია; (3) კვალიფიკაცია. განათლების მიზნების ფორმირებისა და, მასზე დაფუძნებით, სასწავლო გეგმის აგების პროცესში ცხადია სამივე ეს კომპონენტი მონაწილეობს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის ჩვენებას თუ რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი; რას ვიღებთ „ათვლის წერტილად“, როცა საგანმანათლებლო პროგრამას ვქმნით (სულ სხვანაირად გამოიყურება განათლების მიზნები და პროგრამები, სადაც „ათვლის წერტილია“ მოსწავლის პიროვნული განვითარება; სხვანაირია მიზნების ფორმულირების სტილი, როცა მთავარ პრიორიტეტად სოციალიზაციას ვაქცევთ; სულ სხვა ფორმისა და შინაარსის პროგრამებს ვიღებთ, როცა კონკრეტული მიმართულებით მოსწავლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე გვაქვს სწორება). ეროვნული სასწავლო გეგმა „ათვლის წერტილად“ ყოველთვის პერსონალიზაციას იღებდა. მისი პრიორიტეტი იყო მოსწავლის „სუბიექტად“ და არა „ობიექტად“ დანახვა და სხვადასხვა საგნობრივი კონტექსტების გამოყენებით მისი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
ბოლო ხანებში ამ მიდგომისთვის გამოწვევად იქცა „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დოკუმენტი, სადაც იგრძნობა სოციალიზაციის კუთხით აქტუალური აქცენტების წინ წამოწევა (გამოხატული იმაში, რომ სულ უფრო მეტად მოდის წინა პლანზე უფროსი თაობის მოთხოვნები უმცროსი თაობების მიმართ). ამ კუთხით აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის განათლების სისტემის განვითარებას, თუმცა გაცილებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგად განათლებას კვლავაც კვალიფიკაციის ამაღლების/უმაღლესი განათლებისთვის მოსწავლის მომზადების მთავარ ინსტრუმენტად ხედავს. სოციალური ქსელების ანალიზი ადასტურებს, რომ ბევრი მშობლის იმედგაცრუებას, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ის ფაქტი იწვევს, რომ სკოლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სათანადოდ ვერ ამზადებს მოსწავლეს.
თვალშისაცემია ისიც, რომ ბოლო ხანებში სამთავრობო ნარატივებში არაერთხელ გაიჟღერა, რომ სკოლის მიზანი მოსწავლეების შრომითი ბაზრისთვის მომზადებაა.
სკოლის ინსტრუმენტალიზებაზე ორიენტირებული ასეთი ტიპის მიდგომები – როცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას „დამკვეთის თვალით“ უყურებენ, სკოლას მოსწავლის მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების საშუალებად განიხილავენ, ძალიან არასწორია. სკოლა არ არის დაკვეთის აღმასრულებელი ორგანო – ის არის სივრცე, რომელიც ოჯახის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც ბავშვი ემოციურად დაცულად გრძნობს თავს და სხვების დახმარებით თვითრეალიზებაზე ზრუნავს (ეს მისია არ იცვლება საშუალო საფეხურზეც კი, სადაც დაწყებითთან და საბაზოსთან შედარებით ბევრად მეტია პროფესიული ცოდნის მნიშვნელობა).
„სკოლა ცხოვრებისთვის სამზადისი არ არის, ის თავად არის ცხოვრება“ – ჯერ კიდევ 1920-იან წლებში წერდა ჯონ დიუი. სამწუხაროდ, მისი ეს სიტყვები დღემდე არ არის მართებულად გაგებული.
პრობლემა 2. საჯარო სამსახურისა და, ზოგადად, ინსტიტუციების ფუნქცია
დააკვირდით სიტუაციის აბსურდულობას. საქართველოში უამრავი ზოგასაგანმანათლებლო პროფილის უწყება არსებობს. კერძოდ, ფუნქციონირებს:
♦ სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი და მასზე დაქვემდებარებული სამმართველოები, რომლებიც კურიკულუმების/სასწავლო პროგრამების დანერგვა-განვითარებაზე აგებენ პასუხს;
♦ საგანმანათლებლო პროფილის სსიპ-ები (მაგალითად, მასწავლებელთა სახლი და გამოცდების ეროვნული ცენტრი), რომელთა საქმიანობაც განათლების სისტემისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისკენაა მიმართული, როგორიცაა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიცია, მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სხვა;
♦ განათლების ხარისხის მართვის ცენტრი, რომელიც კვალიფიკაციების ჩარჩოებთან დაკავშირებულ თემატიკაზე მუშაობს;
♦ საგანმანათლებლო პროფილის არაერთი პროექტი, რომელიც განათლების რეფორმის აქტორად მოიაზრება;
♦ კონკრეტული საგნების პროფესიული გაერთიანებები, რომელიც საგნობრივი პროგრამების/კურიკულუმების შინაარსსა და მოცულობას განიხილავენ კრიტიკულად;
♦ პროფკავშირი, რომელიც თავს მასწავლებლების უფლებების დამცველად წარმოაჩენს;
♦ რესურსცენტრები, რომელთა გავლითაც ამ ტიპის ინიციატივები რეალიზდება.
ყველა ამ სამსახურში უამრავი ადამიანი მუშაობს; ამ უწყებებს ჰყავს ხელმძღვანელები, რომლებიც საგანმანათლებლო ლიდერის, ექსპერტისა თუ მენეჯერის სტატუსით იწონებენ თავს — ხმას კი არავინ იღებს.
დავაზუსტოთ, სიჩუმეს არ ვსაყვედურობთ რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც განათლების სისტემასთან მხოლოდ ირიბად აქვთ შეხება (მაგალითად, მშობლის სტატუსით). ვსაუბრობთ პიროვნებებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმაში იღებენ ხელფასს, რომ ზოგადი განათლების სისტემის განვითარებაზე იზრუნონ – დასვან კრიტიკული შეკითხვები, გამოკვეთონ რისკები, უზრუნველყონ სისტემაში მიმდინარე პროცესების თანმიმდევრულობა და სინერგია. ისინი კი სამსახურეობრივ გულგრილობას იჩენენ და დაკისრებულ ფუნქციას არ ასრულებენ.
ბოლო ხანებში, მათ შორის 11-წლიანი სწავლების იდეის განხილვის პროცესში, არაერთი საყვედური მოვისმინეთ განათლების სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიმართ. ეს მოწოდებები დაახლოებით ასეთ მორალურ იმპერატივს ააქტიურებს: „რატომ აგრძელებ მუშაობას საჯარო სამსახურში? რატომ აკეთებ ამ მთავრობის საქმეს ვითარებაში, როცა ის: ასახიჩრებს მომიტინგეებს, ცვლის ქვეყნის განვითარების კურსს, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ა.შ.“ ამ იმპერატივს ნამდვილად აქვს ლოგიკური საფუძველი, თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეებს არავინ სთხოვს კარგად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, ანუ უზრუნველყონ პროცესების თანმიმდევრულობა და მიზნობრივობა და ამით შექმნან დაბრკოლებები, რომლის წინაშეც ყოველთვის დგანან ხელისუფლებები, როცა დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკის კურსის რადიკალურად შეცვლას ცდილობენ ან პროცესების ლოგიკიდან ამოვარდნილ გადაწყვეტილებას იღებენ.
განათლების სამინისტროს აქტივში არაერთი აქტივობა მოიძებნება, რომელიც მიზანთან შეუფერებლობის, რესურის არასწორად ხარჯვის, დაწყებული საქმეების შუა გზაზე გაურკვეველი მიზეზებით მიტოვების, არათანმიმდევრულობის და კიდევ ბევრი სხვა მანკიერების გამო ბადებს შეკითხვებს. ასეთი ტიპის კრიტიკული შეკითხვები პერიოდულად დაისმის კიდეც, ოღონდ, როგორც წესი, საჯარო მეხელეები მათ პოლიტიკოსების მიმართულებით გადაამისამართებენ:
„მთავრობა/მინისტრი შეიცვალა და რა მექნა“, „ახლა ასე ამბობენ (ზემოთ) და რა ჩემი ბრალია“ – გიპასუხებენ კონკრეტულ პროცესთან დაკავშირებით სხვადასხვა სამმართველოებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ისე ამოიოხრებენ, თითქოს მმართველი პარტიის შტაბის და არა მათი ამოცანა იყოს განათლების პოლიტიკისთვის სისტემური და თანმიმდევრული სახის მიცემა.
ამილახვარის-წულაძის-მიქანაძის მმართველობის პერიოდს არ ახსოვს შემთხვევა, როცა პოლიტიკოსებს სამინისტროს თანამშრომლებისგან რაიმე პრობლემა შეხვდათ — ოდნავ მაინც გაურთულდათ არაადეკვატური გადაწყვეტილების განხორციელება (მაგალითად, იმის გამო, რომ სამინისტროს თანამშრომლებმა რისკები აჩვენეს, კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს, ან მთლიანობით სურათში პრობლემა სხვა რაკურსით წარმოაჩინეს). არადა არაადეკვატური გადაწყვეტილებები ზემოხსენებულმა მინისტრებმა არც თუ მცირე რაოდენობით მიიღეს (მაგალითად, მე-12 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებასთან, მასწავლებლების ხელფასებთან და პროფესიული განვითარების სქემასთან, „ახალის სკოლის მოდელთან“, 2025 წლის ივნისში განხორციელებულ რეორგანიზაციებთან დაკავშირებით). სამწუხაროდ, გამონაკლისი არც 11-წლიან სწავლებასთან დაკავშირებული ინიციატივა გამოდგა. სამინისტროს მენეჯერები აქაც მორჩილი, კლერკი აღმასრულებლის ამპლუაში დარჩნენ.
„- ასე სჭირდება სახელმწიფოს;
– სახელმწიფო, ეს მე ვარ“.
გადმოცემის მიხედვით, ასეთი პასუხი გასცა ლუი XIV-ემ „გენერალური შტატების“ ერთ-ერთ დეპუტატს, რომელმაც XVII საუკუნეში სცადა ერთმანეთისგან გაემიჯნა სახელმწიფოსა და მეფის ინტერესები – ერთი წინადადებით გააგებინა, რომ აბსოლუტიზმის ხანაში „ღმერთისგან კურთხეული“ მონარქის ნებაა გადამწყვეტი.
სამწუხაროდ, განათლების სფეროში დღეს დასაქმებული ადამიანებისთვის ამ ერთი წინადადების თქმაც არავის სჭირდება. მმართველი პარტიის პოლიტიკოსებთან მათი ურთიერთობა ისედაც XVII- XVIII საუკუნეების აბსოლუტიზმის ეპოქის სულისკვეთებით არის განმსჭვალული (სავსებით აკმაყოფილებთ „ხელმწიფის მდივნის“ სტატუსი). ის ფაქტი, რომ XIX-XX საუკუნეებში პოლიტიკისა და სახელმწიფო მოწყობის კუთხით ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ჩანს, არავის აღელვებს.
მავანი იტყვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა და საჯარო სამსახურების ეთიკა არ არის ისეთი, რომ ასეთ პრობლემებზე ვინმემ აქტიურად ისაუბროს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე. ამის თქმის საფუძველს წინა წლების გამოცდილება გვაძლევს. განათლების რეფორმის მსვლელობისას არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა რგოლის განათლების მუშაკების მგზნებარე გამოსვლები მაშინ, როცა საუბარი იყო:
♦ რომელიმე საგნისთვის ერთი საათის მომატებაზე ან მოკლებაზე;
♦ რომელიმე საგნობრივი პროგრამების ერთი წლით გაზრდაზე ან შემცირებაზე;
♦ საგნობრივი საკითხების ჩამონათვალში რაიმე ერთი საკითხის დამატებაზე ან პროგრამიდან ერთი საკითხის ამოღებაზე.
იმაზეც ძალიან სწუხდნენ:
♦ თუკი სასწავლო პროცესისა და მათი სამუშაოს კონფიგურაცია ოდნავ შეიცვლებოდა — ასეთ დროს „დაუსრულებელ ექსპერიმენტებზე“ ავითარებდნენ ნარატივს;
♦ თუკი ამა თუ იმ პროგრამის ბიუჯეტი არ მოსწონდათ — არიქა და რა არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო სახსრებიო.
არც თუ დიდი ხნის წინ, ასეთი ტიპის საკითხების განხილვებისას ხშირად ნახავდით:
♦ სამუშაო შეხვედრების ობსტრუქციას;
♦ „მაგიდის აყირავების“ მცდელობას — ამა თუ იმ პროცესის დაგეგმვისა და გადაგეგმვისას;
♦ დაუსრულებელ რიგებს მინისტრებთან და მინისტრის მოადგილეებთან მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად თუ მათთვის საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად;
♦ გარე აქტორების მოქმედებისთვის შეგულიანებას;
♦ შინაარსობრივი პროფილის სპეციალისტებისა და ადმინისტრაციული ლიდერების დაპირისპირებას პრიორიტეტების განაწილებასთან დაკავშირებით;
♦ საჯარო გამოსვლებს თუ კულუარულ დაძაბულობას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში…
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახეზე იყო პროცესები, რომელიც, მეტად თუ ნაკლებად, განათლების სისტემას „ცოცხალ ორგანიზმად“ წარმოაჩენდა. დღეს კი „პულსი არავის ესინჯება“. ცარიელ ნიადაგზე, ყოველგვარი განხილვების გარეშე, ზოგად განათლებას ერთი მთლიანი კლასი ჩამოაჭრეს. ხმას კი არავინ იღებს (გამონაკლისის სახით, ვხედავთ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პოსტს სოციალურ ქსელებში, რომელსაც არ აქვს სათანადო გამოხმაურება).
შედარებისთვის:
⇒ უმაღლესი განათლების კუთხით რაღაც ტიპის დემაგოგიურ დისკუსიებს მაინც ვხედავთ. ხელისუფლება იძულებულია, რაიმეთი შეფუთოს საკუთარი ზრახვები – ზოგადი განათლების კუთხით კი ამის საჭიროება არ უდგას;
⇒ საუნივერსიტეტო საზოგადოება ქუჩაშიც გამოდის, სასკოლო სივრცეში დასაქმებული ადამიანები კი შეკითხვებსაც არ სვამენ (თუნდაც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათ უშუალოდ შეეხება);
⇒ უნივერსიტეტის პროფესორები საზოგადოებას საქმის დეტალებს უხსნიან და შექმნილი ვითარების კრიტიკულობაზე მიანიშნებენ, განათლების სამინისტროსთან აფილირებულ სამსახურებში დასაქმებული ადამიანები კი მხოლოდ და მხოლოდ სასკოლო საზოგადოების წევრების გაჩუმებაზე ზრუნავენ.
სახეზეა ბოლო სამი მინისტრის: გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე წულაძის, გივი მიქანაძისა და სამივე მათგანისთვის უცვლელი მოადგილის, ზოგადი განათლების კურატორ თამარ მახარაშვილის მოღვაწეობის შედეგები, რომლებმაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ზოგადი განათლების სისტემა პარტიული სტრუქტურის უბრალო დანამატად ექციათ.
პრობლემა 3. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საგანმანათლებლო კომპონენტის/ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელობის დაკნინება.
სკოლა არ არის კლასიკური გაგებით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო. არც აქ დასაქმებული ადამიანები მიიჩნევიან კლასიკური გაგებით საჯარო მოხელეებად.
სასკოლო სივრცეში გადაწყვეტილების აღსრულება რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც არ დაიყვანება პრიმიტიულ ტრანზაქციებამდე.
სწორედ ამიტომ, ზოგადი განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც წესი, სამი მხარე მონაწილეობს:
(1) პოლიტიკოსები;
(2) განათლების სპეციალისტები (მაგალითად, მასწავლებლები, უნივერსიტეტის პროფესორები, განათლების ექსპერტები, პროფესიული ასოციაციები);
(3) ფართე საზოგადოება (მაგალითად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები).
განათლების პოლიტიკის მდგრადობას სწორედ თანამშრომლობის ეს ფორმატი განაპირობებს.
11-წლიან სწავლებასთან და მთლიანად პრემიერის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ განათლების პოლიტიკის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა.
მე-12 კლასი ისე გააუქმეს, რომ აკადემიურ წრეებთან კონსულტაციაც არ გაუვლიათ – სამინისტროში თითქოს არც კი არსებულიყო ეროვნული სასწავლო გეგმა და მის განვითარებაზე ორიენტირებული სამმართველო. არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილებაში 11-წლიან სწავლებასთან დაკავშირებით მხოლოდ პოლიტიკოსთა იმპერატივია სახეზე. სასწავლო პროცესის/განათლების სპეციალისტთა ხმა ამ გადაწყვეტილებაში ჩურჩულითაც არ ისმის.
დიდად უკეთესი მდგომარეობა არც უმაღლესის მიმართულებით გვაქვს. ის ფაქტი, რომ უმაღლესი განათლების ახალი კონცეფციის განხილვისას სიმძიმის ცენტრი გადადის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბოლონიის პროცესთან თავსებადობა, ან 4 და 3-წლიანი პროგრამების პერსპექტივის ერთმანეთთან შედარება, არ არის კარგი სიმპტომი. სინამდვილეში, დასაგმობია თავად ფორმატი – როცა პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტის რექტორის ფუნქციებში იჭრება. ამასთან შედარებით სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა.
უნივერსიტეტი, უპირველეს ყოვლისა, არის ავტონომია და აკადემიური თავისუფლება. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, როდესაც ევროპაში ამ ტიპის სასწავლებლები გაჩნდა, უნივერსიტეტის იდეა იგივდებოდა ეკლესიისა თუ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოქმედი სტუდენტებისა და პროფესორების ერთობასთან. ავტონომიის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უბრალოდ, შენობაა, სადაც სხვადასხვა ტიპის აკრედიტებული პროგრამები ხორციელდება.
უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვის მცდელობა აქამდეც არაერთხელ გვინახავს – გვახსოვს მთავრობის მიერ დანიშნული რექტორები და არასამართლიანად ჩატარებული კონკურსები. წინა ხელისუფლების მიერ ოთახში „ტერორისტებივით“ გამომწყვდეული პროფესორებიც არავის დავიწყებია, მაგრამ პირველად 16 ოქტომბერს ვიხილეთ პრემიერ- მინისტრი, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს: ა) რამდენწლიანი პროგრამები უნდა ფუნქციონირებდეს; ბ) რომელი ქალაქის უნივერსიტეტში რა ფაკულტეტი უნდა იყოს; გ) რამდენი პროფესორი უნდა გვყავდეს, ვის რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი და სხვა.
სამწუხაროდ, ამ კუთხით ნაკლებად ვხედავთ მღელვარებას – ცოტა ხნის წინ, 30 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძის რექტორებთან შეხვედრაც გაიმართა, სადაც ილიას უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძის გარდა აზრად არავის მოსვლია შეხვედრის ფორმატი გაეპროტესტებინა – იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი და რექტორები კი არა, რექტორი და დეკანის მოვალეობის შემსრულებლები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
◊ ◊ ◊
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები მრავალგანზომილებიანი და ძნელად აღსაწერია, თუმცა დღეს ქართული საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხე „შეუიარაღებელი თვალითაც“ კარგად ჩანს.
აშკარაა, რომ ხელისუფლება აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევას. თუკი აქამდე მისი ქმედებები არასამთავრობო სექტორის განადგურებასა და საჯარო სამსახურების პარტიულ სტრუქტურად ქცევაზე იყო მიმართული, ახლა აკადემიური წრეები იქნა მიზანში ამოღებული. არ სჭირდება განათლების ექსპერტობა იმის მიხვედრას, რომ მიმდინარე „რეფორმა“ სხვა არაფერია თუ არა აკადემიური წრეების „მოთვინიერების“ მცდელობა. ჩვეულებრივ „მათრახებისა და ნამცხვრების პოლიტიკას“ ვხედავთ – რესტრუქტურიზაციის სახელით მოღერებული „მათრახებით“ და 10 000-ლარიანი „ნამცხვრებით“ (ზოგადი განათლების სისტემაში მსგავსი პროცესები ოდნავ ადრე განხორციელდა, ახლა უმაღლესი განათლების ჯერია).
განათლების სისტემის გადარჩენა მხოლოდ საზოგადოების კონსოლიდაციის გზით შეიძლება. რამდენად მოხდება კონსოლიდაცია ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.
გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ხელისუფლება უნივერსიტეტებთან მიმართებით იოლად ვერ შეძლებს ჩანაფიქრის რეალიზებას (საკმაოდ დიდია სპეციალისტებისა და საზოგადოების პროტესტი). სამწუხაროდ, იმავეს თქმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს ზოგად განათლებასთან მიმართებით, სადაც მე-12 კლასის გაუქმება დაანონსდა. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას განათლების ექსპერტებისგან და ფართე საზოგადოებისგან ბევრად ნაკლები კრიტიკა შეხვდა. პრესაში, ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში ამ საკითხზე დისკუსიაც კი არ გაშლილა სათანადოდ. არადა ახალი ინიციატივა და პოლიტიკა სასკოლო განათლებასაც უმაღლეს განათლებაზე არანაკლებად აზიანებს. ზოგადი/სასკოლო განათლების დაცვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტების შენარჩუნებისთვის ბრძოლა.





